პროფკავშირების მიერ გაყიდული მძღოლები

პროფკავშირების მიერ გაყიდული მძღოლები

 

[როზი ჯღამაია]

 

სამარშრუტო ტაქსების თემა, ყველა ხელისუფლების პირობებში, 3 წლიანი ციკლით მეორდებოდა და ქუჩაში გამოსული მძღოლების პროტესტით სრულდებოდა. ტრანსპორტის ეს დარგი, რომელიც 1990–ანი წლების დასწაყისში, თავად მძღოლების ინიციატივით შეიქმნა და ქაოტურად ვითარდებოდა, მალევე მიიპყრო ხელისუფლების ყურადღება და პირველი პრობლემა მძღოლებსა და თბილისის მთავრობას შორის მაშინ გაჩნდა.

 

პრობლემა ის იყო, რომ სამარშრუტო სქემას თავად მძღოლები ადგენდნენ, მანქანების ტექნიკურ გამართულობას არავინ დაგიდევდათ და რაც მთავარია, ბიუჯეტში პრაქტიკულად არაფერი შედიოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ მძღოლები თანხას არ იხდიდნენ – სად მიდიოდა ფული ეს იყო ყველაზე საინტერესო.

 

ასე იყო თუ ისე, თბილისის მაშინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა მეტ–ნაკლებად ორგანიზებული გაეხადა სამარშრუტო ტაქსების ბიზნესი. ყოველ შემთხვევაში, ხმამაღლა ასე ლაპარაკობდნენ, თუმცა რეალობამ აჩვენა, რომ დღევანდელი ხელისუფლებისმაგვარად, მაშინდელი ხელისუფლებაც მაშინდელი ერთ–ერთი მომგებიანი ბიზნესის გაკონტროლებას ცდილობდა და მოახერხა კიდეც.

ერთი სიტყვით, ხელისუფლების მაშინდელ ინიციატივას ბუნებრივად მოჰყვა მძღოლების პროტესტი, რადგან პირველ რიგში, მათ ე.წ. ხაზების დაკარგვის საფრთხე შეექმნათ.

 

რამდენიმედღიანი საპროტსტო აქციების შემდეგ, ცოტა მძღოლებმა დათმეს, ცოტა ხელისუფლებამ და ვითარება დასტაბილურდა. მაგრამ მიზეზი, რისთვისაც ასე შორიდან დავიწყეთ ამბის თხრობა ისაა, რომ მაშინ, ლავრენტი ალანია, რომელიც დღეს მძღოლების პროფკავშირების თავმჯდომარეა და თითქოს, მძღოლების ინტერესებს იცავს, მაშინ, მძღოლების საპროტესტო აქციის ერთ–ერთი აქტივისტი იყო. მძღოლების პროტესტს კი სათავეში ედგა ე.წ. „ოქროპირა“, ნიკო (გვარი ვერ გავიხსენე, „ოქროპირა“ ოქროს კბილების გამო შეაქრქვეს მძღოლებმა), რომელიც ასევე, N6 სამარშრუტო ხაზზე რიგითი მძღოლი იყო.

 

მაშინ მძღოლებმა იმდენად ძლიერი საპროტესტო მუხტი ააგორეს, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახური და თბილისის მერია იძულებული გახდა მოლაპარაკებები „ოქროპირასთან“ და რამდენიმე მძღოლთან ეწარმოებინა. რიგითი მძღოლებისთვის ვერ გეტყვით რადენად ნაყოფიერი აღმოჩნდა მოლაპარაკებები, მაგრამ ლავრენტი ალანიასთვის და „ოქროპირასთვის“ ნამდვილად წარმატებული აღმოჩნდა გაფიცვების მაშინდელი ტალღა.

 

მათი და კიდევ რამდენიმე მძღოლის დახმარებით, მძღოლების პროტესტი შეწყდა, რის შემდეგ, „ოქროპირა“ და ალანია ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან საკმაოდ დაახლოვდნენ (როგორც ჩანს, ეს მეგობრობა ახალ ხელმძღვანელობასთანაც გაგრძელდა), სამარშრუტო ხაზებიც „გაინაღდეს“ და მძღოლობიდან პროფკავშირების წარმომადგენლამდე დაწინაურდნენ. პროფკავშირების მაშინდელი თავმჯდომარის, ზაზა ჩხიკვიშვილის ამ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, თავმჯდომარის ადგილზე ალანია მოვიდა.

