პასპორტების ომი

პასპორტების ომი

მეზობელი ქვეყნების ტერიტორიაზე შეჭრისთვის რუსეთი შესანიშნავად იყენებს რუსულ პასპორტებს და საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით საომრად ითრევს მისთვის არასაიმედო პარტნიორებს.

ამ პროცესის შეჩერება ახალი საფიქრალი აღმოჩნდა ყოფილი დსთ-ს სივრცისთვის, რადგან ე.წ. „საკუთარ მოქალაქეებს“ რუსეთმა ერთგვარად „ტროას ცხენის“ დატვირთვა შესძინა და თავისი დესანტი გადასხა უცხო ტერიტორიაზე.

ის, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და მაღალი იდეალები ჩვენს მოქალაქეებს რუსული პასპორტების აღებას გადააფიქრებინებს, ალბათ, ცოტას თუ სჯერა. პატრიოტული მოტივები ვერ შეაჩერებს სამუშაო ადგილის ან სოლიდური პენსიის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებს.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსეთი კიდევ უფრო დიდი დარტყმისთვის ემზადება. კერძოდ, ეს გრანდიოზული ქვეყანა მუშახელის ნაკლებობას განიცდის და რუსული პასპორტების დარიგებით ამრავლებს მუშახელს, რომლის ასიმილირებასაც რუსეთის ტერიტორიაზე იოლად შეძლებს.

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის „რბილი ძალა“ მდგომარეობს იმაში, რომ მას აქვს დიდი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე. ამასთან, რუსეთის მოსახლეობის რაოდენობა მცირდება და ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი შეეცდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანოს თავის ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნებიდან. ამიტომ, ექსპერტის აზრით, თუ ადამიანს გამოუვალი მდგომარეობა არ აქვს, არ უნდა მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით. თავის მხრივ, ჩვენი სახელმწიფოს ვალია, ქვეყანაში შექმნას სამუშაო ადგილები, სოლიდარობისა და სამართლიანობის გრძნობა გააჩინოს, თორემ რუსეთს ერთ სულ მოსახლეზე, ჩვენთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ხუთჯერ მეტი აქვს და ძნელია, ამას წინ აღვუდგეთ. ასე რომ, კახა გოგოლაშვილის აზრით, ესეც ომია, ქვეყნებს შორის პოსტმოდერნისტული ომი.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ყველაზე მწარედ ქართველებმა ვიცით, რას ნიშნავს პასპორტების ომი. მას ეეჭვება, პენსიები გახდეს იმის ფაქტორი, რომ საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე იფიქრონ. მისი აზრით, ყველაზე კარგი დაზღვევის მექანიზმი იქნება ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ უკეთესი პირობები საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებისა და პოლიტიკური ყოფისთვის. ანუ, არაფრით არ უნდა იყოს მიმზიდველი რუსეთი, თორემ თავისთავად, თუკი ამაზე გვექნება ორიენტაცია, ყოველთვის მოიძებნება რაღაც მიზეზი, რომელიც შეძლებს, რუსეთისკენ გადაზიდოს მოქალაქეები ხან შიშით, ხან პენსიებით.

„საქართველოში ბევრი იძახის, რომ რუსეთს უნდა გავუწიოთ ანგარიში, რადგან საშიშიაო. ახლა შიშის მოტივით იმოქმედებს ადამიანი, თუ მომეტებული პენსიების მოტივით, რა მნიშვნელობა აქვს?! შეიძლება, ერთნაირად პრობლემური აღმოჩნდეს ორივე მოტივი. ამიტომ, თუ ცხოვრების ეკონომიკური და პოლიტიკური დონე აიწევა, აღარ გახდება საჭირო რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება. პროცესებს უნდა დავაკვირდეთ. მაინც მგონია, რომ რუსეთის მხრიდან პასპორტების ისტერია უფრო გაღიზიანების ფუნქციას ასრულებს, ვიდრე რეალური პოლიტიკის გატარების“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისივე აზრით, ევროპელებმა უნდა იცოდნენ, რომ ასეთი მეთოდით იბრძვის პუტინი. ამიტომ ისინი უნდა დაფიქრდნენ. ჯერჯერობით კი, ძალზე ფერმკრთალია ის „სარგებელი“ (რამდენადაც პრაგმატულად არ უნდა ჟღერდეს ეს ტერმინი), რაც ცალკეულმა მოქალაქემ ნახა ევროპასთან ურთიერთობით. კონკრეტულად, ჩვენმა მოქალაქეებმა არ იციან, რამდენჯერ დაეხმარა დასავლეთი საქართველოს, რამდენჯერ გადაგვარჩინა შიმშილისგან, სამაგიეროდ, მათ კარგად იციან, რომ ევროპასთან სიახლოვის გამო აღმოჩნდნენ რუსული ბომბების ქვეშ. ისიც იციან, რომ მათი მანდარინი თუ ვაშლი, ევროპული საქონლის შემოსვლის პირობებში, განადგურების საფრთხის წინაშეა და ა.შ.

ასე რომ, რამაზ საყვარელიძის აზრით, იქნება თუ არა მიმზიდველი ევროპული რეალობა, ეს დიდწილად თვით ევროპაზეცაა დამოკიდებული. თუმცა, მათ ამ მხრივ ბევრი არაფერი გაუკეთებიათ, რადგან უფრო მეტს ელოდა ქართული საზოგადოება, ვიდრე მათ გააკეთეს.

„შეიძლება აღმოჩნდეს, რომ პასპორტების კანონმა თავის ტკივილი აუტეხოს თვითონ ევროპას, არათუ საქართველოს, რადგან ეს პრობლემა საქართველოსთვის გამიზნული ისედაც არ არის, ეს უფრო ფართო არეალს მოიცავს და შეიძლება უკრაინის მაგვარი მოვლენები უფრო გახშირდეს. ამაზე პასუხი თვითონ ევროპამ უნდა გასცეს უფრო ეფექტური პოლიტიკით“, - აცხადებს ექსპერტი.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ საქართველოს არ ჰყავს მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსულენოვანი მოსახლეობა. შესაბამისად, პასპორტების დარიგების წამახალისებელი ფაქტორი განპირობებულია მძიმე სოციალური ფონით და, თუ ჩვენ გვინდა, ეს პროცესი დიდ პრობლემად არ იქცეს, საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა დაიწყოს რეალური საქმიანობა და მიხედოს თავისი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას.

„მარტივად გეტყვით, ასი ათასი ოჯახი საქართველოში ელოდება გამოსახლებას და ეს უახლოესი თვეების პროცესია. ჩათვალეთ, რომ პოტენციურად ასი ათასი ოჯახი მზად არის, მიიღოს რუსული პასპორტი. ასეთი პრობლემების მოუგვარებლობა, ხელისუფლების სირაქლემის პოზაში ყოფნა, რომელიც რატომღაც უფრო განცხადებებით შემოიფარგლება, ვიდრე საქმის კეთებით, ქმნის პრობლემას, რომლის გამოსწორებაც შემდეგ გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე მისი პრევენცია. არანაირ მოღალატეთა დაჯგუფებები საქართველოში არ არსებობს, საქართველოში ეს პროცესი შეიძლება წახალისებულ იქნას მხოლოდ მძიმე სოციალური მდგომარეობით. აქედან გამომდინარე, ძალზე მარტივია ამ პრობლემების გადაჭრა“, - აცხადებს გიორგი თავდგირიძე, რომლის აზრითაც, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის კანონის გამკაცრება გამოსავალი არ იქნება, რადგან მხოლოდ რუსული პასპორტები არ არის პრობლემა საქართველოსთვის. ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყანა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მოსახლეობისგან დაცლილია. ამიტომ საინტერესოა, რომელმა კანონმა უნდა დააკავოს ძალით ეს ადამიანები?

გიორგი თავდგირიძის თქმით, ასეთ ძალადობრივ სახელმწიფოს ჩვენ ვიცნობდით, ეს იყო საბჭოთა კავშირი, რომელიც მავთულხლართებით იყო შემოღობილი იმისთვის, რომ ადამიანი არ გაქცეოდა მძიმე სოციალურ ან მძიმე იდეურ-პოლიტიკურ წნეხს და არ წასულიყო უცხოეთში. თუ ასეთი სახელმწიფოს შენება გვინდა, მაშინ კანონშიც მივიღოთ ცვლილება და შემოვღობოთ საქართველო.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, ვისაც არ სურს საქართველოს მოქალაქეობა და რუსეთის მოქალაქეობა იზიდავს, საქართველოდან უნდა წავიდეს. თუმცა რუსეთს ნამდვილად არ აქვს იმდენი ფული, რომ ადამიანები, ვისაც მეტი ხელფასი და პენსია სურს, მოქალაქეებად მასობრივად მიიღოს.

„თუ მიჩნიათ, რომ რუსეთში ვინც წავა, ყველა აყვავდება, მაშინ წავიდნენ. არა მგონია, ამდენი ადამიანი დაიტიოს რუსეთმა. ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ. კანონში წერია, რომ არ გვაქვს ორმაგი მოქალაქეობა, ამიტომ ავტომატურად კარგავენ ისინი საქართველოს მოქალაქეობას,“ - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.