ჩაატარებს თუ არა ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტს, სადაც საქართველოს მოსახლეობას ჰკითხავენ, სურს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება იმ შემთხვევაში, თუ ეს ლგბტქ უფლებებისა და ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მოითხოვს? არის თუ არა ევროკავშირი ისევ იმ ღირებულებების მატარებელი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას გაერთიანება სურს? ფაქტია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გართულებული სიტუაციის ფონზე, როდესაც სწორედ ოჯახური ღირებულებების დამცველი კანონის გამო, საქართველომ შესაძლოა ვიზალიბერალიზაცია დაკარგოს, ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტი ჩაატაროს, რათა გაირკვეს, რა არის რეალურად ხალხის დაკვეთა. მათი განცხადებით, პლებისციტზე ქართველ ხალხს მარტივ კითხვას დაუსვამენ: „ხართ თუ არა მომხრე, ლგბტ პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს“.
ოპოზიციის ნაწილი ბრიუსელის პირობებს იზიარებს და აცხადებს, რომ ქართული კანონების შინაარსი ფუნდამენტურ აცდენაშია ევროპულ კავშირთან, მმართველ გუნდში კი შეფასებები განსხვავებულია.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებლის, ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, „ევროკავშირმა დაკარგა ის ღირებულებები, რის გამოც ჩვენ ვისწრაფოდით ევროკავშირში გაერთიანებისაკენ. უკვე რამდენი ხანია გვესაუბრებიან შანტაჟისა და მუქარის ენით. პირდაპირ გვთხოვენ გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთ დაცვის კანონი, რაც რეალურად, პირდაპირ ნიშნავს ლგბტ პროპაგანდისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. მეორე, გვთხოვენ გავაუქმოთ გამჭვირვალობის კანონი, რაც ხელშემწყობი ხდება იმისთვის, რომ შავი ფულის შემოდინება მოხდეს საქართველოში და მათთვის სასურველი აგენტურა ხელისუფლებაში მოვიდეს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია რეალურად, რომ აუცილებელია და დღის წესრიგში უნდა დადგეს პლებისციტის ჩატარება. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, გვინდა თუ არა ისეთ კავშირში გაწევრიანება, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ დარტყმას მიანიჭებს ქართულ საზოგადოებას და დაფუძნებულია ბლეფზე. უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, დავიცვათ მშვიდობა, სტაბილურობა და ყველაზე მთავარი ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი, ისტორია, კულტურა, ტრადიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არავითარ შემთვევაში არ უნდა გავცვალოთ რაღაც ყალბ ღირებულებებზე", - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.
მმართველი გუნდის წევრი და დეპუტატი არჩილ გორდულაძე კი ამბობს, „სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, როგორიცაა, მაგალითად, ევროკავშირი, საერთოდ აღარ არის ნასახიც კი ევროპულობისა და იმ იდეალებისა, რომლის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი. ვხედავთ, რომ ბიუროკრატიის უდიდესი ნაწილი პირდაპირ არის გავლენის ქვეშ და გადაწყვეტილებების მიღება ხდება ზუსტად იმ გლობალური ძალების დაკვეთით, რომელსაც აქვს უდიდესი გავლენა და რომელსაც „დიფ სთეითს“, „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ ხოლმე. ქართველ ხალხს არჩევანი გაკეთებული აქვს და ნებისმიერი განცხადება, რომელიც ერთმანეთთან საპირისპირო მხარეს დააყენებს ევროპას, ევროპულობას, ევროკავშირსა და რომელიმე კანონს, რომლის არსებობაც ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის არის უმნიშვნელოვანესი, უკვე ჩანასახშივე არის ერთი დიდი ბლეფი და მიზნად ისახავს, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის განხორციელებას“, - ამბობს დეპუტატი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ ცალსახად გასაუქმებელია.
„ეს კანონი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიების მიზნით, ჩემი აზრით, ცალსახად გასაუქმებელია. რაც შეეხება მეორე კანონს, სიმართლე გითხრათ, არ ვიცნობ და არ მჯერა, რომ „ქართული ოცნება“, რამე ფორმით, ამ ქვეყანაში იცავს ტრადიციულ ღირებულებებს. ჩვენი საგარეო გუნდი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მაინც მოხდეს „ქართული ოცნების“ კონკრეტული მაღალჩინოსნების სანქცირება. იგივენაირად ვმუშაობთ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
საქართველოს წინაშე დგას რთული არჩევანი, რომელიც შესაძლოა განსაზღვრავდეს ქვეყნის მომავალს. პლებისციტის ჩატარების საკითხი და ევროკავშირთან ურთიერთობის გართულება ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს საზოგადოებაში ღირებულებითი ორიენტაციის შესახებ ღრმა დისკუსია მიმდინარეობს.