 

დღეს კი, „ოქროპირა“ და ალანია, იმის ნაცვლად, რომ მძღოლების ინტერესებს იცავდნენ, ბარიკადების მეორე მხარეს აღმოჩდნენ. როგორც ამ დღეებში ქართული მედია წერდა „ოქროპირა“ ჩუმად აბეზღებდა აქციებში მონაწილე მძღოლებს, რასაც რამდენიმე მძღოლის დაკავება მოჰყვა, ხოლო ალანიამ უფრო შეფარვითი გზა აირჩია.

რამდენიმე დღის წინ, ლავრენტი ალანიამ გაზეთ „ვერსიას“ ინტერვიუ მისცა, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატებს საყვედურობდა და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ–ერთ ლიდერს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ზურაბ აბაშიძეს ბრალს სდებდა, რომ კომისიის სხდომაზე მხარი დაუჭირა ტენდერში გამარჯვებულ ფირმებს.

 

ჩვენი პოზიცია ასეთია ჯერ დაიდება დოკუმენტი და მერე მოხდება რეაგირება. ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი მიეცა და ამაში პროფკავშირები არ ჩავებმევით. ეთქვა ოპოზიციას შედეგებზე უარი და დაეტოვებინა კომისია. ერთია, რომ არ დატოვა და, როგორც ვიცი, აბაშიძემ მხარი ტენდერის საბოლოო ვარიანტსაც დაუჭირა

კი, მომხრე წავიდოდა თუ წინააღმდეგი, მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი ისაა, რომ სხდომის შეკრებაზე იყო თანხმობა მიცემული. სანამ გამარჯვებული კომპანიები ნებართვას აიღებდნენ და ხელშეკრულებას დადებდნენ, ხელი მანამდე უნდა შეეშალათ,

ახლა რა აზრი აქვს?“, – ამბობს ალანია.

 

რაც შეეხება ხსდომას, ჩვენ შემოგთავაზებთ სხდომის ოქმის სტენოგრამას, რომელიც საწინააღმდეგოზე მეტყველებს – სწორედ ალანიამ დაუჭირა სხდომაზე მხარი გამარჯვებულ კომპანიებს და წინააღმდეგები მხოლოდ, ზურაბ აბაშიძე და ჯაბა სამუშია წავიდნენ.

 

რატომ აკეთებს ალანია ერთს და ამბობს მეორეს, ვფიქრობთ ადვილი მისახვედრია, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცით, მის ორგანიზაციას გამარჯვებულ კომპანიებიდან 30 ათასი ლარი გადაურიცხეს. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ინფორმაცია სარწმუნოა და შეეცდება მამტკიცებელი დოკუმენტებიც მოგვაწოდოს.

ვერ დავიჩემებთ, რომ ყველაფერი ისეა, როგორც წყარო ამბობს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ალანია იტყუება და თუ რატომ, ეს თავად მკითხველმა განსაჯოს.

 

ახლა კი, დაპირებისამებრ გთავაზობთ ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის კომისიის სხდომის ოქმს.

 

სხდომის ოქმი N3

31 იანვარი 2011 წელი                                                                                                   . თბილისი

 

კომისიის სხდომა დაიწყო 17:10 საათზე.

სხდომას ესწრებოდნენ: კომისიის თავმჯდომარე დავით ალავიძე; კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აკაკი ჯოხაძე.

კომისიის წევრები: ზურაბ აბაშიძე; ირაკლი აბესაძე; ლავრენტი ალანია; ზვიად არჩუაძე ლია გუგუშვილი; იოსებ ეგუტია; კონსტანტინე იონათამიშვილი; პეტრე მეტრეველი ბექა ნინიკური; ჯაბა სამუშია; ხვიჩა სანაია; თამაზ შოშიაშვილი; გიორგი ჩაჩანიძე.

კომისიის სხდომის მდივანი ვასილ აბულაძე.

