ჭყოიძის ევრაზიული არჩევანი და სტუმრები სახელმწიფო სათათბიროდან

ჭყოიძის ევრაზიული არჩევანი და სტუმრები სახელმწიფო სათათბიროდან

თბილისში სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ჩამოდიან. კოალიცია „ევრაზიული არჩევანის“ ხელმძღვანელის, არჩილ ჭყოიძის მოწვეული სტუმრები მაისის ბოლოს უნდა ჩამოვიდნენ. სათათბიროს დეპუტატები გორში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდებიან. რუსეთის დუმის დელეგაცია დაახლოებით 6 კაცის შემადგენლობით ჩამოდის. სტუმრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: „ედინაია როსია“, „ლიბერალ-დემოკრატიული“ პარტია და რუსეთის „კომუნისტური პარტია“. ხოლო სამნი დუმის აპარატის თანამშრომლები იქნებიან. არჩილ ჭყოიძე ამბობს, რომ მისი სტუმრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით არიან დაინტერესებულნი.

რატომ ითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას და ვინ არის მისი მთავარი დამფინანსებელი? ამ საკითხებზე for.ge არჩილ ჭყოიძეს ესაუბრა.

რამდენადაც ვიცი, თქვენი ორგანიზებულია რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლა. რა მიზნით მოიწვეთ ისინი საქართველოში?

არჩილ ჭყოიძე: რუსეთის დუმის ოფიციალური მიწვევით ვიმყოფებოდი პეტერბურგში და მოსკოვში, სადაც მიმიწვია დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ. პეტერბურგში გაიმართა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმი, შემდეგ შეხვედრა მქონდა დუმაში, შევძელი რამდენიმე დეპუტატი დამერწმუნებინა ჩამოსულიყვნენ საქართველოში, გაცნობოდნენ რეალურ სიტუაციას, შეგვეხვედრებინა მოსახლეობასთან რეგიონში და მათ შორის ყველაზე მტკივნეულ რეგიონში, იქ სადაც დღესაც იბმევა მავთულხლართები. შეხვედრები გვინდა მოვაწყოთ კახეთში და აჭარაში.

ასევე, ჩვენ გავმართავთ თბილისში მრგვალ მაგიდას თემაზე - რა სარგებლობას მისცემს საქართველოს ევრაზულ კავშირში და საბაჟო კავშირში გაწევრიანება. ამ დღეებში მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, რომ გამოყოს ჯგუფი, რათა მოხდეს სამაჩაბლოს და აფხაზეთის პრობლემების განხილვა. ერთი შეხვედრით ეს საკითხი არ გადაწყდება და ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოს დელეგაციაც გაემგზავრება რუსეთში. დიალოგს და საუბარს ალტერნატივა არა აქვს. ვფიქრობ, რომ სამაჩაბლოს და აფხაზეთის საკითხი უნდა გადაწყდეს რუსეთთან მოლაპარაკების გზით და აუცილებლად დიალოგით.

მორალურად გამართლებულად მიგაჩნიათ იმ რუსი დეპუტატის შეხვედრა კონფლიქტისპირა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობასთან, რომლებიც 2008 წელს გახდნენ რუსული აგრესიის მსხვერპლნი? ამ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის ოკუპაციას და კონფლიქტური რეგინოების დამოუკიდებელ სუბიექტად აღიარებას...

- 2008 წლის ტრაგიკულ მოვლენებში ყველაზე დიდი დამნაშავე იყო საქართველოს ხელისუფალი. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავისი ხალხის წინააღმდეგ დაიწყო აგრესია, დაბომბა ცხინვალი. ხშირად, როდესაც საუბრობენ იმაზე, ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა, ამაზე ძალიან ბევრი დასკვნა არსებობს. ომი საქართველოს ნადვილად არ დაუწყია, ომი დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა, ის არის პასუხისმგებელი იმ სისხლისღვრაზე, რომელიც მოხდა 2008 წელს.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, რუსეთმა დაუშვა დიდი შეცდომა მაშინ, როდესაც აღიარა აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებლად. ვფიქრობ, ეს შეცდომა უნდა გამოსწორდეს. ზუსტად ამისათვის არის საჭირო პირდაპირი დიალოგი რუსეთთან და პუტინთან, რომ ჩვენ შევძლოთ იმ მავთულხლართების აღება და ამის შემდეგ შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება და ჩვენი სუვერენიტეტის აღდგენა, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ჩვენ ვხედავთ შეშფოთებულ დასავლეთს, რომელიც, რეალურად, საქმეს ვერსად ვერ აკეთებს. მეტიც, 20 წელია ჩვენ ვითომდა მივილტვით ნატოსკენ, ევროკავშირისკენ და აგერ სულ რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა განგვიცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ვერ შევა ნატოში.

