დეპოში შევდივართ!

დეპოში შევდივართ!

რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მცირე ზომის რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა. თვითმფრინავმა სოფელი ხურჩა დაზვერა, სურათები გადაიღო და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გაფრინდა.

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი ოკუპირებული აფხაზეთიდან ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე „ან 2“ ტიპის თვითმფრინავის შემოფრენას ადასტურებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია (EUMM) აღნიშნული საკითხის შესწავლაში უკვე ჩართულია. 

„ან 2“ ტიპის თვითმფრინავი გადმოფრინდა. ჩვენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად, ცხელი ხაზი ამუშავებული გვაქვს და ვარკვევთ თუ რატომ მოხდა. ვნახოთ, რა პასუხს მივიღებთ. შევამოწმებთ ინფორმაციას, ჩამოვყალიბდებით და დავაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს როგორც საერთაშორისო, ისე ყველა დონეზე“, - განაცხადა გოჩა რატიანმა. 

პარალელურად, ხურჩაში აფხაზეთის ოკუპირებული ტერტიორიიდან რუსული თვითმფრინავის შემოფრენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შეისწავლის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„აუცილებლად შევისწავლით, თუ როგორ მოხდა, რა პირობებში. შესაბამისად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება ინფორმირებული. მათ შორის, ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილე ყველა დელეგაცია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა.

რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას პროვოკაციად აფასებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ზაქარეიშვილმა განცხადა რუსეთის ამ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლებამ აგრესიულად არ უნდა უპასუხოს.

„ეს აშკარად პროვოკაციაა და საჭიროა პროვოკაციას შესაბამისად ვუპასუხოთ. არა აგრესიულად, არა ისე როგორც ამას რუსები თვლიან, არამედ ისე როგორც სახელმწიფოს ინტერესს შეესაბამება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ხურჩაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე. დავით უსუფაშვილის განცხადებით, კარასინი-აბაშიძის შეხვედრა საჭიროდ ჩაითვალა, მათ შორის, ხურჩის თემის გასარკვევად.

„თანამედორვე მსოფლიოში ზუსტად იმ ვითარებაში, რომელშიც მსოფლიო იმყოფება, ყველა ცდილობს იმას, რომ დიალოგის საშუალება გაიზარდოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვდება და ტელეფონზე დღეში 3-ჯერ ესაუბრება, იმიტომ კი არა, რომ ყველაფერზე თანხმდებიან, არამედ იმიტომ, რომ ლაპარაკი აუცილებელია. უკრაინა, რომელიც ნახეთ, რა დღეშია რუსეთის მხრიდან, მისი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყოველდღე მზადაა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდეს. იმ ქვეყნის მინისტრს, რომელმაც ტერიტორიები წაართვა დღისით მზისით და შესაძლოა, კიდევ ათას სხვა უბედურებას უმზადებს.

ასეთ ვითარებაში საქართველომ რა უნდა ქნას?! ჩვენ უნდა ვიყოთ მხოლოდ ის ხალხი, რომელიც ვინმეს არ ელაპარაკება?! ამასობაში ეს ლაპარაკი თვითმიზანი არ არის, ზუსტად ამიტომაც ეს შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. ე.ი. არსებობდა გააზრება საქართველოს ხელისუფლებაში როდის, როგორ, რა თემაზე და რა ვითარებაში შეიძლებოდა, ან არ შეიძლებოდა ჩატარებულიყო შეხვედრა.

ახლა, როგორ ჩანს, ეს შეხვედრა საჭიროდ და შესაძლებლად ჩაითვალა, მათ შორის, ხურჩის თემის გასარკვევად, ასევე სხვა თემების გასარკვევად. ასე რომ, დიალოგის ხაზის არსებობა უკიდურესად აუცილებელია. მსოფლიოში არ დარჩა თავმოყვარე სახელმწიფო, რომელიც რუსეთს ამ თემებზე არ ელაპარაკება და ჩვენ სხვანაირები უნდა ვიყოთ?! მგონი არა. დიალოგი უნდა შედგეს, თემა არის რას მივიტანთ ამ დიალოგში და რას წამოვიღებთ და არა თავად დიალოგის ფაქტი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ამასთან, ოკუპირებულ აფხაზეთში მორიგი წვრთნები მიმდინარეობს. ტაქტიკურ-სპეციალური სწავლება, რუსეთის სამხედრო ბაზის სამედიცინო განყოფილების მონაწილეობით, აფხაზეთის მთიან ნაწილში მიმდინარეობს. მასში 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს. სწავლება სამხედრო ექიმების მიერ საომარი მოქმედებების არეალში 100 კილომეტრიანი მარშის განხორციელებას ითვალისწინებს. ამასთან, თანამედროვე სამხედრო ბრძოლის გარემოების შექმნის მიზნით, სწავლებაში პირველად მოტომსროლელი ბრიგადაცაა ჩართული.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირეძე აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია თავისთავად მანიშნებელია იმისა, რომ რუსეთი გარკვეულ აგრესიულ გეგმას ამზადებს საქართველოს წინააღმდეგ.

„ძალების კონცენტრაცია დაადასტურა აშშ-ის დაზვერვის შეფმა, რომლის მონაცემებით რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა და ტექნიკის რაოდენობა იზრდება ცხინვალის რეგიონში. ეს არის იმის ინდიკატორი, რომ საქართველოს მიმართ რუსეთს აქვს გარკვეული გეგმები და მისი გეგმების რეალიზება დაწყებულია. ეს არ უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულებას ან საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ეს არის რუსეთის ახალი სტრატეგიული ნაწილი, იმის შემდეგ რაც ყირიმს ანექსია მოახდინა“, - აცხადებს თავდგირიძე.

მისი თქმით, რუსეთის ეს სტრატეგია ითვალისწინებს იმ ტერიტორიების დაკავების მცდელობას, რომელიც მას საბჭოთა კავშირის დროს ეკავა და, რომელსაც რუსეთი თვლის იმ თვითკმარ სამხედრო გეოპოლიტიკურ სივრცედ, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს ნატოსთან სამხედრო დაპირისპირება მოიგერიოს. აქიდან გამომდინარე, თავდგირიძის განცხადებით, საქართველოს დაკავება მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„ეს მანქანა ამუშავებულია, რომელსაც გააჩნია თავისი სამხედრო სტრატეგიული გეგმები. საქართველოს და სომხეთის ტერიტორია არის ის პლაცდარმი, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს უზრუნველყოს სამხრეთ ფლანგის უსაფრთხოება. ამ ორ რეგიონში სამხედრო კონტიგენტის ყოლა, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია და ამ გეგმის რეალიზების საშუალებას აძლევს. ამის რეალიზება მოხდება თუ არა, დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოემზადება საქართველო და რამდენად ექნება მას წინააღმდეგობის უნარი. რამდენად სწრაფი და ეფექტიანი იქნება დასავლეთის მიერ გატარებული ღონისძიება. ამაზეა დამოკიდებული სამხედრო აგერსია დაიწყება თუ არა. შესაბამისად, მინდა შევახსენო ირაკლი ალასანიას, რომ უკვე დეპოში შევდივართ. თუ თავდაცვის სამინისტრო არ იმოქედებს, ძალიან დიდი პრობლემა გვექნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი თავდგირიძე.