დამანგრეველი რუსული იდეოლოგია

დამანგრეველი რუსული იდეოლოგია

როდესაც რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებს განიხილავენ, ძალისმიერი სამხედრო აგრესიის გარდა, საუბრობენ რბილი ძალის პოლიტიკაზეც, რომელიც არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც საზოგადოებრივი ცნობიერება ჯერ კიდევ მყიფეა. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მხრიდან აშკარა პროვიკაციები საქართველოში იშვიათობა აღარ არის. სხვადასხვა გზითა და მეთოდებით მუდმივად ხდება დასავლური ფასეულობების დაკნინება, თანაც ისე, რომ ეს ყველაფერი ერის თვითმყოფადობის რანგშია აყვანილი.

ამის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ იგივე, ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც საზოგადოების დაპირისპირების, და არა მხოლოდ დაპირისპირების, აგრესიის გამოვლენის მიზეზადაც იქცა. რა ძირითადი საფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველო, ამ თემაზე ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.

ქალბატონო ხათუნა უკვე გამოიკვეთა ნიშნები, რომ რუსეთის მხრიდან ტარდება რბილი ძალის პოლიტიკა, რომელიც საქართველოში რუსული გავლენისთვის ნიადაგის მომზადებას ემსახურება. რამდენად სერიოზულ საფრთხედ შეიძლება აღვიქვათ ის, რაც ხდება ბოლო დროს საინფორმაციო სივრცეში?

- ეს გაცილებით სერიოზული საფრთხე შეიძლება იყოს, ვიდრე პირდაპირი სამხედრო ოკუპაცია, რადგან აგრესია იწვევს-ხოლმე აგრესიას. აქედან გამომდინარე, რუსეთს რომ არ ჰქონოდა დასაყრდენი უკრაინაში და არ სცოდნოდა, რომ იგივე ყირიმში ან აღმოსავლეთ უკრაინაში საზოგადოების ფართო მასები მხარს დაუჭერდნენ მის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას, მიერთებას ან ნებისმიერი სხვა სახის აგრესიას, ასეთ შემთხვევაში, ის სულ მცირე, დაფიქრდებოდა, ვიდრე ასეთ ნაბიჯს გადადგამდა - მისი პოლიტიკა იქნებოდა გაცილებით მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე დღეს მის მიერ განხორციელებული ავანტურა ყირიმის მიმართულებით.

ხშირად ისმის კითხვა, 2008 წელს საქართველო რატომ არ დაიპყრო პუტინმა ბოლომდე, ფაქტობრივად, საქართველოს რაღაც ნაწილი იყო დარჩენილი რუსეთის კონტროლის მიღმა, რა ფაქტორებმა გადააწყვეტინა მას საქართველოს მთლიან დაპყრობაზე უარის თქმა? - ბევრ რამეზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ, ალბათ, ერთ-ერთი ისიც იყო, რომ საზოგადოება იქნებოდა იმდენად საპროტესტოდ განწყობილი, რომ მას ძალიან გაუჭირდებოდა ამ საზოგადოების თუნდაც უკიდურესი, ძალისმიერი მეთოდებით მართვა.

ამიტომ ის სხვა გზას დაადგა და როგორც ვხედავთ, მისთვის ძალზე ეფექტურ გზას - ანუ ბოლო წელიწადნახევარია, ის აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო ომს საქართველოში, რომელსაც აქვს ძალიან კონკრეტული მიზანი - ყოველგვარი დასავლურის გაუფასურება საქართველოს მოსახლეობაში, მისი ღირებულებების და ა.შ. დასავლეთის, როგორც, დასავლურ სამყაროსთან ინტეგრირების, როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიზნის თუ ნიშანსვეტის ნიველირება და გაუფასურება.

ეს მინიმუმ და მაქსიმუმ, აგრესიის გამოწვევა - ეს უკვე შემდეგი ეტაპია, თუმცა ჩვენ ამ ეტაპზეც ვართ - დღევანდელი პროცესები ამასაც აჩვენებს, აგრესიის გამოწვევას, ზოგადად, დასავლური სამყაროს მიმართ.

აქედან, უკვე, თუ დასჭირდა, პირდაპირ სამხედრო დაპყრობამდე ან ისეთ ოპერაციამდე, როგორიც მან ყირიმში ჩაატარა, გაცილებით უფრო მოკლე გზაა, საქართველოს დღევანდელი საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, ვიდრე 2008 წელს პირდაპირი აგრესიის პირობებში - დღეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის განწყობა ამწიფებს ამას.

