თბილისის საკრებულოში ვითარება იძაბება. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. ზუმბაძე ამბობს, რომ საკრებულოს უმრავლესობაში სერიოზული კრიზისია და არ არის გამორიცხული, თბილისის საკრებულოს იმპიჩმენტის საკითხიც დადგეს არჩევნებამდე ორი თვით ადრე და საკრებულოში შეიქმნას ახალი უმრავლესობა.
„საკრებულოს თავმჯდომარე სიტუაციას ვეღარ მართავს, მას უმარვლესობა არ გააჩნია. სწორედ ე.წ. „ხრუშჩოვკების“ აღდგენის შესახებ მემორანდუმთან დაკავშირებით მან უნდა აიღოს პასუხიმგებლობა, სწორედ მემორანდუმის გამო, მე აღნიშნული თანამდებობიდან გადავდგებოდი“, - აცხადებს გულიკო ზუმბაძემ.
დადგება თუ არა თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი საკრებულოში, ამას დრო აჩვენებს. გულიკო ზუმბაძეს ფრაქციის დატოვებით ემუქრება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისელების“ წევრი, კახა ფირუაშვილი. მან ზუმბაძისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვა, მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ზუმბაძემ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც განაცხადა, რომ ირაკლი შიხიაშვილმა წინასაარჩევნოდ საეჭვო გარიგება დადო და „ხრუშჩოვკების“ თემასთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრებმა არაფერი იცოდნენ.
„შიხიაშვილი არაფერ შუაში არ არის, ე.წ. ხრუშჩოვკების თემა თბილისში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და არაბულ კომპანიასთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე ამ პრობლემის გადაწყვეტას ცდილობს“, - აცხადებს კახა ფირუაშვილი.
კოლეგის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ. თბილისის საკრებულოს იურიდული კომისიის თავმჯდომარე დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საკრებულოს რეგლამენტი იდეაში არ იცნობს საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხს.
„ერთადერთი გახლავთ ის, რომ არსებული სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს აქვს უფლება შემოიტანოს განაცხადი საკრებულოში და დააყენონ საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი, მან უნდა გაიაროს კომისიები, შემდეგ ბიურო და შემდეგ უნდა გავიდეს საკრებულოს სხდომაზე. ამ იდეას გაგრძელება არ ექნება, რადგან ჩვენ ერთსულოვნები ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი შიხიაშვილი ღირსეულად დაასრულებს თავისი თავმჯდომარეობის ვადას, როგორც ბოლო პერიოდი ღირსეულად უძღვებოდა საკრებულს.
ვფიქრობ, რომ მართლაც პოლიტიკურია ქალბატონი გულიკოს განცხადება. ეს არის მისი პიროვნული დაპირისპირება მოქმედ თავმჯდომარესთან. გახსოვთ, რომ მან მხარიც კი არ დაუჭირა ირაკლი შიხიაშვილს. არა თუ 17 დეპუტატს, ამის მეორედსაც კი ვერ ნახავას უმრავლესობაში, რომელიც მხარს დაუჭერს მის იდეას. თუ ის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნახავს 16 დეპუტატს ეს მისი პრობლემაა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ჰგავს ჩვენი ოპონენტი კოლეგების და ქალბატონი გულიკოს გამონათქვამები ერთმანეთს. ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად ეს მას დააზიანებს. ქულებს არ მოუტანს, როგორც ის ფიქრობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ჯინჭარაძემ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ გულიკო ზუმბაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძვის, თუმცა ბრალდებას არ ადასტურებს თავად გულიკო ზუმბაძე და აცხადებს, რომ მისი მიზანი საკრებულოს თავმჯდომარეობა არაა.
For.ge. გულიკო ზუმბაძეს ესაუბრა.
ფრაქციის დატოვებით დაგემუქრათ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – თბილისელების“ წევრი, კახა ფირუაშვილი, რომელიც კატეგორიულად ითხოვს თქვენგან ახსნა-განმარტებებს, თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით...
გულიკო ზუმბაძე: ფრაქციის დატოვება, ფრაქციიდან გასვლა, ფრაქციის შექმნა და ა.შ... ეს დეპუტატები სხვადასხვა ფრაქციებში წევრიანდებიან, მერე გადიან, კიდევ ახალ ფრაქციებს ქმნიან... ეს ბუნებრივი პროცესია, აქ ახალი არაფერია და დეპუტატი დეპუტატად რჩება. მე ვფიქრობ, რომ მისი ნაბიჯი სულ სხვა მოტივით არის განპირობებული, უბრალოდ, არ მინდა ამაზე საუბარი.
ჩვენ ვართ დეპუტატები, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას. თუ რომელიმე დეპუტატი დატოვებს პარტიას, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ბუნებრივა „ქართული ოცნება - თბილისელები“ ეს არის ტექნიკური ფრაქცია, არაა ერთგვაროვანი. კახა არ გახლავთ „ქართული ოცნების“ ფლანგი, ის წარმოადგენს სხვა პარტიას. მას შეეძლო აქამდეც გაეკეთებინა ეს განცხადება, მითუმეტეს, რომ საბაბად ჩემს განცხადებას იყენებს, რომელიც აქამდეც არაერთხელ გამიკეთებია.
ის ამბობს, რომ საჯაროდ უნდა დაამტკიცოთ, რას გულისხმობდით შიხიაშვილის კორუფციულ გარიგებებში...
- კორიფციული გარიგება, ასეთი ტერმინი ჩემს განცხადებაში ვერ ვნახე, საეჭვო გარიგება კი ნამდვილად ვახსენე და საზოგადოებამაც ასე იცის. ეს გარიგება მეც მიმაჩნია საეჭვო გარიგებად, ვინაიდან ამ მემორანდუმისა და ინვესტორის შესახებ ბუნდოვანია ინფორმაცია. საზოგადოებას დღესაც აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები და ჩვენ არ გვაქვს ამაზე პასუხები. თავმჯდომარეს ეს უნდა მოეხერხებინა, უნდა გაეცა პასუხი. თუ არ აქვს პასუხი, მაშინ ეს არის შეცდომა, ეს შეცდომა უნდა ეღიარებინა ღიად შიხიაშვილს. ვფიქრობ, რომ აქ უფრო სხვა მოტივი იკვეთება.
შეგიძლიათ დააკონკრეტოთ რა მოტივი იკვეთება?
- გასაგებია, რომ ეს მხოლოდ საბაბია და მეტი არაფერი. შესაძლებელია ზოგიერთი დეპუტატი გაღიზიანებულია იმიტომ, რომ მომავალ საკრებულოში ისინი ვერ ნახავენ საკუთარ თავს, როგორც ეს განაცხადა კოალიციის შტაბის თავმჯდომარემ კახი კალაძემ.
იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ თქვენი და საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს...
- მე მაქვს ჩემი მოსაზრებები. მართალი გითხრათ არც ვუსმენ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებს. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, მიმაჩნია, რომ დეპუტატს შეუძლია გამოთქვას თავისი მოსაზრებები და ამის გამო სადამსჯელო ღონისძიებები არ უნდა განხორციელდეს. ზუსტად ეს არის „ნაციონალების“ ხელწერა - ფრაქციის დაშლა, იმიტომ, რომ დაგსაჯონ განსხვავებული აზრის გამო. ერთი-ერთში ჯდება „ნაციონალების“ მეთოდებთან ირაკლი შიხიაშვილი და ზოგიერთი დეპუტატის, ამ შემთხვევაში, კახა ფირუაშვილის მოქმედება.
ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თქვენ ფიქსირდებით საბურთალოს რაიონის გამგებელთან გია ხუროშვილთან ერთად, რაც მათი თქმით დასტურია იმისა, რომ თქვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ხართ გარიგებაში?
- მართლა სასაცილოა ეს ყველაფერი. ასეთი ბრალდებები მოდის იმიტომ, რომ ღიად ვაფიქსირებ ჩემს კრიტიკულ პოზიციას.
საბურთალოს გამგებელს შეხვდით?
- თითქმის ყველა გამგებელთან ვარ შეხვედრილი. მთავრობის სხდომებსაც ვესწრებოდი იმიტომ, რომ ჩემი დეპუტატის უფლებამოსილება მოითხოვს გამგეობის სხდომებსაც დავესწრო, მათ შორის მთავრობის სხდომას და ვაკონტროლო მათი საქმიანობა. გარკვეულწილად ხუროშვილის საქმიანობა ძალიან საინტერესო იყო და კიდევაც აღვნიშნე მისი საქმიანობის შესახებ. თუ რამე სამართლებრივი გადაცდომა აქვს, ესეც არის სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა, ისევე როგორც შესაძელებელია მომავალში დადგეს რომელიმე ახლანდელი დეპუტატის საკითხიც.
რაც შეეხება ე.წ. „ხრუშოვკების“ საკითხს, რატომ არ გამორიცხეთ შიხიაშვილის იმპიჩმენტის საკითხი. რატომ არ დასვით თუნდაც 3 თვის წინ იმპიჩმენტის საკითხი?
- ჟურნალისტები გვისვამენ კითხვებს და ჩვენ ვცემთ პასუხებს. ჟურნალისტებს აიტერესებთ „ხრუშოვკების“ თემა და მათ შორის ეს მემორანდუმი. საზოგადოება სვამს ამ კითხვებს და ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს. მიმაჩნია, რომ ეს იყო საეჭვო გარიგება და ამაზე შიხიაშვილს პასუხი არ აქვს. თუ პასუხი არ აქვს - აღიაროს. თუ ვაჟკაცობა ეყოფა, ნებისმიერი პასუხისმგებელი ხელისუფალი გადაგება და ამისკენ მოვუწოდე მას.
საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძვით? გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ გაქვთ სურვილი დაიკავოთ საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა...
- ვის რაში სჭირდება ასეთ შემადგენლობაში საკრებულოს თავმჯდომარეობა, მაშინ, როდესაც თვენახევარია არჩევნებამდე დარჩენილი, მაშინ, როდესაც ჩემთვის სხვა პრობლემები რომელიც აქვს მოსახლეობას, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თანამდებობისთვის ბრძოლა?!