„მიმინომ“ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა

„მიმინომ“ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა

სასტუმრო „როსიას“ ოქროს დარბაზში, სადაც ტრადიციულად პრესკონფერენციები იმართება ხოლმე, მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალის დღეებში, გაიმართა საბჭოთა კავშირის დელეგაციის პრესკონფერენცია, რომელიც გახსნა მოსკოვის მეათე საერთაშორისო კინოფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო კინოს თავმჯდომარემ ფ. ერმაშმა.

პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ კინოფესტივალის გენერალური დირექტორი მ. ალექსანდროვი, საბჭოთა კინოდელეგაციის ხელმძღვანელი, სოციალისტური შრომის გმირი, კინორეჟისორი ს. გერასიმოვი.

დამსწრეთა ტაშის გრიალში მაყურებელს და ფესტივალის მრავალრიცხოვან სტუმრებს წარუდგინეს „მოსფილმის“ მხატვრული ფილმის „მიმინოს“ შემქმნელი კოლექტივი. რეჟისორი გ. დანელია. მისი თანაავტორები სცენარის შექმნაში ვ. ტოკარევა და რ. გაბრიაძე, მსახიობი ვ. კიკაბიძე და ფ. მკრტიჩიანი. პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ გაზეთ „კომუნისტისათვის“ ჩვენ ინტერვიუ ვთხოვეთ დარბაზში მყოფ კინოხელოვნების მუშაკებს და მაყურებლებს.

ფ. მკრტიჩიანი: დიდი სიამოვნება მომანიჭა რეჟისორ გ. დანელიასთან მუშაობამ. ძალიან ვღელავდი. ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის მაყურებლის გულთბილი სიცილი იყო.

ვ. კიკაბიძე: უკვე მოვასწარი გ. დანელიას სამ კინოსურათში გადაღება. დიდ მადლობას მოვახსენებ როგორც მასწავლებელს და მშვენიერ რეჟისორს. მასთან მუშაობა ნამდვილი ზეიმია.

ვ. შიტოვა, კინორეჟსორი: გ. დანელია, ვ. კიკაბიძესთან და რ. გაბრიაძესთან ერთად კვლავ ამკვიდრებს ჩვენთვის, ყველასათვის მეტად საჭირო რაინდობის საწყისს, დიდი სიკეთით აღსავსე რაინდობას, რომელიც დასაბამიდან შესისხლხორცებულია ქართულ ხელოვნებასთან.

ვ. მასიუკი, ბიოქიმიკოსი, პროფესორი: ჩემი აზრით, ფილმ „მიმინოში“, მთავარია ღრმა, ადამიანური გრძნობა, საოცარი მეგობრობა, რომლითაც გამთბარია მთელი სურათი, სიკეთე და გულისხმიერება. ძალიან მომეწონა ორივე გმირი - ვ. კიკაბიძე და ფ. მკრტიჩიანი.

ჩვენი ქვეყნის ცენტრალური პრესა ფართოდ გამოეხმაურა ფილმ „მიმინოს“ ჩვენებას ფესტივალის ეკრანზე. საბჭოთა კინომცოდნე და კრიტიკოსი გ. კაპრალოვი გაზეთ „პრავდაში“ წერს: „ცნობილი საბჭოთა კინორეჟისორის გ. დანელიას მიერ დადგმული „მიმინო“ მეტად სასურველი და ნანატრი შევსება იყო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს შორის. ის გვაღელვებს და გვახარებს, გვაფიქრებს ადამიანურ სულიერ სილამაზეზე“.

კინოკრიტიკოსი ალ. ზორკი გაზეთ „ლიტერატურნაია გაზეტაში“ წერს: „მე მიხაროდა, როცა ვუყურებდი, რა აღტრაცებით და სიხარულით შეხვდა მაყურებელი ფილმ „მიმინოს“. არსებობს კინოხელოვნების შეგრძნების მარტივი ფორმულა: როცა ვუყურებ ნამდვილ ფილმს, მე ვიღებ ეკრანიდან მიწიერ სითბოს, ავტორების მხატვრულობით და მაღალი ოსტატობით გამთბარ ცხოვრების ნაწილს - ვიღებ როგორც სულიერ სიმდიდრეს, როგორც რაღაც ახალს და აუცილებელს ჩვენს ცხოვრებაში. ყველაფერი ეს ასე ჭარბად იგრძნობა „მიმინოში“.

უკვე დამთავრდა მოსკოვის მეათე საერთაშორისო კინოფესტივალი. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საკონკურსო ჟიურიმ გ. დანელიას ფილმს „მიმინოს“ ოქროს პრიზი მიაკუთვნა.