„ევროპას გარანტიები სჭირდება, რომ საქართველოდან მუქთახორები არ მიაწყდებიან“

„ევროპას გარანტიები სჭირდება, რომ საქართველოდან მუქთახორები არ მიაწყდებიან“

ცხარე კამათის, მსჯელობის და დაპირისპირების დონეზე, პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მიიღო. ცვლილებების წინააღმდეგ ხმა სოსო ჯაჭვლიანმა მისცა, რომელმაც მოგვიანებით განმარტა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, ხმის მიცემა შეეშალა.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატისგან განსხვავებით, კანონპროექტს მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთსულოვნად დაუჭირა, მაგრამ პროექტი მათ მაინც გააკრიტიკეს.

თუ რას ფიქრობენ, ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ უმცირესობაში, ამის გარკვევის მიზნით, for.ge წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა:

ცვლილებებს მხარი დაუჭირეთ, მაგრამ როგორია, პირადად თქვენი პოზიცია?

- იმის ხაზგასმა არ მოხდა, სინამდვილეში, ამ კანონპროექტის მიღებას რატომ „გვაძალებს“ და ვის იცავს ევროპა? - აზრად არავის მოსვლია, რომ ევროპა ამ კანონის მიღებით სინამდვილეში იცავს არა საქართველოს რომელიმე მოქალაქეს, არამედ საკუთარ თავს ჩვენგან. კანონის მიღება ვიზა-ლიბერალიზაციის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას უკავშირდება და ევროპა იმ პრობლემების გაანალიზებას ცდილობს, რომელიც მას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შეექმნება. ამ ვიზით, ვინ ისარგებლებს? - ადამიანი, რომელიც ევროპაში სამუშაოდ მიდის და ადამიანები, რომლებიც ძარცვა-ქურდობა-ყაჩაღობისთვის არიან მოტივირებულნი. ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველმა „ვაჟკაცებმა“, რომლებიც აქ ჰომოფობიური განცხადებებით არიან ცნობილნი, საქართველოს თავი მოჭრეს. ევროპაში ქართველების დიდი ნაწილი თავშესაფარს იმ მოტივით ითხოვს, რომ თითქოს, ისინი ჰომოსექსუალები არიან. ამ ფორმით კი, ისინი ევროპის ხარჯზე მუქთახორებივით ცხოვრობენ. თავის თავზე დამბრალებელი ვითომ ჰომოსექსუალებისგან თავის არიდების მიზნით, ევროპა ამბობს, რომ ნებისმიერ პირს მიეცით საშუალება მანდ თავი გაიმართლოს და ადამიანი ჰომოსექსუალობას ვეღარ დაიბრალებსო. ევროპაში ამ ადამიანებს კითხავენ, საქართველოში მიმართა თუ არა სასამართლოს და წარადგინოს მტკიცებულება, რომ სასამართლომ მისი უფლებები არ დაიცვა. ამ პროცედურების შემდეგ, დამბრალებელ ჰომოსექსუალებს თავშესაფარს არ მისცემენ. ქართველების დიდი ნაწილი, რომელიც ჰოლანდიაში თავშესაფარს ითხოვს, მთავარ მოტივად სექსუალურ მიდრეკილებას ასახელებს. აქ რომ ამ ადამიანებს ეს უთხრა, ალბათ, მკერდს გადაიღეღავენ და თავს გაგვიტეხავენ, მაგრამ იქ ამას იბრალებენ. ევროპას გარანტიები სჭირდება, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოსთან სავიზო მიმოსვლას გაამარტივებს, მუქთახორები არ მიაწყდება. იქ ის ადამიანები წავლენ, ვისაც მართლა სწავლა, ან მუშაობა სურს.

თუმცა, თქვენი ოპონენტები ინტერესდებიან, ევროკავშირმა საბერძნეთი და კვიპროსი ამ კანონის დამტკიცების გარეშე, რატომ მიიღო?

