პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ქვეყანა, არის ის, რომ არ შეუქმნას საფრთხე ევროკავშირს მიგრაციული ნაკადების გაზრდის მხრივ, დანაშაულების გაზრდის მხრივ და ა.შ. ამ მხრივ საქართველოს ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ არის სამაგალითოც კი როგორ ზრუნავს საქართველო იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მოქალაქეს არ უშვებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, საქართველომ თავისი ხარჯით დაიბრუნოს მოქალაქე ქვეყანაში.
„უპირველეს ყოვლისა, ეს არ არის რაიმე პირველი 31 აგვისტო. 2017 წლიდან მოყოლებული 31 აგვისტო ყოველ წელს არის. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შემდეგ, ყოველ წელს საქართველო ამზადებს ანგარიშს თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ. რამდენად არის შესაბამისობაში როგორც საკანონმდებლო ჩარჩო, ისე მიგრაციული სტატისტიკა იმ მოთხოვნებთან, რომლებიც არსებობს უვიზო მიმოსვლის დროს. უპირველეს ყოვლისა, პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ქვეყანა, არის ის, რომ არ შეუქმნას საფრთხე ევროკავშირს მიგრაციული ნაკადების გაზრდის მხრივ, დანაშაულების გაზრდის მხრივ და ა.შ. ამ მხრივ საქართველოს ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს. შეიძლება ითქვას, რომ არის სამაგალითოც კი როგორ ზრუნავს საქართველო იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მოქალაქეს არ უშვებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე, საქართველომ თავისი ხარჯით დაიბრუნოს მოქალაქე ქვეყანაში, რასაც რეადმისია ჰქვია და ამის ხელშეკრულება ცალკე გვაქვს. ჩვენ იმ ქვეყნებში, სადაც შეიძლება არსებობდეს რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩართული იყვნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებაში, პოლიციის ატაშეების ქსელია შექმნილი, რომლებიც ადგილზე სამართალდამცავ ორგანოებს ეხმარებიან. ასე, რომ საქართველო ამ მხრივ სამაგალითოა და ანგარიშში ასახულია თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით.
რაც შეეხება თავად ამ საკითხის პოლიტიზებას და სპეკულაციებისთვის გამოყენებას, ეს ძალიან სამწუხარო ტენდენციაა, რასაც, ზოგადად, ბრიუსელისა თუ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნისგან ბოლო გარკვეული პერიოდი, ბოლო წლები ვაკვირდებით, როდესაც ქვეყნები თუ ბიუროკრატები ცდილობენ ევროკავშირის იდეა გამოიყენონ პოლიტიკურ იარაღად იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი მოახვიონ თავს სხვა ქვეყნებს. ამას ვხედავთ ჩვენ საქართველოს მაგალითზე ძალიან კარგად, როდესაც ისეთი კანონები, როგორიც არის ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უვიზო მიმოსვლასთან, ასეთ კანონებთან დაკავშირებით არის მცდელობა, რომ ბერკეტად გამოიყენონ უვიზო მიმოსვლის თემა იმისთვის, რათა საკუთარი პოლიტიკური გემოვნება მოახვიონ ქართველ ხალხს თავს. ის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება რომელიმე ქვეყნის რომელიმე ხელისუფლებას ჰქონდეს, მაგალითად ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, უნდათ, რომ ამ ბერკეტის გამოყენებით, ძალით მოახვიონ თავს ქართველ ხალხს. ის ქვეყნები, რომლებსაც უნდათ, რომ ფარულად აფინანსებდნენ საქართველოში პოლიტიკას და აფინანსებდნენ დესტაბილიზაციას, ამის არაერთი ფაქტია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები საქართველოში აფინანსებდნენ პოლიტიკას და დესტაბილიზაციას, უნდათ, რომ კვლავ ეს ფარულად გაგრძელდეს. ამიტომ, იყენებენ ამ ბერკეტს, რომ გამჭვირვალობა არ იყოს უზრუნველყოფილი. ასე რომ, ეს არის ძალიან სამწუხარო ტენდენცია, რომელიც არის ანტიევროპული ტენდენცია ბრიუსელის თუ ზოგიერთი სხვა დედაქალაქის მხრიდან, როდესაც ევროკავშირის იდეა, მშვიდობის პროექტი, ხშირად ამას ამბობენ, მაგრამ მგონია ზოგიერთი ვერ იაზრებს რას ნიშნავს მშვიდობის პროექტი, ზუსტად ეს მშვიდობის პროექტია გამოყენებულია იარაღად. ეს არის ოქსიმორონი, როდესაც მშვიდობის პროექტს იყენებ იარაღად ხალხის წინააღმდეგ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.