შვედური სასწაული სახელად Electrolux

შვედური სასწაული სახელად Electrolux

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

Electrolux-ის უმაღლესი ხარისხის ელექტროპროდუქცია განთქმულია მთელს მსოფლიოში. წარმატებული ნოვატორული მიგნებების წყალობით თავისი თითქმის ასწლიანი ისტორიის განმავლობაში კომპანიამ საყოველთაო სიმპათია დაიმსახურა და მსოფლიო ბაზრის გვარიანი ნაწილი დაიპყრო.

 

იდეალური პროდუქცია

კომპანიის დამაარსებელი აკსელ ლენარტ ვენერ-გრენი დაიბადა 1881 წლის 5 ივნისს შვედეთის პატარა დაბა ურჰაგენში. ჯერ კიდევ ბავშვობისას ფულის შოვნის ნიჭი გამოავლინა. ერთხელ, მამის ძველი საქმიანი მიმოწერა იპოვნა, რომლებსაც მარკები ააძრო და სარფიანად გაყიდა. შემდეგ, საკონსერვო ქარხნის ეზოში ლითონის თხელი ლენტები მოაგროვა, კალათები დაწნა და გაყიდა. ამ ბიზნესმა ისე გაუმართლა, რომ ბავშვმა დამხმარედ ორი თანატოლი დაიქირავა.

 

15 წლისამ სკოლა დაამთავრა და გიოტებორგში კვების პროდუქტების იმპორტიორ ფირმაში მუშაობა დაიწყო. ამბიციური ყმაწვილი საღამოობით ფორტეპიანოზე დაკვრას და ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს სწავლობდა. 1902 წელს ბერლინის კომერციულ სკოლაში ჩააბარა, რომელიც ექსტერნად დაამთავრა - ორწლიანი კურსი ერთ წელში დახურა.

 

ამის შემდეგ აკსელმა მუშაობა შვედური კომპანია Separator-ის ბერლინურ წარმომადგენლობაში სავაჭრო აგენტად დაიწყო, თუმცა, კომპანიის საქმეები არცთუ ისე კარგად მიდიოდა. ამ პერიოდში ვენაში მყოფმა ვენერ-გრენმა მაღაზიის ვიტრინაში ევროპაში ერთ-ერთი პირველი, ამერიკული ფირმა Santo-ს მიერ წარმოებული მტვერსასრუტი შენიშნა. უმალ თავში გაუელვა, რომ ეს იდეალური პროდუქცია იყო. მან უმალ ამერიკულ კომპანიას მისწერა და ევროპაში სავაჭრო წარმომადგენლობა შესთავაზა, მაგრამ უპასუხეს, რომ ამგვარი უკვე ჰყავდათ.

 

აკსელს დანებება არც უფიქრია და ბევრი ცდის შემდეგ კომპანიის ბერლინის წარმომადგენლობაში მუშაობა დაიწყო. მან პირველმა გამოიყენა პრაქტიკაში მტვერსასრუტების პირდაპირი გაყიდვის პრინციპი. იმ დროს, ბევრს წარმოდგენა არ ჰქონდა, მტვერსასრუტი როგორ გამოეყენებინა, ჰოდა, აკსენი კლიენტებს სახლში სტუმრობდა და მტვერსასრუტის შესაძლებლობებს წარმოუდგენდა. მისმა მიდგომამ მართლაც გაამართლა, თუმცა, მალე ვენერ-გრენი შეფს ეჩხუბა და 1912 წელს სამშობლოში დაბრუნდა.

 

საკუთარი მტვერსასრუტი

იმ პერიოდში ნავთის ლამპების შვედურმა მწარმოებელმა კომპანია Lux-მა მტვერსასრუტი გამოუშვა. იგი ისეთივე მძიმე, ძვირი და მოუხერხებელი იყო, როგორც ამერიკული. სტოკჰოლმში ჩასული აკსელი ფირმის პრეზიდენტს შეხვდა და გერმანიაში წელიწადში 500 მტვერსასრუტის გაყიდვა შესთავაზა. ამოდენა ციფრის დასახელების შემდეგ იგი აფერისტი ეგონათ, მაგრამ მაინც ენდნენ და მანაც პირობა შეასრულა.

 

ერთი წლის შემდეგ აკსელი საფრანგეთსა და ბრიტანეთში Lux-ის გენერალური წარმომადგენელი გახდა. საქმე კარგად მიდიოდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ექსპორტი თითქმის შეწყვიტა. ვენერ-გრენი სამშობლოში დაბრუნდა და ფირმის ხელმძღვანელობას ამ პაუზის პროდუქციის დასახვეწად გამოყენება შესთავაზა. თუმცა, მისი იდეები არ გაითვალისწინეს და აკსელმა საკუთარი კომპანია Svenska Elektron დაარსა, რომელმაც მტვერსასტურების Elektron-ის ბრენდით წარმოება დაიწყო.

 

საქმე მშვენივრად აეწყო. ახალი მტვერსასრუტი ბევრად მსუბუქი იყო, რადგან მეორე შვედური კომპანია Elektromekaniska-ს ძრავებით იყო აღჭურვილი. ეს უკანასკნელი ვენერ-გრენმა 1916 წელს შთანთქა.

 

პროდუქციაზე მოთხოვნილება სულ უფრო იზრდებოდა და საწარმოო სიმძლავრეები საკმარისი აღარ იყო. აკსელი ახალი ქარხნის მშენებლობაზე ფიქრობდა, როცა მთავარი კონკურენტის Lux-ის თავკაცებმა შერწყმით დაინტერესება გამოთქვეს.

 

ვენერ-გრენი კმაყოფილი დარჩა. ამგვარად იგი საწარმოო სიმძლავრეების საკითხსაც მოაგვარებდა და კონკურენტსაც ჩამოიშორებდა. 1918 წელს გარიგება შედგა. გაერთიანებულ კომპანიას Elektrolux ეწოდა, 1957 წლიდან კი Electrolux დაერქვა.

 

ვენერ-გრენი ყველაფერს აკეთებდა, რომ კომპანია ელექტროტექნიკის მწარმოებელ მსოფლიო ლიდერად ექცია. ამისათვის იგი მტერსასრუტების ახალ მოდელებს ქმნიდა. განსაკუთრებით წარმატებული კონუსური ფორმის მტვერსასრუტი გახლდათ, რომელიც ძალზე პოპულარული გახდა. კომპანია თანდათან ფართოვდებოდა. 1925 წელს მაცივრების გამოშვება დაიწყო, ერთი წლის შემდეგ კი პირველი უცხოური წარმოება გახსნა.

 

1939 წელს ვენერ-გრენმა კომპანიის თავკაცის პოსტი დატოვა და პოლიტიკაში ჩაერთო. კერძოდ, გერმანიის ნაცისტური მთავრობის მრჩეველი გახდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ბაჰამის კუნძულებს მიაშურა და 1956 წელს თავისი პირმშოს აქციები გაყიდა.

 

ახალი ერა

Electrolux განვითარებას ვენერ-გრენის გარეშე განაგრძობდა. კომპანიისათვის განსაკუთრებით წარმატებული 70-იანი და 80-იანი წლები გახდა. შეძენილ იქნა ფრანგული და ამერიკული კომპანიები: Artur Martin, Husquarna, White Consolidate და განთქმული იტალიური ფირმა Zanussi.

გასული საუკუნის ბოლოს კომპანიაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, ძირითადი ყურადღება მსხვილი ბრენდების შეზღუდულ რაოდენობას მიექცა. Electrolux-ის ძირითად მიმართულებებად საყოფაცხოვრებო, პროფესიონალური და სოფლის მეურნეობის ტექნიკა იქცა. გარდა ამისა, განხორციელდა წარმოების მესამე სამყაროს ქვეყნებში გადატანა.

 

დღეს Electrolux მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. მისი პროდუქცია მსოფლიოს 250-მდე ქვეყანაში იყიდება. კომპანიის წლიური ბრუნვა 55 მილიარდ დოლარს აღწევს.