საქართველოს არჩევანი ევროპულია და ეს არჩევანი ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გააკეთეს“, - ამის შესახებ ქართველი პოლიტიკოსებისგან ხშირად გვსმენია და, მათივე აზრით, ვექტორის გადახრაზე საუბარი მხოლოდ არაკეთილმოსურნეების მიერ გავრცელებული ხმებია. ამის მიუხედავად, რუსეთთან ურთიერთობის დათბობის გეგმაზომიერი პოლიტიკა ძალაში რჩება და რომ არა უკრაინის მოვლენები, ალბათ, საქართველოს ხელისუფლება ბევრად უფრო ლმობიერი იქნებოდა ჩრდილოელი მეზობლის შეფასებებში.
პარალელურად, რუსულ მედიაში ჩნდება ინფორმაცია, რომ, როცა გიორგი მარგველაშვილი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს, ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთში დადის. ამ მოსაზრების ავტორი რუსლან ხარაბუაა, დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის კავკასიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, რომელიც, იმავდროულად, აფხაზური წარმომავლობისაა.
საქართველო-უკრაინა-რუსეთის ურთიერთობის საკითხებზე საუბრისას რუსლან ხარაბუა აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ერთგვარი ორხელისუფლებიანობაა დამყარებული: ქვეყანას თავისებურად ხელმძღვანელობენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ხოლო, თუ მათ მოქმედებას ყურადღებით დავაკვირდებით, შევამჩნევთ გარკვეულ უთანხმოებას, რასაც უბრალო ობივატელი ვერ ხედავს. კერძოდ, დასავლელ პოლიტიკოსებს მარგველაშვილიც ღებულობს, მაგრამ არა ისე ხმამაღლა და ყველას გასაგონად, როგორც ამას ღარიბაშვილი აკეთებს.
როგორ უნდა მოხერხდეს ევროპასა და რუსეთთან ერთნაირად კარგი ურთიერთობის დამყარება და რამდენად გამორიცხავს ერთ მათგანთან დაახლოება მეორის იგნორირებას? ეს კითხვა სულ უფრო აქტუალური ხდება.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყნებს სტუმრობენ ღარიბაშვილი თუ მარგველაშვილი, ერთი რამ ცხადია, ახალ ხელისუფლებას საკუთარი პოლიტიკა რუსეთთან კონფრონტაციაზე არ აუგია. ეს წინა ხელისუფლების წამყვანი ლაიტმოტივი იყო, თანაც -სიტყვიერ დონეზე. ახალმა ხელისუფლებამ კი ამ სიტყვიერ კონფრონტაციაზეც უარი ეთქვა. პოლიტოლოგის თქმით, რეალურად ჩვენ არ შეგვიძლია ზეწოლის მოხდენა რუსეთზე, რადგან ჩვენი ძალები კატასტროფულად არათანაზომადია, მაგრამ განვლილმა წელიწადნახევარმა დაგვანახა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება არ გამოვიდა.
„მოლოდინი ისედაც არ არსებობდა, მაგრამ რუსეთისადმი პოლიტიკის შეცვლა მიმართული იყო არა უშუალოდ რუსეთთან ურთიერთობისთვის, არამედ - დასავლეთისათვის, რადგან დასავლეთი მუდმივად აპელირებდა, დაანებეთ დაპირისპირებას თავი და დაელაპარაკეთ რუსეთს. ის, რომ ჩვენ დაძაბული ურთიერთობა გვქონდა რუსეთთან, ვიღაც-ვიღაცებმა გამოიყენეს იმისთვის, რომ ჩვენ არ მიგვეღო მაპი.
დღევანდელი სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება 2012 წელს არსებული ვითარებისგან, დღეს რუსეთი მთელი დასავლეთის ზეწოლის ქვეშაა. ჩვენ ვერ ვიქნებით წამყვანი ძალა რუსეთთან მსოფლიოს ურთიერთობის თვალსაზრისით, ეს უნდა გვცოდნოდა 20 წლის წინათაც და უნდა ვიცოდეთ დღესაც. სხვათა შორის, ვინც იცოდა, რომ ის ვერ იქნებოდა წამყვანი ძალა რუსეთთან ურთიერთობის მხრივ, ის უკვე გასულია სამშვიდობოს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვიჯერებდით, არ ვიჯერებდით, ან არ გვინდოდა, დაგვეჯერებინა. ამიტომ ვიღაცებისთვის თავის მოწონებას ბევრი რამ გადავაყოლეთ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბრისას.
პოლიტოლოგის აზრით, თუ რუსეთსა და დასავლეთთან ერთდროულად დამთბარ ურთიერთობას „ორ სკამზე ჯდომა“ ჰქვია, მაშინ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს პოლიტიკა მანამ, სანამ ეს შესაძლებელია. რაღაც მომენტში დადგება დრო (და ეს დრო არც ისე შორს არის), როცა ივნისში „იძულებულნი“ ვიქნებით, არჩევანი გავაკეთოთ. ასე რომ, მანამდე უნდა მივყვეთ იმ სიტუაციას, რაც დღეს შექმნილია მსოფლიოში და კერძოდ, ევროპაში. სამამულო ომის შემდეგ კი ასეთი სიტუაცია ევროპის კონტინენტზე არ ყოფილა. საუბარია უკრაინა-რუსეთის ურთიერთობაზე. ეს სრულიად განსხვავებული ვითარებაა და ამას ძალზე სკურპულოზური გაანალიზება სჭირდება.
„მნიშვნელობა არ აქვს, ვიღაცები რას ლაპარაკობენ ორ და სამ სკამთან დაკავშირებით. მნიშვნელობა აქვს იმას, ქვეყანა ამ რთული და სახიფათო სიტუაციიდან უდანაკარგოდ გამოვიდეს და დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. ამიტომ, ჯერჯერობით, ჩვენ რაც შეიძლება დიდხანს უნდა გავაგრძელოთ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ამაზე შორს ჯერ ვერავინ წასულა. მიუხედავად იმისა, ივნისში რა არჩევანს გავაკეთებთ, ჩვენ არ უნდა გამოვიდეთ აბაშიძე-კარასინის და ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის ინიციატორნი. ამაზე ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ განცხადება. თუ რუსები გააკეთებენ ასეთ განცხადებას, ეს სხვა საკითხია“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ საქართველო ორ სკამზე ჯდომას დიდხანს ვერ შეძლებს. კერძოდ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება უკრაინასთან მიმართებით აქტიური მხარდაჭერით არ გამოირჩევა და ის კურსი, რომელიც ერთდროულად რუსეთთან და ევროპასთან კარგ ურთიერთობას გულისხმობს, საბოლოო ჯამში, ქვეყნისთვის წამგებიანი იქნება.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში რიტორიკის დონეზე უკრაინის მხარდაჭერა შეინიშნება, მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლება ამ მხრივ ცოტა მოიკოჭლებს. ვერც იმას ვხედავთ, რა დახმარებას უწევს ხელისუფლება უკრაინელებს. ამ ფონზე კარგი იქნება, თუ თავს ავარიდებთ ისეთ რიტორიკას, როგორიც პრეზიდენტის მიმართვაში გამოსჭვიოდა.
„მარგველაშვილმა თქვა, რომ რუსეთი არ უნდა გაირიყოს. ეს გაუგებარი განცხადებაა და აბნევს საზოგადოებრივ აზრს დასავლეთში. იმ სიტუაციაში, როცა საქართველოს 20 % ოკუპირებულია, ჭკუა ასწავლო დასავლეთს და მოუწოდო, არ გარიყოს რუსეთი, დინების საწინააღმდეგო მოძრაობას ჰგავს. თანაც იმ ფონზე, როცა დასავლეთი მთლიანად ირაზმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის, რადგან მან აგრესია განახორციელა უკრაინასთან მიმართებით.
საქართველოს ახლა დასავლეთისგან კიდევ უფრო მეტი დახმარება სჭირდება. ამ დროს ასეთი უადგილო განცხადების გაკეთება არასასურველია საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის. თუ ეს იმის გამო კეთდება, რომ კოჭი გავუგოროთ რუსეთს, მაშინ ეს იაფფასიანი ტრიუკია. ჩვენ არავინ გვეკითხება, რუსეთი უნდა დაისაჯოს თუ არა. ეს რომ განაცხადოს გერმანიის კანცლერმა, კიდევ მესმის, მაგრამ, როცა ასე კონტექსტიდან ამოვარდნილად, საფრანგეთის პრეზიდენტივით საუბრობს ქვეყნის ლიდერი, ეს არასასურველია. რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, თუმცა რუსეთთან შეუძლებელია ისეთი ურთიერთობა, როგორც ევროპასთან. რუსეთი არ ცნობს ამ რანგს. ამის მაგალითი გვაქვს მოლდოვაში, უკრაინაში, სომხეთში. აქედან გამომდინარე, დღეს იქნება თუ ხვალ, არჩევანის გაკეთებას რუსეთი მაინც გვაიძულებს, ამ ეტაპზე კი მას სხვა გზა არ აქვს“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია For.ge-სთან საუბარში.
ამასთან, ექსპერტი არ ეთანხმება რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მარგველაშვილი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს, ხოლო ღარიბაშვილი-დასავლეთთან. მისთვის აშკარაა, რომ ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზეა ორიენტირებული, მაგრამ ამ ქვეყანასთან ურთიერთობის რეგულირებით ჩვენი დასავლელი მოკავშირეების დეზორგანიზაცია არ უნდა მოვახდინოთ. მით უფრო, მთელი ჩვენი აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლება იმისთვის იბრძვის, რომ ასოცირების ხელშეკრულებამდე მივაღწიოთ.