გასული წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული, ყველა აქტი იდება ჩვენს ვებ-გვერდზე, ჩვენი აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება არის ღია, გამჭვირვალე და ნებისმიერ ადამიანს აქვს დაკვირვების საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ იმიტომ იყვნენ და არიან გაუმჭვირვალენი, რომ სუფთად არ მუშაობენ, ემსახურებიან არა ეროვნულ, არამედ უცხო სახელმწიფოების ინტერესებს.
„ათასობით და ათი ათასობით აქტი არის გამოცემული საქართველოს მთავრობის მიერ 2 წლის განმავლობაში. თუ ვინმე რომელიმე აქტში დაინახავს რაიმე თვითნებობას, კორუფციის ნიშნებს ან რაიმე სხვას, შეუძლია, დაინტერესდეს და მოგვმართოს. 2 წელია, მთავრობის საქმიანობა არის სრულიად გამჭვირვალე, ყველა აქტი არის გამჭვირვალე, ვერც ერთი ასეთი საკითხი ვერ დადეს. რატომ? იმიტომ, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობთ გამჭვირვალედ, ვმუშაობთ სუფთადაც. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, სწორედ იმიტომ იყვნენ და არიან გაუმჭვირვალენი, რომ სუფთად არ მუშაობდნენ, ისინი არ ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ისინი ემსახურებიან უცხო სახელმწიფოების, უცხო ხელისუფლებების და ხანდახან სპეცსამსახურების ინტერესებს, რაც შემაშფოთებელი და სამწუხაროა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.