ევროკავშირის 28 ქვეყნის დიპლომატებმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ მოილაპარაკეს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციები კიდევ 15 მაღალჩინოსანს შეეხება - მათი ევროპული ანგარიშები გაიყინება და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს ევროკავშირის რეაქციას უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში დეესკალაციის მხრივ არასაკმარისი ძალისხმევისთვის. პირთა ვინაობა, ვისაც დამატებითი სანქციები შეეხება, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
მანამდე ევროკავშირის სანქციები უკვე შეეხო რუსეთისა და უკრაინის 55 მოქალაქეს. სანქციების ე.წ. „მესამე ეტაპი“, რომელიც რუსეთის იზოლირებას ითვალისწინებს საფინანსო ბაზრებისგან და მის ეკონომიკაზე სერიოზულად იმოქმედებს, ეკონომიკური შედეგების გამო ჯერ არ ამოქმედდება.
თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ რუსეთის იზოლირება არასწორი არჩევანია. გიორგი მარგველშვილმა პრაღაში ვიზიტისას, სააგენტო „Associated Press“ - სთან საუბრისას განაცხადა, რომ იზოლირება რუსეთს კიდევ უფრო აგრესიულს, არაპროგნოზირებადსა და სახიფათოს ხდის.
„არ ვფიქრობ, რომ სწორი არჩევანი იყოს რუსეთის გარიყვა და მასთან ურთიერთობების გაწყვეტა, ვინაიდან იზოლირება რუსეთს კიდევ უფრო აგრესიულს, არაპროგნოზირებადსა და სახიფათოს ხდის. მიმაჩნია, რომ ამის მაგივრად დიპლომატებმა ნათლად უნდა განუმარტონ რუსეთს, რომ ურთიერთობები მეზობლებსა თუ სხვა ქვეყნებს შორის მსოფლიოში სამხედრო ინტერვენციაზე არ არის დამყარებული“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის ამ განცხადებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ქართველ ექსპერტებში. ექსპეტრი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ერთადერთი, რითაც რუსეთის გაჩერება შეიძლება, ეს მისი იზოლირებაა.
„დამთავრდა ის რესურსი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოიყენა რუსეთის დასაშოშმინებლად. მე არ ვსაუბრობ სამუდამოდ რუსეთის იზოლაციაზეა, მაგრამ სანამ რუსეთი არ შეიცვლის პოლიტიკას, საჭიროა მისი იზოლაციისკენ მიმართული პოლიტიკის გატარება. მთლიანად რუსეთის იზოლირება შეუძლებელია და, რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდება, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია და ისეთ საკითხებში, სადაც შესაძლებელია, აუცილებელია ამის გამოყენება. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთად უნდა დადგეს და შეაჩეროს რუსეთის ასეთი თავხედური ქმედება და დამოკიდებულება“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ მარგველაშვილს უნდა დაეკონკრეტებინა რას გულისხმობდა. რადგან რუსეთი თუ ძალიან გამწარდა, არაა გამორიცხული, ისევ ჩვენ მოგვადგეს. ამიტომ, ექსპერტის განცხადებით, პრეზიდენტს ურჩევნია, რომ რუსეთთან რაღაცნაირად დაამშვიდოს ვითარება.
„ამ ეტაპზე დასავლეთს სხვა გზა არ რჩება. თუ ისინი რუსეთს დაადებენ საქციებს, ამის პარალელურად თუ ჩვენ მივიღებთ უსაფრთხოების გარანტიებს, აი, მაშინ, ეს ყველაფერი იქნება იდეალური. ამ ეტაპზე ეს სიტუაცია იდეალურად სულაც არ მეჩვენება. ბუნებრივია, კარგია, რომ დასავლეთი იყენებს სანქციებს რუსეთის მიმართ, მაგრამ ისევ და ისევ, ჩვენ ვართ ძალიან საშიშ მდგომარეობაში. ამას თუ არ მიეხედა, ეს იქნება ძალიან არასწორი საქციელი“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
მისივე განცხადებით, საქართველომ რაღაც დონეზე ყველა მიმართულებით უნდა მოითხოვოს რაღაცა გარანტიები - თუნდაც ამერიკელი სამხედროების ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა მიაღწიეს პოლონეთში და ბალტიისპირეთში.
„თუ ამას ვერ მივაღწევთ და ისევ ისე, ჰაერში გამოკიდებული დავრჩებით, ჩვენ არც ერთი სამხედრო ალიანსის წევრი არ ვართ და, სომხებისგან განსხვავებით, რომელსაც რუსეთი იცავს, აბსოლუტურად დაუცველები ვართ. ამ ვითარებაში კი, როდესაც რუსეთს დაადებენ სანქციებს, ჩვენ შედარებით ფრთხილად უნდა ვიყოთ. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ დაუცველები ვართ და რაღაცნაიარად თავი არ უნდა შევახსენოთ. მართალია, ის გვიხსენებს ხოლმე ძალიან ხშირად, მაგრამ ჩვენ ამ ეტაპზე საბაბი არ უნდა მივცეთ. რამდენად მოვახერხებთ ამას, არ ვიცი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.