რა კავშირი აქვს ქევხიშვილის დაკავებასთან შს მინისტრის მოადგილეს?

რა კავშირი აქვს ქევხიშვილის დაკავებასთან შს მინისტრის მოადგილეს?

ყვარლის საკრებულომ დავით ქევხიშვილს უფლებამოსილება შეუჩერა. გამგებლის მოვალეობის შესრულება მის მოადგილეს მალხაზ ხიზანიშვილს დაეკისრა. საკრებულოს სხდომა მას შემდეგ გაიმართა, რაც ქევხიშვილი და მისი მხარდამჭერები პოლიციამ დააკავა. 

ამ დროისთვის ყვარლის მუნიციპალიტეტი სრულად პარალიზებულია. სამუშაო პროცესი შეჩერებულია. გამგეობის თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ. ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული, რომლებიც პერიმეტრს აკონტროლებენ.

გამგეობის შენობასთან იმყოფებიან გამგებელ დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები, რომელიც პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. დავით ქევხიშვილთან ერთად, დაკავებულია კიდევ 16 პირი, მათ შორის არიან რამდენიმე სოფლის რწმუნებული და „ქართული ოცნების“ აქტივისტები.

„ის რაც ყვარელში ხდება, ეს არის მართული პროცესი, რომელიც მთელი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის ადამიანები, რომელებიც დავით ქევხიშვილს ებრძოდნენ და ებრძვიან, არის „ნაციონალური მოძრაობის“ ზონდერ ბრიგადების წარმომადგენლები. ამ ადამიანებს მხარ უჭერს შს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი, რომელსაც დიდი ინტერესები აქვს ყვარელში, ის წარმოშობით ყვარლიდან არის. ასევე ამ პროცესში ჩართულია უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ალექსი ფერიაშვილი. მათ სურთ პოლიტიკური ვითარება გააკონტროლონ ყვარელში და ამ გზით ცდილობენ ჩამოაცილინ დავით ქევხიშვილი თანამდებობას“, - აცხადებს დავით ქევხიშვილის პრეს-სამსახურის უფროსი ნინო ხუციშვილი.

გამგებლის და მისი მხარდამჭერების დაკავება ინციდენტს მოჰყვა, როდესაც ყვარლის გამგებელის, დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თამაზ გუგუშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ და კვერცხები ესროლეს. დილიდან ყვარლის გამგეობასთან შეკრებილი იყო დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები და აცხადებდნენ, რომ ისინი არ დაუშვებდნენ გამგებლისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცესს.

გამგეობასთან შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას მიმართავს ადგილზე ჩავიდნენ და გაარკვიონ არსებული ვითარება. ისინი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ „ქართული ოცნების“ სახელით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას, რასაც არ დაუშვებენ.

„ერთხელ და სამუდამოდ ეს უსამართლობა ქვეყანაში უნდა დასრულდეს და შესაბამისად, ჩვენც ვიბრძვით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავანახოთ ხალხს, რომ არ ვაპირებთ ფარ-ხმალის დაყრას და ყველა დაინახავს, რომ შეგვიძლია ბრძოლა. ჩვენს გაკვირვებას იწვევს კოალიციის ინერტულობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა მოვუწოდო „ქართული ოცნების“ საორგანიზაციო შტაბს, რომ დაინტერესდნენ იმ მდგომარეობით, რაც დღეს ხდება ყვარლის რაიონში.

ეს არ ეხება ერთ კონკრეტულ პიროვნებას, ან კონკრეტულ პიროვნებათა ჯგუფს. ეს არის ჩვენი პარტიის დისკრედიტაცია, რამაც შეიძლება სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანოს ქართული მოსახლეობა. როგორც მინიმუმ უფრო მეტად უნდა დაინტერესდნენ და უფრო მეტად უნდა გაიგონ, რამეთუ, ეს მოვლენები არ დაწყებულია გუშინ და დღეს. სამი თვეა ეს პროცესები მიმდინარეობს და მათ უფრო მეტი ყურადღება მართებთ“, - განაცხადა ქევხიშვილმა დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

როგორც ცნობილია დღეს უნდა გამართულიყო საკრებულოს სხდომა, სადაც გამგებელი დავით ქევხიშვილის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დამდგარიყო. შესაბამისდან, ქევხიშვილის მხარდამჭერებთან ერთად, გამგეობასთან მობილიზებული იყო პოლიცია. სამართალდამცველებს რამდენიმე საათის განმავლობაში გამგებლის კაბინეტი დაკავებული ჰქონდათ და მოქალაქეებს შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

საპასუხოდ, ქევხიშვილის მხარდამჭერებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ლომიძის კაბინეტის კარი აჭედეს. მიზეზი კი მისი გადაწყვეტილება გახდა. ქევხიშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია.

თავად ზაზა ლომიძე აცხადებს, რომ საკრებულო იხილავდა გამგეობის წლიურ ანგარიშს, სადაც იყო აზრთა სხვადასხვაობა და დადგა გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მისი თქმით, საკრებულოს სამუშაო დარბაზში ბრბო შევარდა და საკრებულომ შეწყვიტა მუშაობა.

ყვარელში მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აცხდებენ, რომ მიმდინარე პროცესებთან მათ საერთო არაფერი აქვთ. გიგი უგულავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბაქჰანალიაში, რაც ყვარელში ხდება, ჩართული არაა.

„სინამდვილეში „ოცნების“ გამგებელ ქევხიშვილს დაუპირისპირდა „ოცნების“ მთავრობის, კერძოდ, ღარიბაშვილის ფავორიტი შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ზედელაშვილი. ყვარელში „ოცნება“ ერთმანეთს ესვრის კვერცხებს, ხოლო ადგილობრივი „შიხიაშვილები“ პროპორციულად არიან გადანაწილებულნი ორივე ჯგუფში. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ქევხიშვილის არც არჩევაში მიუღია მონაწილეობა და არც გადარჩევაში აპირებს მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ ვემზადებით გამარჯვებისთვის, რომ ავამუშაოთ ყვარელი და ეს სირცხვილი არჩევნებთან ერთად დავასრულოთ“, - აცხადებს გიგი უგულავა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე განმარტავს, რომ კანონმა უნდა იმუშაოს ყველას მიმართ, იმის მიუხედავად, კანონდამრღვევი „ქართული ოცნების“ წევრია თუ არა.

„თუკი კანონი ირღვევა და კანონის დარღვევაში გამგებელს აქვს მონაწილეობა მიღებული, რა თქმა უნდა, მმართველი გუნდისთვის გამონაკლისები არ არსებობს. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა დადგება ყველასი, იქნება ის მოქმედი, თუ ყოფილი გამგებელი. კანონის დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერი თანამდებობის პირი აგებს პასუხს და გატარდება შესაბამისი ზომები. არანაირი შერჩევა ამ შემთხვევაში არ მოხდება, კანონმა უნდა იმუშაოს ყველას მიმართ, იმის მიუხედავად პირი „ქართული ოცნების“ წევრია თუ არა“, - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.