„ნარმანია ძალიან ახლოს დგას თავის პარტიასთან, რაც სავსებით ბუნებრივია. მაგრამ, თავისთავად ჩნება კითხვა, დაუპირისპირდება თუ არა მომავალი ქალაქის მერი, პარტიიდან გამომდინარე ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ქალაქისთვის მიუღებელი იქნება? თუკი კამპანიის პროცესში ნარმანია დაამატკიცებს, რომ მის გადაწყვეტილებაში მთავარი ქალაქის ინტერესები იქნება და არა პარტიული, ის ხმების დიდ ნაწილს მოიგებს“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, ნარმანიასგან განსხვავებით, ყოფილი მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი მისთვის წამგებიან სტრატეგიაში ჩაჯდა. ამ წამგებიანი სტრატეგიის ფონზე, პოლიტოლოგს ეჭვი ეპარება, რომ მელიას შთამბეჭდავი შედეგი ჰქონდეს.
არსებობს თუ არა მეორე ტურის ალბათობა და რა შანსები აქვს არასაპარალამენტო ოპოზიციას, ამ საკითხებზე for.ge. რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე თვენახევრით ადრე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება გამართლებულია? ამ საკითხზე ღიად საუბრობს საკრებულოს წევრი გულიკო ზუმბაძე, რომელიც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ მას სურს გახდეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე...
რამაზ საყვარელიძე: სტრატეგიული ცვლილებები მოხდა „ქართული ოცნების“ დაგეგმვაში, კერძოდ, კახი კალაძემ გააჟღერა, რომ სიებში ყოფილი ნაციონალები აღარ იქნებიან. ბევრგან მოსახლეობა „ქართულ ოცნებას“ იმას საყვედურობდა, რომ ძალიან ფართედ გაუღეს კარები ყოფილ ნაციონალებს. ეტყობა ამ საყვედურმა იმოქმედა და მოსახლეობას ანგარიში გაუწიეს. როგორც ჩანს, ამ ფონზე გაუჩნდა ზუმბაძეს ეს სურვილი, მაგრამ, ალბათ, უფრო ღირსეული იერი ექნება „რესპუბლიკურ პარტიას“ თუ კი ეს თვენახევრის შურისძიებად არ გადაიქცევა.
წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია. „ქართულმა ოცნებამ“ ოფციალურად უკვე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია და წარმოადგინა მერობის კანდიდატები. მმართველი კოალიციის მხრიდან სწორი გათვლებია გაკეთებული ამ კამპანიის ფარგლებში?
- ალბათ, მომავალში თითოეული პოლიტიკური გუნდი თავის კანდიდატურების წარმოდგენის პროცედურას შემოგვთავაზებს. ეს არის პრეზენტაციები, რომელიც შოუს ფუნქციას ასრულებს. საარჩევნო კამპანიას კი შოუ უნდა, სჭირდება. „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა იმის ხაზგსმა, რომ მან დაიწყო საარჩევნო კამპანია და საარჩევნო განწყობა თავის ამომრჩევლებში შექმნა, ამ მხრივ მიზანი მიღწეულია. უფრო დეტალურად თითოეულ კანდიდატზე მსჯელობა ჩემთვის შეუძლებელია. თბილისის მერის კანდიდატის საქმიანობას ვიცნობ. მხოლოდ აღფრთოვანებული ვარ იმ შედეგებით, რაც ნარმანიამ, ბევრი სხვა მინისტრისგან განსხვავებით, საკმაოდ რთული მიმართულებით მოახერხა.
ვთვლი, რომ დათო ნარამანია როგორც მერი, თბილისისთვის კარგი შენაძენი იქნება, ისევე როგორც თავისი პლუსები აქვთ თითქმის ყველა კანდიდატს, ოღონდ სხვა ტიპის პლუსები. სასაყვედურო ჯერჯერობით არაფერია, მითუმეტეს, თუკი ამას კალაძის ნათქვამს დავამატებთ, რომ ისინი ყოფილ ნაციონალებს არ დაუშვებენ, ეს ბევრ პრობლემას მოუხსნის მათ და ბევრი ამომრჩევლის მხარდაჭერას დაიბრუნებენ. ამომრჩევლის მხრიდან ბევრი პრობლემა, რომელიც „ქართულ ოცენების“ წინაშე დადგა, სწორედ ნაციონალების მიმართ ლოიალურობით იყო გამოწვეული.
რაც შეეხება წარმოდგენილ სხვა კანდიდატებს. ერთადერთი არის ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, რომლესაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად იცბობს, ის იყო ნარმანიას მოადგილე...
- დავით ნარმანია იყო საქმიანი და დარწმუნებული ვარ, რომ მოადგილესაც საქმიანს აირჩევდა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ალბათ, მათზე არჩევანი რეგიონთან და რეგიონის პრობლემებთან სიახლოვის გამო გაკეთდა, მაგრამ მათ მიმართ გაჩნდა პრეტენზიები, იგივე შიდა ქართლის, ბათუმის და სამეგრელოს შემთხვევაში, რომ ისინი იყვნენ ყოფილ მმართველ გუნდთან დაკავშირებულნი. თუ კალაძის განცხადებიდან გამოვალთ, მაშინ ეს არ ქმნის პრობლემას? მითუმეტეს, რომ ადგილზე მოსახლეობას გაცილებით მეტი ინფორმაცაია აქვს, ვიდრე ნებისმიერ მინისტრს...
- აბსოლუტურად გეთანხმებით, პატარა ქვეყანა ვართ, არაფერი არ იმალება ჩვენთან. თუკი მათში ბევრია ყოფილი ნაციონალი ან მათთან დაახლოებული პირი, მაშინ გამოდის, რომ კალაძესეული ფორმულა რაღაც დონეზე მუშაობს, რაღაც დონეზე არა. ანუ, მერების კანდიდატებზე არ გავრცელდა და გამგეობებზე გავრცელდა? ასეთი სიტუაცია სირთულეებს კიდევ უფრო შექმნის. მოკლედ, რაც უფრო მეტად იქნებიან ნებისმიერ თანამდებობაზე ყოფილი ნაციონალები მმართველ კოალიციაში წარმოდგენილი, მით მეტი პრობლემა შეექმნება თვითონ „ოცნებას“.
რა პრობლემების წინაშე შეიძლება ამ შემთხვევაში კოალიცია აღმოჩნდეს? ძალიან ბევრი საუბრობს, რომ ეს იქნება ბოლო არჩევნები, როდესაც კოალიციის სახით იქნება „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი. არსებობს ინფორმაცია შიდა დაპირისპირების შესახებაც...
- ბევრნაირი შეფასებები კეთდება ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ბოლო არჩევნებისას. როცა კეთდება განცხადება, რომ ეს იქნება ბოლო არჩევნები, როდესაც ასეთი მასშტაბით მხარს დაუჭერენ „ქართულ ოცნებას“, აქ, ალბათ, იგულისხმება ის, რომ სამომავლოდ უფრო სხვა პოლიტიკურ პარტიებზე იქნება ორიენტაცია მოსახლეობაში. მიჭირს ასეთი შორი პროგნოზის გაკეთება.
მათ შორის, განცხადებები შიდა განხეთქილების შესახებ - დაპირისპირება ყველა ჯგუფებში ბუნებრივი მოვლენაა.
დაპირისპირება თავის თავს ავლენს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი ჩათვლის, რომ მათ დამოუკიდებლად არსებობა შეუძლიათ. ოჯახიდან ახლაგზრდა მაშინ მიდის, როდესაც დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია. ანალოგიურად ხდება პოლიტიკურ პარტიაშიც. კოალიციიდან მაშინ გადაწყვეტენ განცალკავებას, თუ ისინი დაასკვნიან, რომ დამოუკიდებლად არსებობა შეუძლიათ. მგონია, ასეთი ოპტიმიზმის საფუძველი კოალიციაში შემავალ პარტიებს არ აქვთ.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება რეიტინგებზე დავა. ყოფილი მმართველი გუნდი და მათ შორის არასაპარალამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ ნარმანიას მხარდამჭერთა რაოდენობა 40 პროცენტამდეა. როგორ ფიქრობთ, რა შედეგებს დადებს ნარმანია, ეს შედეგები გახდება მეორე ტურის საფუძველი?
- ძალიან ბევრი რამე დამოკიდებულია ნარმანიაზე და დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმოქმედებენ მისი კონკურენტები. კონკურენტების წარმატებული კამპანიის პირობებში, რა თქმა უნდა, შანსი მეორე ტურისა გაიზრდება. კონკურენტების სუსტი კამპანიის პირობებში კი, ნარმანიას შანსი გაიზრდება. ამიტომ, განლაგება როგორი იქნება ძნელი სათქმელია. თითოეულ კონკურენტს თავისი მინუსი და პლუსები აქვს. ნარმანიას ძალიან დიდი პლუსია კარგი მეურვეობა და პატიოსნება, მაგრამ მას სუსტი წერტილიც აქვს.
ნარმანია ძალიან ახლოს დგას თავის პარტიასთან, რაც სავსებით ბუნებრივია, მაგრამ თავისთავად ჩნება კითხვა, დაუპირისპირდება თუ არა მომავალი ქალაქის მერი, პარტიიდან გამომდინარე ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ქალაქისთვის მიუღებელი იქნება? ჩვენ ვიცით, რომ დღეს უკვე არის თბილისის განახლების ვერსია, რომელშიც ძალიან ბევრი რამეა სადავო და რომელსაც იცავენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ამ ტიპის დილემის დროს პარტია გაიმარჯვებს ნარმანიაში, თუ ქალაქის ინტერესები? თუკი კამპანიის პროცესში ნარმანია დაამატკიცებს, რომ მის გადაწყვეტილებაში მთავარი ქალაქის ინტერესები იქნება და არა პარტიული, ის ხმების დიდ ნაწილს მოიგებს.
