„უკრაინისგან განსხვავებით, 2008 წელს საქართველოსთვის ასეთი იმედი არავის მიუცია“

„უკრაინისგან განსხვავებით, 2008 წელს საქართველოსთვის ასეთი იმედი არავის მიუცია“

დონეცკში სეპარატისტებმა საგადასახადო და საბაჟო სამსახურის შენობები დაიკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, შენობებში რამდენიმე ათეული სეპარატისტი შეიჭრა, რომლებმაც საკუთარ თავს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მოქალაქეები უწოდეს.

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დიმიტრი ტურჩინოვის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარებას ვერ აკონტროლებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები კი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან რუსეთის მხრიდან სამხედრო შეჭრის საფრთხის გამო. საპასუხოდ, ჯერჯერობით ბულგარეთმა ევროკავშირის სანქციების გამო რუსეთის დუმის სპიკერის, სერგეი ნარიშკინის მიღებაზე განაცხადა უარი.

მოხდება თუ არა უკრაინაში ის, რაც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში და რუსეთის მხრიდან სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემთხვევაში, აღმოჩნდება თუ არა მარტო უკრაინა რუსული ჯარის პირისპირ, რადგან დასავლეთმა თავიდანვე გამორიცხა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ალბათობა. როგორი შედეგით შეიძლება დასრულდეს უკრაინის კრიზისი და რა გავლენას იქონიებს ის საქართველოზე, ამ თემებზე ექსპერტი კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება.

ბატონო კახა, ფაქტობრივად დონეცკი და ლუგანსკი ვეღარ კონტროლდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და დღითიდღე მწვავდება სიტუაცია. როგორ ფიქრობთ, სადამდე მივა ეს ყველაფერი?

- უკრაინის მთავრობას ყველაზე მეტად რუსეთის ინტერვენციის ეშინია, მაგრამ თავისთავად, რუსეთი ამ მომენტისთვის არ ჩქარობს ინტერვენციას - სხვა ხერხს მიმართავს. პრაქტიკულად, ხელს უწყობს, მოუწოდებს და ყველანაირად უბიძგებს რუსულ მოსახლეობას დაიკავონ ეს შენობები და უკრაინის კონტროლიდან გამოვიდეს მთელი რეგიონი.

პრინციპში, რუსეთის სტრატეგია იქით არის მიმართული, რომ უკრაინას არ მისცენ ამ რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საშუალება, მერე ექნებათ მიზეზი, თქვან, რომ პრეზიდენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან ის არ იქნა არჩეული უკრაინის რიგ რეგიონებში. ფიქრობენ, რომ ამით ხელს შეუწყობენ უკრაინის დაშლას.

ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ასეთი სტრატეგია აქვს რუსეთს, მაგრამ გააჩნია, რას მოიმოქმედებს უკრაინის ხელისუფლება. თუ მან გადაწყვიტა ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, მაშინ რუსეთს აქვს მეორე გეგმა, რომ მოსახლეობის დაცვის მიზნით შეიყვანოს ჯარები.

უკრაინელებსაც კარგად ესმით ეს და დასავლელ პარტნიორებსაც, ამიტომ, პრაქტიკულად, არ იყენებენ ძალას და ეს გარკვეული დროის განმავლობაში ასე გაგრძელდება. დღეს უკრაინის ხელისუფლების მთავარი მიზანი არის ის, რომ ეს სიტუაცია არ გავრცელდეს სამხრეთ უკრაინაზე, ოდესის ოლქზე და ა.შ. ამიტომ, ეცდებიან, ის შეცდომები, რომელსაც ძალაუნებურად, ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთ რეგიონებში, ძალიან სწრაფად გამოასწორონ.

კონტროლის აღდგენა აღმოსავლეთის რეგიონებზე საკმაოდ გრძელვადიანი საკითხია, რომელიც ჯერ გაურკვეველია, როგორ მოხერხდება და რანაირად გადაწყდება.

ალექსანდრე ტურჩინოვი აცხადებს, რომ ხელისუფლება აღმოსავლეთ უკრაინას ვერ აკონტროლებს და ეს სამართალდამცველების სისუსტით არის გამოწვეული. რამდენად შესაძლებელია, რომ უკრაინამ მოახერხოს ამ რგოლის გაძლიერება? როგორ ფიქრობთ, მართლაც სამართალდამცველების უნიათობით ხდება ის, რაც ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში?

