[მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი]
26 თებერვალს "ქართულმა პარტიამ” რუსთავში საქალაქო ორგანიზაცია დააფუძნა. ქალაქის, ქიმიკოსთა კულტურის სახლის დარბაზი, პარტიის აქტივისტებმა ღონისძიების დამწყებამდე შეავსეს. მოგვიანებით მოსულებს, ფეხზე დგომა მოუწით. "ბლომად მოსულა ხალხი”- რუსთაველებს, თვითონ უკვირდათ საკუთარი სიმრავლე.
მათი გაოცება უსაფუძლო არ იყო; ქვემო ქართლში კარგა ხანია ოპოზიციონერებს არა თუ დარბაზის გავსება, არამედ პარტიის ძირითადი აქტივის შემოკრება უჭირთ.
"ქართული პარტია,” ადგილობრივთა ასეთ აქტიურობას ხელისუფლებას უმადლის. "მიუხედავად იმისა, რომ რეგიონების მოსახლეობაში დიდია შიშის ფაქტორი, ისინი მაინც გამოხატავენ პროტესტს.
თანამოაზრეების პოვნა არ არის რთული, რადგან ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოთა რიცხვი დღითიდღე მატულობს. ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი. ყველა ავტორიტარული რეჟიმი ადრე, თუ გვიან მთავრდება. ეს ქვეყანა სააკაშვილით არ დაწყებული და არც მისით მთავრდება". - საუბრობს ,,ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ხორგუანი.
“რუსთავში, ბევრმა ორგანიზაციამ დარბაზის დათმობაზე უარი გვითხრა, თუმცა შეკრებისთვის ადგილი მაინც ვიპოვეთ. ასევე შევძლებთ, ყველა დაბრკოლების გადალახვას”, – დასძენს ხორგუანი.
“ქართული პარტიის” საქალაქო ორგანიზაციის დაფუძნებას, პარტიის თავჯდომარე, სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი ესწრებოდნენ. თავისი გამოსვლის ბოლოს კიწმარიშვილი მთავრობის შეცვლის კონკრეტული დროის განსაზღვრას შეეცადა.
ეროსი კიწმარიშვილი: "მე ყველაზე მეტად თქვენ წინაშე მიჭირს გამოსვლა. ეს არის ქალაქი, სადაც გავიზარდე და სადაც ცხოვრობენ ჩემი ახლობლები, მეგობრები და კლასელები. ეს დარბაზი კი არა, ბევრად უფრო დიდი დარბაზი გაივსებოდა დღეს, რომ არა ის შიშის ფაქტორი, რომელიც მოსახლეობას აქვს.
მიჭირს თქვენ წინაშე გამოსვლა, რადგან ვიცი რა გაჭირვებაშიც ცხოვრობთ. ვფიქრობ იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთო იმისთვის, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს.
ასევე ვფიქრობ იმაზე, რაც წარსულში გამიკეთებია. დიდი ხნის წინ, ჩემ მეგობრებთან ერთად მე შევქმენი "რუსთავი-2”. ვფიქრობდი, რომ ამ საქმით დიდ სიკეთეს მოუტანდი ჩემ ქვეყანას. დღეს კი ეს ტელევიზია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ავადსახსენებელია.
2003 წელს კი მე და ჩემმა მეგობრებმა გავაკეთეთ "ვარდების რევოლიცია” და მეგონა, რომ შევარდნაძის 30 წლიან მმართველობას თუ დავამთავრებდი, ამით ყველაფერი კარგად იქნებოდა. მივიღეთ უარესი.
ის, რასაც დღეს "ქართული პარტია” ჰქვია, არის ჩვენი წარსული შეცდომების და გამოცდილების შედეგი. ვისწავლეთ ჩვენ შეცდომებზე და ჩვენ გაკეთებულ კარგ საქმეებზეც.
შეხედეთ თქვენ სადარბაზოებს, სამეზობლოს და სამეგობროს, რამდენი ადამიანია უცხოეთში გადახვეწილი? კიდევ, რამდენი თქვენგანი წავიდოდა, საკუთარი ოჯახის სარჩენად უცხოეთში? ეს არის, ის რაც თავისი მმართველობით, მოიტანა სააკაშვილის რეჟიმმა.
მეტალურგიული ქარხანა, რომელსაც ღობე შემოარტყეს და ჯართად გაყიდეს – საბოლოოდ განადგურდა. რუსთავი აღარაა მეტალურგთა ქალაქი. არაფერს ვამბობ, უამრავ პრივატიზებულ საწარმოზე, სადაც ქართველებს მონებივით ამუშავებენ. ჩამოყვანილ უხოელებ მუშახელს კი სხვა პირობებში ამყოფებენ.
ყველა თქვენგანს აიტერესებს, როდის შეიცვლება ეს უიმედობა და უპერსპექტიობა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ვადა არის თქვენი დასათქმელი. ჩვენ თქვენთან ერთად ვამბობთ, რომ წელს ჩვენ ეს შეგვიძლია.” – განუცხადა რუსთაველებს ტრიბუნიდან ეროსი კიწმარიშვილმა.
რეგიონებში აქტივისტების შემოკრების აუცილებლობაზე სოზარ სუბარმა ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილის არასწორი და არარაციოანლაური პოლიტიკის წყალობით ქვეყანა ჩაება ომში. სუბარი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან გამუდმებით იმისა დემონსტრირება, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაშია, ეკონომიკაზე დამღუპველად მოქმედებს. მისი თქმით არავის სჭირდება პოლიტიკური, სადამსჯელო პოლიცია - ქვეყანას მხოლოდ დემოკრატია სჭირდება.
"გასულ კვირას, 4 რაიონული ოფისი დავაფუძნეთ. ჩვენი მიზანია ყველა რაიონში, სოფელსა და ქალაქში გვქონდეს ოფისი და გვყავდეს 50 000-მდე თანამოაზრე.
ხალხი გვეკითხრება, ჩვენ რომ გამოვიდეთ საპროტესტო აქციებზე, თქვენ ბოლოს უკან ხომ არ დაიხევთო. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ დავიხევთ უკან. ერთიანობის და თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას ვადამდელი არჩევნებისთვის” – უთხრა რუსთაველებს სოზარ სუბარმა.
რუსთაველი დედების ვალი 42 000 ლარს სცილდება
3 მარტს დედის დღეს საქართველოს რეგიონებშიც აღნიშნავენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომაფგენლები ყვავილებით და ტკბილეულით, მრავალშვილიან დედებს სტუმრობენ. მრავალშვილიანი დედების საპატივცემლოდ სხვადასხვა სახის ღონისძიებები ეწყობა. რუსთაველი დედები კი დედის დღეს, 3 მარტს, პრობლემებით ხვდებიან.
ბოლო ორი წელია, აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ სულ უფრო მატულობს დედების რიცხვი, რომლებიც სამშობიაროებში მშობიარობის თანხას ვერ იხდიან. ასეთ დედებს პრობლემები სამშობიაროს ადმინისტრაციასთან ექმნებათ. მათგან, ბუნებრივი და ზოგიერთ შემთხვევაში საკეისროს კვეთის, ოფიციალური საფასურის გადახდას ითხოვენ.
"ჩვენ სამშობიაროში, მშობიარე დედების ვალი 42 000 ლარზე მეტია. როცა ორსული ქალბატონი მოდის, ბუნებრივია, ემსახურები მას, მაგრამ ოფიციალური გადასახადის გადახდა, ხომ აუცილებელია?! მე, ხომ არავინ მპატიობს წყლის, ელექტროენერგიის და სხვა სახის გადასახადს. ამას კი გადახდა უნდა და წესით, ეს ხარჯები პაციენტმა უნდა დაფაროს.
ჩვენთან ბუნებრივი მშობიარობა 500 ლარი ღირს. ამ თანხიდან სოციალურად დაუცველებს 400 ლარს სახელმწიფო უხდის. ხშირად, ამ 100 ლარის დამატებაც პრობლემა ხდება. საკეისრო კვეთა 800 ლარი ღირს. ამ შემთხვბევაში 400 ლარს იხდის პაციენტი.
ჩვენი სამშობიარო კერძოა და თვითდაფინანსებაზეა, ამიტომ ჩვენთვის რთულია ასეთ პირობებში მუშაობა”- საუბრობს რუსთავის სამშობიაროს მთავრი ექიმი, საშა ბარავკოვი.
აღნიშნულ სამშობიაროს პაციენტები მთელი რეგიონის მაშტაბით ყავს. ხშირად გარდაბანის, მარნეულის და სხვა რაიონების მოსახლეობა, სამშობიაროდ რუსთავში ჩამოდის. ბარავკოვის თქმით, სამშობიაროს მევალე დედები მათ რიგებშიც ყავს.