თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე დღეს ექსპერტებს, არქიტექტორებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და დედაქალაქის ახალი სტრატეგიული კონცეფციის პერსპექტივების შესახებ ესაუბრა.
როგორც ირაკლი შიხიაშვილმა აღნიშნა, აუცილებელია კონცეფციის შექმნაზე გამოცხადდეს კონკურსი და ამასთან, მნიშვნელოვანია, უძრავი წერტილიდან დაიძრას ის პროცესი, რომელიც ქალაქის განვითარების სტრატეგიულ გეგმას ითვალისწინებს.
მისივე ინფორმაციით, ქალაქს განვითარების სტრატეგიული კონცეფცია სჭირდება, რომლის ფარგლებშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იარსებებს და რომლის საშუალებითაც ურთიერთობები სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუციებთან დამყარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ძველი თბილისის და ასევე ქალაქის დიდი ნაწილის გარეშე დავრჩეთ.
ირაკლი შიხიაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ე.წ. ხრუშჩოვკების რეაბილიტაციას უნდა დაეთმოს.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
ექსპერტებმა და არქიტექტორებმა ამ პრობლემებზე საკრებულოს მხრიდან ხმამაღლა და საჯაროდ საუბარი დადებით მოვლენად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ანალოგიური შეხვედრები და მსჯელობები დედაქალაქის დაგეგმარებას მხოლოდ და მხოლოდ წაადგება.
საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის, დავით აბულაძის თქმით, პრობლემა ყოველთვის იმაში მდგომარეობდა, რომ ხელისუფლება არასოდეს უსმენდა პროფესიონალებს. დღეს კი შედგა კომუნიკაცია და შეიკრიბა აუდიტორია, სადაც მოხდა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
აბულაძე მიიჩნევს, რომ ანალოგიური შეხვედრები შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ე.წ. ხრუშჩოვკების თემაზე ისაუბრეს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტის” ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა აღნიშნა, ავარიული სახლებისა და ე.წ. ”ხრუშოვკების” საკითხი მართლაც მწვავედ დგას თბილისელების წინაშე და ამის შესახებ, არასამთავრობო სექტორს კარგად მოეხსენება.
ამასთან, აუცილებელია წინასწარ მოხდეს ქალაქდაგეგმარებითი სამუშაოების განხორციელება, რის მიხედვითაც სწორედ მის ფარგლებში დაიწყება პრობლემებზე მუშაობა.
,,ეს არის გრძელვადიანი სამუშაო პროცესი, რომელიც თუ არ დავიწყეთ შედეგი არასდროს დადგება”, - აღნიშნა რამაზ გერლიანმა.
შეხვედრის დასასრულს გადაწყდა, რომ სამუშაო პროცესი უკვე ხვალიდან დაიწყება და სპეციალისტებთან ერთად მასში საკრებულოს დეპუტატებიც მიიღებენ მონაწილებას.