აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში ანტიდასავლური მოძრაობა დაიწყო

აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში ანტიდასავლური მოძრაობა დაიწყო

რუსეთის ფედერაციამ საქართველოში, შვეიცარიის საელჩოს დახმარებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონისა და საქართველოს რუსულენოვან მოსახლეობაზე, რუსეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობების გამარტივებული წესით გაცემის შედეგ, მეორე გეგმა აამოქმედა. კერძოდ, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობაში ახალი პროვოკაციული, ანტიდასავლური მოძრაობა დაიწყო.

გარკვეული ადამიანების ჯგუფი, მათ შორის დევნილებიც, აქტიურად დადიან აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის დასახლებებში და ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საქართველო თუ მიუერთდება რუსეთს, აფხაზეთი დაბრუნდება. როგორც ირკვევა, გაურკვეველი სტატუსის მატარებელი ადამიანები, პრორუსულ პროპაგანდას დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებაში დაახლოებით ორი თვეა ეწევიან.

ამ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, პაატა დავითაიაც ადასტურებს. მისი ინფორმაციით, პერმანენტულად ხდება ამგვარი აზრის მასებში გავრცელება. დავითაიას განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები ანგარიშს უწევენ იმას, რომ აფხაზეთის დევნილებს გამოცდილება აქვთ საბრძოლო მოქმედებების და ომი რომ დაიწყოს, მათ წინააღმდეგ იომებენ. დავითაიას თქმით, სპეცსამსახურების პრევენცია ის არის, რომ ძალა, ვინც შეიძლება იარაღი აიღოს ხელში, თავისი იდეოლოგიით გაანეიტრალოს და ეს მუშაობა დაწყებულია.

„ხელისუფლებას თუ გონია, ეს ლოიალობა მას ხელს შეუწყობს რუსეთთან ურთიერთობაში, მაშინ გაიხსენოს, რომ იანუკოვიჩს რუსეთის წარმომადგენლები ყავდა უშიშროებაში, სამთავრობო დაცვაში, პარლამენტში, ბაზები დაუკანონა და რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. მითხარით, რა შედეგი მიიღო, მას დღეს მოსკოვშიც კი არ ღებულობენ. საქართველოში რუსული ძალის გარკვეული ფორმით შემოსვლისთვის მიმდინარეობს ფონის შემზადება, ხელისუფლების უსუსრება კი მდგომარეობს იმაში, რომ ამ პროცესს ხელს უწყობს“, - აცხადებს პაატა დავითაია.

ფაქტის კომენტირებისთვის for.ge ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წვერებს დაუკავშირდა, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ექსპერტები კი თვლიან, რომ ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა აღკვეთოს ე.წ. „მოხალისეების“ ჯგუფის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რომლებიც ემსახურებიან ოკუპანტებს.

გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ეს არის კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც აქტიურად გამოიყენება.

„პირველი შემთხვევა არაა, რომლის შესახებაც მესმის. ესენი არიან ე.წ. „საზოგადოებრივი ორგანიზაციები“, ე.წ. „მოხალისეები“, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებიან რუსეთის ფედერაციიდან. ჩვენ თუ ჩავხედავთ იმ სახელმწიფო დოკუმენტებს, რომელიც მათ გააჩნიათ, ეს არის თანამემამულეებთან მუშაობის ხუთწლიანი პროგრამა, ეს არის საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, „რუსკი მირის“ კონცეფცია და ა.შ. ღია დოკუმენტებზე მაქვს ლაპარაკი.

ამ ორგანიზაციების საქმიანობა გაწერილია იმ დოკუმენტებში, რომლებსაც ოფიციალურად ამზადებს და ადასტურებს რუსეთის ხელისუფლება. ეს არის რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკა და არა რომელიმე ორგანიზაციის თვითშემოქმედება“, - ამბობს ფხალაძე.

