საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეორე ქვეით ბრიგადაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეორე ქვეით ბრიგადაში

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მეორე ქვეით ბრიგადას ესტუმრა. ირაკლი ღარიბაშვილს სენაკში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დახვდა. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების მემორიალი გვირგვინით შეამკო.  მოგვიანებით პრემიერი და თავდაცვის მინისტრი შტაბის შენობაში ბრიფინგს დაესწრნენ. მათ მეორე ქვეით ბრიგადაში მიმდინარე პროცესებისა და განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს. ბრიფინგზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგლე ალექსი ბატიაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ხელმძღვანელი პირები.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა პრემიერს პირადად გააცნო სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგები. სტუმრებმა მოინახულეს მეორე ქვეითი ბრიგადის სპორტ-კომპლექსი და სატანკო ბატალიონის გარემონტებული ყაზარმა. "დღეს სენაკის მეორე ბრიგადას ეწვია საქართველოს პრემიერ მინისტრი, შეამოწმა საბრძოლო მზადყოფნა, გაეცნო ინფრასტრუქტურას და იმ ცვლილებებს, რაც ერთი წლის განმავლობაში აქ განხორციელდა. მოისმინა ბრიგადის განვითარების გეგმა, ასევე მისი მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში.

შეფასებები ძალიან მაღალია. მთავარია, რომ პრემიერი ინფრასტრუქტურული განვითარების ხელშეწყობას დაპირდა მეორე ბრიგადას. ეს ბუნებრივია შესრულებული იქნება. ჩვენი ჯარისკაცები, მეორე ბრიგადის პირადი შემადგენლობა, ძალიან ბედნიერია იმით, რომ ასეთი მხარდაჭერა არსებობს მთავრობის თავმჯდომარისგან." - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ამ დროისთვის ბრიგადაში გარემონტებულია 11 ყაზარმა. მიმდინარე წელს იგეგმება სასადილოს რემონტი.