როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და შედეგად ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ეკონომიკური მოდელის ცვლილების საჭიროება დადგა, საბოლოო კონსესუსი ისეთი იყო, რომ ცენტრალური დაგეგმარების ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა უმტკივნეულო არ იქნებოდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში თავისუფალი ბაზარი საკუთარი ძალებით აღიდგენდა თავს. სამწუხაროდ, როდესაც ბოლო ოცი წლის დისკურსებს გადაავლებ თვალს, აშკარად ჩანს რომ ეს ასე არ მოხდა
მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთმა ქვეყანამ, ისეთებმა როგორიცაა პოლონეთი და ესტონეთი შესძლეს ნეგატიური სპირალიდან გამოსვლა, სხვები რუსეთისა და უკრაინის მსგავსად, მიუხედავად ამ ბოლოდროინდელი ეკონომიკური ზრდისა, ჯერაც ძალიან მტკივნეულ ეტაპზე იმყოფებიან. რაც შეეხება საქართველოს, ის დისკუსიისთვის კიდევ უფრო საინტერესო ობიექტია, რადგან 2004 წლამდე მისი ეკონომიკა უკიდურესად არასტაბილური იყო, ხოლო ბოლო დროს ეკონომიკური ზრდის ტემპი ძალიან დაჩქარდა, თუმცა შეიძლება ასეთი კითხვაც გაჩნდეს – მოუტანს თუ არა საქართველოს საბოლოოდ სიკეთეს ამჟამინდელი პოლიტიკა, რომელიც აშკარად მიჰყვება ნეოლიბერალურ კურსს.
როდესაც 1998 წლის აგვისტოში რუსული ბაზარი ჩამოიშალა, მტკივნეულად ცხადი გახდა, რომ შოკურმა თერაპიამ, რომელიც ვაშინგტონის კონსესუსის ფარგლებში იყო შეთავაზებული, როგორც ჩანს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის განვითარების პროცესზე დადებითი ეფექტი ვერ იქონია. მკვლევარი დუგლას ნორსი ამტკიცებს, რომ ნეო-კლასიკურ თეორიას შეუძლია ახსნას, როგორ მუშაობს ბაზარი, მაგრამ იმის აღწერა, თუ როგორ უნდა წარიმართოს ბაზრის განვითარება - არ ძალუძს. შესაბამისად სტანდარტული ეკონომიკური მოდელებით ვერ აიხსნება ის, თუ რატომ განიცადა მარცხი პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში გეგმიური ეკონომიკის ტრანსფორმაციამ.
იმისთვის, რომ აიხსნას ნეო-კლასიკური თეორიების მარცხი პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებში, მათი გადახედვა აუცილებელია. როგორც ცნობილია, ნეო-კლასიკური თეორიები ადამ სმიტისა და დევიდ რიკარდოს მიწოდებისა და მოთხოვნის წონასწორობის თეზას ეფუძნებიან, იმ დაშვებას, რომ ადამიანი მოქმედებს რაციონალურად და აბსოლუტური ანგარებით.
1992 წელს რონალდ ქოუსმა 1937 წლის ეკონომიკის მექანიზმების შესწავლისას ინსტიტუციებისა და საოპერაციო ხარჯების ცნების შემოღებისთვის ნობელის პრემია მიიღო. მისი ფიქრები ძირითადად იმ მოსაზრების გარშემო ფოკუსირდებოდა, რომელთა თანახმადაც, იყიდება ქმედებათა აღსრულების უფლება და, როგორც ასეთი, არა - ფიზიკური მფლობელობა. ეს მნიშვნელოვან იდეად უნდა მივიჩნიოთ, რადგან მოცემული კონცეპტი გულისხმობს ისეთი სანდო საკანონმდებლო სისტემის არსებობას, რომელიც აუცილებელია ზემოთნახსენები უფლებების დასაცავად.
მაგრამ დუგლას ნორსმა და ინსტიტუტების მისეულმა აღქმამ შესაძლებელი გახადა იმის გაცნობიერება, თუ რატომ გამოიწვია ნეო-კლასიკური მოდელების მექანიკურმა კოპირებამ მარცხი. ნორსის აზრით, ყველა საზოგადოებას გააჩნია საკუთარი ინსტიტუტები. ისინი საზოგადოების შეკავების/შეზღუდვის მექანიზმებისგან შედგება, როგორც არაფორმალური, ასევე ფორმალური მექანიზმებისგან. პირველ მათგანში შედის ტაბუ, ადათები და ტრადიციები, ხოლო მეორე გულისხმობს კანონმდებლობასა და საკუთრების უფლებებს. სწორედ ეს ინსტიტუტები აყალიბებს ეკონომიკურ სისტემას, თუმცა ეკონომიკური თეორიების განმარტებისას, მათ ხშირად უგულვებელყოფენ, მაგრამ სწორედ ამ უგულვებელყოფის გამო ეკონომისტმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს ის შეცდომები, რომლებიც მომავალში კიდევ ერთხელ შეიძლება განმეორდეს. ინსტიტუტების არაეფექტური სეგმენტები შედეგად საოპერაციო ხარჯების გაზრდას იწვევს და რაც უფრო მაღალია საოპერაციო ხარჯები, მით უფრო ნაკლებად ეფექტურია ეკონომიკა.