 

კომისიის სხდომა გახსნა კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ. მისი თქმით, სხდომის მიზანია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში გამარჯვებულების გამოვლენა, ასევე კომისიის წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ნებართვის მაძიებელი კომპანიების წარმომადგენლების სათითაოდ სხდომაზე დასწრება, მათთვის პოზიციების დაფიქსირების საშუალების მიცემა და კომისიის წევრებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა, რის შემდეგაც კომისიის წევრი ზვიად არჩუაძე თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N31.02.1434 დადგენილებით დამტკიცებული ფორმულის შესაბამისად უზრუნველყოფს ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით საბოლოო ქულათა ჯამის დაანგარიშების პრეზენტაციას.

 

კომისიის თავმჯდომარის დავით ალავიძის თანხმობით სხდომაზე შემოდის შპს „ვაკე-საბურთალო 2011“-ის დირექტორი ნუგზარ შამუგია, რომელმაც განმარტა, რომ მას არანაირი პრეტენზია არ აქვს მერიასთან. იგი სანამ კონკურსში მიიღებდა მონაწილეობას შეხვდა ვაკე-საბურთალოს ხაზის მძღოლებს და გააცნო მათ დებულება, 700 მანქანა, 32 ხაზი მზად არის ითანამშრომლოს მასთან გამარჯვების შემთხვევაში მის მიერ წარმოდგენილი პირობებით. ნუგზარ შამუგიამ ასევე განაცხადა, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მზად არის სრულად შეასრულოს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები.

 

კომისიის წევრმა ლავრენტი ალანიამ შპს „ვაკე-საბურთალო 2011“-ის დირექტორს დაუსვა შეკითხვა: არის თუ არა თანახმა გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიულ კავშირთან გააფორმოს მემორანდუმი, რომელშიც გათვალისწინებულია ნებართვის გაცემამდე მომსახურების განმახორციელებელი მძღოლების ინტერესების დაცვა.

ნუგზარ შამუგიამ განმარტა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან.

 

დავით ალავიძის თანხმობით სხდომაზე შემოდის შპს „ძველი თბილისი“-ს დირექტორი ლერი ჩიტიშვილი, რომელმაც განმარტა, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მზად არის პირნათლად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ანუ დღეს მოძრავ ძველ მიკროავტობუსებს ჩაანაცვლებს მის მიერ დოკუმენტაციის შესაბამისად შემოთავაზებული მიკროავტობუსებით. ამასთან, მან კომისიის წევრებს სთხოვა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ დღეს მოძრავი მიკროავტობუსების მეპატრონეების მდგომარეობა, რომელთაც ბანკიდან გამოტანილი სესხებით შეძენილი აქვთ „მერსედესის“ მარკის მანქანები და დღემდე არ დაუფარავთ აღნიშნული ვალი.

 

დავით ალავიძის თანხმობით სხდომაზე შემოდის შპს „გლდანი-ნაძალადევი“-ს დირექტორი ნიკოლოზ ბეზარაშვილი და განმარტა, რომ იგი დიდი ხანია მუშაობს ტრანსპორტის სფეროში და მთელი ამ ხნის მანძილზე არ ჰქონია დავალიანება ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტების მიმართ - მოსაკრებლისა და საგადასახადო თანხებს ყოველთვის იხდის დროულად და მას დღეის მდგომარეობით უფიქსირდება ზედმეტად გადახდილი თანხა. ასევე აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანა განსაცდელის წინაშე იდგა როგორც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ისე 2008 წლის ცხინვალის მოვლენების დროს, იგი თავად და  მის გვერდით მგდომი პიროვნებები ყოველთვის მხარში ედგნენ და უანგაროდ ემსახურებოდნენ სამშობლოს. ნიკოლოზ ბეზარაშვილმა კომისიის წევრებს სთხოვა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ სამშობლოს წინაშე ამ ხალხის დამსახურება, რომლებსაც ბანკიდან გამოტანილი სესხებით აქვთ შეძენილი მანქანები და დღემდე არ აქვთ დაფარული აღნიშნული ვალი.

 

დავით ალავიძის თანხმობით სხდომაზე შემოდის შპს „თბილ ლაინი“-ს წარმომადგენელი დავით ასანიძე, რომელსაც  კომისიის თავმჯდომარემ მიმართა შემდეგი კითხვებით: რა რესურსებით აპირებს შპს „თბილ ლაინი“ მის მიერ წარმოდგენილი წინადადების შესრულებას და რა კავშირი აქვს შპს „თბილ ლაინს“ „კაპიტალ გრუპთან“, „თბილ ქართან“ და „ფაბლიქ ქართან“.

 

დავით ასანიძემ განმარტა, რომ კონკურსის გამოცხადების შემდეგ აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ერთ-ერთ ბანკთან და მიღწეულია შეთანხმება, რომ „თბილ ლაინი“-ს მიერ ნებართვის მიღების შემთხვევაში კონკურსზე წარმოდგენილი პროექტი განხორციელდება ბანკის თანადაფინანსებით. რაც შეეხება კომისიის თავმჯდომარის მეორე შეკითხვას, დავით ასანიძემ აღნიშნა, რომ კონკურსის გამოცხადების შემდეგ შპს „თბილ ლაინი“-ს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა შემოეყვანა „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსები და მიმართა „ფორდის“ ოფიციალურ წარმომადგენელს „ჯი-თი მოტორსს“, სადაც განუმარტეს, რომ ანალოგიურ საკითხზე მათ მიმართეს სხვა დაინტერესებულმა კომპანიებმა და თუ ყველა დაინტერესებული კომპანია ერთად შეუკვეთავდა დიდი რაოდენობით მიკროავტობუსებს, კომპანია „ფორდი“ მათ შესთავაზებდა ექსკლუზიურ და ყველასათვის ხელსაყრელ ფასს, რის შემდეგაც „თბილ ლაინმა“, „კაპიტალ გრუპმა“, „თბილ ქარმა“ და „ფაბლიქ ქარმა“ ერთმანეთთან გააფორმეს მემორანდუმი და შეთანხმდნენ ხელშეკრულების გაფორმებაზე კომპანია „ფორდთან“ ერთნაირი პირობებით.

 

ლავრენტი ალანიამ დასვა კითხვები: შპს „თბილ ლაინი“-ს გამარჯვების შემთხვევაში დასაქმდებიან თუ არა დღეს მომუშავე მძღოლები და არის თუ არა თანახმა კომპანია საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიულ კავშირთან გააფორმოს მემორანდუმი, რომელშიც გათვალისწინებულია ნებართვის გაცემამდე მომსახურების განმახორციელებელი მძღოლების ინტერესების დაცვა.

 

დავით ასანიძემ განმარტა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მათი პროექტის მიხედვით ამჟამად მომუშავე მძღოლების გარდა კიდევ არაერთი მძღოლი დასაქმდება და ასევე კომპანია თანახმაა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიულ კავშირთან გააფორმოს მემორანდუმი.

 

მან აქვე აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი ეხება შპს „კაპიტალ გრუპსაც“, შპს „თბილ ქარსაც“ და შპს „ფაბლიქ ქარსაც“, ამიტომ მისი თანხმობით სხდომაზე შემოდიან ამ კომპანიების წარმომადგენლები.

 

ჯაბა სამუშიამ კითხვით მიმართა დავით ასანიძეს: „თბილ ლაინს“ საწესდო კაპიტალი მითითებული აქვს 100 ლარის ოდენობით, კომპანია კონკურსში მონაწილეობას იღებს ორ ლოტზე, რაც თანხობრივად არის 40 მილიონი. მას აინტერესებს ფლობს თუ არა კომპანია რეალურად ამ რაოდენობის კაპიტალს და შეუძლია თუ არა იმ თანხების წარმოდგენა, რაზეც წარმომადგენელი საუბრობს.

 

დავით ასანიძემ აღნიშნა, რომ თანადაფინანსებით რაც სჭირდება 40 მილიონს, ამ თანხას „თბილ ლაინი“ რეალურად ფლობს და თუ ვინმე დაინტერესდება, კომპანიას შეუძლია აღნიშნული თანხის არსებობის დადასტურება.

 

ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ მას ეჭვი ეპარება კომპანიამ შეძლოს 40 მილიონის 30%-ის წარმოდგენა.