ამას რა უპირისპირდება იგივე საზოგადოების მხრიდან?

- ყველაზე სავალალო და დამანგრეველი ის არის, რომ საინფორმაციო სივრცე სრულიად კაპიტულანტურ მდგომარეობაშია რუსეთის საინფორმაციო ომის მიმართ. არანაირი ნიშანი, სუვილი იმისა, რომ ხელისუფლებამ, სახელმწიფომ აწარმოოს საწინააღმდეგო საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც რუსულ საინფორმაციო ნაკადებს გაანეიტრალებდა, შეებრძოლებოდა, დაიცავდა დასავლურ ორიენტაციას, საგარეო კურსს, ასეთი, ჩამოყალიბებული, მიზანმიმართული, გრძელვადიანი, სტრატეგიული პოლიტიკის ნიშანწყალიც არ ჩანს. ამიტომაც, არაფერი არ არის ისეთი, რაც რუსეთს შეეწინააღმდეგება ამ გზაზე.

ხელისუფლებამ ეს არ იცის, არ ყოფნის რესურსი, გამოცდილება, ვერ ხვდება, როგორ უნდა აწარმოოს უსაფრთხოების პოლიტიკა თუ ძალიან ძნელია ასეთ საინფორმაციო ნაკადს შეებრძოლო?

- მარტივი არ არის, მაგრამ არც ისეთი რთულია, რომ ყოველგვარი მცდელობის გარეშე კაპიტულაცია გამოაცხადო. ბევრ მიზეზზე შეიძლება საუბარი, თუმცა ვერ ხვდებოდე იმას, რამდენად რადიკალურად არის შეცვლილი განწყობები და რას უქადის ეს შენს ქვეყანას, ამას გამოვრიცხავ. შეუძლებელია, ამას ვერ ხვდებოდე, რადგან ნებისმიერ, ყოფით დონეზეც კი ეს ხელისგულზე დევს. ამას არ სჭირდება არანაირი გაყალბებული სოციოლოგიური გამოკითხვა. სამწუხაროდ, ვერანაირ სოციოლოგიურ გამოკითხვებს ვეღარ ვენდობი - დასავლეთის მიერ ჩატარებული გამოკლვლევები ამახინჯებენ სინამდვილეს, რადგან არ უნდათ სააშკარაოზე დაიდოს ის, თუ რამდენად მკვეთრად არის შეცვლილი საქართველოს მოსახლეობის განწყობა და გადანაცვლებული რუსეთისკენ.

ქართული ჯგუფების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებიც ასევე ამახინჯებენ ამ რეალობას - სხვადასხვა ჯგუფებს სხვადასხვა მიზანი აქვთ ამ რეალობის დამახინჯებისას. ჩვენ, ყველანი ამ სოციუმის წევრები ვართ და სადაც არ უნდა მოხვდე, დაწყებული ტრანსპორტით, დამთავრებული მომსახურების სერვისით, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებსა და სოციალურ ფენებში აშკარად შეხვდები ამ დამანგრეველი რუსული მესიჯის მოქმედებას, რომელიც საინფორმაციო ომის მთავარი იარაღია.

და რა არის ეს მესიჯი?

- კერძოდ ის, რომ დასავლეთი გარყვნილების ბუდეა, რომელიც ებრძვის ქართულ ტრადიციას. ეს ჯერ მხოლოდ საინფორმაციო სივრცეში იყო, ახლა უკვე პროვოკაციის სახესაც იღებს და ძალზე მასშტაბური პროვოკაციის. ამ მესიჯის გავლენა საზოგადოების სულ უფრო ფართო ფენებში იკიდებს ფეხს და ეს არ არის თვალმოსახუჭი და ლოკალური საფრთხე.

ეს ფასეულობებს, ღირებულებებს, საგარეო ორიენტაციას შორის არჩევანის თემას აყენებს.  ხელისუფლება არ და ვერ აკეთებს ვერაფერს ამის საწინააღმდეგოდ, თუმცა ამის გარდა, კიდევ ბევრ რამესაც ვერ აკეთებს, არა თუ კვალიფიციურად, ელემენტარული მოთხოვნის დონეზეც კი.

კიდევ ერთი თემაა, რომელიც ძალიან მაკვირვებს - ეს ასობით არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ასეულ ათასობით ლარით ფინანსდებოდა დასავლური ცენტრებიდან სწორედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში დასავლური ფასეულობები დასავლური ცხოვრების წესი შემოეტანა, დაენახებინა საზოგადოებისთვის დასავლური ცხოვრების ხიბლი, სად არის?

