ქართველმა ცოლშვილიანმა კაცებმა მეძავ ქალს უჩივლეს

ქართველმა ცოლშვილიანმა კაცებმა მეძავ ქალს უჩივლეს

ახალგაზრდა ქალი ციხეში თაღლითობისა და ქურდობისთვის ზის. ასეთი ბრალდებით უამრავი ქალი იხდის სასჯელს, მაგრამ ამ კონკრეტული საქმის დეტალების გაცნობის შემდეგ დარწმუნდებით, რომ იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

ქუჩებში, მათ შორის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალბათ ყველას შეუმჩნევია „სამუშაოდ" გამოსული მეძავები, რომელთაც სახეზე ჩალურჯებები ეტყობათ ხოლმე. ეტყობა, ამით კლიენტი მამაკაცები  „ასაჩუქრებენ". ოლიას კი სხვაგვარი სახსოვარი ერგო. მისგან დაზარალებულმა მამაკაცებმა პოლიციაში ჩივილი გადაწყვიტეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ცოლშვილიანია, ვინაობის გამხელასაც არ მოერიდნენ. 20 წლის ოლია მათი საჩივრის საფუძველზე დააკავეს. მას 9 კლასის განათლება აქვს და ბაღდათის რაიონიდანაა. თბილისში ჩამოსული მეძავობით ირჩენდა თავს. ბოლო დროს გლდანში ცხოვრობდა.

ამ საქმიდან მკითხველი საყურადღებო გარემოებებს შეიტყობს. გაირკვა, რომ თურმე მეძავი ქალების მუშტრებს სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. ამჯერად ვენერულ დაავადებაზე არ არის საუბარი, შეიძლება გაძარცვული და მოტყუებულიც აღმოჩნდნენ.

ქალთა კოლონიაში ოლია სწორედ ამისთვის ზის. მან ერთ კლიენტს ჯიბიდან საფულე ამოაცალა, ხოლო მეორეს - ფული გამოართვა და არ „მოემსახურა". ეს კი სისხლის სამართლით თაღლითობად დაკვლიფიცირდა. როგორც წესი, საქმეები, რომლებიც ინტიმურ დეტალებს ეხება, სასამართლოში ხშირად დახურულია, თუმცა ეს ფაქტი ღია სასამართლო სხდომაზე განიხილეს. მიუხედავად ამისა, „სარკე" თავს იკავებს მომჩივან–მოპასუხეების გვარების დასახელებისაგან და მათ მხოლოდ სახელებით მოიხსენიებს.

ოლია ძალოვნებმა 2008 წლის 29 აგვისტოს პეკინის ქუჩაზე დააკავეს. მიზეზი დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციაში შესული განცხადება იყო, რომლის საფუძველზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულ ქალს თაღლითობასა და ქურდობაში დასდეს ბრალი და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ოლიამ დანაშაული დიდი ინტერვალით ჩაიდინა. ერთი კლიენტი მან 2006 წელს მოატყუა, ხოლო მეორე ფაქტი ორი წლის შემდეგ, დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2006 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ოლიამ თბილისში, რკინიგზის სადგურის პირველ სართულზე ზაზა გაიცნო. მამაკაცმა, რომელიც სამეგრელოში აპირებდა წასვლას და ბილეთიც აღებული ჰქონდა, ქალს ინტიმური კავშირი შესთავაზა. შეთანხმდნენ, რომ ზაზა 60 ლარს გადაუხდიდა ოლიას მომსახურების სანაცვლოდ. ამის შემდეგ ისინი გოგოლის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „კოლხეთში" მივიდნენ. გამოძიების მიხედვით, ოლიამ, ზაზას შეპირებული თანხის გადახდა წინასწარ მოსთხოვა. კლიენტს ჯიბეში მხოლოდ 100 ლარიანი კუპიურა ედო. მან თანხა ქალს აჩვენა. ოლიამ შესთავაზა, შენ აქ დამელოდე, ფულს აფთიაქში დავახურდავებ და დავბრუნდებიო. ზაზა დიდხანს ელოდა მას სასტუმროს შესასვლელში. ბოლოს მიხვდა, რომ მოატყუეს.

მან რაიონში წასვლა გადაიფიქრა და ვაგზლის ტერიტორიაზე ქალის ძებნა დაიწყო, ბოლოს კი პოლიციაში მივიდა და მეძავი თაღლითობაში ამხილა. თავის საჩივარში ორი შვილის მამა წერს, რომ ქალმა მისი ნდობით ისარგებლა, ასლარიანი კუპიურა აღარ დაუბრუნა და მიიმალა. მის პოვნაში პოლიციას დახმარებას სთხოვდა. დიდუბე–ჩუღურეთის პოლიციაში ფაქტზე თაღლითობის მუხლით ძებნა გამოცხადდა. ზაზა ჩვენებაში ქალის გარეგნობას აღწერდა.

- 28 სექტემბერს ხელფასი ავიღე და რაიონში წასვლას ვაპირებდი. რკინიგზის სადგურის მეორე სართულზე, სალაროში, ზუგდიდის მატარებელზე ბილეთიც ავიღე, მაგრამ ვინაიდან მატარებელი გვიან გადიოდა, გადავწყვიტე, გამევლო. იქვე, პირველ სართულზე, დაბალი, გამხდარი გოგო გავიცანი. თმები მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. მითხრა, ოლიკო მქვიაო. მას სექსი შევთავაზე. ქალმა 60 ლარი მომთხოვა. როცა შევთანხმდით, სასტუმრო „კოლხეთისკენ" წავედით. შენობაში შესვლამდე ქალმა მითხრა, ფული წინასწარ უნდა გადამიხადოო. ვინაიდან მხოლოდ ასლარიანი მქონდა ჯიბეში, სხვა გზა არ იყო, ოლიას ფული მივეცი და ვუთხარი, დაახურდავე და ხურდა უკან მომიტანე–მეთქი. ის წავიდა, მე კი სასტუმროს შესასვლელში ველოდებოდი. არ გამოჩნდა. მას ვენდე და უკან იმიტომ არ გავყევი. მერე ვეღარ ვიპოვე და ამიტომ გადავწყვიტე, პოლიციისთვის მიმემართა, - აცხადებს დაზარალებული.

საქმის მასალებიდან ისიც გაირკვა, რომ ზაზას მოწმე ჰყავდა, რომელიც თანხის გადაცემის ფაქტს ადასტურებდა. მოწმის სტატუსით, ოლიას ნაცნობი მაკა დაიკითხა. ის ამბობდა, შევესწარი, ოლიას ვიღაც კაცმა 100 ლარი რომ გადასცაო.

- ფული რომ მისცა, ოლიამ უთხრა, დამელოდე, პრეზერვატივს ვიყიდი აფთიაქში, ფულსაც დავახურდავებ და მალე მოვალო. მერე რა მოხდა, არ ვიცი, ამის შემდეგ ვაგზალზე ჩემს საქმეზე წავედი. დაახლოებით ნახევარ საათში ის კაცი შემხვდა და მკითხა, სად შეიძლებოდა ოლია ეპოვა. მისგან გავიგე, რომ მისი 100 ლარი ჰქონდა მითვისებული, - ამბობს მაკა.

სხვათა შორის, მოტყუებულ ზაზას ფარ–ხმალი არ დაუყრია და მაკას „შებმა" დაიწყო. საბოლოოდ იმ ღამეს მასთან აღმოჩნდა. საყურადღებოა ერთი გარემოებაც - ოლიას ძებნაში ზაზამ პოლიციას ვინმე ნანა დააჭერინა. თავდაპირველად ნანას ედებოდა ბრალად თაღლითობა, თუმცა მერე თავად დაზარალებულმა შეცვალა ჩვენება და თქვა, ნასვამი ვიყავი, შემეშალა, ნანა არ ყოფილა ის ქალი, ვინც ფული წამართვაო. თავად ნანა არ მალავდა, რომ მას ზაზამ სთხოვა სასტუმროში გაჰყოლოდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო უარი უთხრა. მეორე დღეს კი, რატომღაც ზაზამ სწორედ მას დაადო ხელი. „ვაგზალზე ოლიკოს ვეძებდი, გოგონა დავინახე, რომელიც მას მივამსგავსე და პოლიციელს მასზე იმიტომ ვანიშნე. მერე, როცა დავაკვირდი, ის არ იყო, შევცდი, ალბათ იმიტომ, რომ ნასვამი ვიყავი", - განმარტა დაზარალებულმა ზაზამ.

საქმე კარგა ხანს იდო გამომძიებლის თაროზე და მორიგი დანაშაული რომ არა, შესაძლოა, ოლია ციხეში არც მოხვედრილიყო. ორი წლის შემდეგ პოლიციაში მისგან დაზარალებული კიდევ ერთი მამაკაცი გამოჩნდა, რომელიც ქალს ქურდობაში ამხელდა. მსხვერპლი ამჯერადაც რაიონიდან ჩამოსული იყო.

სამი შვილის მამა ვასილი კახეთის ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობს. იგი 2008 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ვაგზლის ტერიტორიაზე შეხვდა ოლიას. თავიდან უარი მიიღო, თუმცა ბოლოს შეთანხმდნენ და ამჯერადაც სასტუმრო „კოლხეთისკენ" აიღეს გეზი, სადაც, გამოძიების მასალებით, ოლია მოემსახურა კლიენტს და წასვლისას ხელს გააყოლა მისი საფულე, რომელშიც 550 ლარი, პირადობის და ავტომანქანის მართვის მოწმობები იდო. გაქურდულმა მამაკაცმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა.

პოლიციამ ერთ კვირაში დააკავა ოლია და ბრალიც წარედგინა.