 

დავით ასანიძემ განმარტა, რომ თუ კომპანია არ შეასრულებს ან დაარღვევს სანებართვო პირობებს, იგი დაკარგავს საკონკურსო პირობების შესრულებისთვის წარმოდგენილ საბანკო გარანტიას.

 

აკაკი ჯოხაძემ კითხვით მიმართა დავით ასანიძეს დოკუმენტაციის შესაბამისად წარმოსადგენი მიკროავტობუსების ჩამოყვანა საიდან განხორციელდება, დღეის მდგომარეობით გამოშვებულია თუ არა მიკროავტობუსები და მოესწრება თუ არა მათი ჩამოყვანა ვადებში.

 

დავით ასანიძემ განმარტა, რომ ავტობუსების გამოშვება ხორციელდება თურქეთში, კომპანია „ოტოსან ფორდში“. ვინაიდან ჯერჯერობით გაურკვეველია ვინ გაიმარჯვებს კონკურსში, ავტობუსები შეკვეთილი არ აქვთ, მაგრამ კომპანია „ფორდს“ შეუძლია ერთ თვეში დაამზადოს 5000 ავტობუსი. რაც შეეხება ავტობუსების ჩამოყვანის გრაფიკს, „თბილ ლაინი“-ს გამარჯვების შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულება შესრულდება.

 

ჯაბა სამუშიამ კითხვით მიმართა „თბილ ლაინი“-ს წარმომადგენელს „თბილ ლაინს“, „კაპიტალ გრუპს“, „თბილ ქარს“ და „ფაბლიქ ქარს“ აქვთ თუ არა რაიმე სახის შეთანხმება დღეს მოქმედ კომპანიებთან.

 

დავით ასანიძემ განმარტა, რომ თუ ისინი გამოცხადდებიან გამარჯვებულებად, წარმოდგენილი გრაფიკის შესაბამისად ახალი ავტობუსების შემოყვანამდე მგზავრთა გადაყვანა განხორციელდება დღეს მოქმედი ავტობუსებით და მომსახურების ერთობლივად განხორციელებაზე შეთანხება მიღწეული აქვთ ნებართვის ამჟამინდელ მფლობელ კომპანიათა 90%-თან.

 

ჯაბა სამუშიამ კითხვით მიმართა დავით ასანიძეს თუ რომელ კომპანიებთან აქვთ შეთანხმება.

 

დავით ასანიძემ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი არის კომპანიის კომერციული საიდუმლოება.

 

ზურაბ აბაშიძემ კითხვით მიმართა დავით ასანიძეს, რომ მას აინტერესებს მგზავრობის საფასურის საკითხი, კერძოდ აქვს თუ არა კომპანიას ამ მხრივით მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული და ასევე აინტერესებს რა გამოცდილება აქვს კომპანიას ტრანსპორტის სფეროში.

 

დავით ასანიძემ განმარტა, რომ რაც შეეხება მგზავრობის ფასებს, ისინი აცნობიერებენ, რომ აღნიშნული არის სოციალური პროექტი, ამ ეტაპზე არ ფიქრობენ არც ფასების გაზრდას და არც ფასების შემცირებას. გამარჯვების შემთხვევაში კი კომპანიას ბევრი სიახლე აქვს გათვალისწინებული, რომელთაც ეტაპობრივად დანერგავს და რომლებითაც  მოსახლეობა კმაყოფილი დარჩება. რაც შეეხება ტრანსპორტის სფეროში გამოცდილებას, დავით ასანიძემ აღნიშნა, რომ ამ სფეროში მას თავად არ უმუშავია, მაგრამ სხვა სფეროებში აქვს ხელმძღვანელობის გამოცდილება.

 

აკაკი ჯოხაძემ კითხვით მიმართა დავით ასანიძეს დაზღვევასთან დაკავშირებით კომპანიას ხომ არ გააჩნია ჩამოყალიბებული ხედვა.

 

დავით ასანიძემ განმარტა, რომ მათ მიერ ცალსახად იქნება განსაზღვრული მძღოლების, მანქანებისა და მესამე პირების დაზღვევა.