ფაქტია, რომ ეს ფული წყალში ყოფილა ჩაყრილი და როგორც ჩანს, სწორედ ამ ჯგუფის ლოკალურ კეთილდღეობას მოხმარდა. წარმოუდგენელია, ეს რესურსი 20 წლის მანძილზე რომ ადრესატამდე მიუსულიყო, ანუ საზოგადოების რიგით წევრამდე, რომ წარმოებულიყო კვალიფიციური საინფორმაციო პოლიტიკა - ანუ რა არის საქართველოსთვის დასავლეთი, რისთვის სჭირდება და რას ელის მისგან საპასუხოდ (დღეს ყველაფერი პრაგმატიზმზეა აგებული), რუსეთის საინფორმაციო ნაკადი დღეს ასე ერთბაშად, წელიწადნახევრის მანძილზე ვერ წალეკავდა საზოგადოებას.

ანუ, იმ წლების მანძილზე არ უმუშავია იმას, ვისაც უნდა ემუშავა - სამოქალაქო სექტორს ვგულისხმობ და დღეს, საერთოდ, გამაოგნებელია მათი დუმილი. კარგი ბატონო, ხელისუფლება, დავუშვათ, არ და ვერ აკეთებს იმას, რომ წინ აღუდგეს რუსეთის საინფორმაციო ომს. შენ, რომელიც დემოკრატიის ფორპოსტი ხარ ამ ქვეყანაში, რას აკეთებ?! არ შეიძლება, უამრავი არასამთავრობო კოალიცია რომ არის ჩამოყალიბებული, ამ კუთხითაც შეიქმნას არასამთავრობოთა კოალიცია, რომელიც ალტერნატიული საინფორმაციო პოლიტიკის შექმნის და გატარების ინიციატივით გამოვა?!

ეს არ არის იაფი სიამოვნება და იაფი პროექტი, რადგან იმაში, რასაც რუსეთი აკეთებს, საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება, თუმცა ქართულ რეალობაში ნიადაგიც დახვდა. განსაკუთრებით დიდი თანხები რუსეთს არ დასჭირვებია ამ საინფორმაციო პოლიტიკის საწარმოებლად, მაგრამ ახლა უკვე სიტუაციის მოსატრიალებლად არც თუ მცირე თანხები იქნება საჭირო. ამ თანხების მობილიზებაც შეიძლება, მთავარია გაჩნდეს სურვილი, იდეა და იდეოლოგია, რომელიც ამ წამლეკავ, დამანგრეველ რუსულ საინფორმაციო ტალღას დააბალანსებს.

ეს უნდა გააკეთოს სწორედ არასამთავრობო სექტორმა. მე ვაპირებ, რომ ასეთი ინიციატივით გამოვიდე საქართველოს კვლევით-ანალიტიკურ ცენტრებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ყველა ერთად, ამ ამოცანას მოვერევით.

რიგ შემთხვევებში გამოყენებულია ისეთი ფაქიზი ინსტიტუტები, როგორიცაა ეკლესია, იდეოლოგიად ჩადებულია ერის ღირსების გარყვნილებისგან დაცვა და .. საზოგადოების ცნობიერების შემობრუნება, ანუ განმარტება, რომ დასავლეთი არ არის გარყვნილება და საუბარია სულ სხვა ღირებულებებზე, საკმაოდ რთული არ იქნება? მით უფრო, რომ ეს ყველაფერი უკვე აგრესიის სახეს იღებს...

- სწორედ ამაზეა საუბარი და სიტყვის მთქმელი არ არის დღეს არავინ ამის დასაცავად. ის, რომ ვიღაც გამოდის და ლოკალურად ანტიდისკრიმინაციულ კანონს იცავს, არანაირი შედეგის მომტანი არ არის, თუ არა უკუშედეგის. არ უნდა მიგვეყვანა საქმე იქამდე, რომ ამ კანონს ხალხი აფოფრილი შეხვედროდა. ამ ყველაფერს სჭირდება ძალზე ხანგრძლივი და მუხლჩაუხრელი მუშაობა საზოგადოებასთან. არა ტყუილზე აგებული კამპანიები, რომ აი, ხვალ ნატოში ვიქნებით, მთელი ამერიკის სამხედრო-საზღვაო ფლოტი და სადესანტო შეიარაღებული ძალები გადმოისხმება საქართველოში რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად - ასეთი ილუზიები, „ალიბაბასა და 40 ყაჩაღის“ ზღაპრები, საბოლოო ჯამში, დამღუპველი აღმოჩნდა საქართველოსთვის, საზოგადოების ღირებულებითი სისტემისთვის, ჯანსაღი ორიენტაციისთვის.