- მგონია, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის ხელისუფლება ვერ მოახერხებს კონტროლის აღდგენას აღმოსავლეთის რეგიონებზე. ერთადერთი რა მიზანიც მან შეიძლება შეასრულოს, არის ის, რომ სამხედრო ქვედანაყოფები ადგილზე დარჩნენ და სამხედრო ხელისუფლება ცენტრალურ რეგიონებში მაინც იყოს ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში.

დანარჩენი, ალბათ, ნელ-ნელა გადავა აჯანყებულების ხელში. შესაძლოა პოლიციის რეფორმამ და პოლიციური ძალების გამოჯანსაღებამ, უბრალოდ, შეაჩეროს მათი გავლენის გავრცელება და მთლიანად არ დაიკარგოს კონტროლი ყველა დასახლებულ პუნქტზე აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ ესეც საკმაოდ რთულად მისაღწევია.

მეორეა ის, რაც უკვე მოგახსენეთ - შეიარაღებული ძალების კონტროლი. ალბათ დადგება მომენტი, როდესაც რუსი და პრორუსულად განწყობილი აჯანყებულები შეეცდებიან, სამხედრო ობიექტების დაკავებასაც. ალბათ, ამისათვის ემზადება უკრაინის ხელისუფლება. სხვა რეგიონებში მგონია, უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, არ გამეორდეს იგივე სცენარები.

სანქციებისა თუ მწვავე შეფასებების მიუხედავად, ფაქტია, რომ დასავლეთი ამ ეტაპზე ვერაფრით ეხმარება უკრაინას და რუსეთის მხრიდან ქვეყნის ანექსიის პროცესი უკვე დაწყებულია...

- რამდენადაც შეუძლია, დასავლეთი აწესებს სანქციებს და ნელ-ნელა კიდევ უფრო გააღმავებს - ეს უფრო გრძელვადიანი პროექტისთვის მზადებაა, რომელიც გულისხმობს რუსეთთან ურთიერთობის ნელ-ნელა დახურვას და ურთიერთობის შეჩერებას. თუმცა, ეს არ შეიძლება მოხდეს უცებ. უზარმაზარი ქვეყანაა რუსეთი და საკმაოდ მძლავრად არის გადახლართული ერთმანეთზე დასავლეთის და რუსეთის ეკონომიკები. ამიტომ, რთულია რუსეთის იზოლირება, მაგრამ ნელ-ნელა მაინც მიდის საქმე რუსეთის იზოლაციისკენ.

ამერიკას რაც შეეხება, ამ დღეებში სხვადასხვა ინსტიტუტებში საკმაოდ აქტიურად იხილება უკრაინის თემა, მოსალოდნელი რისკები და .. კეთდება ძალზე მწვავე შეფასებები. არის მოსალოდნელი, რომ ამერიკამ კიდევ უფრო გაამკაცროს ზომები რუსეთის მიმართ, იქამდე, რომ რუსეთმა რაციონალური ნაბიჯები გადადგას?

- აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ უკვე განაცხადა, რომ ძირითადი აქცენტი კეთდება ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით, ანუ ამერიკა ცდილობს, რომ ევროპა გამოიყვანოს რუსეთის ენერგეტიკული დამოკიდებულებიდან - საუბარია თხევადი გაზის ტანკერებით მიწოდებაზე, მაგრამ ეს არ არის სწრაფად მოგვარებადი საკითხი. რუსეთთან კონტრაქტების დახურვას, ალბათ, თანდათანობით მოახდენს ევროპა, მაგრამ თვითონ ამის შესახებ განცხადებებიც რუსეთისთვის, ალბათ, უნდა იყოს ზემოქმედების მატარებელი.

მგონია, რომ ახლა რუსეთი ამოწმებს დასავლეთის განწყობებს და მზადყოფნას ყველანაირი სცენარითვის. ვფიქრობ, რუსეთი ამიტომაც არ ჩქარობს სამხედრო ინტერვენციას. ის მიხვდა, რომ დასავლეთი ნელნელა უკვე მომზადებულია ყველაზე მკაცრი სანქციებისთვის და მკაცრი პასუხისთვის.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ ინტენსიურად მიეწოდოს უკრაინას შეარაღება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში ინტერვენციას მოახდენს. მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები და შესაძლოა, ისეთი იარაღიც, რომელიც წინ აღუდგება რუსეთის სახმელეთო ჯარების ინტერვენციას.

პრაქტიკულად, შეერთებული შტატებისა და ნატოს დახმარება ამ მიმართულებით მოსალოდნელია, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც და სახელმწიფო მდივანმაც განაცხადეს, რომ სამხედრო ვარიანტი არ განიხილებოდა.

ვფიქრობ, ეს ნიშნავს იმას, რომ სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში არ განიხილებოდა, მაგრამ აშკარაა, აშშ-ში ფიქრობენ, საჭიროების შემთხვევაში უკრაინას აღმოუჩინონ მაქსიმალური დახმარება, თუნდაც სამხედრო ხასიათის.

მოწოდებებიც გაისმოდა უკრაინის მიმართ, რომ ჯერ თქვენ დაიწყეთ თქვენი ქვეყნის დაცვა და შემდეგ... საქართველოსთან პარალელი რომ გავავლოთ, 2008 წელს საქართველომაც დაიწყო მოქმედება იმ იმედით, რომ დახმარებას მიიღებდა...

- 2008 წელს საქართველოსთვის ასეთი იმედი არავის მიუცია, სწორედ ამაშია განსხვავება. 2008 წელს პრაქტიკულად, საკმაოდ მოულოდნელად დაგვატყდა ომი რუსეთთან და დასავლეთი არ იყო ამისათვის მზად. არც პროპაგანდისტულად არ იყო მომზადებული სიტუაცია მაშინ ისე, როგორც ახლა.

რუსეთის ტყუილებს საკმაოდ დიდხანს, სერიოზულად აღიქვამდნენ. ახლა რუსეთისგან მომავალ დეზინფორმაციას დასავლეთში უკვე სერიოზულად აღარვინ აღიქვამს - ისინი იმავე წუთს შიფრავენ ნებისმიერი ხასიათის პროვოკაციას, რომელიც რუსეთისგან მოდის და სულ სხვა განწყობებია ახლა.

ახლა უკრაინის მიმართ ისეთი ქმედებები, რომელიც მოხდა მაშინ საქართველოს მიმართ, ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული. რუსეთი ვერანაირად ვერ მოახდენს თავისი ქმედებების „კამუფლირებას“, რადგან ყველამ იცის, რომ რუსეთი უკვე ომობს უკრაინაში, მისი დაზვერვა, ფე-ეს-ბე, გრუ, მოქმედებენ უკრაინის ტერიტორიაზე. ასევე - სამხედრო ექპერტები და სამხედრო პერსონალი დახმარებას უწევენ უკრაინაში პრორუსულად განწყობილ ამბოხებულებს.

ასე რომ, სიტუაცია არის სულ სხვა და ამ ვითარებაში თუ აშშ-ს მთავრობა და ევროკავშირი არ გაუწევენ დახმარებას უკრაინას, ამ ქვეყნების მოსახლეობა საკმაოდ უკმაყოფილო დარჩება, აშშ-სი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისაც.

როდესაც ჯონ ქერი საუბრობდა უკრაინაზე, მან აღნიშნა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მოქმედებენ როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორია თუ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტეროტორიაზეა საუბარი?

- მგონია, ის საუბრობდა არა რუსეთის ოფიციალურ ძალებზე, რომელიც განლაგებულია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, არამედ სხვადასხვა სახის პროვოკაციულ ძალებზე, დაზვერვის და უსაფრთხოების წარმომადგენლებზე, რომლებიც მოქმედებენ როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში როდესაც განიხილებოდა საქართველოს საკითხი, ითქვა, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს მავთულხლართების დემონტაჟის აუცილებლობაზე. რამდენად არის შესაძლებელი, რომ რუსეთმა გაითვალისწინოს თუნდაც ევროპის მინისტრთა კომიტეტის მითითება და მავთულხლართების დემონტაჟზე სერიოზულად იფიქროს?

- თავისთავად, რუსეთი არ გაითვალიწინებს არც ერთი ისეთი ორგანიზაციის მითითებებს, რომელთაც არ გააჩნიათ აღსრულებისთვის შესაბამისი ძალა, ანუ რომ დასაჯონ სანქციებით და ა.შ. ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთმა უკვე დაკარგა თავისი ხმის უფლება და ამ მომენტისთვის უფრო მაღალ სანქციას არ ელოდება. ამიტომ, არ მგონია, რუსეთმა რაიმე ანგარიში გაუწიოს ასეთი ტიპის განცხადებებს, მაგრამ ამ ტიპის განცხადებები აუცილებელია, რათა საერთაშორისო თანამეგობრობაში სწორი ორიენტირები და სწორი დამოკიდებულება იყოს შემუშავებული. ასევე ჩანდეს კოლექტიური ნება საქართველოს საკითხებთან მიმართებაში.

რა თქმა უნდა, ახლა არ არის საქართველოს საკითხი მომწიფებული და ვხედავთ, რომ უფრო დიდი კრიზისი დაიწყო, ვიდრე იყო საქართველოში - ეს არის უკრაინის კრიზისი, რომელიც მოიცავს მთელ ევროპას, აშშ-ს, კანადაც ჩართულია უკვე, იაპონიაც და ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა ნაწილში აქვს გამოძახილი ამ კრიზისს. მისი გადაწყვეტის პირობები, ამ კრიზისის განვითარების ბედი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საქართველოს მომავალ ბედსაც.

თვლით, რომ ვიდრე ეს კრიზისი აქტუალურია, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პარალელურად საქართველოშიც დაიწყოს მსგავსი კამპანია რუსეთმა?

- მგონია, რომ საქართველოში სტატუს-კვო არანაირად არ შეიცვლება, მანამ, სანამ ეს არ მოხდება უკრაინასთან მიმართებაში. უკრაინასთან მიმართებაში განვითარება მოვლენებისა და პროცესების, უკვე დაგვანახებს, შესაძლებელია თუ არა საქართველოში სტატუს-კვოს შეცვლა.

მიმაჩნია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საბოლოო ჯამში, აუცილებლად დამთავრდება რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების კრახით და შესაბამისად, გაჩნდება შანსი იმისა, რომ ჩვენ უკვე მოვილაპარაკოთ აფხაზებსა და ოსებთან პირისპირ, ჩვენს მომავალზე.

ხელისუფლების კრახში რა იგულისხმეთ, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლება შეიცვალოს?

- ძალზე ძნელი წარმოსადგენია ზუსტად როგორ მოხდება, მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა აუცილებლად დამარცხდება. ამის შემდეგ მოხდება რუსეთის ხელისუფლების შეცვლა, თუ პოლიტიკის შეცვლა რუსეთში, ან რამე სხვა, ეს უკვე ძნელად გასათვლელია, მაგრამ მგონია, ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ რუსეთის პოლიტიკა, რომელსაც იგი აწარმოებს არა მარტო უკრაინის, არამედ მეზობლების მიმართ მთლიანად, დამარცხდება.

თუმცა, ამ ეტაპზე უკრაინის მოვლენებმა პუტინის რეიტინგი სერიოზულად გაზარდა...

- ეს, რუსეთში... გაიზარდა იმიტომ, რომ რაც უფრო მცირდება დემოკრატიის ხარისხი, მით უფრო იზრდება ტოტალიტარულ სახელმწიფოებში დიქტატორის რეიტინგი. ეს კანონზომიერია და სადამ ჰუსეინსაც უზარმაზარი რეიტინგი ჰქონდა.

რომელი დიქტატორიც გინდათ, აიღეთ, ყველას მაღალი რეიტინგი ჰქონდა იმიტომ, რომ იქ ხალხი ცხოვრობს ტოტალური საინფორმაციო ვაკუუმის პირობებში, როდესაც სახელმწოფო მანქანის მიერ ტყუილის იმხელა ნიაღვარი მოდის და იმდენად დიდია ამ მასის ზეწოლა მოქალაქეზე, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიც არის რუსეთის საგარეო პოლიტიკა, რომ ძალზე ძნელია, ასეთ პირობებში ვინმემ ამოიღოს ხმა, სერიოზულად დაუპირისპირდეს მთავრობის მიერ ხალხში გავრცელებულ განწყობებს.

ამ ვითარებაში ხდება ჩაციკვლა, რომელშიც ქვეყანა იხარშება, სულ უფრო მეტად და მეტად ხდება დამოკიდებული ავტორიტარული რეჟიმის კაპრიზებზე და საბოლოო ჯამში, სანამ არ მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს, ეს რეჟიმი სულ უფრო ძლიერდება და ძლიერდება ქვეყნის შიგნით.

ჩრდილოეთ კორეა აიღეთ, უკვე რამდენი წელია ხალხი შიმშილობს, ცხოვრების საშინელი პირობებია, ადამიანის უფლებები საერთოდ არ არსებობს, რეიტინგი კი მისი ლიდერის, ძალიან მაღალია და ჯერჯერობით, რეჟიმი დგას და ძლებს.

მაგრამ არ მგონია, რუსმა ხალხმა ეს მოითმინოს ისევე, როგორც ჩრდილოეთ კორეამ და ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ან შეაცვლევინებენ პოლიტიკას თავიანთ მმართველებს, ან შეიცვლება თვითონ მმართველობა.