„საქართველოს სჭირდება ოპოზიცია, რომლის ხელისუფლებაში მოსვლაც ქვეყნისთვის ტრაგიკული კატასტროფა არ იქნება, თუმცა, ოპოზიცია, რომელიც დღეს გვყავს, ვფიქრობ, გაცილებით უკეთესია, ვიდრე რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ოპოზიციის დიდი ნაწილი თითქმის მიდრეკილი იყო, საქართველო რუსეთისთვის მიეყიდა. მე მადანაშაულებენ, რომ ოპოზიციას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოხატვის თავისუფლება არ აქვს, მაგრამ არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართულ ოპოზიციას შეხედულებების გამოხატვა ყველა არხით შეუძლია“ - აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი ლიტვურ გამოცემა Valstybė-თან ინტერვიუში:
სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ლოზუნგები ამომრჩეველს არ მოსწონს:
„რაც უფრო ხმამაღლა ყვირის ოპოზიცია, მით უარესად გამოიყურება. ნაწილობრივ, ვეთანხმები დასავლეთის შენიშვნებს - ამ კუთხით პრობლემები არსებობს, რადგან ჩვენ განვითარების აუცილებელ დონეს ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ.
მეორე მხრივ, ექსპერტები ქართული ოპოზიციის მდგომარეობის შეფასებისას ხშირად ვერ იგებენ ძველი საბჭოთა პოლიტიკის გადმონაშთებს – თქვან რაც შეიძლება მეტი ტყუილი. საბოლოოდ კი, მსგავსი ბრალდებები დასავლეთისთვის ხდება საბაბი, რის გამოც მათ აღარ სურთ, დაგვეხმარონ
სანამ ქვეყნის პრეზიდენტი ზევით ხსენებულ ინტერვიუს იძლეოდა ოპოზიციაში ორი გზა გამოიკვეთა – ერთნი მორიგი რევოლუციით, ხოლო მეორენი საარჩევნო გზით აპირებენ ხელისუფლების შეცვლას. ლიდერები თანხმდებიან ყველაზე მთავარში, სააკაშვილი უნდა წავიდეს. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის უფრო მისაღები გზა, საარჩევნო გზით მიღწეული ცვლილებებია.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი წარსულის პოლიტიკოსია, რომლის მატარებელი წასულია:
„მთავარია როგორ ჩაივლის ეს მატარებელი, დარჩება თუ არა მისი ჩავლის შემდეგ ლიანდაგები. ავტოკრატულ და ერთპიროვნულ რეჟიმებს მსოფლიო ვეღარ აიტანს და მით უმეტეს, ქართული საზოგადოება. ეს გადაწყვეტილია; ეს არის ის ლოგიკა, რითაც დღეს მსოფლიო ვითარდება“.
ალასანიას თქმით, პროტესტი, რომელიც არის ადამიანებში, უნდა მოხმარდეს ქვეყნის სახელმწიფოებრივ გაძლიერებას, რაც მისი განმარტებით, ნიშნავს ისეთი ძლიერი საარჩევნო ინსტიტუტის შექმნას, რომელშიც ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“, ექნება შანსი, თანაბარი კონკურენციის პირობებში დაარწმუნონ ამომრჩეველი მხარდაჭერაში.
ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის წინააღმდეგია „რესპუბლიკური პარტიაც“, ხოლო ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას გადაუდებელ საკითხად მიიჩნევს.
„რესპუბლიკელების“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „საქართველოში ხელისუფლების შეცვლის საკითხი დღის წესრიგში დგას“.
ამასთან, როგორც „პირwელს“ უსუფაშვილმა განუცხადა, „აღნიშნული დღის წესრიგი ახლო აღმოსავლეთში მოვლენების დამოუკიდებლადაც არსებობდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ არაბული ქვეყნების მოვლენებმა საქართველოზე გარკვეული გავლენა იქონიოს“:
„მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის მოვლენების გამო საქართველოში არაფერი მოხდება. ხელისუფლების შეცვლა საქართველოში არსებული პრობლემების გამოა მოსალოდნელი და ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს“.
ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას და უახლოეს პერსპექტივებს ანალიტიკოსებიც აფასებენ. მათი შეფასებითაც, თავისუფალი არჩევნების გზით სახელისუფლებო ცვლილებები ყველაზე მისაღები გამოსავალი იქნებოდა.
ექსპერტ ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, „დასავლეთი საქართველოში ძალადობას და ზოგადად არაკონსტიტუციურ ქმედებებს მხარს არ დაუჭერს და თუ ვინმეს ამის მოლოდინი აქვს, ის საფუძველსაა მოკლებული“.
როგორც „პირWელს“ მენაღარიშვილმა განუცხადა, „დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების რეალურ ალტერნატიულ ძალად იმ პოლიტიკურ გუნდს განიხილავს, რომელიც დემოკრატიის პრინციპებით ხელმძღვანელობს და თუ დღემდე გამოთქმული შეფასებებით ვიხელმძღვანელებთ, ამ კუთხით უპირატესობას ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ გუნდს ანიჭებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკაში მსგავსი შეფასებები ვინმე სხვის მიმართ არ გაჩნდება“.