ასეა, როდესაც მოლოდინები არის რეალობასთან შეუსაბამო, შემდეგ ამ მოლოდინის გაცამტვერება იწვევს დამანგრეველ ცვლილებებს ცნობიერებაში. ეს მოხდა დასავლეთის შემთხვევაშიც და მარტივი ასახსნელია - ძალიან კარგია, რომ ვიღაც ბევრ მწვანილს გაყიდის, ვიღაც ბევრ ტურისტს შემოიყვანს, ვენახი და ჩაი რომ აღორძინდება, მაგრამ მეორე თემაა, რომ ერთ მხარეს დგას თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი და მეორე მხარეს მწვანილი, ტურისტი, ღვინო და ამით მიღებული უფრო მეტი შემოსავალი.

ეს გასაგებია, მაგრამ ღარიბაშვილისა და აპატურაის შეხვედრის, შემდეგ ნატოს წარმომადგენელმა კავკასიაში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მთავარია რუსეთთან დარეგულირებული ურთიერთობა, რომელიც აგრესიის რისკებს შეამცირებს. როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევა არ გაიგივდეს ერთმანეთთან  საზოგადოების სხვადასხვა ფენებისთვის?

- რუსეთთან დალაგებული ურთიერთობა დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ყველასთვის. ყველაზე მეტი დარტყმა, რაც შეიძლება დასავლეთს სასქართველოში მიადგეს არის ის, რომ რუსეთი შემოვიდეს სამხედრო ძალით, რადგან დასავლეთი რეალურად წინ ვერაფერით აღუდგება და შესაძლოა, ამ ტრაგედიამ შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს.

ამიტომ არის გადამწყვეტი, ჩვენ უნდა შევძლოთ და შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და ტერიტორიები იმ ფარგლებში, რაც დღეს გვაქვს დე-ფაქტო, ყოველგვარი ადამიანური მსხვერპლის გარეშე. ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ მაქსიმალუროდ უნდა ვეცადოთ, რომ ეს მძიმე ეტაპი დანაკარგების გარეშე გავიაროთ.

გასაგებია, რომ დასავლეთის თხოვნა თუ მოთხოვნაც ასეთია. ეს არ ნიშნავს იმას, და იმედი მაქვს, ამით დასავლეთი არ გვეუბნება, „ჩვენ დაგთმეთ და რუსეთის გავლენის სივრცედ გაღიარეთ“ - იმედი მაქვს, აქამდე საქმე არ მისულა, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, როგორი საინფორმაციო პოლიტიკაც არ უნდა აწარმოო, უკვე იმედგაცრუებული ხალხის დასავლეთისკენ შემობრუნებას სამომავლოდ ვერ უშველის. ყველაზე მეტად რამაც შეიძლება დაანგრიოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, სწორედ ეს არის. ამიტომ სიფრთხილე და მოზომილი ნაბიჯები საჭიროა, თუმცა არა კაპიტულაცია, რასაც დღეს ჩვენ ვეწევით.

ის, რომ ამ საინფორმაციო ნაკადებს ალტერნატიული საინფორმაციო ნაკადები შეაგებო, ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ შენ რუსეთს ბრძოლას უწყებ. არა, შენ იბრძვი დასავლეთისთვის. შესაძლოა, ეს რუსის და ქართველი პროპუსის გადმოსახედიდან ერთი და იგივეა, მაგრამ შეიძლება ამ საინფორმაციო პოლიტიკის წარმოება ისე, რომ რუსეთს სადგისივით კი არ გაერჭო, არამედ ამ საინფორმაციო პოლიტიკას ჰქონდეს სხვა რაკურსი - ეს საერთოდ არ ეხება რუსეთს, მე ვიბრძვი დასავლეთისთვის, არა რუსეთის გადავლით.

ის, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, რომ მე უნდა ვიყო ნელი მოქმედების ნაღმი რუსეთის მეზობლად, ეს თემა საერთოდ უნდა დავივიწყოთ, რადგან ამ ატაპზე დამღუპველია, მაგრამ ის, რომ მე არ ვარ რუსეთისთვის ნაღმი, მაგრამ არც მისი გავლენის სფერო ვარ, მე მინდა ამ ქვეყანასთან ისეთი დამოკიდებულება, რომელიც მე არაფერს დამიშავებს, სხვა რაკურსია. შესაბამისად, მეც უნდა ვიქცეოდე ისე, რომ მას არაფერი დავუშავო. ილუზია იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანააა და რუსეთს რას დაუშავებს, რუსეთის ხელისუფლება ამას ასე არ აღიქვამს.