მისივე განცხადებით, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ე.წ. „მოხალისეებისგან“ შემდგარი 5-6 კაციანი ჯგუფები, დადიოდნენ აფხაზეთის მაღალმთიან სოფლებში, მოსახლეობას ანკეტებს ავსებინებდნენ და ამის შემდეგ კი აძლევდნენ რუსეთის პასპორტს. მისივე განცხადებით, დღეს ისტორია მეორდება, რაც ძალიან საშიში პროცესია.

„ეს სახიფათოა. ვიცი ეს ყველაფერი როგორ ხდებოდა უკრაინაში. სწორედ, ანალოგიური „მოხალისეები“ იყვნენ იქაც. ვიცი როგორ მუშაობენ მსგავსი ჯგუფები, როდესაც ვამბობ ვიცის, ეს მოსმენილი კი არ მაქვს, მართლა ვიცი როგორ მუშობდნენ მსგავსი ჯგუფები ბალტიის სახელმწიფოში. განსაკუთრებით ლატვიაში რუსულენოვან მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ არ აეღოთ ლატვიის მოქალაქეობა და პასპორტი, ჩვენ დაგეხმარებითო. იგივე მეთოდოლოგია ხორციელდება აქ.

ძალიან კარგად მახსოვს, სხვათაშორის „მოხალისეები“ იყვნენ 5-6 კაციანი ჯგუფები, რომლებიც აფხაზეთის მაღალმთიან სოფლებში დადიოდნენ ანკეტებს ავსებინებდნენ მოსახლეობას და მერე იმ ხალხს აძლევდნენ რუსეთის პასპორტს. ეს ძალიან საშიში პროცესია. ამას უნდა მიექცეს ძალიან დიდი ყურადღება. ჩვენ არც „კუდიანებზე“ ნადირობა უნდა დავიწყოთ და არც უნდა გადავუხვით იმ სამართლებლივ ჩარჩოებს, რაც უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ სახელმწიფოებს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა იქნას აღკვეთილი ქვეყნის და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდა.

ყველას აქვს აზრის გამოხატვის საშუალება, მაგრამ იმავდროულად, ისევ და ისევ, ნებისმეირი დემოკრატული ქვეყნის კანონმდებლობით, აკრძალულია ის ქმედებები, რომელიც მოუწოდებს ქვეყნის ინტერესების შეცვლის საწინააღმდეგოდ. როდესაც პროპაგანდა ეწევა ოკუპანტ ძალას, ეს არის საშიში სახელმწიფოებრიობისათვის. ეს ძალიან კარგად უნდა იქნას გათავისებული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, იმიტომ, რომ ემსახურები ოკუპანტს, უნდა იქნას აღკვეთილი“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილის განცხადებით,  ე.წ. მეხუთე კოლონას სწორედ დევნილებზე აქვთ გათვლა გაკეთებული.

„დევნილები არიან ის სამიზნე ჯგუფი, რომელზეც გათვლა აქვს გაკეთებული იმ მეხუთე კოლონად წოდებულ, უკეთეს შემთხვევაში, გონებაშეცდენილ ადამიანებს. რასაკვირველია, დევილთა დასახლება ის სივრცეა, სადაც მრავალწლიანი ტანჯვით გაწვალებული ადამიანები, მარტივად წამოეგებიან ასეთ მოწოდებას, რომ რუსეთი მხსნელია, თითქოს, ვაშინგტონმა ან ბრიუსელმა დაიპყრო აფხაზეთი.

საუბარი იმაზე, რომ რუსეთი დაგვიბრუნებს რამეს, ჯერ უნდა ვეცადოთ, რომ მოვისმინოთ თავად რუსეთის ხელმძღანელობისგან, რომლებიც ჯიუტად საუბრობს იმაზე, რომ არავითარ შემთხვევაში არ გადახედავენ ახალ რეალობას. მხოლოდ ერთიანაობა ქართული საზოგადოებისა და სიმტკიცე, იქნება საფუძველი წარმატებული პერსპექტივისთვის“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.