მთავრობა საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის რეფორმირებას იწყებს. სასჯელზე შეთანხმება, როგორც საპროცესო შეთანხმების ერთ-ერთი ფორმა, უქმდება. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან დაკავშირებით ამ ცვლილებებს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს უკვე წარუდგინა. თუმცა, ჯერ-ჯერობით განხილვა არ დაწყებულა.
იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმება ვეღარ იქნება თავისუფლებასა და ფულს შორის ვაჭრობის საგანი. თეა წულუკიანმა იმ ძირითად სიახლეებზე ისაუბრა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით კანონში უნდა ჩაიწეროს.
„ჩვენ, როგორც დავპირდით, საზოგადოებას, ჩავატარებთ და ბოლომდე მივიყვანთ რამდენიმე კვირაში საპროცესო შეთანხმების რეფორმას. საპროცესო შეთანხმება ამიერიდან ვერასოდეს ვეღარ იქნება თავისუფლებისა და ფულს შორის ვაჭრობის, გაცვლის საგანი. მთავარი სიახლეები არის შემდეგი - იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაა, კანონში ჩაიწეროს საპროცესო შეთანხმების გარშემო პროკურორსა და ბრალდებულს შორის მოლაპარაკებების შინაარსი და ეს იქნება გაფორმებული ოქმით.
გამჭვირვალე უნდა იყოს მთლიანად ეს პროცესი, მოსამართლის როლი უნდა გაიზარდოს, თუმცა საპროცესო შეთანხმებას უფრო მნიშვნელოვანი როლი უნდა დაუთმოს პროკურატურამ იმ გაგებით, რომ გამოიყენოს საპროცესო შეთანხმება იქ, სადაც არის მართლმსაჯულების საუკეთესო ინტერესისთვის საჭირო.
პატარა და უმნიშვნელო სისხლის სამართლის საქმეები არ უნდა მივიდეს მოსამართლემდე. ეს ფენომენი, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ძალიან გვჭირდება. ბრალდებულს ბევრ საქმეში სპაროცესო გარიგება ხელს აძლევს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ფულის სანაცვლოდ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ სასჯელეზე შეთანხმება პრქტიკაში თითქმის არ გამოიყენებოდა, რადგან პროკურატურა ამბობდა, რომ თუ საპროცესოა, მაშინ დანაშაული უნდა აღიაროო.
„მიუხედავად ამისა, როცა კოდექსში შეთანხმება დევს, კარგია. თუმცა, არსებობს განსაკუთრებული პირობები, როცა სასჯელთა შეთანხმება ისე ხდება, რომ ბრალის აღიარება არ ხდება. გაუქმების შემთხვევაში, პრაქტიკული თვალსაზრისით, არაფერი შეიცვლება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილი და აქვე აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმება თუ გაუქმდება, ამას ნამდვილად არ ეთანხმება.
სამართლის ექსპერტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ სასჯელი, თავისი არსით და შინაარსით, გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრით, დაკავშირებულია სასამართლო კომპეტენციასთან. მისი თქმით, თუ გავითვალისწინებთ არსებულ პრაქტიკას, როდესაც სასჯელზე შეთანხმების დროს შინაარსობრივად სასამართლოს მიღმა წყდებოდა ეს საკითხი, ამ მიმართულებით ეს კანონპროექტი მხარდასაჭერია.
„თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ასე უპირობოდ შეიძლება იყოს მისაღები სასჯელთან დაკავშირებული შეთანხმების გაუქმება. დასავლეთის ქვეყნებშიც არის ასეთი ორი ფორმა, მაგრამ იქ სასამართლოს კონტროლია ძალიან მაღალი. იგივე, დაზარალებული მხარის ჩართულობაც საკმაოდ მაღალია. ეს ყველაფერი ხდება სასამართლოს კონტროლქვეშ. მხარეები შეიძლება რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ეს სასამართლოსთვის უპირობო არაა, სასამართლო ამბობს საბოლოო სიტყვას.
თუკი ბრალზე შეთანხმება დარჩება ჩვენს კანონმდებლობაში, მაშინ სასჯელზე რა უნდა ქნას სასამართლომ, როგორ უნდა იმსჯელოს? ორი უკიდურესობა არ უნდა გამოგვივიდეს. მაგალითად, კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებაში წარიმართა გამოძიება და იმის გამო, რომ ბრალდებულის მიმართ სხვა ბრალის დამამძიმებელი ფაქტი არ გამოვლენიყო, მოხდა ბრალის აღიარება. სასამართლომ ამ შემთხვევაში რა კრიტერიუმით უნდა მოახდინოს სასჯელის ინდივიდუალიზაცია, რაც კრიმინალისტიკაში უმთავრესია?! ვფიქრობ, რომ კომპლექსურად უნდა იყოს ეს ყველაფერი გააზრებული“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
მისი თქმით, კარგია, რომ დღეს ხელისუფლება ზრუნავს სასამართლოს ჩართულობაზე და სასამართლოს მნიშვნელობით პროცესის წარმართვაზე.
