„ეს იმ ოპერიდანაა - თბილისიდან ღრუბელ-ღრუბელ რომ ჩავიდა ფოთში“

„ეს იმ ოპერიდანაა - თბილისიდან ღრუბელ-ღრუბელ რომ ჩავიდა ფოთში“

წინასაარჩევნო ციებ-ცხელება უკვე დაიწყო, მართალია ბრძოლა წესების გარეშე, როგორც წინა ხელისაუფლების დროს ხდებოდა სრულ ზენიტში ვერ იქნება, მაგრამ დაპირისპირებული პარტიები ერთმანეთის პროვოცირებისთვის ძალ-ღონეს რომ არ დაიშურებენ, აშკარაა - „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატ დავით ნარმანიას, რომელიც „მზიურის“ დასუფთავების აქციაში მონაწილეობას გეგმავდა, პარკი დასუფთავებული დახვდა. როგორც კი შესაბამისი ანონსი გავრცელდა, მერიის დასუფთავების სამსახურმა, როგორც ჩანს, სასწრაფოდ მოაწესრიგა ტერიტორია.

არსებობდა მოლოდინი, რომ ნაციონალები წინასაარჩევნოდ საკმაოდ დიდ „ნიჭსა“ და „უნარს“ გამოამჟღავნებდნენ და საზოგადოება ამ მოლოდინში არც შემცდარა. რამდენად მძიმე წინასაარჩევნო ბრძოლაა მოსალოდნელი პოლიტიკურ ველზე და რა სავარაუდო შედეგებს უნდა ველოდეთ არჩევნებზე, ამ თემაზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ბატონო ვახტანგ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგალითად, მარნეულშიოცნებიდანკვლავ ნაციონალებში გადანაცვლებულმა ჩინოვნიკებმა ნაგვის გადასახადი გაუზარდეს მოსახლეობას და უკმაყოფილება, როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლების მიმართ წამოვიდა. თქვენი შეფასებით, რამდენად სერიოზული პროვოკაციებია მოსალოდნელი ნაციონალების მხრიდან?

- კონკრეტული ინფორმაციები ჟურნალისტებს უფრო გაქვთ, მაგრამ შემიძლია, შევაფასო ზოგადად, მოსახლეობაში არსებული განწყობა და ამის მიხედვით შევეცადო დასკვნების გაკეთებას. ბუნებრივია, ნაციონალები ფიქრობენ და ეცდებიან, მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვონ. რა თქმა უნდა, რაღაც სქემები მათ ექნებათ და წესით, უნდა ჰქონდეთ კიდეც - ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთმა გადარბენ-გადმორბენებმა ზოგადად, შეცვალოს სურათი.

პრობლემა მე მგონი, უფრო იმაშია, რომ რაკი ოპოზიციამ ვერ მოახერხა გაერთიანება, „ქართული ოცნება“ დარჩა უალტერნატივოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ახლა ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის. „ქართული ოცნება“ ამ ჯგუფს მოწყვეტილია საკმაოდ სოლიდურად. ასე რომ, ნაციონალებმა შეიძლება რაღაცეების გაკეთება სცადონ, მაგრამ ნაკლებად მგონია, ამ მცდელობას მათთვის დადებითი შედეგი ჰქონდეს...

გასულ კვირას მედიაში გამოჟონილი ინფორმაციით, ნაციონალებმა IRI- დაუკვეთეს კვლევა, რომელიც შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა 10%-ზე მეტი არც თბილისსა და არც რეგიონებში არ აქვთ, განსხვავებით სამეგრელო-ზემო სვანეთისგან, სადაც 24% დაუფიქსირდათ. გამომდინარე, თუნდაც ხელისუფლების შეცდომებისგან შესაძლოა მათ რეალური შანსი გაუჩნდეთ ამ არჩევნებისთვის?

- ყველაზე დიდი უბედურება, რაც ნაციონალებს სჭირთ, არის ის, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება მათდამი არ შეცვლილა. მოსახლეობა უფრო მეტად არის გაღიზიანებული დღეს ნაციონალების მიმართ, ვიდრე იყო 2012-ში. შესაძლოა, მაშინ ამის გამოხატვას ერიდებოდნენ და დღეს გამოხატავენ, ამასაც ვუშვებ, მაგრამ დამოკიდებულება მათდამი მკვეთრად ნეგატიურია. ისიც არ მგონია, რომ სვანეთსა და სამეგრელოში მათ 24% ჰქონდეთ, თუმცა იქ არის სპეციფიკური რაიონები.

თუ ნაციონალები 10-15%-ის ფარგლებში მაინც შეძლებენ ადგილობრივ არჩევენებში წარმატების მოპოვებას, ეს მათთვის მაქსიმუმი იქნება. მგონია, რომ ამასაც ვერ შეძლებენ და შესაძლოა, ერთნიშნა ციფრს დასჯერდნენ.

ნამდვილად ასე იქნებოდა, რომ მომხდარიყო და არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანებულიყო. ასეთ შემთხვევაში შემეძლო, გადაჭრით მეთქვა, რომ ნაციონალები მეორე ადგილს ვერ აიღებდნენ მთლიანად საქართველოს მასშტაბით. ძალიან მიჭირს ვივარაუდო, ნაციონალებს რაიმე წარმატება ექნებათ და თუნდაც აგრესიული პიარი პოლიტიკურ ქულებს შესძენს.

ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბურჯანაძე, მაგალითად, მუდმივად აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, მთავარ ოპოზიციურ ძალად ნაციონალები შეინარჩუნოს... თუ ნაციონალებს შანსი არ აქვთ ამ არჩევნებზე, რას შეიძლება ეფუძნებოდეს ბურჯანაძის განცხადებები?

- ის უბრალოდ, წინასწარ იზღვევს თავს იმ შემთხვევისთვის, თუ ისევ მესამე ადგილზე გავა, ეს არის და ეს. თუ ბურჯანაძეს და პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციას უნდოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაენაცვლებინა, „ქართულ ოცნებაზე“ აღარ ვლაპარაკობ, რომელიც სულ სხვა განზომილებაშია და მათზე ბევრად მაღალი რეიტინგი აქვს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტოსაც და არასაპარლამენტო ოპოზიციასაც უნდა გამოეყენებინა ბაზად, მომავალი, 2016 წლის არჩევნებისთვის.

ბურჯანაძეს ასეთი განცხადებების კეთებას ერჩივნა, რაღაცნაირად ემუშავა და ოპოზიცია როგორმე გაეერთიანებინა. მესმის, რომ ბურჯანაძის პარტია არასაპარლამენტო ოპოზიციაში ლიდერი პარტია იყო, მაგრამ თუ ოპოზიციის ლიდერობა უნდოდა, ხელში უნდა აეღო სადავეები და გაეერთიანებინა ყველა.

არ ვიცი, რა შიდა დინებნები იყო კონსულტაციების დროს, მაგრამ ფაქტია რომ გაერთიანება ვერ მოხდა. მაშინ ისიც თქვას ქალბატონმა ბურჯანაძემ, როგორ ინარჩუნებს „ქართული ოცნება“ ნაციონალებს ხელისუფლებაში? - რომ არ დაიჭირა ყველა?

თვითონ უწყობენ ხელს, თუ ხედავდნენ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობდა მათ შენარჩუნებას, მაშინ გაერთიანებულიყვნენ. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში ნამდვილად მოუგებდნენ ნაციონალების მერობის კანდიდატს. ახლა უკვე ხმები უკვე იმდენად არის დაყოფილი ოპოზიციურ ფლანგზე, რომ ნაციონალებს, რომლებსაც ჰყავთ მყარი ჩამოყალიბებული ელექტორატი, გნებავთ სექტა დაარქვით, რაღაც შანსი უჩნდებათ.

ხმები, რომელიც დაკარგა „ქართულმა ოცნებამ“, არ უნდა დაექსაქსათ, ეს უნდა მოეხერხებინა ოპოზიციას და ამ შემთხვევაში ჩაანაცვლებდა „ნაციონალურ მოძრაობას“.

სხვაზე გადაბრალება საქართველოში მიღებული ფორმაა, მაგრამ დღესაც კი, თუ სწორად იმუშავებს იგივე, ბურჯანაძე, შანსი კიდევ არის, რომ ნაციონალებს მოუგოს, მით უფრო, თუ გაერთიანდებოდნენ, ამ შანსს გარანტირებულად მოიპოვებდნენ. თუ მას ჰგონია, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს მოუგებს, არ ვიცი...

ყველასათვის ცნობილი იყო, რომ გაერთიანება იქნებოდა არასაპარლამენტო ოპოზიციის სერიოზული შანსი, როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძლეს თუნდაც დროებითი კოალიციის შექმნა, მიზეზი რა არის?

- ქართული პოლიტიკის უცნაურობა - 2007 წლიდან მოყოლებული, თავადაც ვცდილობდი, რაღაცნაირად ხელი შემეწყო, ოდესმე ოპოზიცია რომ გაერთიანებულიყო, ვერ მოხერხდა ეს, ვერც ადრე, ვერც ახლა. არ ვიცი რატომ ჰგონიათ, რომ დანაწევრებულები უფრო მეტს მიიღებენ, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში, ქართული პოლიტიკისთვის მოულოდნელი დღეს არაფერი ხდება ოპოზიციურ ფლანგზე. რატომ ვერ გამოდის ქართული პოლიტიკური სპექტრი ამ ცუდი ტრადიციიდან დღემდე გაუგებარია.

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო კოორდინირებულია, სააკაშვილიც კი ეხმარება უცხოეთიდან და როგორც ერთ-ერთი ბოლო განცხადებისას თქვა, დასავლეთი მას მხარს უჭერს, ფაქტობრივად, დაჭერას გადაარჩინა, თითი დაუქნია ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ამერიკა უცხოეთში ანგარიშების დაყადაღებით დაემუქრა და ....

- „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება თუ არა ამერიკის მხარდაჭერა, არჩევანს აკეთებს საქართველოს მოსახლეობა და არჩევნებისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობა“ სახელისუფლებო პარტია იყო და ბევრი ისეთი რამ გააკეთა, შეინარჩუნა თავისი მხარდამჭერები - შეინარჩუნა იმით, რომ ყოველთვის ეხმარება და უფრთხილდება თავის პარტიულ აქტივს. გახსოვთ, ალბათ უმუშევრად დარჩენილი გუბერნატორების დასაქმებას როგორ ცდილობდნენ, ფონდები შექმნეს თბილისში და ხაზინიდან თუ ბიუჯეტიდან მათი დაფინანსება არ შეუწყვეტიათ და ა.შ. გარდა ამისა, მათ აქვთ საკმაოდ ძლიერი ფინანსური მდგომარეობა. ამ ყველაფრით ხალხის შენარჩუნება მოახერხეს და ილუზიაც აქვთ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან.

მეორეა, რომ ამ ხალხს წასასვლელიც არ ჰქონდა. ვიღაცეებმა მოახერხეს და „ქართულ ოცნებაში“ გადავიდნენ - სახელისუფლებო პარტიებს ასეთი თვისებები აქვთ, ამგვარ კონსტრუქციებს ინარჩუნებენ. ამიტომაა, რომ საკმაოდ ორგანიზებული სტრუქტურა შერჩათ. რა თქმა უნდა, ეს დაიშლება დროთა განმავლობაში, მაგრამ ამ არჩევნებისთვის ისინი 10-15%-ის ფარგლებში ხმებს მიიღებენ.

ამის წინააღმდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციას უნდა ემუშავა და წარმატებული იქნებოდა მათი მცდელობა თუ გაერთიანებას მოახერხებდნენ. ასე რომ, ამერიკა აქ არაფერ შუაში არ არის.

სააკაშვილი რას ლაპარაკობს, ეს კიდევ სხვა საკითხია. დასავლეთს დღეს „არ სცხელა“, ნაციონალების ლიდერები ციხეში იქნებიან თუ ციხის გარეთ, იმხელა პრობლემა აქვს აკიდებული უკრაინის სახით. ხელშეუხებლობის გარანტია რომ მიეცათ ამერიკელებს, როგორ ფიქრობთ, სააკაშვილი არ ჩამოვიდოდა თბილისში?

სააკაშვილი კონკრეტულ გვარებს ასახელებს, ბაიდენს, რომელიც დიდხანს ესაუბრა მასზე ღარიბაშვილს და ამერიკის ელჩს, რომელსაც წერილი გაატანეს საგარეო საქმეთა სამინისტროში...

- ეს იცით, რომელი ოპერიდანაა? თბილისიდან ღრუბელ-ღრუბელ რომ ჩავიდა ფოთში. რომ უნდოდეს კიდეც დასავლეთს კერძო პირისათვის ანგარიშების გაყინვა, ეს ასე ადვილია? სააკაშვილი ცდილობს, პოპულარობა შეინარჩუნოს. როდესაც პრეზიდენტი იყო, მაშინაც არ ერიდებოდა და რაც ენაზე მოადგებოდა, ტყუილსა და მართალს ერთმანეთში ურევდა. ასეა დღესაც, მას სჭირდება, რომ იყოს პოპულარული. ამიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებს. ვინ მოსთხოვს პასუხს სააკაშვილს? დღეს საქართველოსთვისაც კი არ სცალიათ, ისეთი პრობლემებია შექმნილი მსოფლიოში.

ამიტომ არ მგონია, რომ მის განცხადებებს სერიოზული განხილვა უნდა მოჰყვეს. აკეთებს განცხადებებს და ამით აპელირებს ქართულ საზოგადოებაზე. საკმარისია, ცოტა ხანს გაჩუმდეს, ქართულ საზოგადოებას ის მაშინვე დაავიწყდება, მაგრამ მან ნამდვილად იცის, რომ არ უნდა გაჩუმდეს, რომ მუდმივად იყოს ყურადღების ცენტრში. ისიც იცის, რომ რაც უფრო სკანდალურს იტყვის, უფრო მეტი ეფექტი ექნება.

თუმცა კითხვები მაინც ჩნდება, მკვეთრი განცხადებები კეთდებოდა ხელისუფლების მხრიდან, რომ დაკითხვაზე დაიბარებდნენ სააკაშვილს, თუმცა მას შემდეგ, რაც მან უარი განაცხადა, ხელისუფლება გაჩუმდა და ამ თემას გაგრძელება არ მოჰყოლია... აქედან გამომდინარე, მაინც არის საზოგადოებაში კითხვა, რამენაირად ხომ არ ხდება ნაციონალების ამნისტირება?

- ვერ გეტყვით, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ვერ გათვალა რაღაცეები - შემდეგ უნდა გამოეცხადებინა ძებნა, შემდეგ უნდა დადგეს ექსტრადიციის საკითხი, რომელიც ფაქტობრივად, მიუღწეველია. ამიტომ, ამ ჭაობში შესვლა იმთავითვე არასწორი იყო და შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა. მას უნდა გაეთვალა ყველა ნიუანსი.

რაც შეეხება ამნისტირებას, ეს უკვე გვიანაა. შეიძლებოდა, ორი წლის წინ გაკეთებულიყო, დღეს ხელისუფლება ამით პროტესტის ტალღას არ გამოიწვევს, მაგრამ რეიტინგს დაკარგავს, თუ ამ მიმართულებით წავა.

მგონია, რომ ეს მაინც არის გარკვეული პაუზა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. არჩევნების შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ თუ ხელისუფლება ასეთივე რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას, როგორც დღემდე, მისი რეიტინგი მკვეთრდად და სწრაფად დაიწყებს ვარდნას.

დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალთა დაახლოებით როგორი ბალანსი შეიძლება ჩამოყალიბდეს?

- შეიძლება აქამდე მისვლა გახდეს პრობლემა. დღეს მაინც არის ასეთი განწყობა, რომ ხელისუფლება ბოლომდე ვერ აკონტროლებს სახელმწიფო სტრუქტურების მთელ ვერტიკალს. ამას მოსახლეობაც ხედავს, თუნდაც, თბილისის მერიის მაგალითზე. ამ ყველაფრის გამო საზოგადოება შეღავათებს აძლევს ხელისუფლებას, ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დიდი ალბათობით, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს უმრავლესობით.

ამის შემდეგ პროტესტი თუ ისევ ისე გაგრძელდა, როგორც დღემდე, ეს გამოიწვევს ძალზე ნეგატიურ დამოკიდებულებას ხელისუფლებისადმი და დაიწყება მისი რეიტინგის სწრაფი ვარდნა, რაც შეიძლება, ძალზე ნეგატიური აღმოჩნდეს მისთვის 2016 წლის არჩევნებზე.