შიხიაშვილს „შეწირული“ ჯანყარაშვილის პოსტი და დაპირისპირება უმრავლესობაში

შიხიაშვილს „შეწირული“ ჯანყარაშვილის პოსტი და დაპირისპირება უმრავლესობაში

მმართველ გუნდში საარჩევნო სიის თაობაზე დაპირისპირება მწვავდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის თანანმდებობა სწორედ საარჩევნო სიის ფორმირებას შეეწირა.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, მაჟორიტარი დეპუტატები საარჩევნო სიაში ყოფილი ნაციონალების ჩასმის წინააღმდეგ გამოდიან და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, კახი კალაძეს მოუწოდებენ სიები მაქსიმალურად „გაცხრილოს“, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე დეპუტატი უმრავლესობის დატოვებით „დამუქრებულა“.

წყაროს ცნობით, თვითმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ცხარე კამათი უმრავლესობის სხდომაზე, კახი კალაძესთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად 12 აპრილს გაიმართა.

მაჟორიტარი დეპუტატების პრეტენზიების მოსმენის საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა მათ მოუწოდა გამგებლებისა და მერების კანდიდატურები წარადგინონ, არჩევანს კი, თავად პრემიერი გააკეთებს.

„პრემიერმა გვითხრა, რომ გამგებლებისა და მერების კანდიდატურები მაჟორიტარებმა წარვადგინოთ, წარდგენილ პირთაგან კი საბოლოო არჩევანს თავად გააკეთებს“, - განუცხადა for.ge-ს კულუარულ საუბარში ერთ-ერთმა დეპუტატმა, რომლის მსგავსად, უმრავლესობის სხდომაზე პრეტენზიები ელისო ჩაფიძეს გამოუთქვამს და კახი კალაძისთვის უთხოვია, კონკრეტული პიროვნება ტყიბულის გამგებლად არ წარადგინოს.

ელისო ჩაფიძე ჩვენთან საუბარში მსგავს ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ წყაროს მტკიცებით, უმრავლესობის სხდომაზე ტყიბულის მაჟორიტარმა მოითხოვა, ტყიბულის გამგებლად თემურ ჩუბინიძის კანდიდატურა არ იქნეს წარდგენილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციის „მოქალაქის“ აღმასრულებელი დირექტორის ნიკოლოზ ჩხეტიანის სიმამრია.

უმრავლესობის სხდომაზე ჩაფიძის გარდა, პრეტენზიები ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატს, გოგი ქავთარაძესაც გამოუთქვამს. როგორც for.ge-სთან საუბარში ქავთარაძე აცხადებს, სიასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს, მაგრამ კონკრეტული პირების სახელ-გვარები მას ზეპირად არ ახსოვს.

ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატის პრეტენზიები იმ პირებს შეეხებათ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ და რომლებიც ამჟამად, კოალიციაში გადაბარგებას და სიებში საკუთარი თავის ჩასმას ცდილობენ.

ქავთარაძე იმედოვნებს, რომ კახი კალაძე სიას „გაცხრილავს“, მაგრამ ზესტაფონის გარდა, დაპირისპირების მიზეზი ყოფილა თერჯოლის რაიონი, სადაც გამგებლობის კანდიდატობისთვის „ქართული ოცნების“ კოორდინატორი თემურ ჯაფარიძე და „რესპუბლიკელი“ მალხაზ გურგენიძე ერთმანეთს ებრძვიან.

წყაროს ცნობით, მაჟორიტარი დეპუტატების გარდა, სიასთან დაკავშირებით, პრეტენზიები აქვთ „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლებს. გუბაზ სანიკიძის გუნდი იმ ფაქტს აპროტესტებს, რომ ჭიათურის სიაში ოთხი პირი „რესპუბლიკელების“ წარმომადგენელია.

აღნიშნული საკითხის გარდა, „ეროვნული ფორუმი“ სიების დაკომპლექტების პროცენტულ მაჩვენებელსაც აპროტესტებს. წყაროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, მმართველი გუნდის საარჩევნო სია 50 პროცენტით პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით დაკომპლექტება, დანარჩენი 50 პროცენტი კოალიციაში შემავალ პარტიებზე თანაბრად 10-10 პროცენტით გადანაწილდა, მაგრამ იმის გამო, რომ რიგმა პარტიებმა რეგიონებში საკუთარი კვოტა ვერ შეავსეს, მათი პროცენტული მაჩვენებელი სხვა პარტიებმა აითვისეს.

კერძოდ, წყაროს ცნობით, საარჩევნო სიაში სავარაუდოდ, 15 პროცენტს „რესპუბლიკელები“ წარადგენენ, 11 პროცენტს „თავისუფალი-დემოკრატები“, 5 პროცენტს „ეროვნულ ფორუმი“, დანარჩენი პროცენტები კი „კონსერვატორებსა“ და „მრეწველებზე“ გადანაწილდება.

საბოლოო ჯამში, მმართველი გუნდის სიაში თუ ვინ მოხვდება და პრემიერი გამგებლებისა და მერების კანდიდატებად თუ ვის დაასახელებს, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, მაგრამ უმრავლესობა სიაში ყოფილი ნაციონალების ჩასმის გარდა, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების არსებობასაც ეწინააღმდეგება.

წყაროს ცნობით, უმრავლესობის სხდომაზე კანონმდებლებმა მოითხოვეს, გამგებლებად ძალოვანები არ ჩასვან, რის გამოც, კახი კალაძეს რამდენიმე კანდიდატი „დაუბლოკავს“.

რაც შეეხება ჯანყარაშვილს, მან პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა და გადაწყვეტილების მიზეზად პრემიერ-მინისტრთან ნათესაობის თაობაზე სპეკულაციების თავიდან არიდება დაასახელა.

ჯანყარაშვილ-ღარიბაშვილის ნათესაურ კავშირზე ნაციონალმა ირმა ნადირაშვილმა გასულ წელს ისაუბრა და პრემიერ-მინისტრი ნეპოტიზმში დაადანაშაულა, მაგრამ მაშინ მთავრობის ხელმძღვანელმა ზოგადად განაცხადა, რომ „ცოლის ნათესავი ნათესავი არ არის“.

მართალია, ნადირაშვილის კრიტიკა პრემიერმა და თავად ჯანყარაშვილმა მაშინ არ გაითვალისწინეს, მაგრამ for.ge-ს ინფორმაციით, ჯანყარაშვილის პოსტიდან წასვლა არა ნეპოტიზმს, არამედ თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

კერძოდ, როგორც საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, თბილისის საკრებულოს წევრებმა ირაკლი შიხიაშვილმა, ნიკო ხაჩირიშვილმა და კიდევ რამდენიმე ნაციონალმა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის რიგები „პოლიტიკური გარიგების“ სანაცვლოდ დატოვეს.

წყაროს ცნობით, ღარიბაშვილმა შიხიაშვილთან კონსულტაციები ჯანყარაშვილის „შუამავლობით“ აწარმოა და მას გარანტია მისცეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების სანაცვლოდ, ის თვითმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში მოხვდებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ხელისუფლება ამჟამად, საარჩევნო სიის „გაცხრილვას“ და კანდიდატებზე ლუპით დაკვირვებას გეგმავს, შიხიაშვილი და ყოფილი ნაციონალები საარჩევნო სიაში ვერ მოხვდებიან.

როგორც ჩანს, „პოლიტიკური გარიგების“ შესრულება-არშესრულების თაობაზე პასუხისმგებლობა ზვიად ჯანყარაშვილმა საკუთარ თავზე აიღო და პოსტი დატოვა, რომელსაც წყაროს ინფორმაციით, დავით ნარმანიას თბილისის მერობის შემთხვევაში, მისი მოადგილის პოსტს შესთავაზებენ.

ნათქვამია „აღდგომადა ხვალეო“. ქვეყნის მასშტაბით, ვინ გახდება გამგებელი, მერი და საკრებულოს წევრი, ამას 15 ივნისის თვითმართველობის არჩევნები განსაზღვრავს, მაგრამ მანამდე, 26 მაისს „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს და თბილისის რაიონების გამგებლების კანდიდატებს ოფიციალურად წარადგენს.