ანტიდისკრიმინაციული პროექტის განხილვა შეჩერდა

ანტიდისკრიმინაციული პროექტის განხილვა შეჩერდა

ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. სასულიერო პირები დეპუტატებს ანათემაზე გადაცემით ემუქრებიან, პარლამენტში კი, ცვლილებების განხილვა დღეს შეჩერდა.

საპარლამენტო უმრავლესობა ირწმუნება, რომ კანონპროექტზე მსჯელობა ხვალ გაგრძელდება და ამ მიზნით, რიგგარეშე სხდომა გაიმართება, მაგრამ მანამდე, სასულიერო პირებსა და კანონმდებლებს შორის შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართება.

თუ რა შედეგს გამოიღებს აღნიშნული შეხვედრა, ამის პროგნოზი რთულია, რადგან სასულიერო პირებმა კანონპროექტის თაობაზე განმარტებები გუშინ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზეც მოისმინეს, მაგრამ მათ ცვლილებების განხილვის გადადება მოითხოვეს და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

დღეს, სასულიერო პირებმა ქუთაისსა და თბილისში, პარლამენტის შენობებთან საპროტესტო აქციები გამართეს და საკანონმდებლო ორგანოს საქართველოს ეკლესიის ხმის გათვალისწინება მოსთხოვეს, რის შემდეგაც, პარლამენტში თანანმდებობის პირ დეპუტატებს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართა.

როგორც ჩანს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერებმა ცვლილებების განხილვის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს, რაც სისრულეში მოიყვანეს კიდეც, მაგრამ მმართველმა გუნდმა ინიციატივის განხილვის შეჩერების მოტივად ის დაასახელა, რომ გუშინ, ეკა ბესელიას კომიტეტის სხდომა ღამის 12 საათზე დასრულდა და კანონპროექტის კორექტირება ვერ მოესწრო.

უმრავლესობის მიერ დასახელებული ეს მიზეზი საფუძველს მოკლებულია, რადგან კანონპროექტიდან მესამე მუხლის პირველი პუნქტის ამოღება უნდა მოხდეს, რაც პროცედურულად ყველაზე მარტივია.

რაც შეეხება მეორე მიზეზს - თუ რატომ გადაიდო დღეს ცვლილებების განხილვა, ეს უფრო დამარეჯერებელია.

ეკა ბესელიას განცხადებით, „საქართველოში არ არის ის ხელისუფლება, რომელიც სიხისტით და საკუთარი მოსახლეობის განწყობების მიმართ გულგრილობით გამოირჩევა, როგორც ეს წინა მთავრობის დროს ხდებოდა“.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს საზოგადოება და ეკლესია. გვინდა, რომ გადაწყვეტილება რაც შეიძლება მშვიდად, ქვეყნისთვის სასიკეთოდ და საზოგადოების კონსესუსით მივიღოთ. არ გვინდა, არათუ ფარდა ჩამოვუშვათ, კარი ჩავკეტოთ და ეკლესიას და საზოგადოებას არ დაველაპარაკოთ, არამედ პიქიქით, შეხვედრა გავმართოთ. დიალოგისთვის ვართ მზად. კანონპროექტზე ვიმუშავებთ ერთად, ღიად და არა ჩაკეტილ სივრცეში“, - განაცხადა ბესელიამ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ხვალ, სასულიერო პირებსა და დეპუტატებსა შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც სადაო ნორმეზე ისაუბრებენ.

„მზად ვართ, რომ სასულიერო პირებთან დიალოგი გავაგრძელოთ და იმ ადამიანებს ვესაუბროთ, ვინც წუხს და კანონში ისეთ საფრთხეებს ხედავს, რომელიც არ ჩაიდება. ისეთი შედეგები არ იქნება, რომელზედაც საჯარო განცხადებები კეთდება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ დავემსგავსებით, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს არ ელაპარაკებოდა“, - დასძინა კანონმდებელმა, რომლის პათოსსაც იზიარებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, მაგრამ მან ყურადღება კანონპროექტის გადადებაზე გაამახვილა.

კობახიძის ცნობით, კანონპროექტზე მეორე მოსმენით მსჯელობა ხვალ ან ზეგ განახლდება.

„კანონპროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი გუშინ, გვიან ღამემდე მუშაობდა. ამიტომ, საბოლოო ვარიანტი დღეისთვის მზად არ არის. კანონპროექტზე მუშაობას გარკვეული დრო სჭირდება“, - დასძინა კობახიძემ.

მმართველი გუნდის მსგავსად, ანტიდისკრიმინაცილ კანონპროექტს მხარს „ნაციონალური მოძრაობაც“ უჭერს, მაგრამ უმცირესობაში ეჭვობენ, რომ ხელისუფლება კანონპროექტის მიღების პროცესს აჭიანურებს.

ჩიორა თაქთაქიშვილის მოსაზრებით, კანონპროექტის მიღებას ეკლესია ეწინააღმდგება და პრინციპულად აყენებს საკითხს, რომ პროექტში „სექსუალური ორიენტაციის“ ჩანაწერი არ იყოს.

„სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლება კანონპროექტის მიღებას აჭიანურებს. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი უკვე თვეებია ჭიანურდება. ველოდით, რომ პარლამენტი წინა საარჩევნოდ სანამ საქმიანობას შეწყვეტს, კანონპროექტის მიღება მოესწრება“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა, რომლის მსგავს პოზიციაზეა ზურაბ ჯაფარიძე.

ოპოზიციონერი დეპუტატი ეჭვობს, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე უმრავლესობაში დაპირისპირებაა, რის გამოც ცვლილებების განხილვა გადაიდო.

„გაუგებარია, რატომ გადადეს განხილვის პროცესი. ალბათ, უმრავლესობის შიგნით დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ამ კანონით რაიმე ახალი უფლებების შეძენა არ ხდება და ეს მნიშვნელოვანი განაცხადია, რომ ევროკავშირისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ“, - დასძინა ჯაფარიძემ.

საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს თუ არა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ, ცვლილებების მიღება მოხდება, სასულიერო პირები დეპუტატების ანათემაზე გადაცემით იმუქრებიან.

დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებით, წმინდა სინოდს უნდა ეთხოვოს, რომ იმ პირების განკანონება მოახდინოს, რომლებიც ანტიდისკრიმაციულ კანონზე ხელს მოაწერენ.

„განკანონების სხვადასხვა ფორმები არსებობს, ერთ-ერთი ანათემაზე გადაცემაა. იმ პირების ანათემაზე გადაცემას მოვითხოვ, რომლებიც კანონპროექტზე ხელს მოაწერენ. ანათემაზე გადაცემა ადამიანის დაღუპვას არ ნიშნავს, არამედ, შესაბამისი სინანულის შემთხვევაში, პირს შეუძლია დაბრუნდეს ეკლესიაში“, - დასძენს დეკანოზი დავით ისაკაძე.

იქედან გამომდინარე, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ვალდებულება გათვალისწინებულია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით, ხელისუფლების წუხილი გასაგებია, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმაზე წუხან, რომ სასულიერო პირების განაწყენების შემთხვევაში, თვითმართველობის არჩევნებზე, ნინო ბურჯანაძის ბლოკის ქვეშ გაერთიანებული ძალები, რომლებიც ამ ინიციატივას მხარს უჭერენ და რომელთა მერობის კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძეა, ბევრ ხმას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში აღნიშნული პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია, რომლის თანახმად, პროექტის მიზანია, დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა რასის, კანის, ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად.