პრეზიდენტი დანიშვნით

პრეზიდენტი დანიშვნით

მომავალში, საქართველოს პრეზიდენტი შესაძლოა ხალხის ნაცვლად, პარლამენტმა აირჩიოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი მსგავს იდეას დააკანონებს.

for.ge-ს ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში იდეა არსებობს, რომ პრეზიდენტის არჩევა მოხდეს არა პირდაპირი წესით, არამედ დანიშვნით. მსგავსი ინიციატივის შესახებ ინფორმაციას ის დეპუტატებიც ფლობენ, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრები არიან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, თუ როგორი წესი უნდა იყოს, ამის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

„მოსალოდენელია, ორი შესაძლო ვარიანტი. ერთი პირდაპირი არჩევნები ჩატარდეს, ხოლო მეორე არაპირდაპირი. ამის თაობაზე მსჯელობა როდესაც გაიმართება, შედეგებს ამის შემდეგ მოგახსენებთ“, - დასძინა ხმალაძემ.

ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებებია. მისი თქმით, დისკუსია არის საჭირო, რომ საუკეთესო მოდელი იქნეს მიღებული.

„რადგან საპარლამენტო მოდელით მივდივართ, შეიძლება ცვლილება არჩევის წესს შეეხოს. საკითხზე საჭიროა დისკუსია. მსგავსი იდეა არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია. კომისიას საკმაო ვადა აქვს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს“, - განუცხადა for.ge-ს კობახიძემ.

ოპონენტებისგან განსხვავებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ შესაძლო ვერსიებზე საუბრობს, რის გამოც, შესაძლოა, პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალოს.

როგორც for.ge-ს ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, უმრავლესობა ამ იდეის აფიშირებას ახდენს და შესაძლოა, ეს ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს.

მისი თქმით, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება ხდება, რაც იმაში გამოიხატა, რომ ერთი მხრივ, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობა არ დაესწრო, მეორე მხრივ კი, მთავრობაში საფრთხეების საბჭო შეიქმნა.

„ამ ინსტიტუტის დისკრედიტაცია მიდის. ეს იდეა კი იმას უკავშირდება, რომ ამის სამართლებრივი გაფორმება მოხდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პირი არჩეული იქნეს და საქართველოს მოსახლეობას ეს კონსტიტუციური უფლება არ უნდა წავართვათ“, - აღნიშნავს ბეჟაშვილი.

ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, პრეზიდენტი ინიშნება გერმანიაში, ლატვიაში კი იყო პრეცედენტი, როცა პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდა, მაგრამ ეს წესი მოგვიანებით შეიცვალა.

თანაგუნდელის მსგავსად, პავლე კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა ბიძინა ივანიშვილს, მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. დეპუტატის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რა ცვლილებები იქნება კონსტიტუციაში შეტანილი, ამ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადას ცვლილება არ უნდა შეეხოს.

„იმ პირობებში, როცა საგარეო საფრთხები არის მაღალი და რუსეთის მხრიდან აგრესიის შანსი დიდია, პრეზიდენტს როგორც უმაღლესს მთავარსარდალს ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ამ საფრთხეებზე კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს და ის ფუნქცია შეასრულოს, რაც მას საგარეო ურთიერთობების კუთხით აკისრია“, - განუცხადა for.ge-ს კუბლაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საკითხზე ირონიით საუბრობენ - აკაკი ბობოხიძე და გოგა ხაჩიძე. გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრს დაავიწყდა, რომ ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს.

„კარგია, როცა არჩევითი თანანმდებობის პირი გყავს, მაგრამ პრეზიდენტს ამათმა ისეთი რამეები უქნეს და ისე დააკნინეს, რომ შეიძლება, პრეზიდენტი საერთოდაც არ გვყავდეს. პრეზიდენტს პარლამენტში მთავრობა არ მოჰყვება და გაბუტული ბავშებივით ერთი ალთას არის, მეორე ბალთას. რადგან ალთა მთავრობაა და ის უფრო ძლიერია, ბალთას ანუ პრეზიდენტს პარლამენტიდან ავირჩევთ თუ სხვა ადგილიდან, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! დამავიწყდა, რომ ქვეყანაშია პრეზიდენტი“, - განუცხადა for.ge-ს ხაჩიძემ.

აკაკი ბობოხიძე კი პირობას დებს, რომ თუ მომავალ პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს, ამ იდეას მხარს დაუჭერს.

„ამ ინიციატივას იმ შემთხვევაში მივესალები, თუ დანიშვნას ბიძინა ივანიშვილი განახორციელებს“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ.

აღნიშნული იდეა მოვა თუ არა სისრულეში, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ საკითხზე მსჯელობას საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფი გააგრძელებს.