ნაცემმა სააკაშვილმა თავდასხმაში ედპ დაადანაშაულა

ნაცემმა სააკაშვილმა თავდასხმაში ედპ დაადანაშაულა

10 დეკემბერს ჟურნალისტებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გამოსული გაღიმებული მიხეილ სააკაშვილი ვიხილეთ. ვინ იფიქრებდა, რომ 1 საათის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, თავად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აღმოჩნდებოდა უფლებაშელახული და ნაცემი, (როგორც თავად ამბობს).

როგორც ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარე აცხადებს, დაახლოებით 19 საათზე, სახლთან მისულს (ახალშენის ქუჩა) რამდენიმე შეიარაღებული უცნობი დაესხა თავს, რომელთაც იარაღის გამოყენება ვერ მოასწრეს, მაგრამ გაწევ-გამოწევას სააკაშვილის პიჯაკი შეეწირა.

მიხეილ სააკაშვილი თავდასხმაში ენერგომაფიასა და ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას ადანაშაულებს. მისი მისამართით მუქარა და ანონიმური ზარები ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის, თემურ გიორგაძის მოხსნამდეც ყოფილა. მას თურმე ეუბნებოდნენ: გიორგაძეს ვალდებულებები აქვს და თუ მოხსნით, ყველაფერს შენ გაზღვევინებთო. სააკაშვილი თავისი ქმედებებით (როგორც თვითონ აცხადებს) ენერგომაფიას დაუპირისპირდა და ეს არ აპატიეს.

მაგრამ, რატომ აღმოჩნდა ედპ სააკაშვილზე გადამტერებული? მოქალაქეთა ლიდერის თქმით, ეროვნულ-დემოკრატები და ენერგომაფია ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობაში არიან. ჯერ კიდევ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, სააკაშვილმა ედპ-სა და მისი ლიდერის მიმართ საკმაოდ მწვავე განცხადებები გააკეთა. თქვა, რომ „ედპ არის კრიმინალური ბანდა, რომელიც ამ მაფიოზური კლანების რუპორია, ხოლო მათი ლიდერი პოლიტიკური კახპაა, რომელიც ყოველთვის ცდილობს, ვიღაცას მიეკედლოს“.

ერთ-ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიის მიმართ ასეთმა განცხადებებმა ბევრს აფიქრებინა, რომ სააკაშვილი დაუსჯელი არ დარჩებოდა, იმ ლოგიკით, რომ ედპ-ზე გადაკიდებულებს ამ ბოლო დროს რატომღაც ხშირად სამაგიეროს უხდიან (ასე მოხდა, კულუარული ინფორმაციით, სარიშვილის შეურაცხყოფისათვის გიორგი კობახიძისა და აკაკი ასათიანის შემთხვევაში).

სააკაშვილზე თავდასხმის შემდგომ, პოლიციამ მართლაც შესაშური ოპერატიულობით იმუშავა და რამდენიმე საათში მოიძებნა მანქანა, რომლითაც თავდამსხმელები მიიმალნენ. როგორც გაირკვა, იგი მართლაც ედპ-ის წევრს გია დალაქიშვილს ეკუთვნის. თავად ედპ-ის ლიდერი განცვიფრებულია ქალაქის პოლიციის ოპერატიულობით და იმ ფაქტითაც, რომ სააკაშვილზე თავდასხმა ტერაქტის მცდელობად მიიჩნიეს: „ცუდია, როდესაც ადამიანს სცემენ. ჩვენ ყველას ცემაზე რომ კომენტარი ვაკეთოთ, მეტი საქმე აღარ გვექნება. თუ თვით სააკაშვილი თვლის, რომ მის განცხადებებს ჩვენი გულისწყრომა უნდა გამოეწვია, ეს მისი საქმეა. საგულისხმოა, რომ პროკურატურა 3 დეკემბრის ტერაქტთან დაკავშირებით ერთი კვირა ფიქრობდა, როგორი კვალიფიკაცია მიეცა დანაშაულისთვის, ამ შემთხვევაში კი ერთ საათში აღძრეს საქმე ტერაქტის ბრალდებით“.

