4 ოქტომბერს, რადიკალები დიდი აქციებისთვის ემზადებიან. მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთი მათი ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლა რამდენიმე ასეული კაცის შეკრებას ვერ გასცდა, იხტიბარს მაინც არ იტეხავენ და „ხმაურიან“ განცხადებებს აკეთებენ. ქვეყანაში კი მათი თითქმის აღარავის სჯერა. ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობა და ბიზნესი, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ძალიან მშვიდადაა.
შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, ქვეყანაში დაძაბულობა აშკარად შეიმჩნეოდა. ლარი უფასურდებოდა და ეროვნულმა ბანკმა მისი სტაბილიზაციისთვის 600 მილიონი დოლარი დახარჯა, ბიზნესი შფოთავდა, ხოლო ინვესტორებმა კარგა ხნით დააპაუზეს აქტივობა. მას შემდეგ, მხოლოდ 10-11 თვე გავიდა და ახლა სრულიად სხვა რეალობაა.
ანალიტიკოსმა გიორგი აბაშიშვილმა პოლიტიკური პროცესების ეკონომიკაზე გავლენაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, საზოგადოებაში ფუჭი პოლიტიკური მოლოდინების შექმნას გაცილებით ძლიერი ეფექტი ჰქონდა ეკონომიკაზე, ვიდრე დღეს, რაც აისახებოდა ეკონომიკურ აქტივობაზე, ლარის კურსსა და ქართული კომპანიების აქციებზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
„ავიღოთ დღევანდელი ვითარება - რევოლუციაზე მეტი უბედურება, რა უნდა დაანონსდეს ეკონომიკისა და ბიზნესებისთვის? წარმოვიდგინოთ, რომ საზოგადოებას ამ რევოლუციის სჯერა. ახლა, იცით, რა უნდა ხდებოდეს? ეკონომიკური აქტივობა უნდა იყოს დაცემული, ადამიანები უნდა იშორებდნენ კაპიტალს, ბანკებიდან უნდა გამოჰქონდეთ ფული, უნდა ცარიელდებოდეს ბანკომატები, ანაბრებიდან თანხები უნდა გამოიტანონ.
ახლა, რასაც ვუყურებთ, მსგავსი ტიპის ქცევა არ ფიქსირდება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაცილებით მედეგი გახდა საზოგადოება ფუჭი შიშების მიმართ, რომლებსაც ქმნიან. როდესაც საზოგადოება რაღაცაზე რეაგირებს, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინც აშინებს, იმას ემხრობა, უბრალოდ, ეშინია, როცა რაღაც ტიპის პრობლემა იქმნება. ეკონომიკური ვარდნა იქნებოდა ახლა, მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ 8%-იან ზრდაზე“, - განაცხადა აბაშიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ტენდენციას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ადასტურებს, რომელმაც საქართველოს ეკონომიკური აქტივობის ზრდის პროგნოზი 6-დან 7.2%-მდე გაზარდა.
ეკონომისტების უმრავლესობა მსგავს მოსაზრებას ეთანხმება და ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ხალხის ქუჩაში გამოყვანის ყველანაირი რესურსი ამოწურა, ამიტომ აქციები მასობრივი არ იქნება და შესაბამისად, ეკონომიკასაც საფრთხე არ დაემუქრება. გიორგი ცუცქირიძემ ხაზი გაუსვა, რომ 2024 წელს, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სრულიად განსხვავდება დღევანდენილი მოცემულობისგან.
„შარშან, საქართველოში, აბსოლუტურად სხვა სიტუაცია გვქონდა. მანამდეც და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში გამოსვლები იყო და ასეთმა მოცემულობამ, რა თქმა უნდა, წარმოქმნა გარკვეული დაძაბულობა. მოგეხსენებათ, მაშინ ეროვნულ ბანკს საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა სტაბილიზაციისთვის. 600 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი მიაწოდა სავალუტო ბაზარს, რათა ლარის კურსი მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულიყო. საერთოდ, ასეთი რევოლუციური ხასიათის გამოსვლებს ყოველთვის აქვს ხოლმე ასახვა ეკონომიკაზე და არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველგან.
რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, არ მგონია, რომ მსგავსი რამ განმეორდეს, რადგან ასეთი წინაპირობა არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ჯგუფები ახმოვანებენ სხვადასხვა „მშვიდობიან“ თუ არამშვიდობიან რევოლუციებს.
აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი რამ - მოლოდინი რომ იყოს ნეგატიური, მაშინ, ეს აუცილებლად აისახებოდა საბანკო დეპოზიტების სტრუქტურაზე. როდესაც დაძაბულობაა, ყოველთვის ხდება ლარში არსებული დეპოზიტების გადაყვანა უცხოურ ვალუტაში, ან საერთოდ გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დღეს, ლარიზაციის მაჩვენებელი არ არის შემცირებული და უკეთესიც კი არის, ვიდრე იყო ორი-სამი წლის წინ.
დღევანდელი ვითარების შარშანდელ ექსტრემალურ სიტუაციასთან შედარება არ იქნება სწორი, რადგან, როგორც გითხარით, მდგომარეობა არ არის გაუარესებული და მოსახლოების დიდ ნაწილში არ არსებობს ცუდი მოლიდინი. შესაძლოა, გამოსვლები იყოს და რადიკალიცაზიის მცდელობაც შეიქმნას, მაგრამ არა მგონია, რომ მას ჰქონდეს ისეთივე აჟიოტაჟური ხასიათი და დროში ისეთივე განგრძობადი იყოს, როგორც 2024 წელს“, - განაცხადა ცუცქირიძემ.