ტრამპის გეგმა უკრაინისთვის - „ტერიტორიების გაცვლა“ და მოსალოდნელი დათმობები 

ტრამპის გეგმა უკრაინისთვის - „ტერიტორიების გაცვლა“ და მოსალოდნელი დათმობები 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი შეხვედრა ალასკაში, ელმენდორფ-რიჩარდსონის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. CNN-ის ინფორმაციით, ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მიღებული ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი მზად არიან, უკრაინაში მშვიდობის დამყარების თემაზე სერიოზულად ისაუბრონ. თუმცა, საუბრის მთავარი თემა - „ტერიტორიების გაცვლა“ - უკრაინისთვის მტკივნეულ და რთულ დილემას წარმოადგენს.

დონალდ ტრამპი ღიად აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მისაღწევად „ტერიტორიების გაცვლაა“ საჭირო, რაც, მისი აზრით, ორივე ქვეყნისთვის „კარგიც იქნება და ცუდიც“.

„რუსეთს უკრაინის დიდი ნაწილი აქვს ოკუპირებული. მათ მიერ ოკუპირებულია ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიები. ჩვენ შევეცდებით, რომ ამ ტერიტორიების ნაწილი უკრაინას დავუბრუნოთ... თუ შეთანხმება სამართლიანი იქნება, ამას გავუმხელ ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერებს, ასევე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. შეიძლება ვუთხრა, „წარმატებები, გააგრძელეთ ბრძოლა“, ან შეიძლება ვთქვა, რომ შეგვიძლია შევთანხმდეთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპი გაკვირვებას არ მალავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი მზად არ არის, მშვიდობის სანაცვლოდ, რუსეთს უკრაინის გარკვეული ტერიტორიები დაუთმოს. მისი თქმით, ზელენსკი ალასკაში სამიტზე მიწვეული არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, შტატში ჩავიდეს.

კრემლი კი, ცეცხლის შეწყვეტისა და ზავის დადების სანაცვლოდ, უკრაინის ოთხ ოლქს მოითხოვს: დონეცკს, ლუგანსკს, ხერსონსა და ზაპოროჟიეს. ამ ოთხიდან რუსული არმია ამჟამად სრულად მხოლოდ ლუგანსკის ოლქის ტერიტორიას აკონტროლებს. გარდა ამისა, რუსული ნაწილები შეჭრილნი არიან ხარკოვისა და სუმის ოლქების ტერიტორიებზეც. ანალიტიკოსთა შეფასებით, ტრამპის მიერ შეთავაზებული „ტერიტორიების გაცვლა“, სავარაუდოდ, უკრაინის ოკუპირებული და მის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიების გაცვლას გულისხმობს. მაგალითად, რუსეთისთვის დონბასზე სრული კონტროლის დათმობის სანაცვლოდ, ხერსონიდან და ზაპოროჟიედან რუსული ნაწილების გასვლა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სკეპტიკურად უყურებს პუტინის განზრახვებს და აცხადებს, რომ რუსეთი „ნამდვილად არ ემზადება ცეცხლისა და ომის შესაწყვეტად“, არამედ ახალი შეტევითი ოპერაციების დასაწყებად ემზადება.

„კერძოდ, ეს არის სამხედრო მზადება. ის ნამდვილად არ ემზადება ცეცხლისა და ომის შესაწყვეტად. პუტინი მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ამერიკასთან შეხვედრა პირად გამარჯვებად წარმოაჩინოს და გააგრძელოს მოქმედება ისე, როგორც ადრე, ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე ისე, როგორც ადრე. არ არსებობს არცერთი ნიშანი იმისა, რომ რუსებმა მიიღეს სიგნალები ომისშემდგომი სიტუაციის მოსამზადებლად. პირიქით, ისინი თავიანთ ჯარებსა და ძალებს ისე გადააადგილებენ, რომ დაიწყონ ახალი შეტევითი ოპერაციები“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მიუხედავად ზელენსკის საჯარო პოზიციისა, დასავლური მედია, მათ შორის, „ფაინეშენალ თაიმსი“ და „დეილი ტელეგრაფი“, წერს, რომ კიევი „ფარულად უშვებს ტერიტორიების დაკარგვის შესაძლებლობას“. ეს დათმობა შეიძლება მოხდეს ნატო-ში გაწევრიანებისა და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების, მათ შორის, იარაღის მიწოდების სანაცვლოდ. თუმცა, ამავე დროს, ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ მათ უნდა უარყონ ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, თუ ეს უკრაინის მიწების დათმობას გულისხმობს.

