ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით შესული შენიშვნებიდან მთავრობამ 80 პროცენტი გაითვალისწინა. ყოველ შემთხვევაში ასე ამბობს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური და მორიგი საპარლამენტო განხილვების წინ გული საგულეს აქვს. ჯერჯერობით ყველაზე უკმაყოფილო კავშირგაბმულობის სექტორია, რომელსაც აქციზი არ გაუუქმეს და მათი პროტესტი ცალი ყურითაც კი არ მოისმინეს.
“საზოგადოებას რამდენიმე კვირის წინათ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი წარვუდგინეთ, რაზედაც განხილვები გვქონდა ფინანსთა მინისტრთან, ინვესტორებთან და ბიზნესმენებთან. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი გამოქვეყნებული იყო ინტერნეტით მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს საიტებზე.
ამ დროისთვის შემოსულია 500 შენიშვნა, რომელიც ჩვენი მხრიდან არის განხილული, რა თქმა უნდა, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად და ამ შენიშვნებიდან 80 პროცენტი არის გათვალისწინებული. რაც შეეხება დარჩენილ 20 პროცენტს, მას რიგი მიზეზების გამო ვერ გავითვალისწინებთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, თუმცა რიგიანი და ურიგო მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
გილაურის განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის განახლებული ვარიანტი 10 ივლისიდან განთავსდება მთავობისა და ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდებზე და მთავრობა ერთი კვირის განმავლობაში კოდექსთან დაკავშირებით შენიშვნების მიღებას გააგრძელებს.
გილაურის განცხადებით, ხელისუფლებას და ბიზნესს ერთი კვირა რჩება, ვიდრე პარლამენტი ახალი საგადასახდო კოდექსის მეორე მოსმენით მუხლობრივ განხილვას დაიწყებს. გილაური აცხადებს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის დამტკციების შემდეგ, ის სრულყოფილად ძალაში 2011 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.
ბოლო და ყველაზე მნიშვნელოვანი შენიშვნა მთავრობამ უძრავი ქონების რეალიზაციის გადასახადთან დაკავშირებით გაითვალისწინა. აქამდეც და მომავალშიც თუ ქონებას პირი ორ წელზე მეტ ხანს ფლობდა, საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაახდევინებს.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ განაცხადა, არსებული საგადასახადო კოდექსით ეს დაბეგვრადი არ იყო, თუმცა ახალ საგადასახადო კოდექსში გათვალისწინებული იყო მუხლი, რომელიც ქონების გასხვისებისას პირის საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრას ითვალისწინებდა.
თუმცა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და მისი დაბეგვრა აღარ მოხდება.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კერძო სექტორთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი პერტაია სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ამბობს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის რევიზიისას ე.წ. “კეპიტალ გეიმთან” დაკავშირებით პრეტენზიები არსებობდა.
“შენიშვნები იყო, ძირითადად, დღგ-ის ავანსთან დაკავშირებით. გარკვეული შენიშვნები იყო ასევე ე.წ. “კეპიტალ გეიმთან” დაკავშირებით, რომელიც პირს საშემოსავლო გადასახადის გადახდას ავალდებულებდა, თუ ქონების ღირებულება 30 ათას ლარსს აღემატებოდა. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით პრეტენზიები არსებობდა ასევე ქრონომეტრაჟის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროს დაბეგვრასთან დაკავშირებით”, - განაცხადა გიორგი პერტაიამ.
როგორც აღვნიშნეთ, კოდექსი ძალაში მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან შევა, თუმცა მისი გარკვეული მუხლები 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება.