საკრებულოს წევრი გულიკო ზუმბაძე დღეს თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სააგენტოს ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების მუშაობას გაეცნო.
მისი თქმით, კონკრეტულად ამ სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით ნაკლებია შემთხვევები, როდესაც ვერ ხერხდება სამაშველო სამუშაოების განხორციელება, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს არაერთი პრობლემა, რომელთა მოგვარებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებებია გასატარებელი.
მათ შორის ის, რომ დედაქალაქში მოშლილია სარეზერვო წყლის შემავსებელი ჰიდრავლიტების ცენტრები, თუმცა, როგორც დეპუტატისთვის გახდა ცნობილი, ჯივიპის ამ ცენტრების აღდგენის ვალდებულება გააჩნდა.
საკრებულოს წევრის განმარტებით, შენობების დაგეგმარებისა და რეკონსტრუქციის დროს, განსაკუთრებით კი როცა საქმე პოლიკნინიკებს, სტაციონარებსა და სავადმყოფოებს ეხებათ, სამაშველოებისთვის დამატებითი გასასვლელების გათვალისწინებაა აუცილებელი.
მათი დროულად გადაადგილებისთვის ასევე საჭიროა დამატებითი კიბეები, რაც დახმარების შესაძლებლობას უფრო გაამარტივებს.
როგორც გადაუდებელი სიტუაციების სააგენტოს ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსმა ტიტე ჯიჭენაიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია საცხოვრებელ კორპუსებზე სანომრე ნიშნების მინიჭება, რადგან მათი არარსებობა გამოძახების დროს გარკვეულ პრობლემებს ქმნის და დრო მისამართის ძებნაში იკარგება.
მისივე თქმით, მეხანძრეებს შორის შრომითი დრო კარგადა არის გადანაწილებული და თითოეული მათგანი დაზღვევითაც სარგებლობს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.