ევროკავშირის 26-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადებით დაადასტურა, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა უნდა იცავდეს საერთაშორისო სამართალს, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. ეს პოზიცია აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის მიერ შეთავაზებულ „ტერიტორიების გაცვლის“ იდეასთან.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სამშვიდობო შეთანხმებისთვის პირობები შექმნა.

„იქნება დათმობები, რომლითაც კმაყოფილი არავინ არ იქნება“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა და იქვე დასძინა, რომ პუტინი შეხვედრაზე არ დათანხმდებოდა, ზეწოლა რომ არ ეგრძნო.

ეს მიანიშნებს, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე ტერიტორიების გაცვლა სავარაუდოა.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი for.ge-თან  მიიჩნევს, რომ ალასკის სამიტი, თუკი ის შედგა, უკრაინას რთული არჩევანის წინაშე დააყენებს: შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, თუ დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებზე მშვიდობის სანაცვლოდ. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, არცერთ მხარეს არ დატოვებს სრულად კმაყოფილს და კონფლიქტის საბოლოოდ გადაჭრაზე მეტად, მის გაყინვას გამოიწვევს.

„ამ ეტაპზე, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე არანაირი კონტროლი აღარ აქვს. ვიცით, რომ უკრაინამ ერთი წლის წინ შეძლო კურსკის ოლქში შესვლა, სადაც დაახლოებით რვე თვე გაძლეს. ამ ეტაპზე კი რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინული დანაყოფები აღარ არიან. როგორც ჩანს, აქ საუბარია ასეთი ვარიანტის დათმობაზე, რომ, მაგალითად, უკრაინა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის 65%-ს უბრძოლველად დათმობს, სამაგიეროდ კი, რუსები სუმის ოლქიდან და ხარკოვის ტერიტორიიდან გავლენ. თუმცა, რუსებს ის ტერიტორიები, რაც უკვე აქვთ დაპყრობილი ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქის ნაწილებში, კვლავ დარჩებათ. ამას ერთ-ერთ ვარიანტად ვამბობ, თუმცა ესეც ნაკლებად სავარაუდო სცენარად მიმაჩნია. არ ვიცი, უკრაინა ამაზე რამდენად დათანხმდება, ან პუტინის პირობები როგორი იქნება“, - აცხადებს ალადაშვილი.

რაც შეეხება იმას, თუ რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს სიტუაცია ალასკაზე მიმდინარე შეხვედრისას, მოხდება თუ არა ომის გაყინვა, ან სრულიად დასრულება, ალადაშვილი ამბობს, რომ წინასწარ რამე პროგნოზის გაკეთება რთულია. მისი აზრით, ახლა უკრაინა ურთულეს სიტუაციაში იმყოფება და ცუდსა და უარესს შორის უწევს არჩევანის გაკეთება.

„ახლა, სამწუხაროდ, უკრაინისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი ისაა, რომ სიტუაცია გაიყინოს იქ, სადაც ფრონტის ხაზია. ეს იქნებოდა ამ ეტაპზე უკრაინისთვის მეტ-ნაკლებად მისაღები. ის, რომ მან დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები, ამ ეტაპზე, პრაქტიკულად, შეუძლებელია და ომის გაყინვა ფრონტის ხაზზე უკრაინას შესაძლებლობას მისცემდა, ამოესუნთქა.

ამით, გარკვეულწილად, სულს მოითქვამდა. მე ეჭვი მეპარება, რომ პუტინი ამაზეც წავიდეს. ის ახლა ფრონტის ხაზზე წინ მიიწევს, ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ახერხებს ტერიტორიების დაკავებას. მისი საოკუპაციო არმია ტაქტიკურ უპირატესობას ფლობს. მას უნდა, რომ ეს უპირატესობა სტრატეგიულში გადაიყვანოს, ამიტომ ფრონტზე აქტიურად უტევს. პუტინი ცდილობს, მოლაპარაკებების წინ ხელში იმაზე მეტი კოზირი ჰქონდეს, ვიდრე ახლა აქვს“, - აცხადებს ალადაშვილი.