თქვენ ამბობთ, რომ 2008 წლის მოვლენებზე პასუხისმგებელია სააკაშვილი. რუსეთის ხელისუფლების პირველი პირები, ის დეპუტატები, რომელიც მოიწვეთ საქართველოში, პასუხისმგებელნი არ არიან აგვისტოს მოვლენებზე, იმ აგრესიაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე?

- არავინ ამბობს, რომ მარტო საქრთველომ დაუშვა შეცდომა და რუსეთის მხიდან არ იქნა შეცდომა დაშვებული. შეცდომები ორივი მხრიდან არის დაშვებული, მაგრამ მთავარია ის, რომ ამ შეცდომებს ორივე მხრიდან სჭირდება გამოსწორება. თუ ჩვენ არ ველაპარაკეთ რუსეთს, იმ მავთულხლართებს ამერიკელები და ევროპელები ვერ აიღებენ იქიდან და არა თუ ვერ აიღებენ, არამედ იმის გარანტიასაც ვერ მოგცემენ, რომ ხვალ ეს მავთულხლართები ჯერ გორისკენ და მერე თბილისისკენ არ გადმოიწევს. ამიტომ არის დიალოგი საჭირო, რომ არ გავებათ კიდევ რამე ავანტურაში. რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე არ მოგვარდება ეს პრობლემა. დასავლეთი ვერანაირ ბერკეტს ვერ ფლობს რუსეთის წინააღმდეგ და ეს კარაგად ჩანს უკრაინის შემთხვევაში.

როგორც ცნობილია, თქვენ გამოდიხართ რეფერენდუმის ინიციატივით. ქვეყანა რომელიც 20 ივნისს ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას, ქვეყანა, რომელიც ემზადება სექტემბერში უელსის სამიტისთვის, სადაც საქართველო მიიღებს გაწვრიანების სამოქმედო გეგმას - მაპს, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევოკავშირში და ნატოში გაწვერიანებას, არ თვლით, რომ თქვენს ინიციატივას პრესპექტივა არ გააჩნია?

- ჩატარდეს თავისუფალი რეფერენდუმი და არა ისეთი, როგორიც ჩატარდა 2008 წლის 5 იანვარს პლებისციტზე. მაშინ საქართველოში მძვინვარებდა ფაშისტური რეჟიმი, ხალხს აუპატიურებდნენ, კლავდნენ, ქონებას ართმევდნენ და აი მაშინაც კი, საქართველოს მოსახლეობის 74%-მა ხმა მისცა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას, ხოლო 25 პროცენტი იყო წინააღმდეგი. 25 პროცენტს თუ დავამატებთ იმ გაყალბებულ 30 პროცენტს, რომელიც სააკაშვილმა გააყალბა, გამოდის, რომ 55 პროცენტი იყო წინააღმდეგი.

2008 წელსაც კი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს არ უჭერდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. პლებისციტში მონაწილეობა უნდა მიიღოს მთელმა მოსახლეობამ. იმ პლებისციტში მონაწილება არ მიუღიათ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. როდესაც ამბობთ, რომ ევროკავშირის მომხრეები არიანო, რეგიონებში გასულხართ, გინახავთ რეგიონის მოსახლეობა ვის უჭერს მხარს?

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სწორედაც, რომ ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერია...

- ნახეთ NDI-ს კვლევა და დაინახავთ ვის უჭერს მოსახლეობა მხარს. რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, რეალურად ხომ გამოჩნდება საზოგადეობა უჭერს თუ არა მხარს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწვერიანებას, ამითი, ხომ მორჩება ამაზე საუბარი?! მაგრამ, ვერც ახალი ხელისუფლება ვერ რისკავს ამაზე საუბარს, ვინაიდან მათაც ძალიან ბევრი პატრონი ჰყავთ დასავლეთში და მათ დირექტივას ასრულებენ. რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, დავინახავთ, რომ საზოგადოებაში სულ სხვა აზრია. დაიღალა საზოგადეობა დასავლეთის სიცრუით, რომლითაც 20 წელია კვებავს საქართველოს. არადა, ამ 20 წლის მანძილზე დასავლეთის გამო საქართველო ჩამოიშალა, როგორც ეკონომიურად, ასევე პოლიტიკურად. ასე თუ გაგრძელდა შეიძლება საერთოდ პოლიტიკური რუკიდან ამოშლაც კი დაემუქროს ჩვენს ქვეყანას.

