შუა დერეფანისა და ზანგეზურის კორიდორის შეპირისპირების ირგვლივ მოჭარბებული მსჯელობა და მანიპულაციები არ წყდება. სომხეთ-ირანის საზღვარზე გამავალი დერეფნის ბედი ჯერ სრულიად ბუნდოვანია, მაგრამ რატომღაც მას მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, მიუხედავად იმისა, რომ ზანგეზურის მარშრუტმა საოცრად რთულ რელიეფზე უნდა გაიაროს და წლის გარკვეულ პერიოდში, გამოუსადეგარი იქნება ურთულესი მეტეოროლოგიური პირობების გამო.
საქართველოში ფიქრობენ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, შუა დერეფნის გაფართოება-განვითარებას ალტერნატივა არ გააჩნია. საერთაშორისო ექსპერტები კონკრეტულ თანხებსა და ვადებს ასახელებენ პროექტის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისათვის.
„თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა, ირინა კვახაძემ განაცხადა და დასძინა, რომ ზანგეზურის დერეფანი იქნება ცალსახად საქართველოს ალტერნატივა, თუმცა იქნება თუ არა იგი ჩვენი შემავსებელი მარშრუტი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცულობის ტვირთი გაივლის შუა დერეფანზე.
„ჩვენი გამტარუნარიანობა შუა დერეფნის ჭრილში არის 6 მლნ ტონა და იგეგმება, რომ გაიზარდოს 12 მლნ ტონამდე. ზანგეზურის დერეფანზე ჯერ მწირი ინფორმაციაა იმისთვის, რომ ცხადი წარმოდგენა შევიქმნათ, სად ვიქნებით კონკურენტული, შეგვავსებს თუ პირიქით - ალტერნატივას შექმნის. დღეს რაც ვიცით, არის ის, რომ 15 მლნ ტონის გატარების პოტენციალი ექნება და, სავარაუდოდ, უფრო მოკლე მარშრუტი იქნება. თუმცა, ამაზეც სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ზოგი წყარო ამბობს, რომ 10 კმ-ით ნაკლები, ზოგის თქმით - 50კმ-ით, ზოგ 350 კმ-ით ნაკლები იქნება. ძალიან დიდია ბუნდოვანება.
ჩვენი ტრანზიტის 8% აზერბაიჯანი-თურქეთის ნაკადზე მოდის, შემდეგ არის ცენტრალური აზია-თურქეთის ნაკადი - 8-9%. ესენი ჩვენი ტრანზიტის, დაახლოებით, 17%-ია. ვფიქრობთ, რომ ეს ნაკადები, არის განსაკუთრებით მოწყვლადი, რომ გადაერთოს ზანგეზურის ნაკადზე. თუ სომხეთიდან ტვირთებზეც ვისაუბრებთ, აქაც გარკვეული რისკები არსებობს“, - განაცხადა კვახაძემ.
მისი თქმით, ამ მოცემულობაში ჩნდება კითხვა: რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი.
„რეცეპტი არის ტემპი და არაეფექტურობების აღმოფხვრა. ვიცით, ჩვენ რა შემზღუდავი ფაქტორები გვაქვს: პორტების გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფად განხორციელება. ტემპი ძალიან მნიშვნელოვანია ახლა“, - დასძინა მან.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ე.წ. შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მომდევნო 15 წელიწადში, 28 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა საჭირო. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა „აზერბაიჯანის პირველ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე“ განაცხადა, რომელიც ბაქოში გაიმართა.
„ამ თანხიდან 25 მილიარდი დოლარი საჭიროა სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის, 1.8 მილიარდი დოლარი კი პორტების გაფართოებისა და მოდერნიზაციისთვის. სწორედ ამ ადგილებში წარმოიქმნება შეფერხებები - ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობის გზაჯვარედინებზე: ზღვიდან რკინიგზამდე, რკინიგზიდან გზამდე“, - ციტირებს აზერბაიჯანული მედია პრაისის სიტყვებს.
რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს არის საკითხები, რომლებიც უნდა გადაიჭრას.
„ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ის არის, რომ ახლა ჩვენ მრავალ სხვადასხვა ქვეყანაში გვიწევს ნავიგაცია. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ვიპოვოთ გაციფრულების, პროცედურებისა და რეგულირების ჰარმონიზებული მიდგომები, რათა დერეფნის მომხმარებლებისთვის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა მაქსიმალურად შეუფერხებელი იყოს. ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართულნი კორიდორის განვითარებასა და გაძლიერებაში“, - განაცხადა პრაისმა.
მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნა, რომ განვითარების ბანკებს უბრალოდ არ აქვთ საკმარისი სახსრები არსებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად. ამიტომ, მათი გეგმაა პარტნიორობის გაფართოება და კერძო კაპიტალის მოზიდვა.