მისივე აზრით, „დასავლეთს საქართველოში არა ერთი გამოკვეთილი დასაყრდენი ფიგურა ეყოლება, არამედ პრიორიტეტები ექნება“:
„დასავლეთის დასაყრდენი საქართველოში არა ერთი რომელიმე გამოკვეთილი ფიგურა იქნება, რომლის წარმატებისთვისაც ის ყველა ფსონს დადებს (ეს უბრალოდ, დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება). დასავლეთს ექნება პრიორიტეტები და ეს პრიორიტეტები სწორედ ის პოლიტიკური ხაზი და ტაქტიკა იქნება, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკური ძალა გამოაჩენს.
ირაკლი ალასანიას პოლიტიკური ჯგუფის ხედვას და ორიენტაციას, რომელიც მიზნების მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით მიღწევას გულისხმობს, არაერთი დასავლელი ანალიტიკოსი მოწონებით შეხვდა. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ დასავლეთს საქართველოში ფავორიტი უკვე ჰყავს.
რაც შეეხება თავად საქართველოში ალასანიას გუნდის პოპულარობის საკითხს, როგორც მენაღარიშვილი განმარტავს, „ქვეყანაში პოლიტიკური ძალის პოპულარობას ამ ძალის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება სულაც არ განსაზღვრავს, შესაბამისად, თუ ამერიკის ადმინისტრაცია ვინმეს მხარს დაუჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკოსის წარმატება გარანტირებულია“.
„წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რას სთავაზობს პოლიტიკური ძალა საზოგადოებას: რა გზით აპირებს ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევების აღსრულებას, რამდენად ეფექტურად ჩაატარებს წინასაარჩევნო კამპანიას და ა.შ.. საბოლოო შედეგის ფორმირებაზე უამრავი ფაქტორი იმუშავებს“, - ამბობს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი, რომლისთვისაც ამ ეტაპზე ნათელი ისაა, რომ „ძალადობის და არაკონსტიტუციური ცვლილებების გზას დასავლეთი მხარს ნამდვილად არ დაუჭერს და თუ ვინმეს ამის იმედი აქვს, ეს იმედი საფუძველსაა მოკლებული“.
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ „თავის დროზე მიხეილ სააკაშვილი ამერიკისა და რუსეთის ერთობლივი პროექტი იყო და საქართველოს მომდევნო პრეზიდენტიც ამ ხერხით შეირჩევა“, ექსპერტი სკეპტიკურად აფასებს:
„წამყვანი საერთაშორისო მოთამაშეების შეთანხმების თეორიული შესაძლებლობა არსებობს, თუმცა საქართველო არაორდინალურ მდგომარეობაშია. საქართველო-რუსეთის ურთიერთობებიდან გამომდინარე, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი საქართველოში შიდა ვითარების სტაბილურობით დაინტერესებული ნაკლებად არის, დასავლეთს საქართველოს მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურაზე რუსეთთან შეთანხმება გაუჭირდება“.
პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, საქართველოში, ტუნისისგან განსხვავებით, დიქტატურა არ არის, მაგრამ პოლიტიკურ სისტემას ავტორიტარული შეფერილობა აშკარად აქვს. ამის შესახებ ნოდია რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში აცხადებს.
ამასთან, ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთ ყველაზე ლოიალურად განწყობილი ექსპერტის თქმით, ავტორიტარული მოდერნიზაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის შედარებით წარმატებულია, საკუთარ თავში რევოლუციის საფრთხეს შეიცავს:
„როგორც კი მოდერნიზაცია წარმატებას აღწევს, იქმნება საშუალო კლასი, რომელიც ადრე თუ გვიან სრულ პოლიტიკურ თავისუფლებას მოითხოვს. პოლიტიკური თამაშის წესებზე კონსესუსის მიღწევის გარეშე, ვერ იარსებებს სტაბილურობა. ეს გაკვეთილი ყველა რეფორმატორსა და მოდერნიზატორს უნდა ახსოვდეს“.
პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის აზრით კი, „გათითოკაცებული ოპოზიციის პირობებში ქვეყანაში რევოლუციის მოხდენა შეუძლებელია“.
როგორც „პირWელს“ ცისკარიშვილმა განუცხადა, „ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც რევოლუციას აანონსებს, მინიმუმ, რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან მაინც საერთო აზრის ჩამოყალიბებაზე უნდა იფიქროს“:
„არ მახსენდება, რომ არაბულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესების დროს რევოლუცია დაანონსებული ჰქონოდათ. რევოლუცია ის მოვლენაა, რომლის საფუძველს ხელისუფლება ქმნის, საბაბს კი ხალხი პოულობს. ვერცერთი ცალკე აღებული პოლიტიკური ძალა ასეთ საბაბს ვერ შექმნის.
ეჭვი მეპარება, გათითოკაცებულ ქართულ ოპოზიციაში რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალის მიერ გამოცხადებული რევოლუცია შედგეს. საკუთარ თავში ჯერ ტოლერანტობის ის მუხტი მონახონ, რომელიც რამდენიმე ოპოზიციურ ძალას მაინც საერთო ხედვას გამოამუშავებინებს. მერე შეიძლება, ვირწმუნოთ, რომ საქართველოში ასეთი შესაძლებლობა არსებობს“.
ამასთან, მისი აზრით, „თუ რევოლუცია მოხდა, საქართველო ან აშენდება, ან საბოლოოდ დაინგრევა, ამდენად ნებისმიერი ქმედების, მათ შორის რევოლუციის უპირველესი საფუძველი გონიერება უნდა იყოს“.