„დეპუტატები ვალდებულნი არიან ეკლესიის ხმა გაითვალისწინონ“

„დეპუტატები ვალდებულნი არიან ეკლესიის ხმა გაითვალისწინონ“

სასულიერო პირები ხელისუფლებას მოუწოდებენ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი არ მიიღოს. საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის მიღება იქნება შეურაცხყოფა ქართველი ერის, კულტურისა და ზნეობის და თუ ევროპული ოჯახი ქართველებისთვის სიბილწის დაკანონება უნდა იყოს, მაშინ ასეთი ევროპული ოჯახი მათ არ სურთ.

თუ რა საფრთხეებს ხედავენ სასულიერო პირები „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტში, ამის გარკვევის მიზნით, for.ge სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარს, დეკანოზს დავით ლასურაშვილს ესაუბრა:

სასულიერო პირებმა პროტესტის ნიშნად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა დატოვეთ. რა გახდა თქვენი გაღიზიანების მიზეზი?

- დეპუტატებს პატრიარქის პოზიცია შევახსენებთ, რომ კანონპროექტის განხილვის გადადება მოხდეს. კონკრეტული ფაქტიც მოვიყვანეთ, თუ რა საშიშროების შემცველია ამ კანონპროექტის კანონად ქცევა, მაგრამ როგორც ჩანს, დეპუტატები საქართველოს ეკლესიის ხმის გათვალისწინებას არ აპირებენ. სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლების კურსი გრძელდება. თუკი კანონმდებლები ჩვენს აზრს არ მოისმენენ, სხდომაზე ჩვენს ყოფნას, რა აზრი აქვს?!

ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში, თქვენ რა საფრთხეს ხედავთ?

- იურისტი არ გახლავარ და იურიდიული ენით ვერ გესაუბრებით, მაგრამ სულიერი კუთხიდან გეტყვით, რომ ეს კანონპროექტი შემოტანილია იმის გამო, რომ ე.წ. ლგბტ პირების უფლებების ზე წამოწევა და მათთვის ჭარბი უფლებების მიცემა მოხდეს. რაც შეეხება დანარჩენ ე.წ. უმცირესობებს, ისინი მათზე მიყოლებულნი არიან. ამ კანონპროექტს ლობისტები ჰყავს როგორც უცხოეთიდან, ასევე საქართველოდან.

მთავრობა არ მალავს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების ვალდებულება გათვალისწინებულია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით...

- როგორც იურისტებმა გვითხრეს, კვიპროსი და საბერძნეთი ევროკავშირის წევრები ისე გახდნენ, რომ ეს კანონი არ მიუღიათ. ჩვენს კანონმდებლებს ეგებ იმაზე მაინც ეზრუნათ, რომ ამ კანონის მიღების გარეშე გაეკვალათ ღირსეული ადგილი ჩვენი ქვეყნისათვის ევროპულ ოჯახში. თუ ევროპული ოჯახი ჩვენთვის სიბილწის, ჩვენი შვილების გარყვნის დაკანონება უნდა იყოს, მაშინ ასეთი ევროპული ოჯახი არ გვინდა. ტექნიკური და მეცნიერული მიღწევების თვალსაზრისით, ევროპისგან სასწავლი უამრავი რამ გვაქვს, მაგრამ ეროვნული ტრადიციების კუთხით, რაიმე კომპრომისზე წასვლა ჩვენთვის აბსოლიტურად მიუღებელია.

სასულიერო პირები განსაკუთრებით კანონპროექტის პირველ მუხლში არსებულ ჩანაწერებს - „სექსუალური ორიენტაციადაგენდერული იდენტობააპროტესტებთ და ამბობთ, რომ ეს ცოდვის პროპაგანდაა. მმართველი გუნდი კი ირწმუნება, რომ კანონპროექტის მიღება მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ეს ადამიანები დაცულნი იყვნენ და მათი ჩაგვრა არ მოხდეს...

- ყველა ადამიანის უფლებებს თანაბრად საქართველოს კონსტიტუცია იცავს და ამას საკანონმდებლო ბაზა ისედაც უზრუნველყოფს. კიდევ ახალი კანონპროექტის კანონად მიღება კი, მათთვის ჭარბი უფლებების მინიჭებას ითვალისიწნებს და არა მათი უფლებების დაცვას. დეპუტატებს ამის აღიარება უჭირთ. ჩემთან საუბარში არაერთმა დეპუტატმა თქვა, რომ „თქვენი თანამოაზრეები ვართ, მაგრამ“... ეს „მაგრამ“ უცხოურ და ქართულ ლობისტებზე იყო თითის გაშვერა, რომელთა სახელებსაც დეპუტატები არ ასახელებენ. კულუარულად ვიცით, რომ უცხოეთში ევროკავშირია ლობისტი, საქართველოში კი ივანიშვილი და სხვები და სხვები. თუ ადამიანი თავის სათქმელს ვერ ამბობს, ის პარლამენტარი არ უნდა იყოს. მათ ვეუბნებით, პარლამენტი კი არ უნდა დატოვონ, პირიქით, ეროვნული ცნობიერებიდან და რელიგიიდან გამომდინარე მეტი სიმკაცრე შეიძინონ, უმრავლესობის პოზიციაც დაიცვან და მხოლოდ უმცირესობას არ გადაეფარონ. როცა კანონპროექტი ამხელა ვნებათაღელვას იწვევს, მათ საკუთარ ვალდებულებად უნდა ჩათვალონ, რომ კანონპროექტის განხილვის გადადება მოხდეს. კონკორდატიდან გამომდინარე, მათ როგორც ზნეობრივი, ასევე საკანონმდებლო მოვალეობა აქვთ, რომ ეკლესიის ხმა გაითვალისწინონ. ამის გათვალისწინებას კი, ჩვენ ვერ ვხედავთ. დეპუტატები ერთ-ერთ მუხლზე აპელირებენ.

კანონპროექტის მეხუთე მუხლს გულისხმობთ, სადაც ნათქვამია, რომ კანონის ნორმები წინააღმდეგობაში არ უნდა მოვიდეს კონსტიტუციასთან?

- იურისიტები ამბობენ, რომ ეს მუხლი მკვდარი ნორმაა, რომელიც არ იმუშავებს.

როდესაც თქვენ სოდომ-გომორის ცოდვაზე საუბრობთ და კანონპროექტის მიღებას ეწინააღმდგებით, არასამთავრობო ორგანიზაციები უმცირესობის უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს ადამიანები იდევნებიან...

- ეს ადამიანები, 17 მაისს და სხვა დღეებში რომ არ გამოსულიყვნენ, ქუჩის მანიფესტაციების ჩატარება არ განეზრახათ და საკუთარი იდენტობის ფართო ასპარეზი არ მოეთხოვათ, მათ არავინ დაუპირისპირდებოდა. მათი უფლებები არასოდეს არ დარღვეულა. ჩემთან როგორც მღვდელთან არაერთი პირი მოსულა, აღსარება ჩაუბარებია და საკუთარი ქმედებები უნანიებია. არიან ადამიანები, რომლებიც ახლაც მელოდებიან და თავს მძიმე ცოდვის ადამიანებად თვლიან. ზოგიერთი ადამიანი მთხოვს, რომ ცალკე, მშვიდ ვითარებაში დავსხდეთ და ყველაფერი სურს, რომ ამოთქვან თუ საიდან დაიწყო და როგორ მოხდა. მათ სურთ, რომ აქედან გათავისუფლედნენ. ღმერთი მათ დალოცავს და საკუთარ შვილებად აქცევს.

საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონეს. 800 ათასი კაცი გამოვიდა და მათი პროტესტის მიუხედავად, კანონში ერთი ბწკარიც კი არ შეცვალეს. ტრადიციულად მოაზროვნე ფრანგებს ერთადერთი გამოსავალი დარჩათ, რომ შემდგომში ხელისუფლებაში ეს ძალები აღარ მოიყვანონ, თუკი ამას შეძლებენ. გლობალიზაცია საფრანგეთშიც ღრმად შევიდა და ამას გვიქადიან ჩვენც. უარს გვეუბნებიან, რომ ჩვენი იდენტობის რეალიზება მოვახდინოთ. ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. რაც დღემდე ზნეობად ითვლებოდა, იმაზე გვეუბნებიან, რომ ამის საპირწონედ უზნეობა უნდა შემოვიდეს. გეგონებათ ოქრო და ნაგავი ერთნაირად უნდა ფასობდეს.

პარლამენტი ცვლილებების მიღებას გეგმავს. ამის საპირისპიროდ, სასულიერო პირები რა აპირებთ?

- ღმერთმა დაგვიფაროს, რომ გონს არ მოეგონ. თუ კანონპროექტი მიიღეს, ამ ნორმას არასოდეს არ მივიღებთ და ყველგან ვიქადაგებთ, ადამიანის წაბილწვა დაუშვებელია. ეს ადამიანის დაღუპვაა. ეს არის დედამიწაზე ამქვეყნიური ჯოჯოხეთი, ხოლო ამ ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში, რეალურ ჯოჯოხეთში ყოფნა.