პრემიერ-მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს მკაცრად აკრიტიკებს და მათ სახელმწიფოსთვის „ძირგამომთხრელი“ საქმიანობის წარმართვაში ადანაშაულებს.
ირაკლი ღარიბაშვილის გაღიზიანება კამპანიამ - „ეს შენ გეხება“ გამოიწვია. მთავრობის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კამპანია, რომ „დღეს ყველას უსმენენ“, სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.
პრემიერი საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი დაუყონებლივ მიიღოს.
„არასამთავრობოებისა და ნაციონალების მიერ წარმოდგენილი ვარიანტი კატასტროფის ტოლფასი იყო, რომელიც სამართალდამცველი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულ, ეფექტურ მუშაობას საფრთხეს შეუქმნიდა. ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობისას სიჩქარე დაუშვებელია. ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა, რომ საქართველოში მოსმენების დრო დასრულდა, მაგრამ აბსოლუტურად გაუგონარი კამპანია - „ეს შენ გეხება“ დაიწყეს და მოქალაქეების დარწმუნებას იწყებენ, რომ დღეს ყველას უსმენენ“, - აცხადებს პრემიერი.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მაშინ, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება და პროგრესის ჩვენება ხდება, ეს ადამიანები ათასობით ლარს ხარჯავენ რეკლამებში იმისთვის, რომ სახელმწიფოს იმიჯი შეარყიონ.
„ამას ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ვუწოდებ! მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულია და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. მტკიცე პოლიტიკური ნება არსებობს და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრა. ჩვენი კარი ღიაა და ამ ადამიანებს მოვუწოდებ, ღია კარის მტვრევა საჭირო არ არის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომლის განცხადებასაც არასამთავროებო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ.
„საერთაშორისო გამჭირვალეობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს კორექტული იყოს, რადგან მის მიერ გაკეთებული განცხადება არაკორექტული, არასწორი და ტყუილი იყო.
გიგაურის განცხადებით, პრემიერის განცხადება მიზნად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა.
„ის რაზეც პრემიერი საუბრობს, ტყუილია. კანონპროექტის ავტორები შალვა შავგულიძე და ლაშა ტუღუში არიან და არა არასამთავროები და ნაციონალები. რაც შეეხება ძირგამომთხრელ საქმიანობას, იმ პრობლემაზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შს სამინისტროს აქვს განუსაზღვრელი უფლებები 21 ათას ადამიანს მოუსმინოს და ამას წარმატებით იყენებს, ამის შესახებ საუბრობენ ჰამერბერგი და ამერიკის დეპარტამენტის ანგარიშში. შესაბმისად, ესენიც ძირგამომთხრელი საქმიანობით არიან დაკავებულნი?! პრემიერის მხრიდან კარგი გამოსავალი კორექტულობა იქნება“, - განაცხადა გიგაურმა.
პრემიერ-მინისტრს გამოსვლის შინაარს ოპოზიციონერი დეპუტატი გოგა ხაჩიძეც უწუნებს და ამბობს, რომ საოცარია ის, ახალგაზრდა ღარიბაშვილს ამდენი საბჭოთა ტერმინოლოგია საიდან აქვს გონებაში გამჯდარი.
„პრემიერის თავდასხმის ობიექტები ჩვენ სულ ვართ, მაგრამ თუ ის თავს არასამთავროებს ესხმის, მაშინ ძირგამომთხრელ საქმიანობას თავად ეწევა. მაინტერესებს, პრემიერი რატომ გასცემს განკარგულებას, რომ ის კანონპროექტი მიიღონ ჩქარა, რომელიც, თურმე, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა?! ღარიბაშილის ღირებულებები და შეფასებები ცოტა აერია. მას ვურჩევ არასამთავროებს თავი დაანებოს. რომ გვისმენენ ფაქტია“, - აცხადებს ხაჩიძე.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი შალვა შავგულიძე განმარტავს, რომ პარლამენტში ინიცირებულია ერთადერთი პროექტი, რომელზეც მსჯელობა მიმდინარეობს.
მისი თქმით, შეთანხმება მოხდა ყველა ძირითად პოზიციაზე, მაგრამ სადაო ერთი ნორმა რჩება.
შავგულიძის მტკიცებით, ისეთი პროექტი უნდა იყოს მიღებული, რომელიც ერთი მხრივ, უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი, პირადი უფლებების დაცვას.
„სიმართლე გითხრათ, წინადადებით არასამთავროებმა მოგვმართეს და იურიდიულმა კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშვა. განხილვა დავიწყეთ და როცა ცნობილი გახდა, რომ იგივე კანონპროექტს უსაფრთხოების საბჭო ამუშავებს, მათ დაველოდეთ. არის ნორმები, რომლებიც სამუშაო რეჟიმში დახვეწას საჭიროებს. მომავალ სასესიო კვირას პოზიციების შესაჯერებლად გამოვიყენებთ და იმედი მაქვს, რომ კანონპროექტს 15 მაისამდე პირველი მოსმენით მაინც მივიღებთ“, - აცხადებს შავგულიძე.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კანონპროექტის ნორმებს განმარტავს და ამბობს, რომ პირს, რომლის მიმართაც ფარული საგამოძიებო მოქმედება განხორციელდება, მას ამის შესახებ უნდა ეცნობოს, მაგრამ როდის უნდა ეცნობოს, ამის თაობაზე გადაწყვეტილებას პროკურორი მიიღებს.
„ეს იქედან გამომდინარე უნდა მოხდეს, რომ ასეთი შეტყობინება საგამოძიებო მოქმედებებს ზიანს არ უნდა აყენებდეს. პირს გასაჩივრების უფლება უნდა ჰქონდეს, თუ მის მიმართ უკანონოდ მოსმენა განხორციელდა. თუ მოსმენა უკანონო იყო, პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც აქვს. ამას გარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციის განადგურების რეჟიმი უნდა იყოს შემოღებული. რაც შეეხება სადაო ნორმას, პირობითად „გასაღები“ იმისა, თუ რომელი აბონენტის ინფორმაცია უნდა გახდეს ხელმისაწვდომი სამართალდამცავებისთვის, ეს სამართალდამცავი სისტემის ხელშია. შემოთავაზებული ვარიანტი გვაქვს, რომ ეს ნორმა კერძო კომუნიკაციების ხელში გადავიდეს და ა.შ. მაგრამ იყო მოსაზრება, რომ კერძო კომპანიებისთვის ამ უფლების გადაცემა უსაფრთხოების სამსახურებს პრობლემებს შეუქმნის. მეტია რისკია, რომ ინფორმაციებმა კომპანიებიდან გაჟონოს“, - აღნიშნავს დეპუტატი.
შავგულიძის მოსაზრებით, მთავარია, კანონპროექტით ბალანსის სწორი დაცვა მოხდეს.
„სწორი ბალანსის ფორმისკენ იქნება მიმართული ღონისძიებები. არ უნდა მოხდეს, რაღაც რომელიმე უწყების ინტერესების ზემდეტად გათვალისწინება, ან ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, ზედმეტი გადახრა“, - დასძენს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, პარლამენტში კანონპროექტთა პაკეტის ინიცირება გასული წლის ზაფხულში მოხდა. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული პაკეტი შემდეგ კანონებში ითვალისწინებს ცვლილებებს: „ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შესახებ“ კანონში, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში. ცვლილებების მიხედვით, სასჯელი მკაცრდება უკანონო მოსმენებისთვის და თვალთვალისთვის. ამასთან, ძლიერდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პროცესში საპარლამენტო და სასამართლო, ასევე სამოქალაქო კონტროლი. საკანონმდბელო პაკეტი პარალამენტს არასამთავრობო სექტორმა შესთავაზა და ის იურუდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული.