პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე მსჯელობას განაგრძობს, სასულიერო პირები კი პროტესტს გამოთქვამენ და ხელისუფლებას პატრიარქის თხოვნის უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ პროექტის განხილვა ოთხი საათის განმავლობაში ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც სასულიერო პირების მიერ სხდომის დატოვებით და თამარ კორძაიას გაკრიტიკებით დასრულდა.
სასულიერო პირებმა კანონპროექტის განხილვის პროცედურის შეჩერება მოითხოვეს, სოდომ-გომორის ცოდვაზე ისაუბრეს და პარლამენტს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის თხოვნის შესრულება მოსთხოვეს.
სხდომაზე სასულიერო პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის დაპირისპირების მიზეზი კანონპროექტის პირველი მუხლი გახდა, სადაც ნათქვამია, რომ პროექტის მიზანია, დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა რასის, კანის, ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
არასაპარლამენტო ოპოზიციამ და სასულიერო პირებმა ამ მუხლიდან არსებული ჩანაწერების - „სექსუალური ორიენტაციისა“ და „გენდერული იდენტობის“ ამოღება მოითხოვეს და უმრავლესობა მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც დეპუტატებმა მათი დარწმუნება სცადეს, რომ აღნიშნულ ჩანაწერში საგანგაშო არაფერია.
დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ ხელისუფლება მკაცრად გააკრიტიკა და დაინტერესდა, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ რომ ეთქვა, ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიიღებდა, რომელი ქართველი მისცემდა ხმას?!
„ეს კანონპროექტი საშინელია და ვინც მას ხელს მოაწერს, ყველა უზნეო იქნება. „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ რომ ეთქვა, ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიიღებდა, რომელი ქართველი მისცემდა ხმას?! ეს ხალხი, ერთს ამბობს, მეორეს აკეთებს. მეორეს ამბობს, მესამეს აკეთებს, ანუ თამაშობენ, ჩვენ კი აქ ამისთვის არ ვართ მოსულები. მათ პატრიარქის თხოვნა არ გაითვალისწინეს. კულუარულად საუბრობენ, რომ ამას მაინც მიიღებენ. მათ კულუარებში ბიძინა ცალკე თითს უქნევს და ესენიც მას ყულმოჭრილი მონებივით ემორჩილებიან“, - განუცხადა for.ge-ს დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ, რომლის პათოსსაც იზიარებს მამა დავით ნოზაძე.
მისი თქმით, კანონპროექტის თაობაზე ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ეს მათი საქმეა.
„ადამიანს ერთხელ უნდა უთხრა, მეორედ და თუ ის მაინც ვერ გაიგებს, აღარ უნდა ელაპარაკო. სამწუხაროდ, ხომ გვაბრალებენ, რომ მოძალადეები ვართ, ჰოდა, სხდომას ვტოვებთ, რადგან ამათ ორჯერ ვუთხარით და მათ კი გაგება არ უნდათ“, - დასძინა მამა დავით ნოზაძემ.
სასულიერო პირებს შორის განსაკუთრებით მკაცრი დეკანოზი დავით ლასურაშვილი იყო, რომლის განცხადებითაც, თუ ეკლესიის პოზიციას ახალი ხელისუფლებაც არ გაითვალისწინებს, ის მათ ლოცვებში ვეღარ მოიხსენიებს.
მისი განცხადებით, სასულიერო პირებს ისე ელაპარაკებიან, თითქოს ისინი არ არიან ინფორმირებულნი ამ კანონპროექტის შესახებ.
„ძალიან კარგად ინფორმირებულნი გახლავართ. საპატრიარქოს თავისი იურისტები ჰყავს, რომლებთანაც უმჯობესი იყო, მანამდე გქონოდათ კომუნიკაცია, სანამ აქამდე მოვიდოდით. ქალბატონმა თეა წულუკიანმა „აღმოჩენა“ გააკეთა, რომ ისეთი ჯგუფები არსებობენ ეკლესიაში, პატრიარქის განცხადების ტონი და სულისკვეთება აღარ მიკვირსო - დაახლოებით ასეთი იყო კონტექსტი. ეს რომ პატრიარქის შეურაცხყოფაა, ამას ვერ გრძნობთ?! როგორ ფიქრობთ, პატრიარქი სხვის ნათქვამზე აკეთებს განცხადებებს?! კინაღამ მარგინალებად გამოაცხადა ქალბატონმა მინისტრმა ეკლესიაში რაღაც ჯგუფები - შეიძლება მეც შევდივარ ამ ჯგუფში. ეკლესიის პოზიცია დგება ეკლესიის სწავლებისა და კანონიკური საეკლესიო სამართლიდან გამომდინარე. თუ ეკლესიის პოზიციას ახალი ხელისუფლებაც არ გაითვალისწინებს, მე პირადად თქვენ ვეღარ მოგიხსენიებთ ლოცვებში“, - აღნიშნა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.
