„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ვახუშტი მენაბდეს ოჯახი „ქართულ ოცნებასთან“ სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა, მწვავე პოლიტიკური დისკუსია გამოიწვია. წითლიძემ მენაბდეების მილიონობით ლარის მოგებული ტენდერები ახსენა და ისინი ხელსიუფლებასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა მაშინ, როცა თავად ოპოზიცია „რეჟიმს ებრძვის“.
„ჩვენ რომ რუს „ქოცებს“ ვებრძოდით, გვცემდნენ, გვასისხლიანებდნენ, ვახუშტი მენაბდეს ოჯახი, სატენდერო ხელშეკრულებებს აფორმებდა „ქოცებთან“. მენაბდეების ანგარიშზე მილიონობით ლარის მოგებული ტენდერი და მენაბდეს მარანია. თუ რამეს გაბრალებთ, გამოდი და უარყავი“, - წერდა წითლიძე.
მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა წითლიძის ბრალდებებს პასუხობს. როგორც ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, მისი ოჯახის წევრების კომპანია სახელმწიფო ტენდერებში ნამდვილად მონაწილეობს, თუმცა ამ თემის ახლა გააქტიურება მხოლოდ მისი საქმიანობის წინააღმდეგაა მიმართული.
მისივე განცხადებით, მამამისის კომპანია, რომელიც ბეტონის ქარხანას ფლობს, ბეტონს აწვდის შესყიდვის მსურველებს, მათ შორის, სახელმწიფოს და ეს კომპანია ტენდერების ნაწილს იგებს, ნაწილს - აგებს. ვახუშტი მენაბდე იმასაც ამბობს, რომ მამისა და ძმის საქმიანობით რამდენიმე თვის წინ დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მისი ოჯახის წევრების ტენდერებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას სხვებიც იძიებდნენ.
მენაბდე აღნიშნავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, „წინააღმდეგობის ველი მოისუფთაოს და ასე იქცეს რეჟიმის ერთადერთ ალტერნატივად“. ის მათ წინააღმდეგობის საბოტაჟში ადანაშაულებს. რაც შეეხება ტენდერებს, მენაბდე განმარტავს, რომ მამამისის შპს ფლობს ბეტონის ქარხანას, რომელიც ბეტონს აწვდის სახელმწიფოს გზის მშენებლობისთვის. ის კითხულობს, რა არის ამაში საეჭვო და მზადყოფნას გამოთქვამს, უპასუხოს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას. ასევე, ამბობს, რომ მამას და ძმასაც აქვთ პასუხები. მენაბდის თქმით, მასზე ორივე მხრიდან - „ქოცებისგან“ (საერთაშორისო დაფინანსების შესახებ ნეგატიური პროპაგანდა) და „ნაცებისგან“ (ტენდერების თემის მომზადება) - შეტევა მიუთითებს, რომ ისინი სწორ გზაზე დგანან.
ჟურნალისტი ელისო კილაძე ამ სკანდალის ირგვლივ სოციალურ ქსელში წერს:
„რა კავშირშია მოგებული ტენდერი და საპროტესტო აქცია?! ტენდერის მოგება არის პოლიტიკური აქტი, არასანდო ტიპის (ტიპების) ხელში უკონტროლო ფული ვერ (არ) მოხვდება! მით უფრო მაშინ, როცა ოჯახის წევრი „ოპოზიციური“ პარტიის ლიდერია. ჰო, დედა და მამა ოჯახის წევრია, ძმაც. მოგებული ტენდერი = ნებადართულ პროტესტს“, - რიტორიკულ კითხვას სვამს ჟურნალისტი.
ამ საკითხზე დისკუსიამ მწვავე სახე მიიღო. მენაბდეს ოჯახის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც გამოეხმაურა:
„მამისა და ძმის ბიზნესის გამო (ან ოჯახის სხვა, რომელიმე წევრის რამე სხვა საქციელის გამო), ადამიანს მოსთხოვო პასუხი, არის ამაზრზენი საქციელი. ყველა ადამიანს მხოლოდ საკუთარ საქციელზე უნდა მოეთხოვოს პასუხი. მეგონა, ამაზე მაინც ვთანხმდებოდით.