ის საინფორმაციო ნაკადები, რომელიც მიედინებოდა საქართველოდან რუსეთში, რომ იყო არნახული დემოკრატია, აღმშენებლობა და ა.შ. ეს მართლაც დამანგრევლად მოქმედებდა რუსეთის ლიბერალურად განწყობილ საზოგადოებაზე. დამანგრევლად იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ესწრაფვოდნენ ამ ღირებულებების გადანერგვას საქართველოდან - სწორედ ამისი ეშინოდა რუსეთის ხელისუფლებას.

დღეს ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად ვთქვათ, რომ მე მინდა დასავლეთი, მაგრამ არა რუსეთის შეურაცხყოფით და მე მაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, რომელიც არასდროს არ იქნება რუსეთი, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ მე აღარ ვარ დამოუკიდებელი ქვეყანა - დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსი გვქონდა საბჭოთა კავშირის დროსაც, მაგრამ რეალურად დამოუკიდებლები არ ვყოფილვართ.

ჩვენი ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს თუ არა ეს თემა აყვანილი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების რანგში?

- სწორედ ამას ვამბობ, დღეს იმდენად არის საქართველოს საზოგადოება შემზადებული ამ რუსული პროპაგანდისთვის, რომ ხვალ და ზეგ რომ დაიწყოს საბაჟო ან ევრაზიის კავშირის თემის განხილვა, საზოგადოების ეს ნაწილი რუსეთის წაქეზებით, რა თქმა უნდა, შეეცდება ყველანაირად იბრძოლოს საკუთარი „არჩევანისთვის“.

ეს, ალბათ, საშიშ ზღვრამდეც მივა, თვით საზოგადოების ურთიერთდაპირისპირებასაც გამოიწვევს...

- გამოიწვევს, მაგრამ კიდევ ვამბობ, დღეს უკვე რუსეთს დასაყრდენი ჰყავს და საკმაოდ სერიოზულიც. არა რუსეთს, არამედ ამ იდეოლოგიას. პუტინი იდეოლოგიისგან დაცლილ დასავლურ სამყაროს სწორედ იდეოლოგიით სჯობნის ამ ეტაპზე. მან შემოიტანა კონსერვატუიული იდეოლოგია, რომელიც ღირებულებით საწყისებსა და მორალურ სიმებს ეხება.

ის საერთოდ არ ჩანს ამ ეტაპზე, მაგრამ მის მიერ წარმოებული საინფორმაციო პოლიტიკა ამბობს, რომ დასავლეთი არის გარყვნილება და შენ, საქართველოს, გაიძულებს იყო გარყვნილების კუნძული, ამიტომ შენ უარი უნდა თქვა მასზე.

ეს თავისთავად იდეოლოგიაა, რომელიც შენ გინარჩუნებს ტრადიციებს, მომავალ თაობას აზღვევს გახრწნილებისგან, გადაგვარებისგან და ძლიან ძლიერი იდეოლოგიაა. არც სოციალიზმზე და არც კომუნიზმზე, ძალზე ფაქიზ, მოწყვლად და ლაბილურ თემებზეა საუბარი, რომელიც ყველა ოჯახისთვის მტკივნეული და დამაფიქრებელ სიმებს ეხება. ამითია ყოვლისმომცველი ეს იდეოლოგია და ამითია საშიში. ის არ გეუბნება, რომ რუსეთი აირჩიო, მაგრამ გაიძულებს, დასავლეთი არ არიჩიო. ასეთ შემთხვევაში შენ განიარაღებული რჩები რუსეთის პირისპირ.

შეგვიძლია, ვისაუბროთ, კონკრეტულად, ვისი მეშვეობით ტარდება ეს იდეოლოგია? რაღაც უხილავ ძალებზეა საუბარი თუ კონრეტულ სოციალურ ჯგუფებზე?

- სრულიად ხილული ძალებია და მთელი საინფორმაციო ნაკადები ემსახურება ამას - ტელევიზიები, გაზეთები, ინტერნეტ-პორტალები, სოციალური ქსელები, თითქოს უნიჭო ვიდეოკლიპები, სადაც საუბარია როგორი გახრწნილია დასავლეთი. ეს ყველაფერი ფართოდ არის წარმოდგენილი საინფორმაციო სივრცეში.

სწორედ ეს არის დივერსიული მუშაობა რუსეთის სპეცსამსახურებისა, ეს არის საინფორმაციო დივერსია და საინფორმაციო სივრცის გარდა, მას ემსახურება ძალზე სერიოზული გავლენის ჯგუფები, რომელთა დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.