როგორ განვითარდება მოვლენები და რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოს ევროპულ მომავალზე, for.ge-სთან „ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საუბრობს. მისი თქმით, ნამდვილად კარგი და საინტერესო იქნება არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება ამ თემაზე, სადაც ხალხის პოზიცია გარკვევით იქნება ნაჩვენები.
„გამოკითხვებსა და კვლევებში, რომლებსაც „აირაი“ და სხვადასხვა ორგანიზაციები ატარებდნენ წლების განმავლობაში, ბევრი შეუსაბამობა და მზაკვრობა იყო ჩადებული. როგორ შეიძლება, გამოკითხულ ადამიანთა ერთი და იგივე შემადგენლობამ ასეთი პასუხი გასცეს, რომ 90% ყველაზე პოპულარულ პიროვნებად პატრიარქს მიიჩნევს, ამავდროულად კი 80% - ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების მომხრეა, ხოლო 16%-ს მოსახლეობის - ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია ადარდებდეს. ამაში, ხომ ფაქტია, სერიოზული შეუსაბამობა დევს. წლების განმავლობაში, ამ შეუსაბამობაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები აგებენ თეორიებს, რომელიც ზუსტად არ ვიცით, არის თუ არა რეალური. ეს არის ვირტუალურ ქართველ ხალხზე და მოსახლეობაზე საუბარი, რომელთა სურვილი რეალურად რა არის, არავინ არ ვიცით“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, „ნეიტრალური საქართველოს“ იდეამ, მათ შორის, საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობას ერთხელ და სამუდამოდ მკაფიო პასუხი გასცეს იმ შეკითხვაზე, ვინ წარმოადგენს ვირტუალურ და ვინ რეალურ მოსახლეობას, ასევე, ვისი სურვილია ჭეშმარიტი.
„ვართ კი რეალური მოსახლეობა 17 მაისის ქართველები, რომელთაც შეუძლიათ ერთი დღით, მილიონამდე ამომრჩეველი და მოქალაქე გამოიყვანონ ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების დასაცავად? თუ ის სამასი და ორასი კაცია ვირტუალური საქართველო, რომლებიც მერამდენე თვეა, რუსთაველის გამზირის გადაკეტვის მცდელობით, ცდილობენ რაღაცა გაურკვეველ მიზნებს მიაღწიონ. ამიტომ, ძალიან კარგი იქნება, ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ამ თემით სპეკულაციები და ვნახოთ, რეალურად საქართველოს მოსახლეობა რას ფიქრობს.
გასული წლის 28 ნოემბერს, ხელისუფლებამ გასაგებად გასცა პასუხი, რომ ლგბტქ იდეოლოგიის მატარებელი ევროკავშირი, ამ ეტაპზე, საერთოდ არ არის საინტერესო, ამიტომაც აიღო ის ჯანსაღი პასუხი ხელისუფლებამ. ეს გადაწყვეტილება რომ მართებული იყო, ამას ადასტურებს შვედეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკრაინას, გაწევრიანების სანაცვლოდ, ერთსქესიანთა ქორწინებას სთხოვს. ჩვენ ვიცით ასევე, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას არ აინტერესებს მართლმადიდებელი და კონსერვატიული ქვეყნების ინტერესები, შეხედულებები და იდენტობა. ჩვენ ვერავინ ვერ დაგვარწმუნებს იმაში, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება არანაირ კავშირში არ არის ამ მოთხოვნებთან. ამიტომ, მოდით, ვკითხოთ ხალხს, საბოლოოდ რა სურთ“, - ამბობს ანალიტიკოსი.
პლებისციტის იდეამ ისე დააფრთხო, კანონის წაუკითხაობასაც კი იბრალებს, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანი.
არ იქნება იოლი ასეთი პლებისციტის თავის არიდება და მით უმეტეს ბოიკოტის პროპაგანდა.
პლებისციტში მონაწილეობის არ მიღება ბევრს გაუჭიდება, რადგან, ერის მომავლის, გადაგვერების საფრთხის წინაშე ხელშეწყობა იქნება.
ასეთი ტვირთის აკიდება, ევროპაში უვიზოდ სიარულის სანაცვლოდ, მაშინ როცა ვიზის აღება არავის ეზღუდება, ნამდვილად ძნელი იქნება, საკუთარი შთამომავლობის წინაშე.