 

ჯაბა სამუშიამ კითხვით მიმართა „თბილ ლაინი“ „კაპიტალ გრუპი“ „თბილ ქარი“-ს და „ფაბლიქ ქარი“-ს წარმომადგენლებს მათგან რომელს აქვს ტრანსპორტის სფეროში მუშაობის გამოცდილება. „კაპიტალ გრუპი“-ს და „თბილ ქარი“-ის წარმომადგენლების განმარტებით მათ ტრანსპორტის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.

შპს „ფაბლიქ ქარი“-ს წარმომადგენელმა დათა გეთიამ განმარტა, რომ აქვს ტრანსპორტის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება.

 

დავით ალავიძემ კომისიის წევრს ზვიად არჩუაძეს დაავალა თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N31.02.1434 დადგენილებით დამტკიცებული ფორმულის შესაბამისად ნებართვის მაძიებლების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით საბოლოო ქულათა ჯამის დაანგარიშების პრეზენტაცია.

 

ზვიად არჩუაძემ აღნიშნა, რომ გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები არის ავტობუსების ტექნიკური მონაცემები, საკუთრებაში მყოფი ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების რაოდენობა და საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის ოდენობა, რომელთა გაანგარიშებასაც თავისი პრინციპები აქვს. ავტობუსების ტექნიკური მონაცემების შეფასების ქულების მიხედვით ლოტ N1-ზე შპს „თბილ ლაინმა“ მიიღო 100 ქულა, შპს „ვაკე-საბურთალო 2011“-მა - 48,76 ქულა; ლოტ N2-ზე შპს „კაპიტალ გრუპმა“ მიიღო 100 ქულა, შპს „ძველი თბილისმა“ - 32,91 ქულა; ლოტ N3-ზე შპს „თბილ ქარმა“ მიიღო 100 ქულა; ლოტ N4-ზე შპს „თბილ ლაინმა“ მიიღო 100 ქულა, შპს „გლდანი-ნაძალადევმა“ - 34,03 ქულა; ლოტ N5-ზე შპს „ფაბლიქ ქარმა“ მიიღო 100 ქულა.

 

საკუთრებაში მყოფი ან საბოლოო გამოსყიდვის უფლებით ლიზინგით/იჯარით აღებული ავტობუსების რაოდენობის შეფასებისას ლოტ N1-ზე შპს „თბილ ლაინმა“ მიიღო 100 ქულა, შპს „ვაკე-საბურთალო 2011“-მა - 69,51 ქულა; ლოტ N2-ზე შპს „კაპიტალ გრუპმა“ მიიღო 100 ქულა, შპს „ძველი თბილისმა“ - 0 ქულა;

ლოტ N3-ზე შპს «თბილ ქარმა» მიიღო 100 ქულა; ლოტ N4-ზე შპს „თბილ ლაინმა“ მიიღო 100 ქულა, შპს „გლდანი-ნაძალადევმა“ - 0 ქულა; ლოტ N5-ზე შპს „ფაბლიქ ქარმა“ მიიღო 100 ქულა. საკონკურსო პირობების საბანკო გარანტიის ოდენობის შეფასებისას ლოტ N1-ზე შპს „თბილ ლაინმა“ მიიღო 100 ქულა, შპს „ვაკე-საბურთალო 2011“-მა - 100 ქულა; ლოტ N2-ზე შპს „კაპიტალ გრუპმა“ მიიღო 100 ქულა, შპს „ძველი თბილისმა“ - 100 ქულა; ლოტ N3-ზე შპს „თბილ ქარმა“ მიიღო 100 ქულა; ლოტ N4-ზე შპს „თბილ ლაინმა“ მიიღო 100 ქულა, შპს „გლდანი-ნაძალადევმა“ - 100 ქულა; ლოტ N5-ზე შპს „ფაბლიქ ქარმა“ მიიღო 100 ქულა.

