საჭიროა თუ არა პროსტიტუციის ლეგალიზება

საჭიროა თუ არა პროსტიტუციის ლეგალიზება

2008 წელი. 8 აგვისტო. დღის 12 საათი. რუსეთ-საქართველოს ომი. ქალაქში ძალიან ცოტა მანქანა მოძრაობდა. სამარშრუტო ტაქსით სამსახურში მივდიოდი. გადაკეტილი გზის გამო მძღოლმა მგზავრები ჩემთვის მანამდე უცნობი ქუჩით გვატარა. სწორედ მაშინ შევნიშნე ფანჯრიდან ახალგაზრდა გოგონები, მოკლე ქვედაბოლოებით, სათვალეებით და შეღებილი სახეებით იდგნენ და კლიენტებს ელოდნენ. ძალიან გამიკვირდა, არ მჯეროდა, რომ ომის დროს რომელიმე ქართველ მამაკაცს აზრად მოუვიდოდა მათი მომსახურებით ესარგებლა, თუმცა ვინ იცის.

ამ უძველესი პროფესიის ქალბატონები საზოგადოებას ძალიან აღიზიანებენ. მათ მეძავებს, ქუჩის ქალებს და ბევრ სხვა უცენზურო სიტყვას ეძახიან. თუმცა ცივილიზებულად „კომერციული სექსის მუშაკები" ჰქვიათ. ისტორია ყველას საერთო აქვთ. დანგრეული ოჯახები და შვილის სარჩენად გაღებული მსხვერპლი. ყოველდღე გაწამებული სახეებით კლიენტს მაინც უღიმიან და საკუთარ სხეულს ქუჩიდან სთავაზობენ. არსებობს ქვეყნები, სადაც მათი საქმიანობა ლეგალიზებულია და სახელმწიფოს ბიუჯეტში გადასახადების სახით სოლიდური თანხა შედის.

საქართველოში ამ თემამ პირველად რამდენიმე წლის წინ გაიჟღერა, მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილი აღშფოთებით შეხვდა. მომხრეები ამბობენ, რომ ლეგალიზების შემთხვევაში ქუჩაში მდგარი ქალბატონების რიცხვი დაიკლებს და ვენერიული დაავადებების საფრთხეც შემცირდება. მოწინააღმდეგეების აზრით კი, ლეგალიზება მათ რიცხვს გაზრდის. თემა ძალიან რთულია და ერთ მასალაში ვერ ამოვწურავთ, თუმცა ვეცდებით გავარკვიოთ, რას ფიქრობენ რიგითი ქართველები.

მამუკა, 34 წლის (ეკონომისტი):

- მე დაოჯახებული ვარ და ცოტა მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი. იმედია, ჟურნალში ჩემს გვარს არ დაწერთ, თუმცა როგორ, არც მითქვამს. ლეგალიზება რას ნიშნავს, ანუ ოფიციალური დაწესებულებები გაიხსნება მათთვის? არა მგონია, ამან გაამართლოს. თან ქართველების ხასიათი ხომ იცით, მიუვარდებიან და დაარბევენ.

თემო, 28 წლის (ფინანსისტი):

- ხშირად ვხედავ ამ ქალბატონებს, განსაკუთრებით ერთ ქუჩაზე, რომელზეც სამსახურის გამო ყოველდღე მიწევს გავლა. რა ლეგალიზება, როგორ, ხელფასები ექნებათ? რა ვიცი, აბსურდია. ჩემი საქმე არ არის, ვინ რა პროფესიას აირჩევს, მაგრამ განსაკუთრებულად მწყდება გული, როცა ამ პროფესიის 18-20 წლის გოგონებს ვხედავ. ხომ ჯობია გათხოვდნენ და შვილები გააჩინონ.

თემო საჯაია (მომღერალი):

- მსგავსი კითხვით ჯერ ჩემთვის არც ერთ ჟურნალისტს არ მოუმართავს. ვერ გეტყვით, მომხრე ვარ თუ არა, რადგან მიმაჩნია, რომ მაინც კომპეტენტური ადამიანების გადასაწყვეტია. ისე, ცენტრალურ ქუჩებს მაინც უნდა მოერიდონ. ჰოლანდიაში ვარ ნამყოფი და ამსტერდამის მაგალითზე გეტყვით, იქ ამ პროფესიის ქალებისთვის სპეციალური ქუჩები არსებობს და თუ არ ვცდები, ლეგალიზებულია.

ფონდ „თანადგომის" სოციალური მუშაკი არჩილ რეხვიაშვილი პროფესიით ექიმია და რამდენიმე წელია „კომერციული სექსის მუშაკებთან" მუშაობს.

ბატონო არჩილ, როგორ ფიქრობთ, საჭიროა საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზება?

- რაღაც ამ ბოლო დროს პრესა და ტელევიზია ამ თემით ძალიან დაინტერესედით. ჩვენი ფონდი ლეგალიზაციაზე არ მუშაობს. ძირითადი მიზანი ამ ქალბატონების დაავადებებისგან დაცვაა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად გერმანიასა და ჰოლანდიაში, ლეგალიზებულია, ოღონდ არა ქუჩის პროსტიტუცია, სახელმწიფო ბედნიერია იმით, რომ ბიუჯეტში ფული შედის და დაავადებათა გაკონტროლებაც ხდება. არ მგონია, საქართველოში ასეთი საჭიროება შეიქმნას.

თავად ეს ქალბატონები რას ფიქრობენ?

- ძირითადად ეშინიათ. ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს ლეგალიზაცია. გამოცხადდება, რომ გარკვეულ ადგილებში არის „ბორდელები" და მათ წიგნაკები ექნებათ? საკითხის ასე მარტივად დაყენება არ შეიძლება. ჯერ მოსახლეობაშიც სერიოზული გამოკითხვა უნდა ჩატარდეს. მათაც არ აქვთ სურვილი, მათი შემოსავლის გარკვეული ნაწილი სახელმწიფომ წაიღოს.

ამ შემთხვევაში მომსახურების გაძვირებაც მოუწევთ...

- დიახ, ალბათ ცვლილებები იქნება. მაგრამ ჩვენ რომელ სეგმენტზეც ვმუშაობთ, ძირითადად საშუალო და დაბალანაზღაურებადი ქალბატონები არიან.

ანუ მაღალანაზღაურებადი სექსმუშაკები ქუჩაში არ დგანან?

- არა, ისინიც დაიხვეწნენ და კლიენტები ტელეფონით უკავშირდებიან.

ამბობენ, რომ ქუჩაში მდგომი ქალების ძირითადი ნაწილი დაავადებულია...

- არა, რატომ, მათაც ისწავლეს თავის დაცვა და საბედნიეროდ, ეს პრობლემა სერიოზულად არ დგას. ისინი რეგულარულად იტარებენ ანალიზებს.

მათი საქმიანობა უკანონოა, არის თუ არა დასჯის შემთხვევები?

- გეთანხმებით, სამოქალაქო კოდექსით პროსტიტუცია დასჯადია. თუ არ ვცდები, ჯარიმა საარსებო მინიმუმის ნახევარია. მაგრამ ადამიანმა რომ საკუთარი სხეული გაყიდა, ამას მოწმე სჭირდება, ამიტომ ასეთი შემთხვევები არ გვაქვს. სახელმწიფო მკაცრია ე.წ. „ბუდის" მოწყობაზე, გაუპატიურებაზე, არასრულწლოვნების ჩართვაზე.

მახსოვს, ადრე პოლიცია ქუჩაში მდგარ ქალბატონებსაც მკაცრად უსწორდებოდა...

- დიახ, ეს ბარბაროსული მეთოდები იყო და ძირითადად ძველი მთავრობა მიმართავდა. დაერეოდნენ ამ ქალებს, ჩასვამდნენ მანქანებში და ხან რუსთავში ტოვებდნენ და ხან გორში. მერე იქიდან ფეხით მოდიოდნენ. ასევე აიძულებდნენ მკურნალობას, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰქონდა.

ლეგალიზების შემთხვევაში დაავადებები შემცირდება?

- მარტივი სქემა იქნება. მეპატრონის ინტერესებში შევა, რომ თანამშრომლები ჯანმრთელები ჰყავდეს და ამან შეიძლება შეამციროს დაავადებები.

მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ ლეგალიზება მათ რიცხვს უფრო გაზრდის...

- რაღაც მომენტში შეიძლება პოპულარიზაციადაც ჩაითვალოს. რაც შეეხება გაზრდას, საქართველო არ არის სოციალურად გამართული ქვეყანა, ამიტომ ლეგალიზებული იქნება თუ არა, პროსტიტუცია მაინც იქნება.