აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2013 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აგრეთვე მოცემულია საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები.
ანგარიშში პოზიტიურად აისახა ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ახალი მთავრობის მიერ აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება, საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულობა, საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა და ტერორისტული დანაშაულების კრიმინალიზაციის გაფართოება, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები და საქართველოს მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტური გამოყენება.
ამერიკის მხარე მიესალმება 2013 წლის ნოემბერში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების კრიმინალიზაციის კუთხით, აგრეთვე „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემული განმარტებების სრულყოფას და საერთაშორისო სტანდარტებთან მათ შესაბამისობაში მოყვანას.
დადებითად იქნა შეფასებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაციაზე მომუშავე სამთავრობო კომისიის საქმიანობა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების და გაეროს შესაბამისი რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებისა და ფინანსური სახსრების დაყადაღებასთან დაკავშირებით, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა უკანონო საქმიანობის პრევენციის მიზნით.
ანგარიშში ამერიკის მხარე აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს რეგიონალური და ორმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებში საქართველოს მონაწილეობას და თანამშრომლობის გაფართოებასა და გაძლიერებას ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების გაფორმების გზით. ამერიკის მხარე ასევე მიესალმა 2013 წელს საქართველოს მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციისა (ვარშავის კონვენცია) და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის ხელმოწერასა და რატიფიცირებას.