 

კომისიის წევრმა ზვიად არჩუაძემ განმარტა, რომ კონკურსის საბოლოო შედეგები მიღებულ იქნა ფორმულის მიხედვით, რომელიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გამრავლებას პრიორიტეტულობის კოეფიციენტზე. აღნიშნული ფორმულიდან გამომდინარე კონკურსის საბოლოო შედეგების მიხედვით კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებლებმა მიიღეს შემდეგი ქულები: ლოტ N1-ზე შპს „თბილ ლაინმა“ - 100 ქულა, შპს „ვაკე-საბურთალო 2011“-მა - 59,56 ქულა; ლოტ N2-ზე შპს „კაპიტალ გრუპმა“ - 100 ქულა, შპს „ძველი თბილისმა“ - 38,04 ქულა; ლოტ N3-ზე შპს „თბილ ქარმა“ - 100 ქულა; ლოტ N4-ზე შპს „თბილ ლაინმა“ - 100 ქულა, შპს „გლდანი-ნაძალადევმა“ - 38,82 ქულა; ლოტ N5-ზე შპს „ფაბლიქ ქარმა“ - 100 ქულა.

 

ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ ზოგადად ეთანხმება სამარშრუტო ტაქსების ახლით ჩანაცვლებას, მაგრამ მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია საიდან მოდის შპს „თბილ ლაინი“-ს, შპს „კაპიტალ გრუპი“-ს, შპს „თბილ ქარი“-ს და შპს „ფაბლიქ ქარი“-ს დაფინანსება და მას დღევანდელ სხდომაზე დასმულ კითხვებზე პასუხი ამ კომპანიებმა არ გასცეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იგი მხარს არ დაუჭერს ამ კომპანიების კონკურსში გამარჯვებას.

 

ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ მისთვის სურათი ნათელია, მაგრამ მთავარია მგზავრობის ფასები არ გაიზარდოს, ხალხი დაუსაქმებელი არ დარჩეს და მოსახლეობამ კომფორტულად იმგზავროს.

 

კომისიის წევრმა პეტრე მეტრეველმა აღნიშნა, რომ მთელ რიგ კითხვებზე, რაც დასმული იყო შპს „თბილ ლაინი“-ს მიმართ, კომპანიის წარმომადგენელმა გასცა პასუხები. ამის მაგალითია შპს „თბილ ლაინი“-ს, შპს „კაპიტალ გრუპი“-ს, შპს „თბილ ქარი“-სა და შპს „ფაბლიქ ქარი“-ს კავშირებზე გაცემული პასუხი, თუმცა შპს „თბილ ლაინი“-ს წარმომადგენელს შეეძლო არ ეპასუხა. პეტრე მეტრეველის თქმით, მთავარია ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება.

 

კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ კენჭისყრაზე დააყენა ლოტ N1-ზე, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ფორმულის მიხედვით დათვლილი ქულების რაოდენობით შპს „თბილ ლაინი“-ს გამარჯვებულად გამოცხადების საკითხი.

 

შპს „თბილ ლაინი“-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს: დავით ალავიძემ, აკაკი ჯოხაძემ, ირაკლი აბესაძემ, ლავრენტი ალანიამ, ზვიად არჩუაძემ, ლია გუგუშვილმა, იოსებ ეგუტიამ, კონსტანტინე იონათამიშვილმა, პეტრე მეტრეველმა, თამაზ შოშიაშვილმა, გიორგი ჩაჩანიძემ, ხვიჩა სანაიამ და ბექა ნინიკურმა.

 

შპს თბილ ლაინი- გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს: ზურაბ აბაშიძემ და ჯაბა სამუშიამ.

 

კენჭისყრის შედეგებით, ხმათა უმრავლესობით, კომისიამ გადაწყვიტა: ლოტ N1-ზე, ვაკე-საბურთალოს რაიონი, გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „თბილ ლაინი“.

დავით ალავიძემ კენჭისყრაზე დააყენა ლოტ N2-ზე, ძველი თბილისი-დიდგორის რაიონი, ფორმულის მიხედვით დათვლილი ქულების რაოდენობით შპს „კაპიტალ გრუპი“-ს გამარჯვებულად გამოცხადების საკითხი.

 

შპს „კაპიტალ გრუპი“-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს: დავით ალავიძემ, აკაკი ჯოხაძემ, ირაკლი აბესაძემ, ლავრენტი ალანიამ, ზვიად არჩუაძემ, ლია გუგუშვილმა, იოსებ ეგუტიამ, კონსტანტინე იონათამიშვილმა, პეტრე მეტრეველმა, თამაზ შოშიაშვილმა, გიორგი ჩაჩანიძემ, ხვიჩა სანაიამ და ბექა ნინიკურმა.

