ანაკლია მსხვილ საპორტო პუნქტად იქცევა. აქ გაკეთდება საერთაშორისო აეროპორტი და თხევადი გაზის ტერმინალი. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი მთავრობა უარს არ ამბობს წინა ხელისუფლების მიერ წამოწყებულ პროექტებზე, მთავარია, ყველა პროექტი კარგად იყოს გათვლილი და რეალური სარგებლის მოტანა შეეძლოს ქვეყნისთვის.
პრემიერი აღნიშნავს, რომ ახალი პორტის რამდენიმე პროექტი არსებობს. საპარტნიორო ფონდმა უკვე შეისწავლა, თუ როგორ უნდა შევიდეს რკინიგზა არსებულ ტერიტორიაზე, მიწის რა ნაკვეთები დასჭირდება პორტს და რა რაოდენობის ტვირთისთვის უნდა იყოს ის გათვალისწინებული.
„დეტალური კვლევა უტარდება ანაკლიის პროექტს. კვლევას ატარებენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონური კომპანიები. დაახლოებით სამ თვეში გვეცოდინება დეტალები. წინასწარი შეფასებით, ანაკლიის პორტში უნდა განვითარდეს ლოჯისტიკური და ინდუსტრიული ზონები; ანაკლიაში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება წყალდიდობის პრობლემა; გადაწყდება სასმელი წყლის მიწოდების საკითხიც, ფოთი-ანაკლიის წყალმომარაგების დიდი პროექტის ფარგლებში. აღნიშნული პროექტით დაინტერესებულია ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი - „კონტი ჯგუფი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის განმარტებითაც, წინა ხელისუფლების დროს ხელში შეგვრჩა მხოლოდ საეჭვო ღირებულების უფუნქციო მონუმენტები, გათვლები არასწორად იყო გაკეთებული, რელიეფი საერთოდ არ იყო შესწავლილი და სწორედ ამის გამო, ახლო მომავალში აქაურ ინფრასტრუქტურას დაშლა ემუქრება, თუ პირველ რიგში, არ შესრულდა ნაპირსამაგრი სამუშაოები.
ცოტა ხნის წინ, ამერიკაში ვიზიტის დროს პრემიერი შეხვდა „კონტი ჯგუფის“ პრეზიდენტს კურტ კონტის. გაირკვა, რომ „კონტი ჯგუფს“ შემუშავებული აქვს ანაკლიის პორტის განვითარების სამფაზიანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წლიურად 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვას. სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა კი ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების გაჩენას ნიშნავს.
პრემიერის აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ზღვისპირა ზოლის ათვისება და განვითარება აფხაზეთთან ახლოს ხდება. ამ ადგილების განაშენიანება, საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი ინფრასტრუქტურა და, ზოგადად, პროგრესი არ შეიძლება, საინტერესო არ იყოს ჩვენი აფხაზი ძმებისთვის.
For.ge-სთან საუბრისას ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ადასტურებს, რომ ანაკლიის სატრანსპორტო კვანძი ძალზე მასშტაბური და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ამ უდიდესი კვანძის მიზანი არა მხოლოდ აფხაზეთთან კავშირია, არამედ აღმოსავლეთ-დასავლეთის ტვირთბრუნვაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება. ეს პროექტი გაცილებით უფრო მეტი დატვირთვისაა, ვიდრე ბაქო-ჯეიჰანის პროექტი და თანხებშიც აღემატება ბაქო-ჯეიჰანის პროექტს.
„ძალიან ახლოს ვიცნობ ამ პროექტს, არანაირი მსგავსი მიზნები წინა ხელისუფლებას არ ჰქონია. ის პროექტი, რომელზეც ისინი საუბრობდნენ ლაზიკის სახით, სულ სხვა იყო და სრულიად სხვა მიზნები, ამოცანები ჰქონდა. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების მცდელობა წინა ხელისუფლებას არ ჰქონდა, თორემ ანაკლიის პროექტზე საქმიანობას კარგა ხნით ადრე დაიწყებდნენ. ანაკლიის სატრანსპორტო კვანძის სრულყოფილად რეალიზაცია, რომელიც ხუთნახევარი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას მოითხოვს, საკმაოდ კარგად არის გაანგარიშებული. ისიც გარკვეულია, თუ რა შეიძლება მიიღოს ამით საქართველოს ეკონომიკამ და ბიუჯეტმა. აქ მნიშვნელოვან თანხებზეა საუბარი“, - აცხადებსა დემურ გიორხელიძე.
