ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტი საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ტრანსფორმაციის კონცეფციის განხილვასა და შეფასებაში დაეხმარება. საფრანგეთში ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის შტაბის ოფიცერთა შეკრებისას ქართულმა მხარემ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ტრანსფორმაციის კონცეფციის ძირითადი ასპექტების შესახებ მოხსენება გააკეთა.
გადაწყდა, რომ კომიტეტის წევრი ქვეყნები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კონცეფციის პროექტის ექსპერტირებაში დახმარებას გაუწევენ. აშშ, გერმანია, საფრანგეთი, კანადა, ავსტრალია, ბელგია, ნიდერლანდები, დანია და პოლონეთი 2014 წლის ზაფხულის შეხვედრაზე კონცეფციის შეფასებებს და რეკომენდაციებს წარადგენენ.
შეხვედრისას, ასევე, განიხილება საქართველოს ინიციატივა, 2015 წლის შემოდგომაზე კომიტეტის მორიგი სხდომის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით. საქართველო ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტის წევრი დამკვირვებლის სტატუსით 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა.
საქართველოსთან ერთად დამკვირვებელი წევრები ასევე არიან ავსტრალია, შვედეთი, ავსტრია და სამხრეთ კორეა. ნატოს ეროვნული სარეზერვო ძალების კომიტეტი უშუალოდ ექვემდებარება ნატოს სამხედრო კომიტეტს და რეზერვის საკითხებში მთავარი მაკოორდინებელი სტრუქტურაა.
„საქართველოს მხრიდან დაისვა ორი ძირითადი საკითხი. დაგვეხმარონ კონცეფციის შემუშავებაში, საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში და მეორე, 2015 წლის შემოდგომაზე, ოქტომბრის მოერე ნახევარში საქართველომ უმასპინძლოს ნატოს რეზერვის კომიტეტის შტაბის ოფიცერთა შეკრებას.
ყველა გამოთქვა სურვილი, რომ გაგვიწიონ დახამრება და თავისი რეკომენდაცია დადონ, მაგრამ ამ შეხვედრის საბოლოო ოქმით 9 ქვეყანას დაეკისრა, რომ წარმოადგინოს თავისი რეკომენდაციები და დასკვნები ზაფხულის გაფართოებულ შეკრებაზე“, - განმარტა ვიცე-პოლკოვნიკმა შალვა ჩუბინიძემ.
სამხედრო ექსპერტები ნატოს მიერ საქართველოს რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ტრანსფორმაციის კონცეფციის განხილვასა და შეფასებაში დახმარების აღმოჩენას დადებითად აფასებენ.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავადგირიძე ამბობს, რომ ორი მსოფლიო ომის გამოცდილება აქვთ დაგროვილი ევროპულ ქვეყნებს და ნატოში შემავალ სახელმწიფოებს. ამიტომ, მათი მხრიდან დახამრება უშუალოდ რეფორმის განხორციელების კუთხით, როგორც თეორიულ ნაწილში, ასევე პრაქტიკულში, წინ გადადგმული ნაბიჯია.
„თუმცა, რამდენიმე შენიშვნასაც გავაკეთებ. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ თავდაცვის სისტემაში, საშტატო განრიგზე, მათ აქვთ თავიანთი ფუნქციური მოვალეობები და შებამისად, მათ აქვთ გარკვეული კომპეტენცია და ყოველდღიური ამოცანათა სპექტრი, რომელიც უნდა გადაწყვიტონ.
იმისთვის, რომ რეფორმები იყოს წარმატებული, საჭიროა, რომ შეიარაღებული ძალების შიგნით და გარეთ მყოფი მცოდნე ადამიანები იყვნენ რეფორმატორთა ჯგუფში, სადაც შემუშავებული იქნება კონცეპტუალური ნაწილი რეფორმებისა. რადგან, ხელისუფლებაში არსებული პოლიტიკური ძალა აკეთებს თავისი პოლიტიკური ნების დეკლარაციას, როგორი შეიარაღებული ძალები უნდა და რას უნდა მიაღწიოს რეფორმით.
შემდეგ უკვე ასეთი ჯგუფი, პროფესიულ დონეზე ახორციელებს ამ პრობლემის თეორიულ დამუშავებას და პრაქტიკული გეგმის შემუშავებას. ამის შემდგომ არის უკვე მნიშვნელოვანი უცხოელების დახმარება. კარგი იქნება თუ თავდაცვის უწყება შექმის ასეთ ჯგუფს, რომელიც დაამუშავებს რეფორმულ ნაწილს, ხოლო ამის შემდეგ მათთან დიალოგის ნაწილში უცხოელები შექმნიან საბოლოო პროდუქტს“, - აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ.
„სარეზერვო სისტემა საჭიროებდა დახვეწას“, - აცხადებს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თეონა აქუბარდია, რომლის განცხადებით, საქართველოს ამ ეტაპზე შეჩერებული აქვს სამხედრო რეზერვის სისტემა, რამდენადაც ირაკლი ალასანიას უწყების მხრიდან გაცხადებული იყო, რომ რეზერვის სისტემა საჭიროებს გადახედვას.
„არის საუბარი, რომ 2015 წლისთვის უნდა იყოს ჩამოყალიბებული რეზერვისა და მობილიზაციის ახლებული ხედვა და კონცეფცია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ ვხედავთ რამდენი შეცდომა იყო დაშვებული რეზერვის შექმნაში, კარგად უნდა იყოს შემუშავებული მისი მიზნები და ამოცანები და მეორე მხრივ - შესაძლებლობები როგორც ფინანსური, ასევე სხვა კუთხითაც“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.