კოდექსში დაგებული ხაფანგები

კოდექსში დაგებული ხაფანგები

[ეკა ბაქრაძე]

თითქმის დღე არ გავა, რომ ახალი საგადასახადო კოდექსით უკმაყოფილო ადამიანების ჯგუფი საჩივლელად რომელიმე უწყებას არ მიადგეს. ამჯერად მეცნიერებმა აღიმაღლეს ხმა. ბიზნესმენები კი ახალ-ახალ დაგებულ ხაფანგებს მუდმიად პოულობენ „რევოლუციურ კოდექსში“.

ქართველი მეცნიერები საგადასახადო წნეხზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ მათთან მიმართებაში დაბეგრვის რეჟიმის შეცვლა აუცილებელია. ასეთი თხოვნით მათ საპარლამენტო ოპოზიციასაც მიმართეს და დახმარების დაპირებაც მიიღეს.

როგორც პარლამენტში მისულმა მეცნიერებმა განაცხადეს, ქვეყანაში სამეცნიერო კვლევისთვის საჭირო ინვენტარის, მათ შორის რეაქტივის შემოტანაც კი იბეგრება, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები მეცნიერებს დახმარებას და პარლამენტში სპეციალური კანონპროექტის ინიცირებას დაჰპირდნენ. გიორგი თარგამაძემ იმედი გამოთქვა, რომ მეცნიერების თხოვნას მთავრობა ყურად იღებს და წინააღმდეგობას არ გაუწევს.

ახალ საგადასახადო კოდექსში „ეშმაკური ნიუანსები“ მარტოოდენ მეცნიერთათვის არ აღმოჩნდა გათვალისწინებული. რაც დრო გადის, ბიზნესისთვის თანდათან ცნობილი ხდება მთავრობის მიერ დაგებული ხაფანგების შესახებ.

როგორც ირკვევა, „რევოლუციური კანონით“, საგადასახადო ტვირთი ზოგიერთი კატეგორიის ბიზნესისთვის, შემსუბუქების ნაცვლად, უფრო დამძიმდა. მეწარმეებს, რომლებსაც მაღაზიები აქვთ და მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობენ, ბრუნვის 5%-ით დაბეგრავენ. არადა, მცირე მეწარმეებს დაპირდნენ, რომ შემოსავლების 60%-ის დეკლარირების შემთხვევაში, შეეძლოთ ბრუნვიდან 3% გადაეხადათ.

საგადასახადო სიურპრიზი მიკრობიზნესსაც ელის. შემოსავლების სამსახურს მიკრობიზნესად დარეგისტრირების ასობით მსურველმა მიაკითხა. შესაბამისი სერტიფიკატისთვის მისულთა ნაწილმა ჯერ არ იცის, რომ მათ, შესაძლოა, მიკრობიზნესისთვის დაპირებული შეღავათები ვერ მიიღონ.

ფინანსთა სამინისტრომ კოდექსში შესატანი ცვლილებას მოამზადა, რომლის თანახმად, მიკრობიზნესის სიაში, რომელთა წლიური ბრუნვა 30 ათას ლარზე ნაკლებია, ვერ მოხვდებიან მოვაჭრეები, რომლებიც პროდუქციას არ ქმნიან და ვაჭრობით არიან დაკავებული. მათ მცირე ბიზნესის სტატუსი ექნებათ. მცირე ბიზნესი კი იბეგრება. 

მიკრობიზნესის სტატუსს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, რომლებიც შესყიდული საქონლის გადამუშავებასა და მიწოდებას ახორციელებენ, მაგალითად, მკერავები, ფეხსაცმლის ხელოსნები, ხაჭაპურისა და ნამცხვრის მცხობელები, მესაათეები, რომლებიც გადასახადებს ისედაც არ იხდიდნენ.

გამოდის, რომ მცირე ბიზნესს საგადასახადო ტვირთი გაეზრდება.  მას უფრო მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ინდმეწარმის სტატუსით მუშაობის დროს უწევდა. ამით შემოსავლების სამსახური დასაბეგრ ბაზას ზრდის.

„თუ ვაჭრობას არ ჩათვლიან მცირე ბიზნესად, მაშინ აღარ ვიცი, საერთოდ რა ითვლება მცირე ბიზნესად. წარმოება?“, - კითხულობს ეკონომიკის ექსპერტი თემურ კოპალეიშვილი. მისი აზრით, ვაჭრობის სფეროში მცირე ბიზნესის სტატუსის მიღება აბსოლუტურად გაუმართლებელია. 

„ერთობლივი შემოსავალის შემთხვევაში, თუ მეწარმეს მცირე ბიზნესის სტატუსი ექნება, უფრო მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ინდივიდუალურ მეწარმე რომ ყოფილიყო. ინდივიდუალური მეწარმე დღეს იბეგრება მხოლოდ 20%-ით. მისი დასაბეგრი შემოსავალი კი არის ერთობლივ შემოსავალს მინუს ხარჯები და, ფაქტობრივად, არცერთი მეწარმე 20%-ზე მეტს არ არიცხავს და მერე ხარჯებს რომ გამოაკლებს, დასაბეგრი ძალიან მცირე რჩება. ამიტომ ეს უფრო ნაკლებ გადასახადს უწესებს, ვიდრე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონეს. ამიტომაც, მათ ეს რეჟიმი თავად არ უნდა მოითხოვონ, რადგან ამგვარი სტატუსი წამგებიანი იქნება“, - ამბობს კოპალეიშვილი.