თავის ჩვენებაში ვასილი ყვება, რომ ქალის გასაცნობად და გასართობად რკინიგზის სადგურზე ტაქსით მივიდა, სადაც გოგონა გაიცნო:

- ვაგზალზე შემხვდა სუსტი, დაახლოებით მეტრი და სამოცი სანტიმეტრის სიმაღლის ქალი, ლურჯი ჯინსის კაბა და დეკოლტიანი მაისური ეცვა, წინა კბილები არ ჰქონდა და ამით შემიძლია მისი ამოცნობა. გვარი არ ვიცი. თავიდან უარი მითხრა, ნასვამი ხარო. ვუთხარი, რომ ეს პრობლემა არ იყო. ფული მქონდა, ვაჩვენე ტყავის საფულიდან თანხა, 600 ლარი. როცა ის გავიდა, სხვა ქალს ველაპარაკებოდი. ამ დროს თვითონ მობრუნდა უკან და დამთანხმდა. საათში 40 ლარი მომთხოვა. შევთანხმდით და წავედით სასტუმროში. იქ რომ მივედით, 10 ლარი ადმინისტრატორს მივეცი, ოროთახიან ნომერში შევედით, ერთ ოთახში ტანსაცმელი დავალაგე, მეორეში ჩვენ ვიყავით. ჯერ კიდევ საწოლში ვიწექით, ოლია წამოხტა და მითხრა, უნდა წავიდეო. ვუთხარი, ბარემ ერთად გავიდეთ–მეთქი. არ დამელოდა. მერე შევიდა იმ ოთახში, სადაც ჩემი ტანსაცმელი იდო, მალე გამოვიდა და წავიდა. საეჭვო ვერაფერი შევამჩნიე, მაგრამ, როცა ჩავიცვი და შარვლის ჯიბეები მოვისინჯე, აღარც საფულე მქონდა და აღარც პირადი დოკუმენტები. ვეძებდი მთელ ვაგზალზე. ვკითხე სასტუმროს ადმინისტრაციას, მაგრამ ყველამ მითხრა, არ ვიცით, საით წავიდაო. ამიტომ პოლიციას მივმართე.

ბრალდებულმა ბრალის წარდგენის შემდეგ ორივე ფაქტი აღიარა, გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა და ამ აღიარების სანაცვლოდ პატიებას ითხოვდა. „ვინანიებ და ვაღიარებ დანაშაულს, გთხოვთ, მაპატიოთ", - აცხადებდა იგი, თუმცა მომხდარს ცოტა განსხვავებულად აღწერდა.

აი, რას ამბობს ოლია თავის ჩვენებაში:

- ვაგზალზე ვიყავი, როცა 26 წლამდე ასაკის კაცი მოვიდა. მას სახეზე ადრეც ვიცნობდი, მაგრამ სახელი არ მახსოვს. 40 ლარად სექსუალური მომსახურება შემომთავაზა და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე სასტუმროში წავედით, სადაც ადმინისტრატორს 10 ლარი გადაუხადა. მე მომსახურების 40 ლარი წინასწარ მომცა. როცა ადმინისტრატორს ფულს უხდიდა, დავინახე, ტყავის საფულე დაუვარდა და არ აუღია. ალბათ იმიტომ, რომ ნასვამი იყო. ვისარგებლე ამ მომენტით, ავიღე საფულე და ჩუმად ჩავიდე მაისურში. ჩვენ ერთად გამოვედით სასტუმროდან, კართან დავცილდით. ამის შემდეგ ტაქსი გავაჩერე და წერეთლის მეტროსკენ წავედი. საფულეში 542 ლარი იდო, რომელიც ამოვიღე, ხოლო ტყავის ცარიელი საფულე ტაქსის ფანჯრიდან გადავაგდე. მისი საბუთები არ მინახავს. რაც შეეხება 542 ლარს, ის სათამაშო კლუბში დავხარჯე.

ოლიას ადვოკატი ბეროშვილი იცავდა, რომელიც პროკურატურას ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთხოვდა. სწორედ ამის შემდეგ ამოტივტივდა მეორე ეპიზოდი, ანუ ზაზას ფაქტი, რომელიც ოლიას დიდი ხნით ადრე ჰქონდა ჩადენილი. გამოძიებას ახალგაზრდა ქალმა ამ ფაქტის ირგვლივაც დეტალური ჩვენება მისცა. ასე გაიხსნა თაროზე შემოდებული თაღლითობის საქმე. დაკავებულმა აღიარა, რომ კლიენტმა მას 100 ლარი მისცა, რომელიც აფთიაქში უნდა დაეხურდავებინა, მაგრამ ფული აღარ დაუბრუნა. ვინაიდან ოლია დანაშაულს გულწრფელად აღიარებდა და ინანიებდა, ადვოკატმა საპროცესო შეთანხმება ითხოვა.

პროკურატურამ გაითვალისწინა მეძავის გულწრფელი აღიარება და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ ბრალდებულის საქმეზე განაჩენი საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოეტანათ. სასჯელზეც შეთანხმდნენ, ოლიას 1 წელი - თაღლითობისთვის, ხოლო 3 წელი ქურდობისთვის მიუსაჯეს. არადა წაყენებული ბრალდება საკმაოდ მძიმე იყო - 10 წლამდე პატიმრობა ელოდა. საპროცესო შეთანხმების წყალობით, ოლიას ციხეში 4 წლის გატარება მოუწევს.