როგორც ედპ-ის ლიდერი აცხადებს, მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდულ გუნდთან დაპირისპირება მას ყოველთვის ჰქონდა და ენერგომაფიასთან კავშირში თავად ხელისუფლების წარმომადგენლებს ამხელს: „კანცელარიის ზოგიერთი რგოლის წარმომადგენელი, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და საქგაზის ხელმძღვანელი ბეჟუაშვილი არიან მთავარი დამნაშავენი. ეს არის ის სამი უწყება, რომელთაც ხელი მოაწერეს ჩვენი ქვეყნისათვის წამგებიან ხელშეკრულებაზე. ასეთი განცხადების შემდეგ როგორ შეიძლება, რომ ჭკუათმყოფელმა ენერგომაფიის რომელიმე მხარეს დამინახოს. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მინისტრების ცვლას აზრი არა აქვს“.

მოქალაქეთა ლიდერი აცხადებს, რომ კრიმინალურ ბანდას (ედპ-ს) არ მისცემს ქვეყნის ჯიჯგნის საშუალებას და მოსახლეობას არჩევანს სთავაზობს: „გინდათ ასეთი ხალხის მოსვლა ხელისუფლებაში?!“ ის რიტორიკულ კითხვასაც სვამს: „რით ცხოვრობს ირინა სარიშვილი?“

ამ კითხვაზე ედპ-ის ლიდერი პასუხობს: რატომღაც მამაჩემი გახდა ყველას სახსენებელი. ოჯახში მე, დედა და ორი ძმაც მყავს. ამიტომ ზოგიერთებს მრავალფეროვნებისთვის ვურჩევდი, რომ ისინიც გაეხსენებინათ.

ედპ თავად აპირებს სარჩელის შეტანას სააკაშვილის მიერვე რეფორმირებულ სასამართლოში იმ გამონათქვამებისა და ბრალდებების გამო, რასაც მოქალაქეთა ლიდერი იყენებს მათი პარტიისა და ლიდერის მისამართით: „თუ ედპ მაფიასთან დაკავშირებული ორგანიზაციაა, სააკაშვილს ამის დამტკიცება მოუწევს. ის ჟურნალისტურ გამოძიებას ითხოვს. მას შესაძლოა ჰქონდეს დაქირავებული ჟურნალისტების იმედი, ასეთები ქართულ მასმედიაში მოიძებნება“.

ედპ-ს ჯერ არანაირი ნივთმტკიცება არა აქვს იმისა, რომ სააკაშვილი თვითონ არის ენერგომაფიასთან დაკავშირებული, მაგრამ მასში სერიოზულ ეჭვს იწვევს საქგაზის ხელმძღვანელთან (ბეჟუაშვილთან) მოქალაქეთა ლიდერის დამოკიდებულება. სარიშვილის თქმით, კონკრეტული მასალები, თუნდაც ისინი დაქირავებულმა ჟურნალისტებმა მოიპოვონ, კარგად აჩვენებს იმ წამგებიან პირობებს, რომელიც საქგაზს აქვს დადებული იტერასთან: „სააკაშვილი სერიოზულად არის შეშფოთებული. ამ შეშფოთების მიზეზი ის უნდა იყოს, რომ ეს ბრალდება მიზანში მოხვდა. სააკაშვილი ეტყობა, შეაშინა ხმებმა ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარედ ჩემი შესაძლო დანიშვნის თაობაზე. ბევრი რამის თქმა წინასწარ არ შემიძლია. კულუარებიდან ვიცი, რა განწყობა აქვს მოქკავშირის ახალგაზრდულ გუნდს ამ თანამდებობაზე ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტს ამის თაობაზე ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ ეტყობა სააკაშვილმა ჩემზე მეტი იცის და ამიტომ შფოთავს“.

ირინა სარიშვილი-ჭანტურია გამორიცხავს სააკაშვილზე თავდამსხმელთა შორის ედპ-ის წევრების და კერძოდ, გია დალაქიშვილის ყოფნას: „გია დალაქიშვილი არის პარტიის ცენტრალური ოფისის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ჩვენ ბოლო წუთამდე ერთად ვმუშაობდით პარტიის დებულებაზე. ტელევიზიაში აქედან წავედი და სტუდიაში შევიტყვე, რომ ამ ტერაქტში ეჭვმიტანილი გია დალაქიშვილი იყო. რატომ გაუშვებდა ედპ ტერორისტული აქტის ჩასატარებლად პარტიის ერთ-ერთ ხელმძღვანელს (ისიც საკუთარი მანქანით) და როგორ დაუშვებდა იმას, რომ ეს ინფორმაცია 15 წუთში ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო“.

ეტყობა სააკაშვილს გული წყდება, რომ ტერორისტული აქტები მარტო პრეზიდენტზე ხორციელდება. თავი დაჩაგრულად იგრძნო და თვითონაც გადაწყვიტა ამ „საპატიო მარათონში ჩაბმა“.