ამიტომ, იმის დასადგენად, თუ რომელი ეკონომიკური მოდელი უნდა გამოვიყენოთ ამა თუ იმ საზოგადოებაში, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა სახის ინსტიტუტები მოქმედებს მასში. მაგალითად, თუ საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, საზოგადოება ისე, როგორც ეს საქართველოში ხდება, მთავრობას ნაკლებად ენდობა, სავარაუდოა, რომ საქმიანობის არაფორმალური ასპექტები უფრო მოიკიდებს ფეხს, რაც არ იძლევა ოპტიმალურ ეფექტურობას. უფრო მეტიც, თუ ვინმე მთავრობის მიერ დადგენილი წესებით თამაშობს, უფრო სავარაუდოა რომ ის ეცდება მიიღოს მაქსიმალურად დიდი მოგება იმის ნაცვლად, რომ ისეთ გრძელვადიან ინვესტიციაზე იფიქროს, რომელიც შედეგად მთელს ეკონომიკას წაადგება.
თუ იმაზე შევთანხმდებით, რომ სოციალური კონსტრუქტები განაპირობებენ ინსტიტუტებს, ცხადი გახდება ისიც, რომ რეგიონის ისტორია და კულტურა აყალიბებს ინსტიტუტებს, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის ეკონომიკურ გეზს. შესაბამისად ის მოსაზრება, რომ ეკონომიკურ მოდელს ისტორიასთან არაფერი აკავშირებს, წინააღმდეგობაში მოდის იმ მოსაზრებასთან, რომ ინსტიტუტებს მართლაც აქვთ მნიშვნელობა. უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირის შემთხვევაში სწორედ ინსტიტუტები ქმნიან საფუძველს ეკონომიკური პროცესების გააზრებისთვის, ხოლო კულტურულმა და ისტორიულმა მემკვიდრეობამ შექმნა ის ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც საქართველომ 1992 წლის შემდეგ განვლო. როგორც დიდად პატივცემულმა ალან გრინსონმა, რომელიც წლების მანძილზე პოპულარიზებას უწევდა შოკურ თერაპიას, ბოლოს აღიარა: ”იმას, რაც ჩვენ თავისთავად ცხადად მიგვაჩნდა თავისუფალი ბაზრის ჩვენეულ სისტემაში და რაც ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე გვეგონა, თურმე სულაც არ განაპირობებს ადამიანის ბუნება. ის კულტურითაა განპირობებული”.
შესაბამისად, როდესაც კულტურის მნიშვნელოვნებას ვაღიარებთ, უნდა დავადგინოთ ისიც, თუ რამდენად ძლიერია ისტორიისა და კულტურის გავლენა, რამდენადაა შესაძლებელი მათი შეცვლა, ან ახალი ინსტიტუტების მექანიკური კოპირება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ქვეყნის კულტურასა და ისტორიას მისი ინსტიტუტებისათვის და ეკონომიკური გეზისთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ, თუმცა დამოკიდებულება გეზზე აუცილებლად როდი გულისხმობს დეტერმინაციას. როგორც ნორსი ამტკიცებს, საოპერაციო სისტემებს კულტურა აყალიბებს, მაგრამ ისინი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო დამოკიდებულება გეზზე მოდიფიცირდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ისინი უცვლელია.
აი აქ დგება არჩევანის საკითხი ევოლუციასა და ქმედებას შორის, როგორ იცვლება ინსტიტუტები ზევიდან (ქმედება), თუ მიმდინარეობს შიგნიდან (ევოლუცია). შეიძლება იმის მტკიცება, რომ არსებობს სამი ძალა, რომელიც ჩვენს ქცევას აყალიბებს: სასჯელი, მორალური ნორმები და სოციალური ნორმები – ყველა მათგანი შეიძლება დაუკავშირდეს ნორსის მიერ აღწერილ ფორმალურ და არაფორმალურ ინსტიტუტებს. დროის მონაკვეთის, მთავრობისა და ხალხის ნების გათვალისწინებით, შესაძლებელი უნდა იყოს ინსტიტუტების შეცვლა, როგორც (ზემო)ქმედების მეშვეობით, როდესაც მთავრობის გადაწყვეტილებით გარკვეული ტიპის ქცევა ისჯება, ასევე ისეთი ხანგრძლივი სოციალური პროცესის გავლით, რომელშიც ჩართულია სოციალური და ზნეობრივი ნორმები.
თუ გავითვალისწინებთ რუსეთის გამოცდილებას და შევისწავლით მის ისტორიას, ცხადი გახდება, რომ დასავლეთ-ევროპისგან განსხვავებით, რუსეთში ცვლილებები ყოველთვის ზევიდან ხორციელდებოდა, რასაც უფრო ინსტიტუციური არჩევანი შეიძლება ვუწოდოთ, ვიდრე ინსტიტუციური ცვლილება. გარდა ამისა, თუ მიხეილ ხოდორკოვსკის სამარცხვინო საქმეს მაგალითად ავიღებთ, ცხადი გახდება რომ რუსეთის მსგავს ძლიერ იერარქიულ სისტემებში ყოველთვის არსებობს ასეთი შიში: მთავრობის მიერ დადგენილი თამაშის წესების უგულვებელყოფამ შეიძლება თქვენი აქტივები გაანადგუროს. ისეთი ძლიერი იერარქიული სისტემა, როგორიც რუსეთშია არ განამტკიცებს მეწარმეობას, რადგან ხელისუფლებას იმ ხალხის საპირწონედ, რომელიც საბაზრო თამაშს მთავრობის ”თამაშის” გარეთ თამაშობს, საკუთარი ძლევამოსილების დამტკიცება და შესაბამისად ბაზრის ნაწილის დათრგუნვა სჭირდება. მაღალ საოპერაციო ხარჯებს და დაბალ დანამატებს ბაზარზე კი შედეგად ეკონომიკური ეფექტურობის დაკარგვა მოაქვთ.
მაგრამ თუ საქართველოს მაგალითს განვიხილავთ, ნამდვილად შევამჩნევთ გარკვეულ განსხვავებებს, რომელთა აღნიშვნაც აუცილებელია. უპირველეს ყოვლისა, ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ სააკაშვილმა აღსანიშნავ წარმატებას მიაღწია კორუფციის ყველაზე სასტიკი ფორმების აღმოფხვრაში იმით, რომ პოლიციისა და შეიარაღებული ძალების რეფორმა ჩაატარა. უფრო მეტიც - ინსტიტუციურმა რეფორმებმა ადგილობრივ სამთავრობო დანაყოფებში, ისეთებში როგორიცაა მაგალითად სარეგისტრაციო ოფისი პროფესიული სტანდარტები ძალიან გააუმჯობესა (თუმცა ბიუროკრატიული პრობლემები ხანდახან კიდევ იჩენს თავს).
მაგრამ კორუფციის შემცირებისა და მთავრობის მიერ გაწეული იმ ძალისხმევის მიუხედავად, რომლის მიზანიც არაოფიციალური ბიზნესის მოსპობა (მაგალითად ქუჩის მოვაჭრეებთან დაკავშირებული პოლიტიკა) და შავი ბაზრის ფუნქციონირების შემცირება იყო, პრობლემები მაინც შემორჩა.
მიუხედავად იმისა, რომ მარტოოდენ არალეგალური სავაჭრო სქემების არსებობა, სულაც არ გულისხმობს აუცილებლად ბაზრის ძალიან დიდ არაეფექტურობას, ამ შემთხვევაში ისინი ქმნიან უფრო დიდ არაეფექტურობას, ვიდრე საჭიროა ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯებისთვის. გარდა ამისა, ქართული კლანური სახის საზოგადოება არ უწყობს ხელს კეთილდღეობის მაქსიმალიზაციას, რადგან სამუშაო ადგილებს და ბიზნესს სთავაზობენ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ნაცვლად ყველაზე იაფფასიანი მომწოდებლისა. არის სხვა მაგალითებიც იმისა, რაც აყალიბებს ეკონომიკურ სიტუაციას საქართველოში და რაც გათვალისწინებულ უნდა იქნას, როდესაც იქმნება მისი ეკონომიკური პოლიტიკა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა არ აღმოჩნდა ბოლომდე წარმატებული, თუმცა შეიძლება იმის მტკიცებაც, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. როდესაც 1990-იანი წლების ნეოკლასიკური თეორიები შოკური თერაპიის სახით გამოიყენეს, ინსტიტუტების მნიშვნელოვნების იდეა უგულვებელყოფილი იყო, რამაც შედეგად სტაგნაცია და დეფლაცია გამოიღო. რუსეთმა ამ სიტუაციის დაძლევა მხოლოდ თავისი მდიდარი ბუნებრივი რესურსების მეშვეობით შესძლო, ხოლო საქართველომ თავისი ექსტრემალური ანტი-კორუფციული რეფორმებით და ინსტიტუტების ფორმირებით. რუსეთის უკიდურესად იერარქიული სისტემა, სადაც ინსტიტუციური ცვლილებები მხოლოდ ზემოდან ხორციელდება, ის ფაქტი, რომ რუსეთშიც და საქართველოშიც არაეფექტურადაა დაცული საკუთრების უფლება, ხოლო საქართველოში კლანური ტიპის საზოგადოებაა. ყველაფერი ეს მაღალი საოპერაციო ხარჯების მიზეზი ხდება. შედეგად კი ჩამოყალიბდა ან ჩამოყალიბდება ვითარება, როდესაც შექმნილი სიტუაცია ვერ უზრუნველყოფს მაქსიმალურ კეთილდღეობას. სამომავლოდ, ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური ინსტიტუტების გათვალისწინება.