ვიქტორ ნიდერჰოფერის დაცემა და აღზევება

ვიქტორ ნიდერჰოფერის დაცემა და აღზევება

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

ვიქტორ ნიდერჰოფერი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან და სოლიდურ ფინანსისტად და მენეჯერად ითვლება. მან გასული საუკუნის 80-90-იან წლებში დიდძალი ქონება იშოვნა, მაგრამ შემდეგ აზიური საფონდო ბირჟების კრიზისისას ზედმეტ რისკზე წავიდა და თავისი კაპიტალის დიდი ნაწილი დაკარგა. ამან ნიდორჰოფერს სიფრთხილე ასწავლა და რეპუტაცია და კაპიტალიც თანდათანობით აღიდგინა.

 

ჩოგბურთი და სკვოში

ნიდერჰოფერი დაიბადა 1943 წელს ბრუკლინში, ებრაულ ოჯახში. მამამისი არტური პოლიციელი იყო, დედა ელეინი კი მასწავლებელი. ვიქტორის აზრით, ბრუკლინის ერთობ მოუსვენარ ქუჩებში მიღებული გამოცდილება შემდგომში ბიზნესში ძალიან გამოადგა. იგი შეუპოვარ ბავშვად იზრდებოდა, ბრძოლასა და გამარჯვებას სწავლობდა.

 

არტურს სურდა შვილი ჩოგბურთელი გამოსულიყო. ვიქტორი გულმოდგინედ ვარჯიშობდა და ხუთი წლის განმავლობაში ზედიზედ იუნიორთა შორის ნიუ იორკის ჩემპიონი გახდა. ამან მას სახელის გარდა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტიპენდიაც მოუტანა, სადაც 1960 წელს ჩააბარა. ამავე პერიოდში იგი სკვოშით (გამარტივებული, ამერიკული ჩოგბურთი) დაინტერესდა. მართალია, იგი არასოდეს ეთამაშა, მაგრამ კორტზე ფეხის დადგმამდე განაცხადა, აუცილებლად ჩემპიონი გავხდებიო.

 

ვიქტორმა დანაქადნი შეასრულა: მან ჯერ იუნირთა პირველობა მოიგო, შემდეგ კი სტუდენტთა ჩემპიონატი. 1964 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან ამერიკის პირველობა ხუთჯერ მოიგო. ხოლო 1975 წელს სკვოშში აშშ-ს ღია ჩემპიონატის ფინალში ლეგენდარულ შარიფ ხანიც კი დაამარცხა.

 

მოკლედ, ნიდერჰოფერმა სკვოშში დიდ წარმატებას მიაღწია და სკვოშის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავდნენ, იგი არასოდეს ყოფილა გამორჩეული ათლეტი, მაგრამ საოცარი მებრძოლი სულის, თავდაჯერებისა და ჭკუის ხარჯზე იმარჯვებდა.

 

სოროსის ფავორიტი

ნიდერჰოფერმა ჰარვარდი ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით დაასრულა და ჩიკაგოს უნივერსიტეტს მიაშურა, სადაც 1969 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. ამ პერიოდში იგი კალიფორნიის ინსტიტუტში ასწავლიდა და ბაზრის არაეფექტურობის შესახებ სტატიებს აქვეყნებდა. ისევე, როგორც სკვოშს, იგი მეცნიერებასაც ერთობ არატრადიციულად უდგებოდა და ყველა მისი ნაშრომი სპეციალისტთა შორის არაერთგვაროვან რეაქციას და დიდ ხმაურს იწვევდა.

 

1965 წელს ნიდერჰოფერმა თავის მეგობრებთან – გამოცდილ ეკონომისტ ფრენკ კროსთან და ეკონომიკის დოქტორთან რიჩარდ ცეკჰაუზერთან ერთად საბროკერო ფირმა NCZ Inc დააარსა, რომლის საწყისი კაპიტალი სულ რაღაც 400 დოლარი იყო. პარტნიორები განცხადებების საშუალებით პატარა კერძო ფირმებს ყიდულობდნენ და შემდეგ მათ საზოგადო კომპანიებზე ყიდნენ. თავად ნიდერჰოფერმა კიდევ ერთ მეგობართან, დანიელ გროსმანთან ერთად არაერთი ფირმა შეიძინა.

 

ისევე, როგორც კორტზე, ნიდერჰოფერი ამ შემთხვევაშიც კლიენტებზე ეფექტის მოსახდენად ერთობ ექსცენტრიულად იქცეოდა და წარმატებასაც აღწევდა.

 

1979 წელს ნიდერჰოფერმა ხელი ბირჟაზე ვაჭრობას მიჰყო. თავდაპირველად ოქროთი და ვერცხლით დაიწყო, შემდეგ კი უცხოურ ვალუტაზე გადავიდა. ამასთან, მან ბაზრების მონაცემების კომპიუტერულ ქსელში შესაყვანად სტუდენტები დაიქირავა. პრაქტიკოს ნიდერჰოფერს სურდა მისი სავაჭრო ოპერაციები მონაცემებზე და არა უბრალოდ ინტუიციაზე ყოფილიყო დაფუძნებული.

 

1980 წელს კროსი გარდაიცვალა, სამი წლის შემდეგ კი ცეკჰაუზენმა კომპანია დატოვა და მთლიანად სამეცნიერო კარიერაზე გადაერთო. მარტო დარჩენილმა ნიდერჰოფერმა ფირმას Niederhoffer Investments უწოდა და საქმე მარტომ წარმატებით გააგრძელა. მისი კომპანია თანდათანობით იფურჩქნებოდა და ძლიერ შემოსავლიანი ხდებოდა. ტრეიდერის წარმატება თვით ჯორჯ სოროსმა შენიშნა და მას განცალკევებული ანგარიშის მართვა ჩააბარა.

 

ათ წელზე დიდი ხნის განმავლობაში ნიდერჰოფერი სოროსის 100 მილიონიან კაპიტალს განაგებდა და დიდძალ მოგებას იღებდა. სოროსის თქმით, ვიქტორი მის მენეჯერთაგან ერთადერთი იყო, რომელმაც სამუშაო თავისი ნებით ჯერ კიდევ მაშინ დატოვა, როცა საქმე კარგად მიდიოდა. დიდი ფინანსისტი ნირდჰოფერს იმდენად აფასებდა, რომ მას პრაქტიკაზე თავისი შვილი მიაბარა.

 

90-იანი წლების შუაში ნიდერჰოფერი აშშ-ს ერთ-ერთ წამყვან ტრეიდერად ითვლებოდა. 1996 წელს მისი კომპანიის ზრდამ დაარსებიდან 35 პროცენტი შეადგინა. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა ბესტსელერად ქცეული წიგნი „საბირჟო სპეკულანტის უნივერსიტეტი“, რომელიც საინვესტიციო ლიტერატურის უდიდეს ქმნილებად აღიარეს.

 

კრახი და აღმასვლა

თუმცა, ის იყო ნიდერჰოფერმა წიგნი გამოაქვეყნა, რომ თავს უბედურება დაატყდა, რომელმაც არა მარტო ფული, არამედ რეპუტაცია დააკარგინა. 1997 წელს ტრეიდერი განვითარებადი ქვეყნების სწრაფად მზარდ ბირჟებს გადაწვდა. მან ტაილანდურ ბანკებში დიდძალი კაპიტალი დააბანდა. ცოტა ხანში ტაილანდურმა ბანკმა ეროვნული ვალუტის ბატის დოლართან ფიქსირებული კურსი გააუქმა. შედეგად, ბატის კურსი დაეცა და ნიდორჰოფერმა დიდი ზარალი იწვნია.

 

მალე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში დაწყებული კრიზისი ბრაზილიას, რუსეთს და სხვა ქვეყნებსაც გადაწვდა. მაგრამ ნიდერჰოფერი ოპტიმიზმს ინარჩუნებდა. მან გადაწყვიტა S&P 500 Index-ის ზრდაზე ეთამაშა.

 

კატასტროფა 1997 წლის 27 ოქტომბერს მოხდა, როცა ამერიკის საფონდო ბირჟა 7,2 პროცენტით დაეცა და ნიუ იორკის ბირჟაზე ვაჭრობა მის დახურვამდე ნახევარი საათით ადრე შეწყდა. ნიდერჰოფერის ბროკერმა, ფირმა Refco-მ დამატებითი უზრუნველყოფა მოითხოვა, მაგრამ მას ფული აღარ აღმოაჩნდა. მეტიც, ნიდერჰოფს 2 მილიონი დოლარის ოდენობის ვალი დაედო. მან სულ 135 მილიონი დოლარი დაკარგა.

 

იგი იძულებული გახდა სახლი დაეგირავებინა და აუქციონზე ვერცხლის ძველი ნივთების კოლექცია გაეყიდა. კოლეგებმა ვიქტორი მიატოვეს, იგი უოლ სთირთზე დასაცინი და თითით საჩვენებელი გახდა. ნიდერჰოფერი დათრგუნული გახლდათ და არ იცოდა რა გაეკეთებინა. ისეთ დღეში იყო, რომ ოჯახი შიშობდა, თვითმკვლელობა არ ჩაედინა.

 

მაგრამ თანდათანობით მარცხით განცდილი ტკივილი გაუყუჩდა. ექვსი შვილის მამა მიხვდა, რომ დანებების უფლება არ ჰქონდა. ვიქტორის დასახმარებლად მისმა მეგობარმა ელ ჰალაკმა პატარა საინვესტიციო ფონდი დააარსა, რომელსაც ყოფილი ჩოგბურთელის გულის გასახარად Wimbledon Fund უწოდა.

 

ახალმა ფონდმა მუშაობა 1998 წელს დაიწყო. ნიდერჰოფერს თავიდან დაწყება ძალიან გაუჭირდა, საბროკერო ფირმები მას ანგარიშს არ უხსნიდნენ და ალმაცერად უყურებდნენ. თუმცა, ვიქტორი არ ნებდებოდა და საქმის აწყობას გულმოდგინედ ცდილობდა. ამასთან, ფინანსურ ჟურნალისტადაც მუშაობდა.

 

როგორც იქნა, 2001 წელს მას შანსი გამოუჩნდა. მისმა ერთ-ერთმა ყოფილმა ინვესტორმა მუსტაფა ზაიდიმ ოფშორულ ფონდ Matador Fund-ის აქტივების მართვა მიანდო. ნიდერჰოფერმა ნდობა სრულად გაამართლა. 2002 წელს მისი აქტივები სულ რაღაც 2 მილიონი დოლარი იყო, 2006 წელს კი ვიქტორის მცდელობით 346 მილიონს მიაღწია.

 

ამგვარად, ნიდერჰოფერმა თავისი ფინანსური მდგომარეობა გამოასწორა და შელახული რეპუტაციაც აღიდგინა. გარდა ამისა, 3 წლის წინ მას ექვსი გოგონას შემდეგ ნანატრი ვაჟი შეეძინა.