პუტინისა და მედვედევის პოპულარობა კლებულობს

პუტინისა და მედვედევის პოპულარობა კლებულობს

[მანანა აბაშიძე]
”ტანდემი ათი პუნქტით დაენარცხა”, ”ტანდემი დაეცა”, ”ყოფითი პრობლემების გამო გაჩენილი პესიმიზმი ტანდემის პოპულარობას ურტყამს” - ასეთი სათაურებით გამოქვეყნდა სტატიები რუსულ მედიაში მას შემდეგ, რაც რუსულმა სოციოლოგიურმა სამსახურებმა სოციოლოგიური კვლევების ახალი შედეგები წარმოადგინეს.

სოციოლოგიური კვლევების ერთ–ერთმა სამსახურმა ტანდემის პოპულარობა კიდევ ერთხელ გაზომა. შედეგები რუსეთის მმართველი დუეტისთვის აშკარად შემაშფოთებელი უნდა იყოს. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მათ პოპულარობას თითქმის 10 პუნქტი მოაკლდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ასეთი შედეგები გამოაქვეყნა „ფონდმა საზოგადოებრივი აზრი“.

- „პრეზიდენტ მედვედვისა და პრემიერ–მინისტრ პუტინის მიმართ ნდობის რეიტინგი ჯერაც 50%–ის ფარგლებშია, მაგრამ წლის დასაწყისიდან განვლილი პერიოდის განმავლობაში ნელა, თუმცა სტაბილურად ეცემა. გამოკითხვა ფედერაციის მასშტაბით, ქვეყნის 44 რეგიონის 100 დასახლბულ პუნქტში ჩატარდა. სულ 2000 რესპოდენტი გამოიკითხა და ტანდემისთვის აშკარად არასასიამოვნო შედეგები აჩვენა.

2010 წლის იანვართან შედარებით, მედვედევის რეიტინგმა მთელი 9%–ით იკლო, პუტინისამ – 8%. თუ წლის დასაწყისში მედვედევს გამოკითხულთა 62% ენდობოდა, ივნისში ამ მონაცემმა 53% შეადგინა. პუტინის მიმართ ნდობის მაჩვენებელი ციფრები დროის იგივე მონაკვეთში, შესაბამისად, 69 და 61% გახლდათ“– წერდა „ნეზავისიმაია გაზეტა“ სტატიაში სათაურით „ტანდემი ათი პუნქტით დაენარცხა“.

ტანდემის რეიტინგის განუხრელი კლების პროცესს სხავადასხვა რუსული მედიასაშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუებში რუსი ექსპერტები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათგან უპირველესი, ქვეყანში შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისია.

- „კრიზისი დასრულდა, მაგრამ მხოლოდ ტელეეკრანებზე. სინამდვილეში კი, რეალურ ცხოვრებაში საშუალო სტატისტიკური ობივატელი მის დასრულებას ანუ საკუთარი კეთილდღეობის ზრდას ვერ ხედავს. თან, მისი ეკონომიკური პრობლემები მეტისმეტად დიდ ხანს გრძელდება და ამომრჩეველი უკვე ნელ–ნელა კარგავს საკუთარი მდგომარეობის სწრაფი გაუმჯობესების იმედს. ამომრჩეველი კი ხელისუფლებისადმი ნდობს თავისი საფულისა და კეთილდღეობის მიხედვით აყალიბებს“– აღნიშნავდა პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ვიცე–პრეზიდენტი ალექსეი მაკარკინი.

მოსკოვის კარნეგის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ალექსეი მალაშენკო კი „ნეზავისიმაია გაზეტა“–სთვის მიცემულ ინტერვიუში გაოცებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მმართველი გუნდის რეიტინგები მხოლოდ 9 და 8%–ით დაეცა.

- „რეიტინგები დგება არამარტო იმით რასაც აკეთებს ხელისუფლება არამედ იმითაც, რასაც არ აკათებენ. მაგალითად, იყო კონკრეტული მოლოდინები; მოსახლეობას ხელისუფლებასთან დაკავშირებით კონკრეტული მოლოდინები ჰქონდა რომლებიც არ გამართლდა და შედეგად, რეიტინგებიც ეცემა“–აღნიშნავს მალაშენკო.

თუმცა, კარნეგის ცენტრის წევრი სხვა მიმეზსაც ასახელებს. მისი თქმით, მოსახლეობაში გაჩნდა შეგრძნება იმისა, რომ ხელისუფლება დასუსტდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ „საპროტესტო აქციებსა და მანიფესტაციებს მილიცია ანუ ხელისუფლება სასტიკად არბევს“–აღნიშნავს მალაშენკო.

ტანდემის რეიტინგებთან დაკავშირებით, რუსი სოციოლოგები და ექსპერტები კიდევ ერთ საინტერესო ტენდენციას აღნიშნავენ: მედვედევისა და პუტინის პოპულარობა კლებულობს და მატულობს ზუსტად ერთდროულად. ანუ თუ იმატებს ერთის, მტულობს მეორის რეიტინგიც და პირიქით.

ექსპერტების აზრით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხალხისთვის მედვედევი და პუტინი ერთ მთლიანობად აღიქმებიან და არა, ორ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად.

- „ბოლო ერთი წლის განმავლობაში, დიმიტრი მედვედევი მუდმივად ცდილობს, დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ გამოჩნდეს. მიუხედავად ამისა, ხალხის ცნობიერებაში ეს გარდატეხა აშკარად არ მომხდარა. მოსახლეობისთვის ისინი ჯერ კიდევ ერთი მთლიანობა არიან. ამითაა განპირობებული მათი რეიტინგების სინქრონულობაც“–აცხადებდა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ეკონომიკის უმაღლესი სკოლის გამოყენებიტი პოლიტოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ვალერია კასამარა.

რუსი ექსპერტების აზრით, რეიტინგების კლების ამ ეტაპისთვის დაფიქსირებული დინამიკა ხელისუფლებისთვის ჯერ–ჯერობით სახიფათო არ არის რადგან ასეთი შემცირება რევოლუციის წინაპირობად ვერ იქცევა. თუმცა, არის მეორე, შედარებით უფრო გრძელვადიანი საფრთხე.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტანდემის პოპულარობის კლების ტენდენცია გაგრძელდება და საბოლოოდ ეს შესაძლოა, სერიოზულად აისახოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. ამის შესახებ წერდა „ვედომოსტი“ სტატიაში სახელწოდებით „ტანდემი დაეცა“. გაზეთი რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციოლოგიის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ–თანამშრომელს, ლეონტი ბიზოვს ესაუბრა.

ბიზოვის თქმით, ერთი შეხედვით, ხელისუფლებას სანერვიულო არაფერი აქვს, რადგან ნდობის რეიტინგი ჯერ არ ჩამოსულა 50%–ს ქვევით. ეს ი ციფრია, რომელიც ევროპასა და ამერიკაში უფრო დღესასწაულის საფუძველი იქნებოდა ვიდრე, საგანგაშო სიმპტომი. თუმცა, რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის სპეციფიკის გათვალისწინებით, ყველაფერი თავდაყირაა.

– “რუსეთში არ არსებობს პოლიტიკური კონკურენცია და ამიტომ ხელისუფლებით განხიბლვა სახელმწიფოთი იმედგაცრუებას ნიშნავს. ამის გათვალისწინებით, რეიტინგების დაცემა ალბათ გაგრძელდება. შესაძლოა, ეს ბევრად უფრო რთულად დასაძლევი ტენდენცია აღმოჩნდეს ვიდრე ხელისუფლებას ამ ეტაპზე ჰგონია. საქმე ისაა, რომ არსებული ეკონომიკური ვითარების გამოსწორებისთვის, პუტინს ეკონომიკური რესურსები არ ეყოფა; მედვედევს–რეალური ძალაუფლება და ბერკეტები“–აღნისნავს „ვედომოსტისთან“ საუბრისას ბიზოვი.

სოცილოგის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოსახლეობამ კიდევ შეიძლება მისცეს ხმა ხელისუფლების კანდიდატს, მაგრამ აი საპარლამენტო არჩევნების დროს, მმართველ პარტიას – „ედინაია რასია“ – სერიოზული პრობლემები შეექმნება. ბიზოვის თქმით, თუ დღეისათვის უკვე გამოკვეთილი ტენდენცია კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდა, „ედინოროსებს“ 35%–ზე მეტის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.