პარლამენტი სახალხო დამცველის 2013 წლის წლიური ანგარიშის მოსმენას იწყებს. 633 გვერდიანი დოკუმენტის განხილვა სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს მოხდება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სქელკანიან დოკუმენტს ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი თავად წარადგენს, რის შემდეგაც, დეპუტატები ანგარიშს პლენარულ სხდომაზე მოისმენენ.
სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე თუ რა რეაგირებას მოახდენს საკანონმდელო უწყება, ამის პროგნოზი რთულია, მაგრამ წინა ხელისუფლების პირობებში დამკვიდრებული ტრადიციით, ანგარიშის მხოლოდ მოსმენა და ცნობად მიღება ხდებოდა.
633 გვერდიან დოკუმენტში საუბარია გასულ წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, განსაკუთრებული ყურადღება კი გამახვილებულია საპატიმროებში არსებულ ვითარებაზე.
თუ ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საკუთარ ანგარიშში საპატიმროებში არსებულ „სიკვდილის ექსპორტზე“ საუბრობდა, უჩა ნანუაშვილი საკუთარ მოხსენებაში აცხადებს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.
ომბუდსმენი ასევე დადებითად აფასებს საპატიმროებში გადატვირთულობის მოხსნას და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, მაგრამ ამავე დროს, დაწესებულებებში არსებულ პრობლემებზეც აპელირებს.
სახალხო დამცველის ცნობით, პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება, ვინაიდან 2013 წელს, ცალკეულ შემთხვევებში, პატიმრები კვლავ მიუთითებენ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.
„წინა წლებთან შედარებით, როდესაც პატიმრებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში წამება და სხვა არასათანადო მოპყრობა სისტემურ ხასიათს ატარებდა, 2013 წელს, ამ მხრივ მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესებულია. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად წამების არცერთი სავარაუდო ფაქტი არ დაფიქსირებულა, რაც არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის თვალსაზრისით, დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა, პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი კვლავაც აქტუალურ პროლემად რჩება, ვინაიდან 2013 წელს, ცალკეულ შემთხვევებში, პატიმრები კვლავ მიუთითებენ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი ანგარიშში.
არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე უჩა ნანუაშვილს ანგარიშში ათი პატიმრის საქმე აქვს მოყვანილი, რომელთა შორის არის ლევან კორტავას გახმაურებული საქმე.
პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გამოავლინეს, რომელთაც 2013 წელს, სასჯელაღსრლების დაწესებულებებში 45 გეგმიური და 312 არაგეგმიური ვიზიტი განახორციელეს, 2670 პატიმარი მოინახულეს.
ანგარიშში მოყვანილია პატიმარ ო.გ.-ს საქმე და მისი მონაყოლიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 24 დეკემბერს, პრევენციული ჯგუფის წევრებმა მე-8 დაწესებულებაში მონიტორინგის განახორციელების დროს, საკარანტინო განყოფილების მეორე სართულზე დაინახეს, რომ რამდენიმე თანამშრომელი გარს იყო შემოხვეული პატიმარს და მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
პრევენციული ჯგუფის წევრთა ცნობით, ვიზუალური დათვალიერებით, პატიმარ ო.გ-ს სხეულზე დაზიანებების კვალი აღენიშნებოდა. თავად პატიმარი კი აცხადებს, რომ 2011-2013 წლებში, მას ცემის შედეგად ჯანმრთელობა დაუზიანდა.
აღსანიშნავია, რომ ანგარიშში პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე მოყვანილი რამდენიმე ინციდენტიდან ყველაზე მეტი მე-7 დაწესებულებაში მოხდა.
დოკუმენტში საუბარია მე-7 დაწესებულებაში მყოფ პატიმარ მ.გ-ს საქმეზე, რომელსაც 2013 წლის 7 დეკემბერს, თანამშრომელთან უმნიშვნელო შელაპარაკება მოუვიდა. ფაქტიდან ხუთ წუთში კი, ხსენებულმა თანამშრომელმა ის საკნიდან გაიყვანა და იმ ოთახში შეიყვანა, სადაც დაწესებულების დირექტორი, მისი ორი მოადგილე და სხვა თანამშრომლები იმყოფებოდნენ. პატიმრის ცნობით, ის აღნიშნულმა პირებმა სცემეს, ცემა ხუთი წუთი გრძელდებოდა, რის შემდეგაც, ის საკანის მიმართუელბით წაიყვანეს, რა დროსაც მან სხვა საკნებში მყოფ მსჯავრდებულებს უთხრა, რომ ის ნაცემი იყო. მ.გ-ს განცხადებით, ის ისევ ოთახში დააბრუნეს, ხელბორკილები დაადეს და განმეორებით სცემეს. პრევენციული ჯგუფის წევრებმა კი, პატიმარს სხეულზე დაზიანების კვალი ნახეს.
ზემოთ აღნიშნული პატიმრის გარდა, მე-7 დაწესებულებაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საუბრობს პატიმარი ი.ნ, რომელიც პრევენციის ჯგუფის წევრს 2013 წლის 10 მაისს შეხვდა და დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დარღვევის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა, რის გამოც, მისი თქმით, მას დაწესებულების დირექტორის მოადგილემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სცემა ხელით და ხელკეტით ზურგის და გვერდის არეში.