კანონპროექტზე მსჯელობისას, თეა წულუკიანის გარდა, თამარ კორძაიაც გაარიტიკეს, რომელსაც ერთ-ერთმა სასულიერტო პირმა მიმართა: „ამ ქალბატონს, ვინ გასცა პასუხი, რომელმაც პატრიარქზე თქვა, რომ ჯიბეში მანდატის ჩადება უნდაო?!“.
სასულიერო პირს კორძაია გამოეხმაურა და მიუგო „დღეს, ყველანი ისე იქცევით, რომ ჯიბეში ყველას მანდატების ჩადება გსურთ“.
აღნიშნული პასუხის შემდეგ, კორძაია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გაკიცხა: „როცა ეკლესია გჭირდებოდათ, მაშინ ხომ იდექი საკურთხეველთან?“. ბაღათურიას საპასუხოდ, კორძაიამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა, მანამდე კი განაცხადა, რომ სხდომაზე მის „დასჯას“ ითხოვდნენ.
სასულიერო პირებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებების საპასუხოდ, ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მთავრობის საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს კანონპროექტის განმარტება მოსთხოვა და აღნიშნა, რომ პროექტის ინტერპრეტირება ხდება.
კობახიძის მტკიცებით, იმ შემთხვევვაში, თუკი ვინმე დააკანონებს საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას, ის მანდატს დათმობს.
„ამ კანონში საუბარია იმაზე, რომ ის ადამიანები დავიცვათ, რომლებიც ჩვენგან, უმრავლესობისგან განსხვავებულები არიან. სამწაუხაროდ, ასეთი ადამიანები ჩვენს შორის არიან. თუკი ვინმე რამის უფლებებს არღვევს, კანონის ფარგლებში მათი უფლებები უნდა დავიცვათ. რა ვქნათ, ეს ადამიანები დავჩაგროთ?!“, - დასძინა კობახიძემ.
გამოსვლისას კობახიძემ სასულიერო პირები დაარწმუნა, რომ თუკი მათ უფლებებს ვინმე დაარღვევს, მაშინ უმრავლესობა მზად არის, მათი უფლებებიც დაიცვას.
აღნიშნულ პროექტზე მსჯელობა პარლამენტში ხვალ, პლენარულ სხდომაზეც გაგრძელდება, სადაც დეპუტატები პროექტზე მეორე მოსმენით მუხლობრივად იმსჯელებენ.
რაც შეეხება ცვლილებებს, მთავრობის მიერ მომზადებული ცვლილებები ერთი მხრივ, დისკრიმინაციის მსხვერპლთათვის დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობებს განსაზღვრავს, მეორე მხრივ კი, დისკრიმინაციის შემთხვევაში სანქციებს აწესებს.
კანონპროექტით, დისკრიმინაციად ჩაითვლება - ნებისმიერი სახის შევიწროვება, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს პირის ან პირთა ჯგუფისთვის მტრული, დამაშნებელი, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან სხვა სახის შეურაცმყოფებლი გარემოს შექმნას.
ინიციატივით აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს პირის იძულებას, წაქეზებას ან ხელშეწყობას მესამე პირის მიმართ, დისკრიმინაციის განსახორციელებლად.
ცვლილებებით, დისკრიმინაციის საკითხებზე ზედამხედველობას ომბუდსმენი განახორციელებს, რომელიც განიხილავს - იმ პირთა საჩივრებს ვინც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. ამასთანავე, პროექტით, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის მსხვერპლს და შესაძლო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს მოიწვევს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტში სახალხო დამცველის უფლებამოსულების გაწერის პარალელურად, დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებები კონკრეტდება და ნათქვამია, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლებამოსილია სარჩელი შეიტანოს სასამართლოში იმ დაწესებულების, პირის წინააღმდეგ, რომელმაც მისი აზრით დისკრიმინაცია განახორციელა.