ამასთან, განმარტავს, რომ ეკონომიკური მიზიდულობის თვალსაზრისით, ანაკლიის პორტი შეიძლება საინტერესო იყოს აფხაზებისთვის, მაგრამ აფხაზეთის პრობლემა მაინც პოლიტიკურია და იგი სხვა სიბრტყეშია გადასაწყვეტი.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა შეშელიძე პროექტის ხარჯიანობაზე საუბრობს. მისი თქმით, გასული წლის ბიუჯეტში დაგროვილი ვალდებულებები შარშან ვერ იქნა გასტუმრებული. ამდენად, წელს კიდევ ახალი დამატებითი მასშტაბური პროექტი საიდან უნდა დაფინანსდეს, ბუნდოვანია.
რაც შეეხება აფხაზეთს, ექსპერტის თქმით, სიტუაციის შემსუბუქების ყველაზე მარტივი გზა ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობების დაშვებაა, როგორც ეს საქართველოს დანარჩენ რეგიონებთან ხდება. მეტიც, იგი თვლის, რომ სანამ აფხაზეთს საქართველო ეპყრობა, როგორც უცხო ქვეყანას, ის არასდროს გამოიჩენს ჩვენთან დაახლოების ინტერესს. ამიტომ ამ მხარეს 20-წლიანი ბლოკადა უნდა მოეხსნას.
„ჩემთვის უცნობია, სინამდვილეში, რას აპირებენ, რის აღდგენას ან განახლებას გეგმავენ. ერთი რამ ვიცი, მე პირადად შევახვედრე თავისუფალი ქალაქების შესახებ ერთ-ერთი მოდელის უცხოელი ავტორი ინფრასტრუქტურის მინისტრ ნარმანიას ერთი წლის წინ. არ ვიცი, იყენებენ თუ არა მის გამოცდილებას“,- აცხადებს პაატა შეშელიძე ჩვენთან საუბარში.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ აფხაზებთან დაახლოება ნიშნავს საქართველოს მიმზიდველად გადაქცევას მოძმე აფხაზებისთვის. ყველა ის პროექტი, რომელიც საქართველოს მიმზიდველობას გაზრდის, მნიშვნელოვანია. ამდენად, ანაკლიის პორტი და ინფრასტრუქტურა (გაზის ტერმინალი, საერთაშორისო აეროპორტი) უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დანიშნულების პროექტია საქართველოსთვის, რომლის განუხორციელებლობაც დანაშაულის ტოლფასია.
„საქართველოს რა შეუძლია შესთავაზოს ევროპას და თანამედროვე მსოფლიოს?! პირველ რიგში, საერთაშორისო რეგიონალური ჰაბის იდეის განხორციელება. ამ ჰაბის ფუნქციის სრულფასოვნად შესრულება ჩვენს ქვეყანას შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეფექტური პროექტები განხორციელდება, ლოჯისტიკური ცენტრები შეიქმნება, პორტები იქნება და ტვირთგამტარუნარიანობის ხარისხი გაიზრდება. ფოთის პორტი, ბათუმის პორტი და მომავალში ანაკლიის პორტიც ერთიანი სატრანზიტო კორიდორის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ანაკლიაში ახლა წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, გამოყოფილია შესაბამისი თანხა საპარტნიორო ფონდიდან, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო კვალიფიციური ორგანიზაციების მონაწილეობით კვლევების ჩატარებას. როცა კვლევები დასრულდება, პროექტირება უკვე მეორე ეტაპია. ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი და ინვესტორებიც უფრო გააქტიურდებიან“, - აღნიშნა ლევან კალანდაძემ For.ge-სთან საუბრისას.