ფონდომანები მთავრობაში

ფონდომანები მთავრობაში

[თეონა ხარაბაძე]

მთავრობამ მორიგი ახალი ფონდის შექმნა გადაწყვიტა, რომელსაც „საპარტნიორო ფონდი“ ერქმევა. მართალია, ამ ფონდში ბიუჯეტის თანხები არ იქნება მოზიდული, მაგრამ ხელმძღვანელი პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც დანარჩენი მინისტრების მეშვეობით განკარგავს ე.წ. პარტნიორების მიერ მოზიდულ თანხებს.  ჯერჯერობით არაფერი არ არის ნათქვამი იმაზე, თუ რატომ უნდა გაუჩნდეთ ინვესტორებს ამ ფონდთან თანამშრომლობის სურვილი. ეს კი უკვე საკმაოდ ბევრ ეჭვის აჩენს.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ე.წ. „საპარტნიორო ფონდის“ შექმნას ითვალისწინებს და აქვე მოცემული ის პირობები, თუ ამ ფონდმა რა პრინციპებით უნდა იმუშაოს. 

„მთავრობა მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად ინვესტორების მოზიდვის, სამუშაო ადგილების შექმნის და შეფერხებული პროექტების დასრულების მიზნით, აყალიბებს „საპარტნიორო ფონდს“, - ნათქვამია კანონპროექტში.

ფონდი ეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს. მათ შორის, უნდა მოხდეს ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც არ შეუქმნის ხელოვნურ კონკურენციას კერძო სექტორს.

პროექტების დაფინანსდება კონკურენტული შერჩევის წესით. პრიორიტეტი მიენიჭება იმ პროექტს, რომელიც უფრო ნაკლებ თანადაფინანსებას მოითხოვს. ასევე პრიორიტეტული იქნება სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციების ჩადება და მინიმუმ ეს უნდა იყოს 5 მილიონი ლარი, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო სექტორში, მინიმუმ, 30 მილიონი ლარი.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა ასევე უნდა წარმოადგინონ საბანკო გარანტია, რომ ისინი რეალურად განახორციელებენ ამ პროექტს. საგარანტიო თანხა კი საინვესტიციო თანხის, მინიმუმ, 10% უნდა იყოს. ფონდი საერთოდ არ განიხილავს ისეთ პროექტებს, რომელიც შეეხება მომსახურების სფეროს და უძრავ ქონებაში ინვესტირებას.

ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების დივიდენდები, პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხები. ამასთან, კანონპროექტი პირდაპირ ადგენს, რომ ფონდის დაფინანსება არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ფონდის მმართველი ორგანოები იქნება სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი ორგანო. ფონდს ასევე ეყოლება საკონსულტაციო საბჭო, რომელიც იქნება წარმოდგენილი საინვესტიციო საბჭოს ფორმით.

სამეთალყურეო საბჭო შედგება მთავრობის წარმომადგენლებისგან და უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.  შემადგენლობას განსაზღვრას საქართველოს მთავრობა.

ხელისუფლების მხრიდან ჯერჯერობით, რაიმე განმარტება არ კეთდება. სამაგიეროდ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელს გია ცაგარეიშვილს ამ ინიციატივამ ძალიან ბევრი კითხვა გაუჩინა.

„ჯერჯერობით, კანონპროექტი არ მინახავს, მაგრამ როგორც ამბობენ, იგი არ იქნება ბიუჯეტიდან დაფინანსებული და კერძო პირების მიერ საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მოზიდულ თანხებს მთავრობა გარკაგავს. არ მესმის, თუ ადამიანმა იცის, რა პროექტი უნდა განახორციელოს და ამისთვის საჭირო ფულსაც იშოვის, მერე ამ პროექტს თავად ვერ განახორციელებს? ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან ბევრი კითხვაა და როგორც ჩანს, მთავრობა ფულის საკეთებლად რაღაც ახალ მაქინაციებს ეძებს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

ამის საპასუხოდ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი აცხადებს, რომ მთავრობა ამას ინვეტიციების მოსაზიდად აკეთებს.

„ეს არის სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობა დიდი და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათ შორის, აქ იგულისხმება როგორც მნიშვნელოვანი ახალი პროექტების განხორციელება, როგორიც არის მაგალითად, ჰესები, განახლებადი ენერგიის წყაროების ამოქმედება და ა.შ. ეს იქნება ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ასევე შეფერხებული პროექტების დასრულება“, - აცხადებს ხუროშვილი.

ცხადია, ეს პასუხი საკმარისი არ არის და იმედია, პოზიციები განხილვის პროცესში უფრო მეტად გამოიკვეთება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი ფონდის შექმნა ხელისუფლების ორიგინალური იდეა არ არის. ეკონომიკის ექსპერტებს ალექსანდრე თვალჭრელიძეს და ავთანდილ სილაგაძეს შემუშავებული აქვთ „საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა“, სადაც დაწვრილებით არის წარმოდგენილი ის გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეული მათგანის გამოყენება.

მაგალითისთვის შეიძლება დასახელდეს წყლის რესურსის გამოყენება. სანდრო თვალჭრელიძის თქმით, საქართველოს მიწისქვეშა წყლებს, რომელიც განახლებად რესურსს წარმოადგენს, მთელი ევროპის მომარაგება შეუძლია. ამის განხორციელება შესაძლებელი იქნება წყალსადენის საშუალებით და აქედან ქვეყანა წელიწადში მილიარდ დოლარის შემოსავალს მიიღებს.

წარმოების განვითარებისთვის კი, როგორც სანდრო თვალჭრელიძემ აღნიშნა, ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიქმნას ეკონომიკური განვითარების ფონდი, რომელიც ადგილობრივ მეწარმეებს მისცემს გრანტებს კი არა, კრედიტებს 10-15-წლიანი ვადით, რომელიც იქნება შეღავათიანი 3-4%-იანი განაკვეთით, რათა უცხოელ მეწარმეებთან კონკურენციის გაწევა შეძლონ.

ამ პროგრამის პრეზენტაცია უკვე გაიმართა, მაგრამ ხელისუფლებას არანაირი დაინტერესება არ გამოუჩენია. თუმცა, როგორც ჩანს, ფონდთან დაკავშირებული იდეა მოეწონათ და ამ იდეის საკუთარი მიზნებისთვის მორგებაც მოახერხეს. ამას კი საბოლოო ჯამში, როგორი შედეგი ექნება, ძნელი სათქმელია.