ნარმანიასგან განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანია ერთი თვეა დაიწყო - სატელევიზიო რეკლმა, ბილბორდები თბილისის ქუჩებში, რაც არ გვქვს ნარმანიას შემთხვევაში. რამდენად დაბალანსებულია საარჩევნო კამპანია?
- მელიას პრობლემაც იგივე, რაც ნარმანიას შემთხვევაში, თუმცა გაცილებით მძიმე ფორმით. მელიამ თუ მოახერხა ამომრჩევლისთვის იმის ჩვენება, რომ პარტია არ იქნება მისი განმკარგველი და იქნება ქალაქის ინტერესები, შეიძლება ამ პროცენტმა მოიმატოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მელიას პროცენტს ყოველთვის დაბლა დასწევს ის ფაქტი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარებელია, რაც მკაფიდ ჩანს მის საარჩევნო კამპანიაშიც. ნარმანიას საარჩვენო კამპანიაში პარტია არ ფიგურირებს, მელიას შემთხვევაში პარტია იკითხება.
მელიას საარჩევნო კამპანიაში აქტურად ჩართულია უფლებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა, რომლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს და რომელსაც არასაპატიმრო ღონისძიება აქვს შეფარდებული. მეტიც, თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ბილბორდები, სადაც ნიკა მელიას მხარს გიგი უგულავა უმშვენებს. როგორ ფიქრობთ, ეს მის რეიტიგზე არ მოქმედებს?
- „ნაციონალურმა მოძრაოაბამ“ საპარლამენტო არჩევნებისა და შემდეგ უკვე წელიწადნახევრის განმავლობაში იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ ეს შეცდომა უკვე შეუმჩნეველია. კერძოდ, მათ თუ უნდოდათ ადგილობრივი არჩევნების მოგება, უნდა შეეცვალათ ინტონაცია, უნდა შეეცვალათ სახეები, მათ შორის სტრატეგია და უნდა მოეხსნათ აგრესიულობა. ყველაფერი კი ამის საწინააღმდეგოდ გააკეთეს. საზოგადოებაში ის 10 პროცენტიც კი არ აქვთ, რაც ადრე ჰყავდათ მხარდამჭერების სახით. ამ წამგებიან სტრატეგიაში ჩაჯდა მელია. ამ წამგებიანი სტრატეგიის ფონზე მეეჭვება, რომ მელიას შთამბეჭდავი შედეგი ჰქონდეს.
რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას. რა შანსები აქვს დიმიტრი ლორთქიფანიძეს და კაკა კუკავას, რომ მინიმალურ ზღვარს მიუახლოვდნენ?
- ადგილობრივ არჩევნებში მთავარია, რომ ადამიანი იყოს მეურვე. ეს არაა პოლიტიკური ნიშნით ჩატარებული არჩევნები და პარტიები ნაკლებ როლს თამაშობენ. მაგრამ, ჩვენს პირობებში, ალბათ, პოლიტიკური მხარე უფრო მნიშვნელოვანია. მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ადგილებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ანუ, შეძლებენ თუ არა ბევრი ხმის შეკრებას ადგილობრივი ადმინისტრაციები. ამის მაგალითს გვაძლევდა „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი ხმების მოპოვებაში ამ ადგილობრივ ბერკეტს ძალიან ენერგულად იყენებდნენ.
დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან სჭირდება ადგილებში გამარჯვება. თუკი თეორიულად დავუშვებთ, რომ ადგილებზე ყველგან გაიმარჯვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებშიც გამარჯვებულია. ასე რომ, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის“ ბედი წყდება ამ ადგილობრივ არჩევნებში, მომავალი საპარალამენტო არჩევნებისთვის. ამ ადგილობრივ არჩევნებში წყდება საქართველოს ხელისუფლების ბედი და არა მარტო ადგილების ბედ-იღბალი.
ამიტომ, ძალიან სახიფათოა ის პასიურობა, რომელიც შეიძლება იყოს არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. ეს პასიურობა, ისევ და ისევ, ხელს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“, იმიტომ, რომ მათ ძალიან აქტური ამომრჩეველი ჰყავთ. შესაბამისად, შანსი იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღის წესრიგიდან მოიხნას, როგორც ხელისუფლებისთვის მებრძოლი პარტია, ჩნდება სწორედ არასაპარალამენტო ოპოზიციის წყალობით.
ანუ, თუ „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილოთა ხმები წავა არასაპარალამენტო ოპოზიციისკენ, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ თემა დამთავრებული იქნება. არასაპარლამენტო ოპოზიციაში უფრო მეტი შანსი აქვს ბურჯანაძის გუნდს. ეს საპრეზიდენტო არჩევნებმა გვიჩვენა. თავისთავად კახა კუკავაც შესანიშნავი კანდიდატურა გახლავთ. ასე რომ, ამ პოლიტიკურ ქვეტექტს თუ დაუკვირდება ამომრჩეველი, შეიძლება გამარჯვების მოპოვების სერიოზული შანსი ჰქონდეს არასაპარალამნეტო ოპოზიას.