P.S. ვახუშტი თუ მამისა და ძმის ბიზნესის გამო, ხელისუფლებასთან რამე კომპრომისზე წავიდა, ამის მტკიცებულება დადეთ და მერე მეც დაგეთანხმებით“, - თქვა ჟურნალისტმა.
ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართულ პოლიტიკაში არსებულ დაძაბულობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის შიდა დაპირისპირების სიმწვავეს. ახვლედიანი for.ge-თან აცხადებს, რომ საზოგადოება ელოდება, რამდენად მოხერხდება ამ ბრალდებების გადამოწმება და მოიტანს თუ არა ეს დისკუსია რამე კონკრეტულ შედეგებს, თავად ოპოზიციისთვის.
„ამ დაპირისპირებიდან ერთი მნიშვნელოვანი რამ იკვეთება: ადამიანები, რომლებიც ხშირად ოპოზიციური ფლანგიდან ცდილობენ პოზიციონირებას, მუდმივად ცდილობენ, რომ რაღაც ისე არ მოიქცნენ, ან არ გააკეთონ, რომ ოპოზიციური „ბაბლის“, თუ მათი გარემოცვის კრიტიკა არ დაიმსახურონ. ასეთ ადამიანებს ძალიან ანერვიულებთ ის ფაქტი, თუკი საპროტესტო ელექტორატი მათ კრიტიკას დაიწყებს.
ჩვენს ქვეყანაში არ არის გასაკვირი, რომ ოჯახში სრულიად სხვადასხვა აზრზე იყვნენ ადამიანები. მაგალითად, თუ მენაბდე ფიქრობს რაღაცას სხვაგვარად და მისი მამა და ძმა არ არიან ამ აზრზე, რთული სათქმელია, რატომ უნდა აგოს მან ამაზე პასუხი. მენაბდე საკმაოდ ჭკვიანი და ერუდირებული ადამიანია, ამიტომ მე ვურჩევ, გადახედოს იმ გარემოს, სიტუაციასა და ადამიანებს, ვის გვერდითაც ის დგას, ღირს თუ არა მათთან ერთად დგომა. არიან კი, ეს ადამიანები ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ, ქართველ ხალხს შეუცვალონ ცხოვრების პირობები და ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანონ? მას როგორ გააფთრებულები დაესხნენ თავს და რა სახის სიტყვებით არ ამკობენ, ეს ხომ უნდა გააანალიზოს“, - ამბობს ახვლედიანი.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არც ბიზნესი და არც ბიზნესმენები არ იდევნებიან; რომ ოჯახში, შესაძლოა, ოპოზიციური განწყობისა და შეხედულებების ადამიანი იყოს და ამის გამო, მისი ოჯახის წევრებმა არ აგონ პასუხი.
„ეს უცნაურობაა და ინტრიგა „ნაციონალებისთვის“ იმიტომ არის, რომ მათთვის წარმოუდგენელია ასე ცხოვრება. წარმოუდგენელია, რომ ოჯახში სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები იყვნენ, პარალელურად, ისინი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობდნენ და ბიზნესსაქმიანობას აწარმოებდნენ. ესენი ხომ შეპყრობილნი იყვნენ ტერორითა და ფულის წართმევით. ამიტომ უკვირთ, როგორ შეიძლება, ვახუშტი მენაბდე იყოს საპროტესტო აქციების მედროშე, ხოლო მისი ძმა და მამა სახელმწიფო ტენდერებში, ყოველგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად იღებდნენ მონაწილეობას. ეს არის დემოკრატია და სახელმწიფო. აბა, სად არის „რეჟიმი“, რომელიც დევნის ასეთი შეხედულებების ოჯახებს? ამიტომ, იმედი მაქვს, ვახუშტი მიხვდება, ვისთან აქვს საქმე და თავისი პროფესიონალიზმისა და განათლების გამოყენებას ქვეყნისთვის სასარგებლო საქმით შეეცდება“, - ამბობს ახვლედიანი.