- ევროკავშირმა კვიპროსი და საბერძნეთი ამ კანონის მიღების გარეშე მართლაც მიიღო, მაგრამ სამწუხაროდ, ქართველებმა საქართველოს სახელი ძალიან გაუტეხეს. ქართველი ქალბატონები მსოფლიოში ცნობილი არიან როგორც თავის საქმის კეთილსინდისიერი შემსრულებლები, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც მთელ მსოფლიოს საქართველო გააცნეს როგორც მომპარავების და კრიმინალების სახელმწიფო. ევროპა თავს სწორედ ამ ადამიანებისგან იცავს და ჩვენს ტრადიციებს და რწმენას არ ეხება. საბერძნეთზე აპელირებთ და მაინტერესებს, სულ რაღაც ერთი წლის წინ, მართლმადიდებლური ქვეყანა საბერძნეთი იარსებებდა თუ არა, დიდი კითხვის ქვეშ იდგა, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში მას „გარყვნილმა“ ევროპამ უშველა. დღეს, მართლმადიდებელ საბერძნეთს ევროპის დახმარებით ეკონომიკური წინსვლა აქვს და ის როგორც სახელმწიფო გარდარჩა. მართლმადიდებლური რუსეთი კი, მართლმადიდებლურ უკრაინას ანგრევს და მართლმადიდებლური საქართველო დაანგრია. ბრძოლა და იმის თქმა, რომ ევროპა გარყვნილების ბუდეა აბსოლიტურად მიუღებელია. საქართველოში ადამიანების ორი კატეგორიაა - ერთნი თვლიან, რომ ევროპა გარყვნილების ბუდეა, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა თავისი სიწმინდით.

ევროპის წინააღმდეგ ჩემი თაობის წარმომადგენლები - როგორც პოლიტიკური ტიპები, ასევე სასულიერო პირები გამოდიან. ჩემს ახალგაზრდობაში კი მახსოვს, რითი ტრაბახობდა ქართველი. ქართველი ტრაბახობდა იმით, როგორ დაათრო რუსი კაცი და როგორ დაამყარა სექსუალური კავშირი მისსავე ცოლთან, მისსავე ლოგინში. ევროპაში კი, ოჯახის ტრადიციის კულტი ძალიან მაღალია და დაოჯახებული ქალი კომპლიმენტსაც არ გაგაბედინებს. ეს ევროპული ღირებულებაა, რუსული ღირებულება კი გაბომჟებული და გარყვნილი ცხოვრების წესია. ყველა ადამიანი, რომელიც რუსეთისკენ როგორც მართლმადიდებლური ქვეყნისკენ მიგვითითებს, სოლომონ მეფის მიმართ ელჩის მოხსენება წაიკითხოს, რომელიც იუწყებოდა, რომ „ქალნნი უნიფხონნი და კაცნი ლოთნი“. ელჩი გაოგნებული ჩამოვიდა იმით, რაც მან რუსეთში ნახა.

ჩემი თაობის ქართველები ნოსტალგიით არიან შეპყრობილნი 37 მანეთიანი ბილეთით და 5 მანეთიანი მეძავებით. ამ თაობას ვეუბნები, კარგად დაფიქრდნენ, რადგან რუსეთში 5 მანეთთიანი გაბომჟებული ქალების მეტი არაფერი დარჩა და ასაკიდან გამომდინარე, მათ არც მაინცდამაინც დიდი პოტენციური შესაძლებლობები აქვთ და სჯობს, მომავალ თაობას ევროპულ არჩევანს ნუ დაუკარგავენ!

სასულიერო პირები ამ კანონში სოდომ-გომორის ცოდვის პროპაგანდას ხედავენ...

- როდესაც ლაპარაკი მიდის, რომ რუსები მართლმადიდებელი ძმები, ერთმორწმუნე ერია, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებს სხვა განცდები ჰქონდეთ. საქართველო ილია ჭავჭავაძის იდეოლოგიაზე - მამული, ენა, სარწმუნებება დგას. მამული რუსეთმა დაგვაკარგვინა, ენას „ძაღლების ენას“ უწოდებდნენ, მასზე ლაპარაკს გვიკრძალავდნენ, ხოლო სარწმუნოების კუთხით, ჩვენს მრავალტანჯულ ისტორიაში, ქართული ეკლესიის ავტოკეფალია რუსეთმა გააუქმა, მაშინ, როდესაც ეს თავში აზრად არ მოსვლიათ - არც ირანს, არც სპარს, არც თურქს და არც მონღოლს. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც ერთმორწმუნეობასა და თანამოძმეობაზე დამიწყენებ საუბარს, ჩემთვის აბსოლუტურად მუღებელნი არიან. ან ცივილიზებული ქვეყნებისკენ მივდივართ, ან რუსეთისკენ.