რომ არა დასავლეთის მხარადაჭერა, რუსული აგრესია ქვეყანას გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა. თქვენ თვლით, რომ ქვეყნის ხსნა ეს არის ევრაზიული კავშირი?

- დიახ. მეტსაც გეტყვით, დადგება შემოდგომა და ნახავთ, რომ საქართველო მაპს ვერ მიიღებს. ასევე საქართველო ვერ შევა ნატოში. იმ ასოცირების ხელშეკრულებაზე 60 წელია ხელი მოწერილი აქვს თურქეთს, მაგრამ ევროკავშირის წევრი ვერ გახდა. ეს არაფრის მომცემი არაა ჩვენი ქვეყნისთვის.

თურქეთისგან გასხვავებით, ევროკავშირის კონსტიტუციის 49- მუხლი გამოყენებადია საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის და მოლდოვასთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის დახურული კი არ არის, არამედ ღიაა. რატომ გგონიათ, რომ საქართველო ვერ მიიღებს მაპს? დასავლელი პარტნიორები უკვე ღიად საუბრობენ, რომ ქვეყანა მიიღებს გაწვერიანების სამოქმედო გეგმას...

- არ ვიცი თქვენ რომელ დასავლელ პარტნიორზე საუბრობთ, მე ვსაუბრობ ამერიკის პრეზიდენტზე. მასზე უფრო წონოსანი თუ არის რომელიმე დასავლელი პარტნიორი, მაშინ დამისახელეთ.

აშშ-ის პრეზიდენტს არ უთქვას, რომ საქართველო და უკრანინა ვერ გახდება ნატოს წევრი. თქვენ მისი სიტყვების არასწორ ციტირებას ახდენთ. მისი სიტყვებია - „ჯერჯერობით საქართველო და უკრაინა ნატოს წევრობისაკენ მიმავალ გზაზე არ დგანან“. დამეთანხმეთ, რომვერ გახდება“ დაჯერჯერობით არ დგანან“ შორის განსხვავება არსებობს. მოდით, თქვენს გეგმებზე ვისაუბროთ...

- ჩვენ ვგეგმავთ, რომ საქართველოს მოსახლეობას ავუხსნათ ევრაზიული კავშირის დადებითი ასპექტები. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს აქვს შანსი მშვიდობიანი გზით დაიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო. ასევე მოხდება ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. ემბარგოს მოხსნის შემდეგ საქართველომ გაყიდა 25 მილონზე მეტი ბოთლი ღვინო. არადა ექვსი წლის მანძილზე მთელს ევროპაში მისი ნახევარი ვერ გაყიდა. სამჯერ გაიზარდა ყურძნის ფასი. თუ ამერიკელებს და ევროპელებს საქართველოს დახმარება უნდოდათ, მათ შეეძლოთ საქართველოს სოფლის მეურეობის პროდუქტების შეძენა, საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის დახმარება და არა ლგბტ-ს და იმ ორგანიზაციების დახმარება, რომლებიც საქართველოს ეკლესიას და ტრადიციას ებრძვიან. თუ ჩვენი ქვეყნის სიკეთე უნდოდათ, ქართველი ხალხის გვერდით უნდა დამდგარიყვენ და არა იმ არასამთავრობოების გვერდით, რომლებიც ქართულ სახელმწიფოებრიობას ებრძვიან.

და თქვენ ვის გვერდით დგახართ? ერთ-ერთი ეს არის ალექსანდე დუგინი, რომელიც ცნობილია თავისი ანტიქართული განცხადებებით...

- ალექსანდე დუგინი არის პროფესორი და არის ჩემი მეგობარი. მას არანაირი სერიოზული გავლენა არ აქვს კრემლში. პუტინს საერთოდ არ იცობს. ძალიან ხშირად საქართველოში დუგინის ინტერვიუები დამახინჯებით იბეჭდება. თუ თქვენ გაქვთ სურვილი, შემიძლია დაგეხმაროთ, რომ მასთან აიღოთ ინტერვიუ, თუ მას არ დაამახინჯებთ და გააცნოთ საზოგადოებას რას ფიქრობს საქართველოზე. არა ისე, როგორც ამას „რუსთავი 2“ და ზოგიერთი გამოცემები აკთებდნენ - შავზე თეთრს წერდნენ.

მისი ინტერვიუები წაკითხული გვაქვს რუსულ მედიაშიც. არ მგონია, რომ რუსული მედიაც დამახინჯებულად გადოსცემდეს მის მოსაზრებებს...

- დუგინი არის ერთ-ერთი პიროვნება, რომელთანაც მაქვს მეგობრული ურთიერთობა. დუგინის გარდა ძალიან ბევრ ადამიანთან ვმეგობრობ და ვთანამშრომლობ რუსეთში.

თანამშრომლობას რაც შეეხება, თქვენს ორგანიზაციას და პირადად თქვენ საქართველოში მოგიხსენიებენმეხუთე კოლონის“ წარმომადგენლად. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომლის ხელითაც რუსეთს სურს საქართველოში ვითარების არევა და ვისი ენითაც ესაუბრება რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას?

- მეხუთე კოლონით გაძეძგილია საქართველო. ეს არის პენტაგონიდან მართული პოზიციის და ოპოზიციის დიდი ნაწილი. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ერთმანეთისთვის წაეკიდებინათ ორი მოძმე მართლმადიდებლური ერი. მე თუ წარმოვადგენ „მეხუთე კოლონას“, როცა იძახიან, რომ კოლოსალური თანხებით ვფინანსდები, გაგიათ, კოლოსალური თანხებით ფინანსდებოდეს ადამიანი და ოფისი საკუთარ სახლში ჰქონდეს? საკუთარ სახლში ვიღებ აქტივისტებს, სტუმრებს და გვეგმავთ ღონისძიებებს.

თუ კი არ გაფინანსებენ, მაშინ რა ფინანსებით ატარებთ ამ ღონისძიებას?

- გეტყვით, 2009-2011 წლებში „ერეკლე მეორის საზოგადოების“ რამდენიმე პროექტს აფინანსებდა პეტერბურგელი ბიზნესმენი ალექსანდრე ებრალიძე. ამჯერად ეს პროექტი უფინანსობის გამო შეჩერებულია. „კოალიცია ევრაზიული არჩევანი“ კი ჯერჯერობით, არავის არ დაუფინასებია და თუ რამე დაფინანსება გააჩნია „ევრაზიულ არჩევანს“, ან თუ რაიმე ღონისძიება ტარდება, ეს ხდება შემოწირულობებით.

ვინ არიან თქვენი შემომწირველები?

- ჩვენი კოალიციის წევრები. 3 ათასზე მეტი ადამიანია ჩვენს კოალიციაში. ესენი წირავენ 1, 2 ან 3 ლარს. თუ თქვენ დააკვირდებით ჩვენს ღონისძიებას, ეს არის ტელეხიდები და აქციები. ამაში დიდი თანხა არ იხარჯება.

მიხეილ ხუბუტიასთან რა გაკავშირებთ? არის ინფორმაცია, რომ ხუბუტიასგან ფინანსდებით...

- არა. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ დაგვაფინანსებს ხუბუტია, გნებავთ დუგინი, ან პუტინი, მაშინვე ამ თემას საჯაროს გავხდი. ნამდვილად არაფრის არ მრცხვენია. ბატონი მიხეილი არის ქართველთა კავშირის თავმჯდომარე რუსეთში. მას აქვს საშუალება, რომ გავიდეს პუტინზე და ის გულისტკივილი, რომელიც გააჩნია ქართველ ხალხს, პუტინამდე მიიტანოს.

ისევე როგორც თქვენი, ხუბუტიას არჩევანიცევრაზიული კავშირია. ხომ არ გეგმავთ მოსახლეობაში გამოკითხვის ჩატარებას, როგორია ქართველების არჩევანი?

- ახლა დავიწყებთ რეგიონებში გამოკითხვას. ჩვენ გვაქვს რეალური სურათი რამდენ პროცენტს უნდა საქართველოში რუსეთთან ურთიერთობა, მაგრამ დაზუსტებული ციფრები ერთ თვეში, თვენახევარში გვეცოდინება. დანარჩენი, საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული, ჩაატარებს თუ არა რეფერენდუმს.

ვინ დააფინანსებს ამ კვლევას, შემოწირულობით გეგმავთ? კველევა დიდი თანხებთანაა დაკავშირებული...

- დიდ ფინანსებთან არ არის დაკავშირებული. 3 ათასზე მეტი ადამიანია ჩვენთან გაწევრიანებული, რომლებსაც შეუძლიათ ენთუზიაზმზე იმუშავონ თავიანთი ქვეყნისთვის.