„მაგრამ, უფრო კარგი იქნებოდა, რომ დღევანდელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, მოწმეთა დაკითხვა სასამართლოში და იგივე, დაცვის მხარის საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს მეშვეობით ჩატარების უფლება რომ გვქონდეს. მერწმუნეთ, სასამართლო კონტროლის, ხარისხის თუ დემოკრატიის თვალსაზრითის, ეს ორი მომეტი არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.
პროფესორი გია მეფარიშვილი მიიჩნევს, რომ რამდენიმე საკითხი აუცილებელ გადაჭრას მოითხოვს და კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, სანამ გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მისი თქმით, როდესაც 2004 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროცესო შეთანხმება შემოიტანა, მაშინ ისინი არ ფიქრობდნენ ამ კანონმდებლობის ჰუმანიზაციაზე და არც იმ კეთილშობილ იდეაზე, რომელიც ბრალის აღიარებით იყო შემოღებული ამერიკულ კანონმდებლობაში.
„გარიგება ბრალის აღიარებით, რომელიც რეალური სახელწოდება გახლავთ საპროცესო შეთანხმებისა, ამერიკულ კანონმდებლობაში დაინერგა ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ განტვირთულიყო ამერიკული სასამართლოები მოზღვავებული სისხლის სამართლის საქმეებისგან. ეს იყო ჰუმანური იდეა, რომელსაც კარგად მოფიქრებული სამართლებრივი სისტემა დახვდა.
რა ვქენით ჩვენ? - 2004 წლიდან საპროცესო შეთანხმება იყო პოლიტიკური ანგარისწორების და ბიუჯეტის გამდიდრების ლეგალური წყარო. 2010 წელს საპროცესო შეთანხმებების წყალობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული იყო 109 მილიონი ლარი, 2011 წელს მათი რაოდენობა 90 მილიონ ლარამდე იყო. ამერიკული კანონმდებლობა საპროცესო შეთანხმებას ხაზინის შესავსებად არ იყენებდა. ჩვენ სულ სხვა დატვირთვა მივეცით და გამოვიყენეთ ხაზინის შესავსებად“, - ამბობს მეფარიშვილი.
მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინაპირობა იყო საპროცესო შეთანხმების საკითხის გადახედვა და დარწმუნებული იყო, რომ ჩვენი კანონმდებლები სხვა მიმართულებით წავიდოდნენ.
„ეს არის ტრაგედია, ნუთუ ამას ვერ ვხედავთ და ნუთუ ამის შეთანხმება არ შეგვიძლია. არ შეიძლება თავისუფლების ხარჯზე აუქციონი იყოს გამართული. ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს კანონის ხარჯზე. ამას მიამატეთ მეორე საკითხი და ყველაზე მნიშვნელოვანი - გამოძიების ხარისხი საერთოდ განადგურდა. როდესაც სასამართლოს დამოუკიდებლობაში მოქალაქე ეჭვს შეიტანს, ის ყველა შემთხვევაში ცდილობს, თუნდაც მართალი იყოს, საპროცესო შეთანხმებით გავიდეს იოლად და რაღაცა გარკვეული თანხა გადაუხადოს, ანუ როგორც ამბობენ „მიაშავოს“ სახელმწიფოს.
რას ვაკეთებთ, ისევ ამ მიმართულებით მივდივართ? ნუთუ არ შეიძლებოდა ევროპული გამოცდილების გაზიარება, ნუთუ არ შეიძლებოდა იურიდიული მეცნიერების მონაცემების გაცნობა და შემდეგ მიგევღო ეს გადაწყვეტიელბა? თუ ვინმე ამბობს, რომ ევროპაში ასეთი გამოცდილება არის, ის მიქარავას. არა ბატონო, ევროპული სამართლებრივი სივრცისთვის ასეთი ფორმით, თუნდაც ასეთი „გაკეთილშობილებული“ ვარიანტიც მიუღებელია“, - ამბობს გია მეფარიშვილი და აბსოლუტურად სხვა მიმართულებას სთავაზობს ქართველ კანონმდებლებს.
„იქნებ გვეფიქრა, რაც შეიძლება მეტი მკაცრი რეპრესიული სისტემების ლიბერალიზაციაზე, მაგრამ არა ამ გზით და ამ ფორმით. ამერიკაში თუ მოქმედებს, ნუ გავიწყდებათ, რომ იქ ალტერნატივის წინაშეა ბრალდებული. თუ კონკრეტული ბრალდებული აღიარებს ბრალს და საპროცესო შეთანხმებას ითხოვს, ეს არის ერთი მხარე, მაგრამ არის მეორე მხარე - თუ არ აღიარებს, მაშინ ის ნაფიც მსაჯულთა წინაშე წარსდგომის უფლებით სარგებლობს.
ჩვენთან ეს როგორ არის კომპენსირებული? - არაფრით. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შემოღებული გვაქვს, მაგრამ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის საქმეებზე. ის არ ეხება საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ყველა დანაშაულს, რაც თავისთავად ნონსენსია. ვურჩევდი ქართველ კანონმდებლებს, იქნებ დაფიქრებულიყვნენ ამ ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ ვაკეთილშობილებთ იმას, რაც დაუყოვნებლივ უნდა იქნას ამოშანთული ქართული საკანონმდებლო სივრციდან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გია მეფარიშვილი.