პარლამენტში გამოსვლისას, მანანა კობახიძემ ბინძური ტექსტი გააჟღერა - „კარგია, რომ კანონს მხარს უჭერთ, მაგრამ ცვლილებებს რატომ მიესალმებით ეკლესიაზე ნიშნის მოგებითო“?! ქალბატონი მანანა ეკლესიასთან და ღვთისმოსაობაში ვერ შემეჯიბრება. რელიგიური მინდა რომ ვიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ვარ და ამქვეყნიური არცერთი ცოდვა არ მაკლია, მაგრამ ქალბატონ მანანასთან შედარებით, ეკლესიასთან გაცილებთ უფრო ახლოს ვარ. ცვლილებებს ხმა ეკლესიასთან დაპირისპირებით, ან მომხრობით არ მივეცით, არამედ ეს სახელმწიფოს სჭირდებოდა. ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ ვიცით რა გვინდა. ისინი კი არჩევანის წინაშე დადგნენ, საპატრიარქოსთვის დაეჯერებინათ, თუ ბატონი ბიძინასთვის.

პარლამენტში გამოსვლისას, გუბაზ სანიკიძემ არასამათვრობო ორგანიზაცისიებს მიმართა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ნუ წარმოაჩენენ ისე, რომ ეკლესიაში არის ბნელი ძალები. სანიკიძის პოზიციას იზიარებთ?

- გუბაზს არ ვეთანხმები, მაგრამ პოლიტიკოსებმა, მათ შორის ნაციონალებმა უნდა ვისწავლოთ, რომ რადიკალური იარლიყების მიწებება არ შეიძლება. პრემიერ-მინისტრმა მოსმენებთან დაკავშირებით, არასამთავროების აქტიურობას ქვეყნისთვის „ძირგამომთხრელი“ საქმე უწოდა. ვაი თუ პრემეიერი ცრუობს და კიდევ უარესია, თუ მან არ იცის, რომ ამ კანონპროექტთან ნაციონალებს საერთო არაფერი აქვთ. ორივე შემთხვევაში, ქვეყანაში კრიზისია. იმ ფონზე განსაკუთრებით, როდესაც ჭიკაიძემ მოსალოდნელი არეულობების შესახებ „მითი“ შექმნა. თურმე, ჩვენს ქვეყანას პრობლემები ნაციონალებისგან ემუქრება. ხელისუფლებას დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ ნაციონალებს არც სურვილი აქვთ და არც რესურსი, რომ რევოლუციები მოხდეს. ქვეყნის არაჯანსაღი გზით განვითარების არანაირი სურვილი არ გვაქვს. დროთა განმავლობაში, ნებისმიერი ხელისუფლება შეიცვლება და თუ მთავრობში მოსვლა გვიწერია, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ შენება ნანგრევებიდან დავიწყოთ. ხელისუფლებას ხელს შევუწყობთ, რომ ქვეყნის საქმე წინ წავიდეს.

არჩევნებამდე 40 დღით ადრე, ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღება, რა გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგზე? ნინო ბურჯანაძის გაერთიანება, რომელიც ცვლილებების ეწინააღმდეგება, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას ხომ არ მოიპოვებს?

- იმედი მაქვს, რომ ქართველ ხალხს გონიერება ეყოფა და ისეთ არჩევანს გააკეთებს, რომელიც საქართველოს სტრატეგიული კურსიდან არ გადაახვევინებს. იმედია, ქართველ ხალხს ჭკუა ეყოფა, რომ საქართველოს სასურველი ადგილი განსაზღვროს. თუ ჩემი თაობა რეალობას შეცვლის, მაშინ სამწუხაროდ, მომავალ თაობას კიდევ უფრო მეტი შრომა და ბრძოლა მოუწევს იმ იდეალების მისაღწევად, რაც ჩვენი დასაცავია. თუ სამშვიდობოს ვერ გავალთ, რუსეთი კიდევ უფრო გააქტიურდება.