ექთნებისთვის მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შემდეგ, მათი საშუალო ხელფასი 700 ლარამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მეტყველებს, რომ 2023 წელს ამოქმედებულ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, ექთნის მინიმალური ანაზღაურება განისაზღვრა, დადებითი ეფექტი აქვს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ექთნების დეფიციტი შემცირდა. როგორც ექთნების პროფესიული განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა, მარინა სახვაძემ დაადასტურა, დეფიციტი კვლავ დეფიციტად რჩება.
„ექთნების საშუალო ხელფასი 700 ლარზე ნაკლები აღარ არის, მაგრამ ამან კადრების რაოდენობაზე მაინც ვერ იმოქმედა, თუმცა პროფესიულ კოლეჯებში მსურველების რაოდენობა გაიზარდა. არც ერთი კოლეჯი, რომელსაც საექთნო პროგრამა აქვს, შეუვსებელი არ დარჩენილია. კოლეჯებში ეს პროფესია მოთხოვნადი გახდა“, - განაცხადა სახვაძემ და დასძინა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ დეფიციტი აღმოიფხვრება, ვინაიდან ქვეყნიდან კადრების გადინება კვლავ აქტუალური პრობლემაა.
„ჩემთან, კოლეჯში, საექთნოზე მოსულ სტუდენტებს რომ ვკითხე, რატომ ჩააბარეს, ოციდან ათმა მითხრა, რომ გერმანიაში უნდა წასვლა და ამიტომ ჩააბარა. გადინება ისევ აქტუალური პრობლემაა, ექთნების დეფიციტს ამიტომაც ვერ ვავსებთ“, - განაცხადა „ბიემთან“ საუბრისას, ექთნების პროფესიული განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა.
ეს პრობლემა მართლაც რეალურია და თანაც დროში განგრძობადია. საქმე ისაა, რომ ჯანმო-ს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) პროგნოზით, 2030 წელს, ევროპაში 1 მილიონამდე სამედიცინო კადრის დეფიციტი იქნება. ჯანმო-ევროპის ახალი ანგარიშის თანახმად, რეგიონის ჯანდაცვაში უცხოელი სპეციალისტების რაოდენობა ბოლო ათი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა: ექიმებს შორის - 58%-ით და ექთნებს შორის - 67%-ით. მეტიც, მათი უმრავლესობა, ანუ ექიმების 60%-ზე მეტი და ექთნების 72% - ევროპის ფარგლებს გარეთ იყო მომზადებული.
ანგარიში მოიცავს ცხრა ქვეყანას, ირლანდიიდან - ტაჯიკეთამდე და აჩვენებს, თუ რამდენად არათანაბრად ნაწილდება მიგრაციის შედეგები. აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპა ათასობით პროფესიონალს კარგავს, რაც არსებული სამუშაო ძალის დეფიციტს ამწვავებს. ამასობაში, დასავლეთისა და ჩრდილოეთის ქვეყნები სულ უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი უცხოელ მუშაკებზე. მაგალითად, ირლანდიაში, ექთნების ნახევარზე მეტი და ექიმების 43% საზღვარგარეთ კურსდამთავრებულები არიან.
ჯანმო-ს პროგნოზით, 2030 წლისთვის, ევროპა ჯანდაცვის 950 000 მუშაკის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. ორგანიზაციის აზრით, ჯანდაცვის სისტემების კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა განახორციელონ კადრების შენარჩუნების სტრატეგიები და ინვესტიციები ჩადონ ტრენინგებში.
აქედან გამომდინარე, რა ელოდება საქართველოს, სამედიცინო პერსონალის გადინების კუთხით, ძნელი გამოსაცნობი არ არის. როგორ შეიძლება დამაგრდეს ადგილზე პერსონალი, ეს რთული საკითხია. პროფკავშირ „სოლიდარობის ქსელის“ გამგეობის წევრი რევაზ კარანაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი ხელფასების მატებასა და ჯანდაცვის სექტორის კანონებით რეგულირებაშია და არა - პრივატიზებაში, რაც ახლა ხდება.
„პირველ რიგში, ხელფასები უნდა გაიზარდოს. უნდა იყოს ღირსებული ცხოვრების დონესთან შესაბამისი ანაზღაურება და მეორე - პაციენტებისა და ექთნების რაოდენობა უნდა განისაზღვროს იმიტომ, რომ 15 პაციენტზე, ერთი ექთანი არ უნდა მოდიოდეს, სიგიჟეა. უბრალოდ, ვერ მოახერხებ, რომ ხარისხიანად შეასრულო საკუთარი ფუნქციები. რაც შეეხება მესამე ფაქტორს, ჯანდაცვა არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ბიზნესი. ეს არის სოციალური საკითხი. კანონის დონეზე უნდა დარეგულირდეს და არა პრივატიზებისა და ჰოსპიტალური სექტორის საწოლების გაყიდვის დონეზე. როდესაც საავადმყოფო გადაკეთდება ბიზნესად, მთავარი ხდება მოგება და არა პაციენტი“, - აღნიშნა კარანაძემ.
საქართველოში, როგორც ექიმების, ისე ექთნების რაოდენობა კიდევ მცირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს, ექიმების რაოდენობა 289 კაცით შემცირდა და 24 139 შეადგინა.
რაც შეეხება ექთნებს, 2024 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში, აღნიშნულ პროფესიაში 21 656 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 167 ადამიანით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.