 

შპს „კაპიტალ გრუპი“-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს: ზურაბ აბაშიძემ და ჯაბა სამუშიამ.

 

კენჭისყრის შედეგებით, ხმათა უმრავლესობით, კომისიამ გადაწყვიტა: ლოტ N2-ზე, ძველი თბილისი-დიდგორის რაიონი, გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „კაპიტალ გრუპი“.

 

კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ კენჭისყრაზე დააყენა ლოტ N3-ზე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, ფორმულის მიხედვით დათვლილი ქულების რაოდენობით შპს „თბილ ქარი“-ს გამარჯვებულად გამოცხადების საკითხი.

 

შპს „თბილ ქარი“-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს: დავით ალავიძემ,

აკაკი ჯოხაძემ, ირაკლი აბესაძემ, ლავრენტი ალანიამ, ზვიად არჩუაძემ, ლია გუგუშვილმა, იოსებ ეგუტიამ, კონსტანტინე იონათამიშვილმა, პეტრე მეტრეველმა, თამაზ შოშიაშვილმა, გიორგი ჩაჩანიძემ, ხვიჩა სანაიამ და ბექა ნინიკურმა.

 

შპს „თბილ ქარი“-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს: ზურაბ აბაშიძემ და ჯაბა სამუშიამ.

 

კენჭისყრის შედეგებით, ხმათა უმრავლესობით, კომისიამ გადაწყვიტა: ლოტ N3-ზე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „თბილ ქარი“.

კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ კენჭისყრაზე დააყენა ლოტ N4-ზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ფორმულის მიხედვით დათვლილი ქულების რაოდენობით შპს „თბილ ლაინი“-ს გამარჯვებულად გამოცხადების საკითხი.

 

შპს „თბილ ლაინი“-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს: დავით ალავიძემ, აკაკი ჯოხაძემ, ირაკლი აბესაძემ, ლავრენტი ალანიამ, ზვიად არჩუაძემ, ლია გუგუშვილმა, იოსებ ეგუტიამ, კონსტანტინე იონათამიშვილმა, პეტრე მეტრეველმა, თამაზ შოშიაშვილმა, გიორგი ჩაჩანიძემ, ხვიჩა სანაიამ და ბექა ნინიკურმა.

 

შპს „თბილ ლაინი“-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს: ზურაბ აბაშიძემ და ჯაბა სამუშიამ.

 

კენჭისყრის შედეგებით, ხმათა უმრავლესობით, კომისიამ გადაწყვიტა: ლოტ N4-ზე, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „თბილ ლაინი“.

კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ კენჭისყრაზე დააყენა ლოტ N5-ზე, ისანი–სამგორის რაიონი, ფორმულის მიხედვით დათვლილი ქულების რაოდენობით შპს „ფაბლიქ ქარი“-ს გამარჯვებულად გამოცხადების საკითხი.

 

შპს „ფაბლიქ ქარი“-ს გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი დაუჭირეს: დავით ალავიძემ, აკაკი ჯოხაძემ, ირაკლი აბესაძემ, ლავრენტი ალანიამ, ზვიად არჩუაძემ, ლია გუგუშვილმა, იოსებ ეგუტიამ, კონსტანტინე იონათამიშვილმა, პეტრე მეტრეველმა, თამაზ შოშიაშვილმა, გიორგი ჩაჩანიძემ, ხვიჩა სანაიამ და ბექა ნინიკურმა.

 

შპს „ფაბლიქ ქარის“ გამარჯვებულად გამოცხადებას მხარი არ დაუჭირეს: ზურაბ აბაშიძემ და ჯაბა სამუშიამ.

 

კენჭისყრის შედეგებით, ხმათა უმრავლესობით, კომისიამ გადაწყვიტა: ლოტ N5-ზე, ისანი-სამგორის რაიონი, გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს „ფაბლიქ ქარი“.

კომისიის თავმჯდომარემ დავით ალავიძემ განაცხადა, რომ საკითხები ამოწურულია და სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

 

კომისიის სხდომა დასრულდა 18:25 საათზე.

 

კომისიის თავმჯდომარე:                                    დავით ალავიძე

კომისიის სხდომის მდივანი:                              ვასილ აბულაძე