პატიმრის სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტები სპეციალური პრევენიული ჯგუფის წევრებმა დააფიქისირეს.
მე-7 დაწესებულების დირექტორის მოადგილის მხრიდან მუქარასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს პატიმარი ი.მ, რომელიც ის ამ დაწესებულებაში 2013 წლის 5 აპრილს გადაიყვანეს.
პატიმრის ცნობით, მე-7 დაწესებულებაში მიღებისას მას დაწესებულების დირქტორის მოადგილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა, რის გამოც, თვითდაზიანება მიიყენა.
მისი თქმითთ, მას ჭრილობები სამედიცინო დაწესებულებაში დაუმუშავეს და მე-7 დაწესებულებაში დაბრუნების შემდეგ, მას უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლები და დაწესებულების დირექტორი დახვდნენ, რომელთაც მოუთხრო მის მიმართ მიყენებული ზიანის თაობაზე და განუმარტათ, რომ თუ ისევ დაწესებულებაში შიყვანდნენ, თვითდაზიანებას მიიყენებდა, ან თავს მოიკლავდა.
„მესამე საკანში შემასახლეს და თანამშრომლები დილამდე მყარაულობდნენ, რომ თვითდაზიანება არ მიმეყენებინა. დილის საათებში, ჩემთან დაწესებულების დირექტორის მოადგილე გია შემოვიდა და დამემუქრა „აქ ამოგძვრება სულიო“. იძულებული გავხდი ქვედა კიდურებზე თვითდაზიანება მიმეყენებინა, რის შემდეგაც დაწესებულების დირექტორმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენა და დამემუქრა „გაგაფუჭებო“. ასევე მითხრა, რომ მე-7 დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს ჩემს გამო დასჯიდა და მე უნდა გამეცა მსჯავრდებულებისთვის პასუხი. ამის შემდეგ, ყელის არეში თვითდაზიანება მივიყენე“, - აცხადებს პატიმარი.
აღნიშნული ფაქტების გარდა, სახალხო დამცველმა ყურადღება ლევან კორტავას საქმეზეც გაამახვილა და ანგარიშში აცხადებს, რომ 2013 წელს დაფიქსირდა, რომ ცალკეული პატიმრები არასათანადო მოპყრობას ექვემდებარებიან სხვა პატიმრების მხრიდან.
ომბუდსმენის ინფორმციით, გეგუთის მე-14 დაწესებულებაში, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ი.შ-ს და ლევან კორტავას შორის ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით, შელაპარაკება მოხდა. ინსპექტორმა კონფლიქტური ვითარების გარკვევა სხვა მსჯვარდებულებს დაავალა, რომელთა შორის არსებული დაპირისპირება შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. სახალხო დამცველის განცხადებით, კონფლიქტის აღსაკვეთად ინსპექტორმა არაფერი იღონა და მოძალადე პირებს საშუალება მისცა ლევან კოსტავას გასწორებოდნენ.
„მსჯავრდებულებმა ხელებით და ფეხებით, ასევე ელექტრო ჩაიდნისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ჯგუფურად, გონების დაკარგვამდე განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ლ.კ. მისი ცემა არ შეუწყვეტიათ გონების დაკარგვის შემდეგაც რამდენიმე წუთის მანძილზე. დანაშაულის ჩამდენ პირთათვის მოსალოდნელი პასუხისმგელობის თავიდან აცილების მიზნით, ინსპექტორმა ი.შ-მ გამომძიებელს განზრახ არასწორად მიუთითა ლ.კ-ს სხეულის დაზიანებების ადგილი და განუცხადა, რომ მან დაზიანებები მიიღო მეორე სართულის კიბიდან დაგორების შედეგად. აღნიშნული კი, სამინისტროს მიერ თავდაპირველად მცდარი ინფორმაციის გავცრელების მიზეზი გახდა“, - აცხადებს ანგარიშში სახალხო დამცველი და სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ თავდაპირველ ინფორმაციას ეხმაურება, რომ ლევან კორტავა კიბეებზე დაგორების შედეგად გარდაიცვალა.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ზემოთ აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების მიზნით, მთავარ პროკურატურას მიმართა და რიგ საქმეებზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ მისი შეფასებით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძების საკითხი კვლავაც პრობლემად რჩება.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პატიმრები ხშირად მიუთითებენ, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები მათ მიმართ ფიზიკურ ძალას იყენებენ მაშინაც, როდესაც პატიმრები არ ეწინააღმდეგებოდნენ ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს.
„უფრო მეტიც, პატიმრების განმარტებით, მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება წინ უსწრებდა ადმინისტრაციის მითითებას კონკრეტული მოქმედების შესრულებაზე. ასეთ პრაქტიკის დამკვიდრების ტენდენცია განსაკუთრებით პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის დროს იკვეთება“, - აღნიშნავს ომბუდსმენი.
ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების სამინისტროს, პარლამენტსა და პროკურატურას რეკომენდაციებით მიმართავს, რომელთა შორის for.ge რამდენიმეს გამოყოფს.
უჩა ნანუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს შესაბამისი, რათა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს ჰქონდეს უფლება, მოახდინოს დაზიანებების კვალისა და ფიზიკური გარემოს ფოტოგადაღება.
ასევე სახალხო დამცველი პროკურატურას მიმართავს პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყონებლივ დაიწყოს და საქმეები დაკვალიფიცირდეს არა სისხლის სამართლის 333-ე მუხლით, არამედ წამებისა და არადამიანური და დამამცირებელი მიპყრობის შესახებ მუხლებით.
სახალხო დამცველი სამინისტროს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს და მოუწოდებს პატიმრობის და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მაქსიმალურად გონივრული დროით გაიზარდოს პატიმრების სუფთა ჰაერზე ყოფნის ხანგძლივობა. ასევე მოხდეს ხანმოკლე პაემნის განხორციელება მინის გამყოფი ბარიერის გარეშე. ამასთან, ვიდეოპაემნებისთვის უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი ინფრატრუქტურა. ასევე მოხდეს იზოლაცია არასრულწლოვანი პატიმრების სრულწლოვანი მსჯავრდებულებისგან და განხორციელდეს ტუბერკულიზით დაავადებული პატიმრების იზოლირებული მოთავსება.
პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, სახალხო დამცველი დადებითად აფასებს C ჰეპატიტის მკურნალობის დაფინანსებას, მაგრამ ტუბერკულიოზზე საუბრისას ამბობს, რომ მე-7 დაწესებულებაში მყოფ 9 პატიმარს გადატანილი აქვს ფილტვების ტუბერკულოზი, ხოლო 3 მკურნალობს DOTS პროგრამით. ეს პირები კი მოთავსებულნი არიან სხვა პატიმრებთან ერთად, რომლებიც დაავადებულნი არ არიან ტუბერკულოზით. ომბუდსმენის შეფასებით, აღნიშნული გარემოება დაწესებულებაში არსებულ არასათანადო პირობებთან ერთად, არაკეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ქმნის.
აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი ანგარიშში რიგ დაწესებულებებში არსებულ საყოფაცხოვრებო პრობლემებზეც აქცენტირებს და ამბობს, რომ პატიმართა განმარტებით, მათ გაძნელებული აქვთ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საპირფარეშოში არასაკმარისი ფართის გამო.
„საპირფარეშოს ფართობი 0,4 კვადრატული მეტრიდან 0,5 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს. პატიმრები აცხადებენ, რომ ზოგიერთ პატიმარს მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, უწევს საპირფარეშოს კარის გაღება და ამგვარ დამამცირებელ მდგომარეობაში ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. აქვე აღსანიშნავია, რომ საპირფარეშოების კარების პირდაპირ განლაგებულია საწოლები და განმარტოება პრაქტიკულად შეუძლებელია. აღნიშნულ საკითხებზე არადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის კონტექსტში არაერთ საქმეზე აქვს ნამსჯელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, - აცხადებს სახალხო დამცველი.
ამას გარდა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატიმრებს საკნებში აწუხებთ სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემები. კერძოდ, მათ არ აქვთ ტუმბო და თარო, რის გამოც იძულებულნი არიან პირადი ნივთები და ხილი იატაკზე და საწოლზე დააწყონ.
ზემოთ აღნიშნული ფაქტების გარდა, სახალხო დამცველი პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეტალურ ინფორმაციას ითხოვს და აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევებში, პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის მიზეზები უცნობია.
„სამინისტრო არც სახალხო დამცველს აწვდის ინფორმაციას პატიმრის გადაყვანის თაობაზე. დეპარტამენტების წერილებში როგორ წესი, მიზეზები შაბლონურად წერია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კი განმარტავს, რომ პატიმრის ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა დასაბუთებული უნდა იყოს და ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს“, - აცხადებს ნანუაშვილი.
სახალხო დამცველის 633 გვერდიან დოკუმენტში პატიმართა ყოფას, დაახლოებით 100 გვერდი ეთმობა და დოკუმენტში საუბარი კიდევ ბევრ საქმეზე და ფაქტზეა, რომელთაგან ყველაზე დადებითად ის მიიჩნევა, რომ 2013 წელს, 506 პატიმარი შრომით ანაზღაურებას ეწეოდა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ანგარიში პარლამენტში რეგლამენტისამებრ, მარტის ბოლოს შევიდა. ყოფილი ხელისუფლების პირობებში, მთავრობის „აქილევსის ქუსლი“ სახალხო დამცველის წლიური მოხსენები იყო, მაგრამ ყოფილი მმართველი პარტია სოზარ სუბარის შემთხვევაში, დოკუმენტს „პოლიტიკურად ანგაჟირებულად“ მიიჩნევდა, გიორგი ტუღუშის შემთხვევაში კი, „სირაქლემას პოზაში“ იყო და ევროპული ტიპის დაწესებულებებზე აქცენტირებდა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წლიანი მმართველობა სწორედ ციხის სკანდალურმა კადრებმა დაასრულა.