„ვაშინგტონ პოსტისა“ და სააკაშვილის „უნისონი“

„ვაშინგტონ პოსტისა“ და სააკაშვილის „უნისონი“

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის პრეზიდენტის თებერვლის შეხვედრა, თვეების შემდეგ, კვლავ აქტუალური გახდა. ამერიკულმა გამოცემამ „ვაშინგტონ პოსტმა“ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სარედაქციო წერილი სათაურით - „საქართველოსა და მოლდოვას დახმარება სჭირდებათ, მაგრამ საკუთარ თავს თავადაც უნდა დაეხმარონ“. სტატიაში აღნიშნულია, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით, მოლდოვასა და საქართველოს ბედი მეტწილად ამ ქვეყნების ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული, თუმცა, მოლდოვასთან შედარებით, საქართველოში უფრო უსიამოვნო პრობლემებია.

„საქართველოში 2012 წლის თავისუფალი არჩევნების შედეგად მოსული მთავრობა, აგრძელებს საკუთარი თავისთვისვე საზიანო ომს წინამორბედთან“, - წერს ამერიკული გამოცემის სარედაქციო საბჭო და აღნიშნავს, რომ თებერვალში ვაშინგტონში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას შეხვდა და მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მთავრობის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის გამო გაფრთხილება მიიღო.

„მიუხედავად ამისა, 22 მარტს მიხეილ სააკაშვილი პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა, რაც სისხლის სამართლებრივი დევნის ჩვეულებრივი პრელუდიაა. ამას წინ უძღოდა მისი ყოფილი პრემიერ-მინისტრის სისხლის სამართლებრივი დევნა და თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენება. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, დაკითხვაზე არ გამოცხადდა, ობამას ადმინისტრაციამ კი უმალ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საქართველოს ლიდერებს მოუწოდებს, ქვეყნის ენერგია მომავლისკენ მიმართოს. თუ საქართველო დასავლეთისკენ სვლას აპირებს და არა - მოსკოვისთვის დანებებას, მთავრობამ ყურად უნდა იღოს ეს რჩევა“, - ნათქვამია „ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო საბჭოს წერილში.

აღნიშნული სტატია „ვაშინგტონ პოსტში“ 26 აპრილს გამოქვეყნდა, სამი დღით ადრე, 23 აპრილს კი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „სკაიპის“ მეშვეობით თბილისში ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გამართა და პოლიტიკურ საკითხებზეც ვრცლად ისაუბრა. სააკაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობას და საერთაშორისო საზოგადოებას უარყოფითი პოზიცია აქვს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე და აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამის გამო ირაკლი ღარიბაშვილს გაფრთხილებაც მისცა.

ექსპრეზიდენტის განცხადებას იმავე დღეს არასერიოზული უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

„მე ვესწრებოდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში - ყველა შეხვედრას, მიხეილ სააკაშვილის სახელი არც ერთ შეხვედრაზე არ თქმულა. უფრო მეტიც, არანაირი დემარშები არ ყოფილა არც საგარეო საქმეთა სამინისტროში, არც აქაური საელჩოს მხრიდან. ამიტომ ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადება. მინდა ვთქვა, რომ საქართველო ძალიან მყარად ასრულებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს. ყველა ვიზიტი საქართველოს პრემიერის იყო უაღრესად წარმატებული და ეს არაერთხელ გაცხადდა პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ზალკალიანმა.

„ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო სტატიასთან დაკავშირებით კომენტარისთვის For.ge საქართველოს მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ ამ თემაზე დავით ზალკანიანის განცხადება ამომწურავი იყო და დამატებით აღარავინ ისაუბრებდა.

ობამა-ღარიბაშვილის შეხვედრაზე სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების დევნაზე საუბარს და ამ კუთხით აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის შენიშვნების მიცემას უარყოფს პარლამენტის ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე .

„ღარიბაშვილი-ობამას, ღარიბაშვილი-ბაიდენის თუ სენატორების შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ინსტიტუტების მშენებლობას, კანონის უზენაესობას და ა.შ. ახალი არაფერია იმაში, რომ ამერიკელებსა და ევროპელებს აინტერესებთ, რეალურად რა ხდება, რა გზით მივდივართ. რა თქმა უნდა, საკითხი დაისვა. რა თქმა უნდა, კითხვებიც დაისვა, მაგრამ არავითარი მაგდაგვარი, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა მიმდინარეობს და ამგვარ საქმეს თავი დაანებეთ, არ ყოფილა. იქედან სურვილი იყო გამოთქმული იმისა, რომ ნებისმიერი საკითხი და ნებისმიერი საქმე, რომელიც კრიმინალურ ყოფილი ხელისუფლების ფინანსურ თუ ეკონომიკურ დანაშაულს შეეხება, ფაქტებით იყოს გამყარებული“,- განუცხადა for.ge-ს ვიქტორ დოლიძემ და აღნიშნა, რომ ამჯერად თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით მორატორიუმია გამოცხადებული, არჩევნების შემდეგ კი იმედია, პროკურატურა და სხვა სამართალდამცველი ორგანოები კონკრეტულ პირთა საქმეებს მაღალპროფესიულ დონეზე გამოიძიებენ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე კი განმარტავს, რომ თებერვალში გამართულ ობამა-ღარიბაშვილის შეხვედრას უშუალოდ არ დასწრებია, მაგრამ ამ შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვს და იცის, რომ შეხვედრაზე სააკაშვილის და მისი გუნდის წევრების პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არ ყოფილა.

„საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მაქვს არა მხოლოდ ქართული მხრიდან, არამედ ამერიკელი მეგობრებისგან. ამგვარი არაფერი თქმულა. რა თქმა უნდა, საუბარი იყო სამართლიანობის აღდგენაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების უფრო განვითარებაზე, გამაგრებაზე, რეფორმების გატარებაზე. სამართლიანობის აღდგენაზე იყო ნათქვამი, რომ უნდა შევეცადოთ არ იყოს პოლიტიკური დევნა ან რეტრიბუციის ფორმა არ მიიღოს, მაგრამ ასეთი კონკრეტული მითითება არ ყოფილა. შეხვედრებში მონაწილეობის საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს და ასეთი რამ ამ დონეზე, თეთრ სახლში, პირდაპირ გვარების დასახელებით, არ ხდება“, - განუცხადა for.ge-ს თედო ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი კი განმარტავს, რომ „ვაშინგტონ პოსტში“ მსგავსი შინაარსის სტატიის გამოქვეყნება საყურადღებოა, რადგან ამ ტიპის ფაქტებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია „ვაშინგტონ პოსტს“ არაფორმალურად აწვდის ხოლმე.

„ეს იყო არა სტატია, არამედ სარედაქციო წერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოხატული იყო მთლიანად გაზეთის პოზიცია. ამგვარი მნიშნელოვანი ფაქტების გამოქვეყნება ასეთ სანდო და გავლენიან გაზეთში შემთხვევით არ ხდება, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამგვარ ფაქტებზე ინფორმაციას არაფორმალურად გაუზიარებს ხოლმე“, - განუცხადა for.ge-ს გიორგი კანდელაკმა და აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ამერიკის ადმინისტრაციამ საჭიროდ ჩათვალა კიდევ ერთხელ ცნობილი გამხდარიყო, რომ ღარიბაშვილი ობამამ ნამდვილად გააფრთხილა და ეს საყურადღებო უნდა იყოს საქართველოს მთავრობისთვის.

თედო ჯაფარიძე კი ვარაუდობს, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ სტატია გამოცემის კერძო მოსაზრებაა და გაზეთს ამის უფლება აქვს.

„შეიძლება ეს იყოს „ვაშინგტონ პოსტის“ მოსაზრება. მოგეხსენებათ, ეს არის კერძო გამომცემლობა და მას უფლება აქვს, საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნოს. არ ვიცი, შეიძლება ბატონ კანდელაკს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და ის ფლობს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ინსტრუქციებს აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტი „ვაშინგტონ პოსტს“, რა დაბეჭდოს და არა, რაშიც ეჭვი მეპარება, ეს სხვა საქმეა. რაც დაიბეჭდა, ესეც არ არის ასპროცენტიანი, თუ რა ითქვა დახურულ შეხვედრაზე. პიროვნული მინიშნებები იქ არ ყოფილა“, - აცხადებს თედო ჯაფარიძე.

„ვაშინგტონ პოსტს“ სააკაშვილის ხელისუფლების მხარდასაჭერი სარედაქციო სტატია 26 აპრილს პირველად არ გამოუქვეყნებია. ამ კუთხით, გამოცემაში წერილების სერიაც კი არსებობს. ჯერ კიდევ 2012 წლის ნოემბერში „ვაშინგტონ პოსტმა“ საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ახალი ძალა - „ქართული ოცნება“ მკაცრად გააკრიტიკა. „ქვეყნის მთავრობა არასწორ კურსს ირჩევს“, - ასე ერქვა მაშინ სარედაქციო წერილს, რომელშიც „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დევნასა და ძალაუფლების მონოპოლიზაციაში იყო დადანაშაულებული.

„თუკი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიულ ღირებულებებს სერიოზულად ეკიდება, მან წინა მთავრობის ლიდერების დაკავება უნდა შეწყვიტოს და ეცადოს, დასავლეთის ქვეყნების ინვესტორების თვალში ნდობა აღიდგინოს, რომელიც მან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაკარგა“, - წერდა „ვაშინგტონ პოსტი“.

ამერიკული გამოცემის სტატიას მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მალევე გამოეხმაურა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ პუბლიკაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ლობისტების კვალი ჩანდა.

„ვაშინგტონ პოსტმა“ მორიგი სარედაქციო წერილი 2013 წლის ივნისშიც გამოაქვეყნა სათაურით - „საქართველოს დემოკრატია საფრთხეშია“. ეს სტატია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის დაკავებას მიეძღვნა.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერდა: „მოსაზრება, რომ მერაბიშვილის დევნა პოლიტიკური მიზეზებით არ არის განპირობებული, ისეთივე სარწმუნოა, როგორც ის, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკო ციხეშია, მისი პრემიერ მინისტრობის დროს ჩადენილი თანამდებობრივი დანაშაულის გამო.“

გამოცემაში ასევე აღნიშნული იყო, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოსთვის გამოცხადებული ძლიერი მხარდაჭერა „ვარდების რევოლუციის“ მტკიცე მემკვიდრეობით იყო განპირობებული.

„დროა, ობამას ადმინისტრაციამ და ევროკავშირის ლიდერებმა ნათლად განაცხადონ, რომ თუ ბატონი ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტები დევნას განაგრძობს ეს კარი დაიკეტება“, - წერდა „ვაშინგტონ პოსტი“.